„რუსეთმა უკრაინული ტერიტორიების ანექსიით თავიდანვე ჩიხში შეიყვანა პროცესი“
"სამარცხვინო და სპეკულაციური" უწოდეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ანდრეი კასიანოვის განცხადებას, სადაც უკრაინელი დიპლომატი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციაზე საუბრობს. როგორც მან განაცხადა, "უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასობრივად შემოდინების შემთხვევაში". პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კასიანოვის ეს განცხადება არარელევანტურად მიიჩნია და აღნიშნა, "კასიანოვს საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, "ბუკებს" თუ გავგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მარტო უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტის შესახებ, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა". უკრაინელი და ქართველი ჩინოვნიკების საჯარო დაპირისპირება კრიტიკულად შეაფასა ამერიკის წარმომადგენელმა საქართველოში: "ახლა არის ძალიან სენსიტიური დრო. რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაშია საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად", - აღნიშნა ელჩმა დეგნანმა. ახლახან უკრაინულ-ქართულ დაპირისპირებას კიდევ ერთი შტრიხი შემატა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა - მან ვარაუდი გამოთქვა, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში მისი საქართველოში დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. "მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულების თეორიების გულშემატკივარი არა ვარ, ახლა მჯერა, რომ საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა აგენტებმა". როგორი იქნება სააკაშვილის ბრალდებაზე უკრაინის ოფიციალური პასუხი, რატომ ვერ ახერხებენ ქართველი და უკრაინელი ლიდერები ურთიერთობის მოგვარებას, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები უკრაინის ფრონტზე მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის ამერიკამ Abrams-ის 31 ტანკისა და ჯავშანტექნიკის 500 ერთეულზე მეტი გამოყო, გერმანიამ კი უკვე გაგზავნა Leopard 2-ის ტანკები, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გვესაუბრება.
- არა აქვს მნიშვნელობა, მის საქმეში რუსეთის აგენტები მოქმედებდნენ თუ პატიოსანი ადამიანები, სააკაშვილმა ხელი დაადო უკრაინის უშიშროებას! მეორე სერიოზული ბრალდებაა, რომ უკრაინის დაზვერვაში ჩანერგილი არიან რუსეთის აგენტები. წელიწადზე მეტია, ოპოზიცია გვიკიჟინებს, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია. თუ ის საქართველოში პუტინის აგენტებმა გამოუშვეს, როგორ გამოდის სააკაშვილი პუტინის პატიმარი? რისთვის შემოიტყუა პუტინმა სააკაშვილი, ან ის რისთვის მოდიოდა?! ფაქტია, სააკაშვილს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურდა. თუ პუტინმა ამ საქმეში ხელი შეუწყო, ესე იგი, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მოსწონს და სააკაშვილის ხელისუფლება ურჩევნია. ახლა არ მითხრათ, დასაჭერად შემოიტყუაო. თუ პუტინს სააკაშვილის დაჭერა უნდოდა და უკრაინის უშიშროებაში ჰყავს აგენტები, იქვე ვერაფერს მოუხერხებდა? ან უკრაინის გარეთ რომ იყო, მაშინ ვერ მისწვდებოდა? ისე კი, რა მნიშვნელობა აქვს, შემოიტყუეს თუ შემოუშვეს, ფაქტია, ამხელა ფილარმონია კაცი რუსების აგენტებმა არაჟნის ყუთში შეფუთული შემოიტანეს საქართველოში.
- სააკაშვილის ამ განცხადებას მოჰყვა მერაბიშვილის გაკრიტიკება, რომ ნანობს, მერაბიშვილი რომ თავის დროზე არ გადააყენა თანამდებობიდან. "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადება თქვენ რა ტიპის დასკვნის გამოტანის საფუძველს გაძლევთ?
- ვინ ვის თამაშს თამაშობს, კაცი ვერ გაიგებს. სასაცილოა მერაბიშვილის განცხადება, რომ მინისტრის პოსტზე ყოფნისას რუსეთის აგენტებს ებრძოდა, რუსეთის აგენტები კი არა, პატიოსანი ხალხი დაიჭირა რუსეთის დავალებით.
- სავარაუდოდ, სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო გართულდება?
