პატარა ქალაქი დიდი ისტორიით - კვირის პალიტრა

პატარა ქალაქი დიდი ისტორიით

თვალწარმტაც ბორჯომის ხეობას მეცხრამეტე საუკუნის შუახანებამდე სადგერის ხეობა ერქვა, უფრო ადრეულ საუკუნეებში, თორის მხარე. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ კი ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება დაწყებულა. XIX საუკუნის 50-60-იან წლებში ზემო იმერეთიდან და ქართლიდან ბორჯომის ხეობაში მოსახლეობა გადმოსახლებულა და უკრაინელი და ბერძენი მოახალშენეებიც დამკვიდრებულან, თუმცა ბორჯომის ხეობის განვითარება მინერალური წყლების ხელახლა აღმოჩენასთან არის დაკავშირებული.ბორჯომის ხეობის სილამაზესა და სიკეთეზეც ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ამჯერად ისტორიკოსმა ბაკურ გელაშვილმა ბორჯომის ხეობასთან დაკავშირებული არანაკლებ საინტერესო ისტორიები გაგვაცნო.

- 1825 წლის გაზაფხულზე ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთმა ჯარისკაცმა მდინარე ბორჯომულას მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ამომავალი თბილი წყარო ნახა და წყალი პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პოპოვს მიუტანა, რომელსაც კუჭი აწუხებდა. პოლკოვნიკი შედეგმა იმდენად განაცვიფრა, რომ ბრძანება გასცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს 2-ოთახიანი პატარა სახლი აეშენებინათ.

ბორჯომის წყლის უნიკალურობის ამბავი მალე გავრცელდა და გორში განლაგებული ქართველ გრენადერთა პოლკის სამხედრო ექიმი ამიროვი ბორჯომში ჩავიდა. ექიმმა ამიროვმა მოგვიანებით წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გაგზავნა. ბორჯომის მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. სწორედ ამან უბიძგა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს ბორჯომში ჩასულიყო. მართალია, ისტორიული წყაროები არ აზუსტებენ, გენერლის ქალიშვილი რით იყო ავად, მაგრამ ფაქტია, ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო მინერალური წყლის პირველ წყაროს მის პატივსაცემად "ეკატერინსკი" ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს - "ევგენიევსკი", გენერალ-გუბერნატორის სახელი.

neli2-1675010972.jpg
მინერალური წყლის პირველ წყაროს კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილის პატივსაცემად "ეკატერინსკი" ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს - "ევგენიევსკი", გენერალ-გუბერნატორის სახელი

ვორონცოვიდან რომანოვამდე

1844 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად მიხაილ ვორონცოვი დაინიშნა. ის იმდენად აღფრთოვანებულა ბორჯომით, რომ საკუთარ რეზიდენციად უქცევია და მშენებლობებიც წამოუწყია. სწორედ მას აუშენებია მინერალურ წყაროსთან ქვის გალერეა, სადაც იმ დროისათვის საჭირო რაოდენობის აბაზანა ჩაუდგამს. მის დროს აგებულა მტკვარზე ხის ხიდიც.

დიდი მთავარი მიხაილ რომანოვი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა, 1862 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად გაამწესეს და ოჯახით (მას 7 შვილი ჰყავდა) თბილისში დასახლდა. დიდ მთავარს ბორჯომი ისე მოსწონებია, რომ სასახლის აშენება დაუწყია. სასახლე მავრიტანიული სტილით აუგიათ. გადმოცემით, მიხაილ რომანოვის სასახლის საზეიმო გახსნას იმპერატორიც დასწრებია და ბორჯომის სილამაზით აღფრთოვანებულს ბორჯომის მამული თავისი ტყეებითა და მინერალური წყლებით სამუდამო მემკვიდრეობის უფლებით მიხაილ რომანოვისთვის უბოძებია. მას შემდეგ, რაც ბორჯომი რომანოვების მამულად გამოცხადდა, რომანოვებმა დიდი წვლილი შეიტანეს მის ქალაქად ქცევაში.

