„ერთ მშვენიერ დღეს ღიმილი დავიბრუნე“ - კვირის პალიტრა

„ერთ მშვენიერ დღეს ღიმილი დავიბრუნე“

ვაშინგტონში გამართული ეტლით ფარიკაობის მსოფლიო თასის გათამაშებაში ქართველმა პარამოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ხმლით ფარიკაობის დისციპლინაში ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში უნგრელი მეტოქე 11-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ პასკუიონოს 15-11 აჯობა. 22 მსოფლიო თასის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი მსოფლიოს მასშტაბით - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ჯილდოებიდან, რომელიც ირმამ თავისი კარიერის განმავლობაში მოიპოვა. კიდევ ბევრი გამარჯვების მოლოდინშია, 2023 წლისთვის 9 ჩემპიონატში მონაწილეობა აქვს დაგეგმილი. ირწმუნება, რომ თითოეულ შეჯიბრებაში პირველს თუ არა, საპრიზო ადგილს მაინც დაიკავებს. გვპირდება, რომ 2017 წლის შედეგს ისევ გაიმეორებს და მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდება. ამბობს, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, შეუპოვრობა, გამარჯვებებისკენ მუდმივი სწრაფვა იმ რთული ცხოვრებისეული გზით არის განპირობებული, რომლის გავლამაც მას მოუწია. შვიდი წლის ასაკამდე ლაღი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ იყო აფხაზეთის ომი, წარსულთან გამომშვიდობება... დღემდე ახსოვს თავისი ულამაზესი სოფელი ცაგერა, იცის, რომ სადაც ადრე მისი სახლი იდგა, ახლა რუსეთის სამხედრო ბაზაა. "თვალწინ დამიდგება ხოლმე ჩემი ეზო... ალბათ, ისეთს ვერასდროს ვნახავ... თუმცა იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები", - ამბობს ირმა ხეცურიანი.

- აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ წყალტუბოში სანატორიუმში დავსახლდით, ნაჩუქარი ტანსაცმელი და გამოზოგილი საკვები გვქონდა. გაჭირვებისა და სირთულეების მიუხედავად, ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილია. 13 წლის ვიყავი, როდესაც დედა ემიგრაციაში წავიდა, 16 წლის ვიყავი, რომ დაბრუნდა. მანამდე მამა, და-ძმა ყველანაირად ცდილობდნენ უდედობა არ მეგრძნო.

- ყველაზე რთული ბარიერი რა იყო?

- სკოლაში ბულინგი. მოსახლეობა არ იყო კეთილგანწყობილი. თითქოს კეთროვანები ვიყავით. გარკვეულწილად მესმის კიდეც მათი, რთული პერიოდი იყო, ყველას უჭირდა და ჩვენ თითქოს დამატებითი საზრუნავი გავხდით.

ცეკვა ძალიან მიყვარდა და უცხო ენების სწავლა. შემდეგში პროფესიად უცხო ენა-ინფორმატიკა ავირჩიე.

18 წლის ვიყავი ხერხემალში კეთილთვისებიანი სიმსივნე რომ აღმომაჩნდა. დიაგნოზის დასმიდან ორ თვეში სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს. მაშინ არც ის მქონდა კარგად გაცნობიერებული, რა მჭირდა და არც ის, რა მელოდა. დედა ემიგრაციაში იყო და ოპერაციის შესახებ არაფერი ვუთხარით, ამას დღემდე არ გვპატიობს. ვფიქრობდი, სიმსივნეს ამოვიჭრიდი და გავივლიდი, მაგრამ... მეგონა, ერთადერთი ვიყავი, ვინც ეტლით სარგებლობდა საქართველოში. ოპერაციის შემდეგ ახალი თავსატეხი დამემატა - ეს იყო ბორბლები, რომლებსაც არ უყვარს ბარიერები და კიბე. ერთი სიტყვით, დაიწყო რეაბილიტაციის რთული და დამღლელი ცხრა წელი. დედაჩემი იყო ჩემი მომვლელი და ჩემი გამოხდომების მსხვერპლი. დათრგუნვილი ვიყავი. სუიციდის მცდელობა არ მქონია, მაგრამ ფიქრები მქონდა.

- როგორ გამოხვედით ამ მდგომარეობიდან?