- ჩვენ წლების განმავლობაში მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, ვართ ასოცირებული ტრიოს წევრები, ამ გზაზე ერთმანეთს ხელს ვუწყობდით, მაგრამ ამ ომმა ყველაფერი არია. კასიანოვის ბოლო განცხადება უკრაინელების ქვეყნიდან ევაკუაციის შესახებ და საყვედური, იმის გამო, რომ "ბუკები" არ გადავეცით, არამეგობრულია. ბოლოს და ბოლოს, დავიღალეთ ამდენი განმარტებებით. ნატოს წევრი ქვეყნებიც კი ფეხს ითრევენ და ნელ-ნელა აძლიერებენ დახმარებას, სულ ახლახან გადავიდნენ ტანკების მიწოდებაზე, მალე ავიაციაზეც გადავლენ.ვიდრე "აბრამსებისა" და "ლეოპარდების" გაგზავნა დადგებოდა დღის წესრიგში, მანამდეც ჰქონდათ გაგზავნილი ოთხასი ერთეული ტანკი, ასევ "ჰაიმარსები", მაგრამ საჯარო განცხადებებს კი არ აკეთებდნენ. დღემდე ამბობენ, რომ ნატოს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება.
- თუმცა კრემლი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ნატოსთან ღია ომშია.
- მთავარი ის კი არ არის, ჩვენ როგორ აღვიქვამთ საკითხს, გაცილებით მნიშვნელოვანია, რუსეთი როგორ აღიქვამს უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც უერთდება სამხედრო დახმარების პაკეტს, ის უკვე ჩართულია კონფლიქტში. უკრაინელები კი ამბობენ, კარგია ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ სამხედრო დახმარებაც გვინდაო. სხვათა შორის, ჰუმანიტარულ დახმარებაზეც დაგვიანებული მადლობა მივიღეთ. არავის არაფერს ვამადლით, მაგრამ როდესაც სხვა ქვეყანას უხდი მადლობას გენერატორების მიწოდებისთვის და საქართველოდან გაგზავნილს მთელი ერთი თვე არ იმჩნევ, საწყენია.
- ჩვენმა ხელისუფლებამაც ხომ არ დააგვიანა გენერატორების მიწოდება? კასიანოვის თქმით, ერთი თვე ისე გავიდა, რომ მის თხოვნაზე საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღო.
- როდესაც რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტები გაანადგურა, საქართველოში დასწრებაზე იყო, ვინ გამოიჩენდა თავს. ხელისუფლებამ კი იმის გარკვევა დაიწყო, რა სიმძლავრის გენერატორები ესაჭიროებოდა უკრაინას. ზოგიერთმა პარტიამ ისეთი პატარა ძრავები გაგზავნა, მხოლოდ ერთ ოჯახს რომ დააკმაყოფილებდა. არადა, უკრაინას მძლავრი გენერატორები სჭირდებოდა, რომლის მარაგი საქართველოს არ ჰქონდა. მათ ბაზარზე მოძიებას, თანხის მოძიებასა და შესყიდვებს დრო დასჭირდა.
არ არის სწორი, "ბუკებს" რომ გვამადლიან და უკან გადაცემას ითხოვენ. ბირთვული პოტენციალის მქონე მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა სახელმწიფომ, ბრიტანეთმა, უკრაინას დაპირებული 14 ტანკის ნაცვლად 8 გადასცა და განცხადებები მიაყოლა, მეტს ვეღარ დაგეხმარებით, ეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის რღვევას გამოიწვევსო. არ დაგავიწყდეთ, რომ ბრიტანეთი კუნძულზეა გაშენებული, სად უნდა გამოიყენოს ტანკები?! მე ბრიტანელებს კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, იმას ვამბობ, ასეთი ძლიერი, კუნძულზე ბუნებრივად გამაგრებული სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს და ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანამ, რომელიც ყველა მხრიდან რუსული სამხედრო ბაზების გარემოცვაშია, თუ რამე იარაღი გვაქვს, ისიც სხვას უნდა მივცეთ?! 2400 ტანკი ჰქონდა უკრაინას, 400 კიდევ მიაწოდეს, დღეს 2800 ტანკი აქვს, ჩვენ რა გაგვაჩნია?! კასიანოვი იქამდეც კი მივიდა, პირდაპირ გვითხრა, ერთი დანაც კი არ მოგიწოდებიათო. მაინცდამაინც სურთ დავფიქსირდეთ ქვეყნად, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს.
- რატომ უნდა უნდოდეს უკრაინას იმის დაფიქსირება, რომ საქართველო სამხედრო დახმარებას უწევს?
