რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ტანკების გადაცემას - კვირის პალიტრა

რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ტანკების გადაცემას

მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გერმანია დათანხმდა და პარტნიორებს მისცა ნებართვა, რომ გერმანული" "ლეოპარდები" გადასცენ­ უკრაინას, სამხედრო სპეციალისტებმა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით 100-140 ტანკი დაითვალეს, რომელთაც უკრაინა მიიღებს. თუმცა გადასაცემი ტანკების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. აშშ-ისა და გერმანიის გარდა, უკრაინისთვის ტანკების გადაცემისთვის მზადყოფნა გამოთქვეს ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, სკანდინავიის ქვეყნებმა და სხვა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინას 14 გერმანული "ლეოპარდის" გარდა, საკუთარ მოდერნიზებულ ტანკებსაც მიაწვდის - 60 მანქანას, რომელთაგან 30 პოლონეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი PT-91-ა.ცნობისთვის: როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა დეკემბერში თქვა, მის ქვეყანას 300 ტანკი, 600-700 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 500 ჰაუბიცა სჭირდება შედეგიანი კონტრშეტევისთვის. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს დახმარებისთვის. ამავე დროს მან კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა შეიარაღების მიწოდების ვადისა და რაოდენობის საკითხს. ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების პასუხად კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს "აღიქვამს "კონფლიქტში დასავლეთის პირდაპირ ჩართვად".რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებას, რატომ გადაწყდა მაინცდამაინც ახლა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პროცესებზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- მთავარი ის არის, რომ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება დახმარება. ეს სტრატეგიული, თანამიმდევრული პოლიტიკაა, დასავლეთი ფრთხილობს არ გამოიწვიოს ესკალაცია და რუსეთის პროვოცირება, რათა არ გამოიყენოს ატომური იარაღი.­ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეტევით იარაღს აწვდიან, ბრძოლა ხომ ძირითადად ხმელეთზე მიდის, თუმცა ომის ბედს, წესით, მაინც არტილერია წყვეტს.

- გამოდის, დასავლეთის გადაწყვეტილებას შეტევითი იარაღის მიწოდების შესახებ უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს?

- რა თქმა უნდა. მიმდინარეობს რუსეთის გამოფიტვის ომი და პოლიტიკურ მხარეს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ცხადია, ეს იარაღი საბრძოლო თვალსაზრისითაც არსებით როლს ითამაშებს.

- ამჯერად ტანკების მიწოდება გადაწყვიტეს იმ ქვეყნებმაც, რომლებიც აქამდე­ უარზე იყვნენ ან ყოყმანობდნენ, თუნდაც გერმანიამ.

- გერმანიის პოზიცია გასაგებია - ორი მძიმე მსოფლიო ომის შემდეგ მას ფრთხილი პოლიტიკა აქვს, რომელიც ეყრდნობა ეკონომიკურ გაძლიერებას და არამც­ და არამც სამხედრო კონფლიქტში ჩარევას, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ევროპის საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკრაინის მხარეს არის, გერმანიის მთავრობას რა მოსაზრებებიც არ უნდა ჰქონდეს, უნდა დაჰყვეს საზოგადოებრივ აზრს. მასზე ზეწოლას ახდენენ სხვა სახელმწიფოებიც, უპირველესად შტატები, ინგლისი, პოლონეთი... თავად უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ და როგორც გითხარით, გადამწყვეტია საზოგადოებრივი აზრიც.

- იმის ვარაუდი თუ შეიძლება, რომ გერმანიას ხელს არ აძლევს უკრაინისა და პოლონეთის გაძლიერება, რომლებსაც ანგლოსაქსები უჭერენ მხარს, რათა ევროპაში ძალთა ბალანსი არ დაირღვეს გერმანიის საზიანოდ?

