"არასდროს მიმღერია ომზე, ტანკზე, დროშასა და პარტიაზე" - 8 კვადრატულ მეტრში ჩატეული ოცნებები და წლებთან ერთად საცერში გაცრილი მეგობრები - კვირის პალიტრა

"არასდროს მიმღერია ომზე, ტანკზე, დროშასა და პარტიაზე" - 8 კვადრატულ მეტრში ჩატეული ოცნებები და წლებთან ერთად საცერში გაცრილი მეგობრები

ბავშვობიდან თითქოს ჩემი ოჯახის წევრი იყო, რადგან ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარდა... ჩვენ კი არა, მთელ საქართველოს და საქართველოს გარეთაც გამორჩეულად უყვარდათ. არასდროს დამავიწყდება, პატარა ვიყავი, მუსიკალური მხატვრული ფილმი "ორერა სრული სვლით" რომ ვნახე ტელეეკრანზე და, იცით, პირველი რა ჩამებეჭდა გონებაში? - პატარა ბავშვის უსაყვარლესი სიცილი და... ბუბა კიკაბიძის სევდიანი სახე - სერიოზულად განვიცადე, გემზე რომ ვერ მოხვდა და ანსამბლთან ერთად სამოგზაუროდ ვერ წავიდა. მერე, წლები გავიდა, ჟურნალისტი გავხდი, ტელერადიომაუწყებლობის პირველ არხზე ვმუშაობდი და სტუდიებსა თუ დერეფნებში ხშირად ვხვდებოდი "ორერას" წევრებს, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან ერთად ფესტივალების ჟიურის წევრიც ვყოფილვარ, მაგრამ... ისე მოხდა, რომ მომღერალს, მსახიობსა და რეჟისორს - ბუბა კიკაბიძეს პირისპირ, სასაუბროდ, მხოლოდ ერთხელ შევხვდი, უკვე "პალიტრა მედიაში" მუშაობისას. სხვათა შორის, მაშინაც იანვარი იყო, მგონი, 2010 წლის. ის შეხვედრა და საუბარი საკმაოდ გულწრფელი და გულახდილი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის, ისევე, როგორც - თავად ბუბა კიკაბიძე.

mimino-buba-kikabidze-1675013733.jpg

შორიდან მისი ცხოვრება შესაშურად ჩანდა - წარმატებები, საყოველთაო სიყვარული, ტკბილი ოჯახი... და მაინც, საინტერესო იყო, თვითონ რას ფიქრობდა - როგორ იცხოვრა და რას მიაღწია? დღეს ორივე კითხვას, ალბათ, ბევრი ადამიანი ძალიან მარტივად უპასუხებს - რა თქმა უნდა, ხალხის უდიდეს, გამორჩეულ სიყვარულსო! ამას არათუ წლების განმავლობაში ვხედავდით, ვგრძნობდით, სულ ახლახან მისმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა - თბილისელები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, კიდევ ვინ მოთვლის, რა ეროვნების თუ რომელი მხარის მცხოვრებლები უსამძიმრებდნენ ბუბა კიკაბიძის ჭირისუფალს, მთელ საქართველოს და მის ცხედარს უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ... სასაფლაოსკენ გზა ყველასთვის მძიმე იყო, უცრემლო მათ შორის ვერავინ დავინახე... მხოლოდ თვითონ იყო მოღიმარი, ყველაზე მსუბუქად და სიმღერითაც სწორედ ის "მიუყვებოდა" ვერის აღმართს.

buba-kikabidze1-1675013761.jpg

პოპულარობა - ბედნიერებაც და დიდი პასუხისმგებლობაც

სინამდვილეში მისი ცხოვრების გზა სულაც არ ყოფილა ისეთი დალხენილი, როგორც შორიდან ჩანდა. ჩვენი შეხვედრისას მითხრა კიდეც, - უმძიმესი გზა გავიარე. თუკი რამ სიკეთე მივიღე, ყველაფერი ჩემი ზურგით, უმძიმესი შრომით მოვიტანე. პირველ წლებში, 10-12 წლის განმავლობაში, ისიც არ ვიცოდი, რა მემღერა. დღეს რომელიღაც ფესტივალზე გამარჯვებულ ახალგაზრდას რომ ეკითხებიან, ალბათ, პოპულარობა ძნელიაო და ისიც პასუხობს, ძალიან ძნელი და დამღლელიაო, - ასე არ არის. პოპულარობა ბედნიერებაცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. არასდროს მიმღერია ომზე, ტანკზე, დროშასა და პარტიაზე, ყოველთვის საკუთარ ქუჩაზე დღესასწაულის მომლოდინე პატარა ადამიანზე ვმღეროდი და ვიცოდი, რომ ამ დღესასწაულის მოყვანას დიდი შრომა სჭირდებოდა, შრომა და ნიჭი. საკუთარ თავს პატივს ვცემ და ჩემი გაკეთებული საქმის არასდროს მრცხვენია. ალბათ, ეს არის ბედნიერება. სადაც უნდა მივიდე, ყველგან პატივისცემით მეპყრობიან, რადგან ფიქრობენ, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ერს არ ვარცხვენ.