neli-1675010972.jpg
1904 წელს მინის ჩაბერვა ჯერ კიდევ ხელით ხდებოდა, თუმცა ჩამოსხმა უკვე მექანიზებული გახდა. ამ წლით თარიღდება გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება "ბორჯომის" ვაგონებით გაყიდვის შესახებ. წყლის ჩამოსხმა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუ 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი იქნა გატანილი, 1905 წელს ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი 9 მილიონი ბოთლი შეადგინა

,,ოლღას ხიდი"

- 1868 წელს მტკვარზე რკინის ხიდი აიგო, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოიტანეს, და მიხაილ რომანოვმა თავისი ცოლის, ოლღას პატივსაცემად ,,ოლღას ხიდი" უწოდა. იმავე წელს ბორჯომში დიდი წყალდიდობა მოხდა და ხიდი დაანგრია, თუმცა შემდეგ კიდევ ააგეს ხიდი, ოღონდ სახელი შეუცვალეს - ,,სილამაზის ხიდი" დაარქვეს.

ბორჯომი არაერთი საშინელი წყალდიდობის შემსწრეა. 1968 წლის აპრილში დიდი წყალდიდობის ამბავი ბაბუაჩემისგან, ალექსანდრე გელაშვილისგან ვიცი. ბაბუამ თავის ძმასთან, ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნა უხიდოდ დარჩენილ ბორჯომის ხეობას ჩარხისწყლის ხიდი.

ბაბუაჩემი და მისი ძმა ნიკოლოზი იმ პერიოდში რკინიგზაში მუშაობდნენ. უხვი ნალექის გამო 18 აპრილს მტკვრის დონე ისე ყოფილა აწეული, რომ ქალაქის ცენტრალური მოედანი, რკინიგზის სკოლისა და ჩარხისწყალი-ვაშლოვნის ცენტრალური საავტომობილო გზა წყალს დაუფარავს. ადიდებულ მდინარეს უზარმაზარი ხეები და დანგრეული ხიდის ნაწილები… მოჰქონდა. იმ დღეს ძმები მორიგეობდნენ. საფრთხე ქალაქ ბორჯომსაც ემუქრებოდა. ძმებს ხიდის გადასარჩენად სარისკო გადაწყვეტილება მიუღიათ - ალექსანდრე წვალებით გასულა ხიდზე, რომელზეც მდინარე ზევიდან გადადიოდა და ლითონის გვარლები ჩაუბამს ჩახერგილი ხეებისთვის. გვარლის მეორე მხარე კი იმ ორთქლმავალს გამოაბეს, რომლის მემანქანე მისი ძმა, ნიკოლოზი იყო. ასე გაათრიეს ხეები და წყლის ძლიერ ნაკადს გასვლის საშუალება მისცეს. ასე გადაარჩინეს განადგურებას ჩარხისწყლის დღემდე მოქმედი ხიდი და ქალაქი ბორჯომი. წლების წინ ამ ამბავზე ფილმიც გადაუღიათ, რომელსაც ,,წყალდიდობა ბორჯომში" ერქვა.

neli3-1675010972.jpg
1902 წელს კი მდინარე ცემისწყალზე ხიდი აშენდა, რომლის კონსტრუქცია ფრანგმა არქიტექტორმა გუსტავ ეიფელმა შექმნა, იმ ეიფელმა, რომელმაც პარიზში ეიფელის კოშკი ააგო. ცემის ხიდი მილიონამდე დეტალით საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და აქ ააწყვეს. არსებობს ვერსია, რომ ბორჯომის ცენტრალურ პარკში, მდინარე ბორჯომულაზე გადებული მცირე ზომის ხიდიც რომანოვის დაკვეთით ეიფელის შექმნილია

