ნუ წახვალთ, ქალებო, ემიგრაციაში! - კვირის პალიტრა

ნუ წახვალთ, ქალებო, ემიგრაციაში!

გული მეკუმშება, როდესაც იტალიელი ბებიას სახლში ჩემს შალმოხვეულ ნათესავს შევყურებ. შეციებული და დაოსებული ყოველდღე მირეკავს ვიდეოთვალით და მეც ყოველდღე ვეკითხები, ანა, ასე გცივა, რომ ამსისქე შალი გაქვს შემოხვეული-მეთქი? ისიც მპასუხობს, შემცივდება, აბა, რა იქნება, გათბობა გაძვირდა, ამიტომ ბებია თავად სულ ლოგინშია, გათბობა საღამომდე გამოთიშული აქვს, სანამ ყინვა ძალიან არ დააჭერს, გაიძახის, სხვანაირად ვერ გადავიხდიო.

- შე საწყალო, - ვეუბნები მე, - თითქოს აქ არ გეყოფოდა გათბობის ეკონომია, რომ მანდაც დაგიწყია, იქნება სხვა ბებია იპოვო მოსავლელად, რომელსაც გათბობის ჩართვა მაინც არ დაენანება შენთვის-მეთქი, მაგრამ ანა ხელს მიქნევს, - ნახევარი იტალია ასეა, საწვავი გაძვირდა და ეკონომიას აკეთებენ, ახალი სამსახურის ძებნას, რომელიც დეფიციტია, ის მირჩევნია, ამ სახლში დავრჩე და მოვითმინოო, რაც, პრინციპში, სრული სიმართლეა: ამას წინათ, საბერძნეთის ემიგრანტებიც წერდნენ, ნეტავ გაგვაგებინა, მარტო ჩვენ გვყინავენ თუ სხვებიც ჩვენს დღეში ხართო, და უამრავმა ქართველმა ემიგრანტმა დაუმოწმა, ჩვენთან ჩართვის მკაცრი გრაფიკი გვაქვსო! ან კი რა არის გასაკვირი, საწვავი გაძვირდა და პრაგმატული ევროპაც ცდილობს ეკონომია გააკეთოს და თანაც, მე შენ გეტყვი და, ევროპელები მომვლელებს ვერ იშოვიან, დაიცალა მთელი საქართველო, ისინიც კი წავიდნენ ემიგრაციაში, ვინც ამას არასოდეს იფიქრებდა, მათ შორის, ჩემი ახლობელი ანაც.A არადა, როგორც სიკვდილი არ უნდა ადამიანს, ისე მასაც არ უნდოდა გადასაკარგავში წასვლა, მაგრამ მაინც წავიდა: მოულოდნელად თავს დატეხილი მეუღლის ავადმყოფობისა და სამი შვილის გამო, რომელთაგან ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის ახალგაზრდა მასწავლებელია თავისი ნახევარგანაკვეთიანი და 350-ლარიანი ხელფასით, დანარჩენი ორი კი სტუდენტი. ამასობაში კი სახლის კედლებიც ჩამოიფცქვნა, სააბაზანოს უძველესი მილებიც გამოსაცვლელი გახდა და აყრილ პარკეტზეც რამდენჯერმე კინაღამ ფეხი მოიტეხა. ჰოდა, წავიდა, იფიქრა, სანამ შვილები უკეთეს სამსახურს მოძებნიან, ეგებ მანამდე შევეშველოო.

არადა, ჩემი ანასთანა კიდევ რამდენი წავიდა. მათი სახლები დღეს სოფლებში დარაბებდაგმანულია, ქალაქებში კი ბანკების ხელში ჩავარდნილი! ან რას მომცემს, მაგრამ ძალიან კი მინდა ვიცოდე, რამდენი სახლი შეიძლება იყოს პროცენტულად ევროპის ბანკებში ჩადებული? ან რამდენი ჩალისგემოიანი პროდუქტი დევს დახლებზე 1000%-ით გაზრდილი ფასებით? რა თქმა უნდა, არც ერთი! მიდი და გაუბედე ეს ევროპას. ან რამდენ წამალზეა ფასები 500%-ით აწეული? რა თქმა უნდა, არც ერთზე! ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეებით ჩვენი ემიგრანტების უმეტესობა ვერასოდეს სარგებლობს, ისინი მაინც მიდიან იმის იმედით, რომ უკან მალე დაბრუნდებიან. თუმცა ეს "მალე" დაუსრულებელ დროდ, შვილების დაკარგულ სიყვარულად და გაუფასურებულ სიცოცხლედ ექცევათ. და მაინც იქვე რჩებიან, იმ იმედს ჯიუტად ჩაბღაუჭებული, რომ ამას ოჯახისთვის აკეთებენ. რადგან მხოლოდ იქ ეგულებათ იმედი, რომ ვიღაც სტაბილურ ხელფასს მიაწვდით, რომ შორეულ მომავალში მაინც დაბრუნდებიან, მანამდე კი დრო თუნდაც ჯოჯოხეთში გაატარონ, ოჯახიდან ოჯახში, ქვეყნიდან ქვეყანაში, სადაც სიმშვიდის მოპოვება ხშირად შეუძლებელია. იმ ჯოჯოხეთისათვის ფულს კი ისევ თვითონვე გასცემენ, გზებს იკვლევენ ქვეყნიდან ქვეყანაში, რომ უკვე ძალაგამოცლილებმა სხვა ქვეყნების კარებს მიუკაკუნონ უფრო მეტი შემოსავლის იმედით. მაგალითად, იტალიიდან ამერიკას, სადაც მოხუცების მოვლაში გაცილებით "დიდი ფულია", რის გამოც ათასი ჯურის მყვლეფავს უცვივდებიან ხელში.

მათ შორის ჩემი, შენი, თქვენი ახლობლები არიან, რომლებიც მათთვის უცხო ქალაქებში ამწუთასაც, ალბათ შალმოხვეული სხედან იმ ფიქრით, რომ ოდესღაც მათაც გაუმართლებთ, ფულს დააგროვებენ, შინ წავლენ და რემონტს გააკეთებენ, რომ "გაწიკწიკებულ" ბინებში მშვიდად დასხდნენ. ამასობაში შვილებიც "დათავიანებული" იქნებიან და თავადვე გაიკვლევენ გზას. თუმცა, ამასობაში შვილები აღარაფრებიც არ იქნებიან, რადგან მთავარი საყრდენი, დედა ჰყავთ ხელიდან გამოცლილი, ეს კი ნებისმიერ ასაკში რყევას იწვევს.

ამიტომ, ნუ წახვალთ, დედებო და ქალებო! გთხოვთ, ნუ წახვალთ! თუ გაჭირვებაა, ჯობს თქვენს შვილებთან, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიჭირვოთ, რადგან ერთად ყოფნა, ადრე თუ გვიან, ყველა გაჭირვებას მოსრავს და დააქცევს. დაე იყოს ეს გვიანაც, სამაგიეროდ, აუცილებლად მოვა ბედნიერება, რომელსაც ჯერ საყვარელი ადამიანების თვალებში დაინახავთ, მერე კი საკუთარ გულში.