"ასე მგონია, ფულის ძებნის გზა წინაპრების გზას დამიკარგავს და უკან აღარ დამაბრუნებს" - "ღვეველი გუდამაყრელი" - კვირის პალიტრა

"ასე მგონია, ფულის ძებნის გზა წინაპრების გზას დამიკარგავს და უკან აღარ დამაბრუნებს" - "ღვეველი გუდამაყრელი"

ზოგის აზრით, ადამიანი შესაძლოა მშობლიურ მხარეს იმდენად უმტკივნეულოდ დაშორდეს სამუდამოდ, რომ უკან მიხედვაც არასოდეს მოუნდეს. პრინციპში, ვეთანხმები: ამის მეტი მაგალითი რა ვიცით. თუმცა მხოლოდ ასე რომ იყოს, მაშინ აღარც ის ბედნიერება იქნებოდა სამშობლოს სიყვარული, ან უბრალოდ, შინ დაბრუნება რომ ჰქვია. ჰოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ეს "ფილოსოფია" ერთი ჩვეულებრივი გუდამაყრელი ბიჭის, "ღვეველი გუდამაყრელის", ნიკოლოზ წიკლაურის საუბრის შემდეგ მიტრიალებს თავში. ეს ბიჭი ძირით გუდამაყრელია, ოღონდ იქ არც დაბადებულა, არც გაზრდილა, მაგრამ როგორც კი გუდამაყარი დაინახა, მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. შეუძლია ერთ დღეს ყველაფერი მიატოვოს, ჩაჯდეს ავტომანქანაში და ღვევიდან გუდამაყარში გაქროლდეს ზოგჯერ თუნდაც იქაურობის მხოლოდ თვალის შესავლებად ან სალოცავში სანთლის დასანთებად. ამ ბიჭს შეუძლია ერთი დაძახებით გუდამაყრელი წიკლაურების ნაშიერები შეკრიბოს და სიკეთეც აკეთებინოს: ვთქვათ, მრავალშვილიან ოჯახს დაახმაროს ან თუნდაც ჭიქა ღვინო ააწევინოს ერთმანეთის მოსაფერებლად. ესეც ხომ სიყვარული, სიკეთეა და თანაც ჰაერივით აუცილებელი. ჰოდა, დადის "ღვეველი გუდამაყრელი" ამ გზაზე, ავტომანქანაზე საქართველოს დროშით და იმის მტკიცებით, რომ კაცობრიობას ჯერ გუდამაყარზე და შემდეგ საქართველოზე უკეთესი ადგილი არ გააჩნია.

- გასულ საუკუნეში, როდესაც მთიდან ხალხი ბარში ჩამოასახლეს, ჩემი ოჯახიც აიყარა და თეთრიწყაროში დასახლდა. სხვა გუდამაყრელები კიდევ სხვა ადგილებში დასახლდნენ, მათ შორის წიკლაურებიც, და სწორედ ეგ იყო ჩვენი უბედურება, რომ ერთმანეთს დავშორდით. ჩემი ოჯახი სოფელ ღვევში დასახლდა, სადაც მეც დავიბადე. 13 წლისა მამამ პირველად ჩამიყვანა გუდამაყარში და მითხრა, აი, შვილო, სად არის შენი სამშობლოო. ახლა მამა აღარ მყავს, მაგრამ მის გახსენებასთან ერთად გულში ის გრძნობა მაქვს, იმ პირველ დღეს გუდამაყრის დანახვაზე რომ გამიჩნდა. იმ დღეს შეიცვალა ჩემი ცხოვრება. იმდენ ხანს ვიდექი ჩუმად და შევცქეროდი იქაურობას, კინაღამ ვიფიქრე, ნეტავ ხომ არ დავმუნჯდი-მეთქი. ახლა, დიდობაშიც, ხშირად მიფიქრია იმ დღეზე, სადაც არ უნდა გაიზარდოს ადამიანი, თუ მისი გენეტიკა მუშაობს, არ არსებობს, ფესვები რომ არ მოძებნოს. ამიტომაც ახლა სულ ამ დღეში ვარ, რომ წამომივლის გუდამაყრის მონატრება, რომ არ ვნახო, ცუდად გავხდები. ამიტომაც ავდივარ გუდამაყარში იქაურობის მოსაფერებლად. სალოცავებს მოვივლი, სანთელს დავანთებ და წამოვალ. თანაც უმეტესად მარტო კი არ მივდივარ, სხვებიც მიმყავს, რომ ეს სიყვარული გაინაწილონ. ასე მგონია, წინაპრების სალოცავიდან რომ შევთხოვ წმინდანებს რაიმეს, ის უფრო შემისრულდება. პირადი ბევრი არაფერი მაქვს, უფრო ჩემი ქვეყნისთვის და ჩემიანებისთვის, გაჭირვებულებისთვის ვითხოვ. ბევრმა რომ დატოვა ქვეყანა და უცხოეთში გადაიკარგა, ეგ მადარდებს. თავადაც მრავალჯერ მითხრეს, ნიკოლოზ, შენც წამოდიო, მაგრამ ვერა, ასე მგონია, ფულის ძებნის გზა წინაპრების გზას დამიკარგავს და უკან აღარ დამაბრუნებს. მე აქ ვიქნები და ჩემი წინაპრის ნაკვალევს ვუდარაჯებ. მირჩევნია ზამთარში გუდამაყარში ბიძაშვილებთან ჩამოვიდე, აქ არიან, საქონელს ზრდიან, ზამთრის გადავლას ელოდებიან და მეფიქრება მაგათზე.

- ისიც მიამბე, წიკლაურების გვარს რომ შეკრებ, ფულს ააგროვებ და მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარები.

- ეგ რა სალაპარაკოა. რაც წიკლაურების საქმეა, დაე, წიკლაურებმა აკეთონ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ არც სიკეთის კეთება, არც სამშობლოს მოვლა იოლი არ არის. თუმცა როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, გულით თუ გინდა, მაინც გამოგივა. ჩვენც გამოგვდის.