buba-kikabidze-1675013781.jpg

"შენ სხვისთვის უნდა იცხოვრო, სხვამ კიდევ - შენთვის, მაშინ ვიქნებით ადამიანები"

როდესაც ბატონ ბუბას ვკითხე, რა გასწავლათ ცხოვრებამ-მეთქი, უყოყმანოდ მიპასუხა, - ადამიანის პატივისცემა მასწავლაო, - და განაგრძო, - ყველა ასაკს თავისი შეცდომები მოაქვს. თუ ნორმალურად მოაზროვნე ხარ, აუცილებლად ასწორებ ამ შეცდომებს. ვინც მოსმენა და საუბარი არ იცის, სხვისი ნათქვამის გაანალიზება და სიმართლის თქმა არ შეუძლია, მას სრულფასოვან, მოაზროვნე ადამიანად ვერ მივიჩნევ. მარტო ფულის მომხვეჭელობა არ უნდა აქციო ცხოვრების წესად. შემიძლია გითხრათ, რომ უბედნიერესი ცხოვრება მქონდა, რადგან მუდამ ტაშს მიკრავდნენ, მეფერებოდნენ, მაჯილდოებდნენ, მაგრამ ამას მხოლოდ ჩემით მივაღწიე - არც სპონსორი მყოლია და არც მფარველი. დღეს უკვე გამოფიტული, შრომით გადაღლილი კაცი ვარ, მაგრამ - ბედნიერი, რადგან ისეთი რამის გახსენება შემიძლია საკუთარი ცხოვრებიდან, რაც სხვას არც დასიზმრებია...

buba-kikabidze-deda-1675015002.jpg

დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო და სულ მასწავლიდა: შენ სხვისთვის უნდა იცხოვრო, სხვამ კიდევ - შენთვის, მაშინ ვიქნებით ადამიანებიო. ასე ცხოვრება იოლი არ არის. მეც ვცდილობ, მაგრამ როგორ ვახერხებ, ძნელი სათქმელია. ისე, ჩემს სამეგობროში სულ ასეთი ადამიანები არიან. თუმცა მეგობრობაში იმედგაცრუებაც მქონია. დედა სულ მირჩევდა, თუ გაწყენინებენ, მეორე ლოყა მიუშვირე, შენ ნუ დასჯიო, სწორიც იყო, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ერთნაირი არ არის?! მე პირში თქმა მიყვარს, თუმცა წლებთან ერთად თავშეკავებაც ვისწავლე. ამ დროს ტკივილს გულში იკლავ და ესეც ცუდია. ადრე "ტუსოვკებზე" ყოფნა ძალიან მახალისებდა, ახლა ბევრ ხალხში ყოფნაც მიძნელდება, სულ სხვაა, ახლობლებთან თუ ვარ - მათთან საუბარი საინტერესოა.