- რეაბილიტაციის კურსი ყირიმში გავიარე. საკმაოდ ძვირი იყო და ექვსი თვის მეტს ვეღარ გასწვდა ოჯახის ბიუჯეტი და ამიტომ საქართველოში გავაგრძელე ვარჯიში. ამასობაში შევხვდი ეტლით მოსარგებლეთა კოალიციის წარმომადგენლებს, წავედი ბანაკში, სადაც ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი. მე იქ დავიწყე იმის სწავლა, თუ როგორ შეიძლება მეცხოვრა დამოუკიდებლად, მაგალითად, როგორ ამეღო მაგიდიდან წყალი, როგორ შეიძლება ნივთი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანო... ამ კურსების შემდეგ გადამზადება გავიარე და თავად გავხდი ეტლით მოსარგებლე ბავშვების მენტორი. იცით, ჩვენთან ეტლით მოსარგებლე ბავშვებს რა პრობლემა აქვთ? მშობლებს სურთ ყველაფერი მათ მაგივრად გააკეთონ. არადა ეჩვევი სხვის მომსახურებას და დუნდები. პირიქით, მშობელმა ან სხვა გულშემატკივარმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ეტლით მოსარგებლეს, რომ დამოუკიდებელი იყოს. ბევრჯერ ყოფილა, რომ ეტლიდან საწოლზე გადასვლისას დავცემულვარ, მიწვალია და მაინც სხვისი დახმარების გარეშე ავმდგარვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თავად ახერხებ დაბრკოლების გადალახვას. ეს დიდ სიხარულს, სტიმულს და ბრძოლის გაგრძელების უნარს გაძლევს.

- თქვენი პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება რა იყო?

- პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფისმენეჯერის ვაკანსია შემომთავაზეს. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დედაჩემთან შეტაკებით დაიწყო. "თბილისში ვერ გაგიშვებ," "მარტო ვერ წახვალ". როგორია, ცხრა წელი ოჯახის ყველა წევრი გივლის, გეფერება და შენ ეუბნები, რომ მიდიხარ. საბოლოოდ ოჯახის დახმარებით თბილისში ბინა ვიქირავე. დიდხანს ვეძებე ბინა, კიბის გარეშე, მაგრამ ვერ ვიპოვე. საბოლოოდ, ჩემს ბინაში შესასვლელად ცხრა კიბის ავლა მიწევდა. სამსახურში მისვლაში თანამშრომლები და მეგობრები მეხმარებოდნენ.

მუშაობის შემდეგ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. როდესაც პარაფარიკაობა შემომთავაზეს, არ აღვფრთოვანდი, მაგრამ როგორც დარბაზში მივედი, მივხვდი, რომ სწორ ადგილზე მოვხვდი.

ეს სპორტი ძალიან დიდ ინტელექტს, საზრიანობას, ბრძოლისუნარიანობას მოითხოვს. რა თქმა უნდა, იყო მარცხიც, ცრემლებიც, მაგრამ დავძლიე. პირველი მოგება იყო ვარჯიშიდან ექვსი თვის თავზე. შეუძლებელი შევძელი - რაპირით ფარიკაობაში მესამე ადგილი ავიღე. ეს ჩემთვის ოქროს აღების ტოლფასი იყო. ვფიქრობდი, რომ გამიმართლა, არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობაში. გარდამტეხი აღმოჩნდა კანადაში აღებული ბრინჯაოს მედალი. მაშინ მივხვდი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, მე დამსახურებულად მივიღე ჯილდო. ფარიკაობამ სამყაროსადმი, საზოგადოებისადმი ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. თუ მანამდე კიდევ მქონდა შემორჩენილი არასრულფასოვნების კომპლექსი, შემდეგში უკვე სრულიად გავთავისუფლდი. დამოკიდებულება შევცვალე ოჯახის წევრების მიმართაც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მუდამ ხელით მოსაფერებელი მცენარე ვიყავი. მე ისეთი უნდა მიყვარდეს და მომწონდეს ჩემი თავი, როგორიც ვარ. ერთ მშვენიერ დღეს ღიმილი დავიბრუნე. ვიღაცას შესაძლოა უკვირს, რა აცინებსო. რა მაქვს სატირალი? ამ განსხვავებულ მდგომარეობაშიც შეიძლება საკუთარი თავის პოვნა. ფარიკაობა ამის სრულყოფაში დამეხმარა. ფარიკაობამ საერთოდ სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე წამიყვანა.

- ასეთი დამოკიდებულება, ალბათ, პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებოდათ?

- სიმართლე გითხრათ, შიშიც მქონდა და შემდეგ იმედგაცრუებაც. იცით, როგორი პრობლემის წინაშე ვყოფილვარ? ხშირად მიგრძნია, როგორ უნდათ ჩემი დამალვა, ვუყვარვარ, მაგრამ არ უნდათ, რომ სხვამაც გაიგოს ამის შესახებ. დედების ფაქტორიც იყო - "მე ამას ოჯახში“ არ შემოვუშვებ". კი, მწყინდა, თუმცა ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამას ეტლის გამო ამბობენ-მეთქი, მაგრამ ფეხით მოსიარულეებსაც ხომ იწუნებენ სხვადასხვა მიზეზის გამო. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მნახა, მოვეწონე, შევუყვარდი... სხვათა შორის, არ უთქვამთ რომ ოჯახში არ შემიშვებდნენ, არც მას ჰქონდა ჩემს ეტლზე გართულება, მაგრამ...

ახლა ასე ვფიქრობ - თუ სიყვარული მეწვია, ჩვენი სურვილები და მისწრაფებები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ვიცი, წინ ბევრი საინტერესო და ლამაზი დღეები მელოდება.

ხათუნა ბახტურიძე