გუსტავ ეიფელი ბორჯომში

"კუკუშკა" ყველა ჩვენგანში ბავშვობის მოგონებებს აღვიძებს. პატარების გულის გამხარებელი მატარებლის გუგუნიც რომანოვების ბორჯომულ ცხოვრებას უკავშირდება. სწორედ მათ წამოიწყეს 1897 წელს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა, რომელიც 1902 წელს დამთავრდა. სპეციალურად ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზისათვის ინგლისიდან ჩამოიყვანეს პორტერის ტიპის ორთქლმავალი, რომელსაც ღია, მხოლოდ მოაჯირებით შემორაგული ვაგონები ებმებოდა. 1902 წელს კი მდინარე ცემისწყალზე აშენდა ხიდი, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანს ერთმანეთთან რკინიგზით აკავშირებდა. ხიდის კონსტრუქცია ფრანგმა არქიტექტორმა გუსტავ ეიფელმა შექმნა, იმ ეიფელმა, რომელმაც პარიზში ეიფელის კოშკი ააგო. ცემის ხიდი მილიონამდე დეტალით საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და აქ ააწყვეს. არსებობს ვერსია, რომ ბორჯომის ცენტრალურ პარკში, მდინარე ბორჯომულაზე გადებული მცირე ზომის ხიდიც რომანოვის დაკვეთით ეიფელის შექმნილია.

პანდემიის დროს ბორჯომ-ბაკურიანის "კუკუშკამ" მუშაობა შეაჩერა, თუმცა პანდემიამ გადაიარა და პატარა მატარებელს გუგუნი არ განუახლებია. როგორც ამბობენ, "კუკუშკა" სარკინიგზო ხაზის ავარიულობის გამო დადუმდა.

რომანოვის სიყვარულის ისტორია

- მიხაილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მემკვიდრე ნიკოლოზ რომანოვმა საცხოვრებლად ლიკანი აირჩია. იქ ჯერ ულამაზესი პარკი გააშენა, 1892-1895 წლებში კი დიდებული სასახლე ააშენა. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააგო.

ბორჯომში ლეგენდად დადის ნიკოლოზ მიხაილის ძე რომანოვის სატრფიალო ისტორიები. თავდაპირველად ბიძაშვილი შეჰყვარებია. რადგან ეს მიუღებელი იყო მართლმადიდებლებისთვის, სიყვარულში გულგატეხილ ნიკოლოზს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და არც შვილი ჰყოლია. მოგვიანებით, ნიკოლოზ რომანოვს ვარვარა რომანენკო შეუყვარდა. ვარვარას ოჯახი პოლტავიდან ჩამოუსახლებიათ წაღვერში. გოგონას რუსულთან ერთად ქართულიც კარგად შეუსწავლია. ვარვარა ნიკოლოზის ძმის, სერგეი რომანოვის სასახლის მეთვალყურის, კუხარევიჩის მეუღლე იყო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ამავე სასახლის მეთვალყურეს, ერმოშკინს გაჰყვა ცოლად და მეუღლესთან ერთად ლიკანის სასახლეში გადასულა, სადაც 1949 წლამდე მუშაობდა. სილამაზით განთქმული ვარვარა სასახლის შეუცვლელი დიასახლისი და უერთგულესი მეგობარი იყო ნიკოლოზ რომანოვისა. მათი ურთიერთობა ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ვარვარას დაბალი წარმომავლობის გამო ნიკოლოზს არ შეეძლო მისი ცოლად შერთვა. სასახლის დიასახლისმა სიკვდილამდე, 1958 წლამდე იცხოვრა ბორჯომში.

ვინ უძღვნა სარკეებიანი სახლი საყვარელ ქალს

- ბორჯომის ცენტრალურ პარკთან სარკეებიანი ლურჯი შენობა ყველა მნახველს ხიბლავს. მას ფირუზას სახლსაც ეძახიან. ფირუზას სახლი 1892-1893 წლებშია აშენებული. როგორც ამბობენ, საქართველოში ირანის საელჩოს წარმომადგენელმა, მირზა რიზა-ხანმა საყვარელ ქალს მიუძღვნა. ,,ფირუზად" წოდებული ეს შენობა აღმოსავლურ სტილში იყო აშენებული და მორთული ფიგურული ორნამენტებით. წინა, გუმბათისებური ნაწილი მოპირკეთებულია ფერადი, უმეტესად ფირუზისებრი სარკეებით. 1925 წლიდან იქ განთავსდა სანატორიუმი, 2012 წელს სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია და ახლა სასტუმროა.

ნელი ვარდიაშვილი