buba-kikabidze-10-1675013826.jpg

8 კვადრატულ მეტრში ჩატეული ოცნებები და წლებთან ერთად საცერში გაცრილი მეგობრები

- მაინც როგორი გინდოდათ, ყოფილიყავით და როგორი ხართ-მეთქი? - ვკითხე ბატონ ბუბას. აქაც გულახდილად მიპასუხა, - ერთი ოცნება მქონდა: მინდოდა, მემღერა, თუმცა... სიმღერაზე მეტად ხატვა მინდოდა, ჩემთვის რაღაცებს ვჯღაბნიდი ხოლმე, მაგრამ ჩანს, ამ საქმეში დიდი ნიჭით ვერ გამოვირჩეოდი. დედაც ძალიან განიცდიდა: მხატვარი რომ გახდე, სად უნდა ხატოო? - 8 კვადრატული მეტრის ე.წ. ბინაში გაჭირვებით ვცხოვრობდით. მეც გადავიფიქრე, არადა, დღემდე ჩვევად მაქვს: მოცალეობისას ჩემს მხატვარ მეგობრებთან სახელოსნოში მივდივარ, მათ მუშაობას ვაკვირდები და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ... მერე მაგნიტოფონზე ვოცნებობდი და მხოლოდ 30 წლის ასაკში მოვახერხე მისი ყიდვა. თუმცა გაჭირვება სხვა დიდ სიკეთეს გძენს - მეგობრებს, რომლებიც წლებთან ერთად თითქოს საცერში იცრებიან და ბოლოს უერთგულესები გრჩებიან. დიდი სამეგობრო მყავს და სწორედ ისეთები შემოვრჩით, ზურგით რომ მოვათრევთ ერთმანეთს. ერთი დიდი გატაცებაც მაქვს - თევზაობა. მოუთმენლად ველოდები აპრილის მოსვლას - ამ დროს თევზი იღვიძებს და მიუხედავად იმისა, დავიჭერ თუ არა, სათევზაოდ მაინც დავდივარ: ეს ძალიან მამშვიდებს, ფიქრისთვისაც დიდი დრო მრჩება, თორემ თევზის ჭამა მაინცდამაინც არც მიყვარს... დღემდე ხმამაღლა არასდროს მითქვამს და, ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლისას რატომღაც ვფიქრობდი, რომ თუკი ესტრადაზე ბედს ვცდიდი, ჩემით აუცილებლად აღფრთოვანდებოდნენ და სიხარულით მიმიწვევდნენ. არადა, პირველივე მოსმენაზე დამიწუნეს და შინ "მკვდარი" დავბრუნდი. მხოლოდ მოგვიანებით დაინტერესდნენ ჩემი ხმით, მომძებნეს და ნელ-ნელა წარმატებაც მოვიდა. მერე გოგი ცაბაძე, მორის ფოცხიშვილი და პეტრე გრუზინსკი ანუ ადამიანები, ვისთანაც ვმუშაობდი, ამქვეყნიდან წავიდნენ და სიმღერების წერაც თვითონ დავიწყე: ავიღე ერთი ბოთლი არაყი, შევიკეტე ოთახში და დილისთვის ხუთი სიმღერით გამოვედი. სხვათა შორის, ის სიმღერები ძალიან პოპულარული გახდა. მართალია, ომზე არასდროს მიმღერია, მაგრამ საქართველოში ისე განვითარდა მოვლენები, ძალიან მომინდა, ამ თემაზე ირიბად, საომარი ტერმინების გამოუყენებლად რუსულად რუსებისთვის მემღერა. ერთ მოსკოველ ნახევრად ქართველ ახალგაზრდას, ანდრო ბერძენიშვილს ვთხოვე ტექსტის დაწერა და კარგი ბალადა გამოგვივიდა. რუსები ტირიან ამ სიმღერაზე... კარგა ხანს ვერ ვიგებდი, უცნობი რუსები "შენობით" რატომ მელაპარაკებოდნენ, მოგვიანებით მივხვდი, რომ შინაურად მიმიჩნევდნენ და - იმიტომ. ისინი უბრალო, ცხოვრებით გადაღლილი ადამიანები არიან და პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებათ. თავისი პატარა ჯამაგირიდან ფულს შენი სიმღერების მოსასმენად იმეტებენ და რაკი მათზე მღერი, თითქოს დროებით პრობლემებსაც ავიწყებ...

buba-kikabidze-11-1675013865.jpg

ერთგული მეუღლე

შინ რომ ვეწვიე, მისი მეუღლე, ყოფილი ბალერინა ირინა ქებაძე იმხანად ცოცხალი იყო. მახსოვს, ბატონ ბუბას ოჯახსა და ერთგულებაზე ჩავეკითხე, რადგან ხელოვანი ადამიანების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, იგი სიცოცხლის ბოლომდე მართლაც ოჯახისა და მეუღლის ერთგული დარჩა. ჩემს კითხვას ერთი სახალისო ამბავი მოაყოლა: ირინას ვუთხარი, რუსული სიმღერა დაგიწერე და მინდა, მოგასმენინო-მეთქი. ასეთი მისამღერი ჰქონდა: "მილაია მოია, მატ მოიხ დეტეი, ბაბუშკა ვნუკოვ მოიხ, ია მოლიუს ვსევიშნეგო, პერვიმ უმერეტ, ჩტობ ნე ვიდეტ სლიოზ ტვოიხ..." (ჩემო საყვარელო, ჩემი შვილების დედავ, ჩემი შვილიშვილების ბებიავ, უფალს ვევედრები, პირველად მე მომკლას, შენი ცრემლები რომ ვერ დავინახოო - ავტ.). მეუღლემ გამომიცხადა: ამ სიმღერას არ იმღერებ ან არადა, "ბაბუშკა" ამოიღეო. მაშინ ისეთი აღარ გამოვიდოდა სიმღერა, ამიტომ მართლაც აღარ მიმღერია. იცით, რისი თქმა მინდა? - ოჯახის დანგრევა უბედურებაა, ამით ბევრი ადამიანი იჩაგრება, მაგრამ არც ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის გარეშე შეიძლება ცხოვრება.