- გერმანია მაინც ეკონომიკურ ძლიერებაზე აკეთებს აქცენტს და არა მგონია, მას ასე მარტივად გაუწიონ კონკურენცია. პირიქით, გერმანიას აწყობს უკრაინის დასავლეთ ორბიტაში გადასვლა, ევროკავშირში შესვლა, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამით გერმანიის ეკონომიკა უფრო გაძლიერდება - უკრაინის სახით ახალი ბაზარი ჩნდება ევროკავშირში. მთელ ევროკავშირში სამხედრო გაძლიერებაზე ნაკლებად არის საუბარი, უფრო ეკონომიკაზე არიან ორიენტირებული.

- რუსეთი დასავლეთის გადაწყვეტილებას­ ტანკების მიწოდების შესახებ მუქარით შეხვდა და დასავლეთი სიფრთხილეს რატომღა იჩენს, რატომ არ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ომიც და რუსეთის მუდმივი შანტაჟი და აგრესია?

- ცხადია, რუსეთს გერმანიის გადა­წყვეტილება ტანკების გადაცემის შესახებ გააღიზიანებდა. მისთვის, მგონი, ტანკების მიწოდებაზე შემაშფოთებელი გერმანიის გააქტიურებაა, რადგან ტანკი ტანკია, მაგრამ მთავარი მაინც არტილერია და მისი რაოდენობაა. ამიტომ მთავარი, ჩემი აზრით, მაინც გერმანიის გამოცოცხლებაა რუსეთი­სთვის. როცა ომში ხარ, ყოველთვის ცდილობ გათიშო მოწინააღმდეგე ბანაკი, მაგრამ რუსეთს დასავლეთის გათიშვა არ გამოსდის. მისთვის დასაყრდენი ყოველთვის იყო გერმანია, რომელიც ითვალისწინებდა მის ინტერესებს. ახლა ეს აღარ ხდება და ვერც მოხდება, რადგან როცა რუსეთი გადაკვეთს წითელ ხაზებს, ყველა დემოკრატიული ქვეყანა იქცევა ისე, როგორც ახლა იქცევა გერმანია. სხვა თუ არაფერი, მთავრობას რომც უნდოდეს საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება მოსკოვთან, მისივე მოსახლეობა ამას ასე მარტივად არ დაუშვებს.

- რატომ ახლა და არა, ვთქვათ, ორი-სამი თვის წინ? რა გახდა ახლა გადამწყვეტი?

- შესაძლოა რაღაც ხდება კულისებში, რასაც არ ახმაურებენ. შესაძლოა იყო მოლაპარაკების მსგავსი რამ, სამშვიდობო­ ინიციატივები, მაგრამ ამას საბოლოოდ ხაზი გადაესვა და სხვა გზა არ დარჩათ.

- არის შანსი, რომ დასავლეთი ატომური იარაღის გამოყენების თავიდან ასარიდებლად რამეს აკეთებდეს, რომ კრემლმა ვერ შეძლოს ატომური იარაღის გამოყენება?

- სამხედრო გზებით ამის შეჩერება შეუძლებელია. ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, ვიღაცების გადაბირებაზე მუშაობას აზრი არა აქვს. ერთადერთი ბერკეტი არის რუსეთის თანდათანობითი გამოფიტვა ამ ომში, გადაიღალოს და თავად ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს.

- თქვენი ვარაუდით, თუ კრემლმა დაინახა, რომ ქვეყანა კრიტიკულ ზღვრამდეა მისული, რა შეიძლება მოიმოქმედოს?

- დასავლეთი ამიტომაც ნელა და თანდათანობით, დოზირებულად ეხმარება უკრაინას, რათა უცბად არ მოხდეს რაღაც.

- ყველაზე ცუდი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ. რა ჩაითვლება რუსეთის გამარჯვებად და რა მოხდება, თუკი გაიმარჯვებს?

- რუსეთის გამარჯვებად ჩაითვლება იმ ტერიტორიების წაღება, რომელთა ანექსიაც გამოაცხადა. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, ვიცხოვრებთ უარეს სამყაროში. თუ ასე მოხდა, დანარჩენ უკრაინას ყველა ვარიანტში მიიღებენ ნატოში. კისინჯერმაც კი თქვა, რაღა აზრი აქვს უკვე პრანჭვასო. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება.

რუსა მაჩაიძე