"ამ ბოლო დროს ანგელოზებს ვხატავ“ - კვირის პალიტრა

"ამ ბოლო დროს ანგელოზებს ვხატავ“

მისი დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა მხარეშია დაბრძანებული. ხატების გარდა, 300-მდე მინიატიურა შექმნა. საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძრის სახარების მოხატვაშიც მონაწილეობდა. მისი შესრულებულია მარკოზის სახარების მინიატიურები. "ხატწერა მთელი ცხოვრების შრომა და ძიებაა, ნიჭთან ერთად… იხვეწება და ლაგდება სულიერ მდგომარეობასთან ერთად. ბევრი ხარვეზი მაქვს, ბევრიც შეცდომა, მერე ამ ყველაფერს შორიდან შეხედავ და ხედავ სიმართლეს - ბევრია სასწავლი, დასახვეწი", - ამბობს მხატვარი და ხატმწერი ლიზა ჩქარეული, რომელიც ჩვენი სტუმარია:

ბავშვობა

- დავიბადე ყაზბეგში. საოცარი ბავშვობა მქონდა - თბილი, საინტერესო, მისი სურნელი არ ძველდება.…მშობლები სიყვარულით სავსე სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ, ყველას გვერდში დგომა იცოდნენ. ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, თუმცა დიდი ძალა დატოვეს ჩვენში - სიყვარული, სითბო და ენერგია, რომელიც არ ილევა. სამშობლოს, ხევის, კლდის, საერთოდ, მშვენიერების აღქმა თუ მაქვს, მამაჩემის, ნიკოლოზ ჩქარეულის, დედის, მერი ღუდუშაურისა და მამიდის დამსახურებაა. ერთგულ, სიკეთითა და სიყვარულით სავსე მამიდას თამარ ქალს ვეძახდით. ისიც ჩვენი გამზრდელი იყო.

3-4 წლიდან ვხატავდი, მერე სკოლის მასწავლებელმა, ელგუჯა ღუდუშაურმა, უთხრა ჩემს მშობლებს, ხატვას უნდა გაჰყვესო. სკოლის შემდეგ იყო იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელი და ომი, ტკივილი, განსაცდელი. სტუდენტობა მძიმე პერიოდს დაემთხვა. სიცივის მიუხედავად, მაინც ვხატავდით, უშუქობაც ხელს არ გვიშლიდა, მაინც ვკითხულობდით.…

თბილად მახსენდება კულტურის ინსტიტუტი და ქალბატონ დეა ჯაბუას სახელოსნოში გატარებული პერიოდი, უსაყვარლესი ჯგუფელები და მეგობრები, ხატწერა, კედლის მხატვრობა, შრომა, ექსპერიმენტები.…

angel2-1675013523.jpg

დიპლომიდან სახარებამდე

- პირველი მინიატიურები, ხელნაწერსა და კალიგრაფიაზე მუშაობა, სადიპლომოზე მუშაობა დაუვიწყარია. მახსოვს, დეა მასწავლებელმა მომცა დავალება, ზაფხულის არდადეგებზე ხუცური მესწავლა და სახარება გადამეწერა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო.

მეუფე ეგუდიელს ვთხოვე, ხუცური ესწავლებინა, მომცა კურთხევა, რომ "მამაო ჩვენო" ხუცურად იმდენჯერ გადამეწერა, სანამ კარგად არ ვისწავლიდი ხუცურად წერას. შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, რა მასალაზე უნდა გადაწერილიყო, და შევარჩიე მაღალი ხარისხის ფურცელი, რომელიც ჩაის ნაყენით შევღებე. ეს იყო სადიპლომო ნამუშევარი. შემდეგ მთლიანი სახარების გადაწერა გავაგრძელე. მალე ჩემმა დამ, მარინამაც ისწავლა ხუცური და ერთად გადავწერეთ მთლიანი სახარება. როცა დავასრულეთ, ჩვენი ნამუშევრები, პატრიარქს ვაჩვენეთ. მაშინ უწმინდესმა გვაჩვენა ხბოს ტყავზე გადაწერილი სახარება და გვითხრა, ჩვენ ამას ვაკეთებთო, და მომცეს ტყავის პატარა ნაჭრები, გააკეთე რომელიმე მინიატიურა, გვაჩვენე და თუ მოგვეწონება, შენც მოხატეო. ნათლისღების სცენა გავაკეთე და უწმინდესს ვაჩვენე. ამის შემდეგ სხვა მხატვრებთან ერთად დავიწყე დიდ სახარებაზე მუშაობა. მე მარკოზის სახარებას ვხატავდი, რუსუდან ფეტვიაშვილი - მათეს სახარებას, თამარ გურაშვილმა იოანეს სახარება­ მოხატა... 4 წელიწადი ვმუშაობდი სახარების მოხატვაზე. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა მხარეშია დაბრძანებული ჩემი დაწერილი ხატები, დიდი ნაწილი ყაზბეგშია. მინიატიურას რაც შეეხება, 300-მდე მაქვს შექმნილი.…სამეგრელოში 4 კანკელის ხატს სდიოდა მირონი: ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის მიძინების ხატებს, ყაზბეგში, სოფელ გარბნის წმინდა გიორგის სახელობის მე-10 საუკუნის ეკლესიაში ღვთისმშობლის კანკელის ხატს და მაცხოვრის ხატს. შარშან შევნიშნე მირონი წმინდა ქეთევან დედოფლის ხატსაც, რომელიც ჩემს ოჯახშია დაბრძანებული.…

უწმინდესი

angel3-1675013523.jpg

- მადლობა ღმერთს, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემს გვერდში ყოფილა სიხარულში თუ განსაცდელის ჟამს. მადლობა მის უწმინდესობას, რომ მომეცა საშუალება მემუშავა უდიდეს საქმეზე, რასაც სახარების მოხატვა ჰქვია. მისი უწმინდესობა ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალს მუშაობის პროცესს. მაშინ წირვა საპატრიარქოს პატარა სამლოცველოში ტარდებოდა. მე მის უწმინდესობასა და საპატრიარქოს მონაზვნებთან ერთად ვესწრებოდი წირვა-ლოცვას. ეს ჩემს ცხოვრებაში მადლიანი და ბედნიერი, უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო. ძალიან რთულია რამდენიმე სიტყვაში ჩაატიო პატრიარქის სიდიადე. საქართველოს ღერძი და მამოძრავებელი ძალა ხართ, უწმინდესო. მინდა დიდხანს გხედავდეთ იმედად, მამად, მფარველად. იდღეგრძელეთ!

ადამიანი

- ხშირად გარემო პირობების ზემოქმედება ძალიან ძლიერია ადამიანზე. ზოგი ხელოვნურად შექმნილია, ვიგონებთ. მთლიანობაში დიდი უარყოფითი ველი იქმნება. რაღაცნაირად უნდა გავაღწიოთ ამ შეკრული წრიდან.

ამ ბოლო დროს ანგელოზებს ვხატავ. რატომ? იმიტომ, რომ მინდა მრავალი მფარველი ანგელოზი გვყავდეს ჩვენს ირგვლივ გამეფებული ბრაზისა და აგრესიის გასაფანტავად.…

რუსუდან შაიშმელაშვილი