buba-kikabidze-ojaxit-1675013980.jpg

საერთოდ, როგორ ოჯახშიც იზრდები, შენს ცხოვრებასაც დაეტყობა ხოლმე. მამაჩემი ჟურნალისტი იყო, საკუთარი სურვილით წავიდა ომში და 1942 წელს ქერჩში დაიღუპა. ჩვენს ოჯახში, პაპასთან - კოტე ბაგრატიონთან ხშირად იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც სამშობლოზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობდნენ და ამის მოსმენის უფლებას ბავშვებსაც გვაძლევდნენ. ამიტომ ვიცოდით, რომ მართალია, შარვალი არ გვაქვს და წინდა დასაკემსია, მაგრამ ჩვენ გვერდით იყვნენ დიდი ტკივილის, ტანჯვა გადატანილი ადამიანები, რომლებიც მაინც ქართველობდნენ და ღირსებას ინარჩუნებდნენ... არასდროს დავმდგარვარ ოჯახიდან წასვლა-არწასვლის არჩევნის წინაშე, რადგან წარმოუდგენლად ძალიან მიყვარს ჩემები. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ხვდები, რომ მეორე ნახევრის გარდა, ბოლომდე ვერავინ იქნება შენთან. ამიტომ განსაკუთრებული მოფრთხილება და მოვლა სჭირდება მასთან ურთიერთობას. ყოველთვის უნდა შეგეძლოს პატარა დღესასწაულების მოწყობა და დიდი მიღწევაა, როდესაც "ის" მიგიხვდება, რომ თქვენი სიყვარულისთვის დიდი თაიგულიცა და ერთი ყვავილიც ერთნაირად მნიშვნელოვანია. საერთოდ, ვიცი, რომ კარგი ბიჭი ვარ, რადგან სისაძაგლეს სხვისგან ვერ ვიტან, ამიტომ ძალიან არასდროს მიტკენია ოჯახისთვის გული.

buba-kikabidze-6-1675014526.jpg

უპრეტენზიო კაცი ვარ - შემიძლია ერთ სკამზე ვიჯდე, შემწვარი კარტოფილი მივირთვა და არ ვიწუწუნო. მთავარია, ჩემი საქმე ვაკეთო - უსიმღეროდ ვერ ვძლებ. აღმოჩნდა, რომ სცენარების წერაც შემიძლია, აქტიურად ვცხოვრობ, ჩემს ქვეყანას მშვიდობა ვუსურვებ - ცოდოა ხალხი, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს რუსეთთან ურთიერთობა, არ უნდა წამოვეგოთ რუსულ ანკესს, მე ვიცი ამას რაც მოჰყვება და შთამომავლები არ გვაპატიებენ; ქალებს ვუსურვებ, არ დაბერდნენ და ვინც უყვართ, ის მამაკაცები გვერდით ჰყავდეთ; ბევრი ყვავილი, სიმღერა, ხორაგი, სტუმარი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობა იყოს თითოეულ ოჯახში. ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი თბილისი და ჩემი საქართველო და ყველას მაგრად გკოცნით - თქვენი ბუბა კიკაბიძე!

buba-kikabidze-gasveneba-1675014009.jpg

პ.ს. მშვიდობით, ბატონო ბუბა! იმდენი სითბო, სიყვარული, სიმღერა, პერსონაჟი დაგვიტოვეთ, თაობებს ეყოფა, ამქვეყნიდან წასულს კი იმდენი ცრემლი გაგყვათ, იმქვეყნად უეჭველად ცხონდებით, ამაზე აქ დარჩენილები ვიზრუნებთ. მიუხედავად ეროვნებისა და მრწამსისა, ყველა ადამიანის ცრემლი ალალი იყოს თქვენთვის!

(სპეციალურად საიტისთვის)