- რომ თქვან, 51 ქვეყანა გვიწევს სამხედრო დახმარებასო. 50 არ არის საკმარისი, 51 უნდათ! ჩვენ არა გვაქვს ის ფუფუნება, რაც იმ 50 ქვეყანას აქვს. ისინი ან ევროკავშირის წევრები არიან, ან ნატოს წევრები. ესტონეთმა მთელი თავისი საარტილერიო იარაღი გადასცა უკრაინას, მაგრამ არ ეშინია, რადგან მეხუთე მუხლი იცავს. თუ ვინმეს ეჭვი აქვს საქართველოს საგარეო კურსსა და პრიორიტეტებზე, მიგვიღონ ნატოში! ამის მერე ესტონეთსაც ვაჯობებთ და კიდევ ბევრ სახელმწიფოს უკრაინის დახმარებაში. თუ ვერ გვიღებენ ალიანსში, იმის საშუალება მაინც მოგვცენ, ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგია თავად განვსაზღვროთ.
- სამხედრო ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, რუსეთს ახლა დამატებითი სამხედრო კონფლიქტებისთვის არ სცალია.
- ბავშვური გულუბრყვილობაა ამის დაჯერება! რამდენიმე დღის წინ მორიგი საავიაციო იერიში იყო უკრაინაში. რუსეთმა ორმოცამდე დრონი და დაახლოებით ამდენივე საავიაციო და საზღვაო რაკეტა გაუშვა. რა პრობლემა აქვს, რომ დროდადრო ჩვენკენაც გამოუშვას რაკეტები, გონება შეუშლის ხელს თუ მორალი?! რუსეთი ახლა უფრო აგრესიულია, ზომიერების ყველა ზღვარი აქვს გადალახული. სლავიანური უკრაინა არ დაინდო და გვიან შემოდგომაზე მიზანმიმართულად დაიწყო ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვა, რათა რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ რატომ დაგვინდობს?! რუსეთი უკრაინას რომ დაამარცხებს, მერე ჩვენ მოგვდგებაო, ამის თქმა არ შეიძლება. არავინ იცის, რა იქნება მომავალში, უკრაინა დამარცხდება თუ რუსეთი. ჩვენი მდგომარეობის ქვეყანა შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოს, მანამდე კი თავდაცვის გაძლიერებაზე ზრუნავდეს.
- თქვით, რომ რუსეთმა მორალური ზღვარი გადალახა, ხოლო დასავლეთმა დაიწყო უკრაინის შეიარაღების გაძლიერება. რა იქნება ამ პროცესის შედეგი?
- რუსეთმა უკრაინული ტერიტორიების ანექსიით თავიდანვე ჩიხში შეიყვანა პროცესი.
ამ კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა უკვე წარმოუდგენელია. პუტინი ამბობს, მე ბრძოლით მოვიპოვე ეს ტერიტორიები, თუ შეგიძლია ბრძოლითვე წამართვი, თუ არადა, დაჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან და გავაფორმოთ შედეგიო! ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დაჯდება, ხალხი ხომ ეტყვის, თუ ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო, რისთვის იყო ამდენი მსხვერპლი, ნგრევაო! უკრაინელმა ხალხმა უკვე იმხელა მსხვერპლი გაიღო, რომ აღარ გაჩერდება. თუმცა შესწევს კი უკრაინას ბრძოლის გაგრძელების უნარი? რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, თუ დასავლეთი არ დაეხმარება.
დასავლეთი უკრაინას გამოზოგილად ეხმარებოდა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. პოლიტიკოსები კი გამუდმებით აცხადებენ, უკრაინა დღეს თუ არა ხვალ გაიმარჯვებსო, მაგრამ სამხედროები ხომ ვხედავთ რა ხდება ფრონტის ხაზზე?! ძნელია უკრაინის უპირობო გამარჯვებაზე ილაპარაკო, როდესაც მის მხარეს ორი და სამი ათასი ტანკია, ხოლო მეორე მხარეს ათი ათასი, ან როდესაც რუსეთს ერთი ქვემეხიდან ასი ჭურვის გასროლის საშუალება აქვს, უკრაინას კი პასუხად ერთის. დღემდე უკრაინამ წარმატებას მიაღწია მხოლოდ მამაცობის, დიდი მსხვერპლისა და სამხედრო ხელოვნების ხარჯზე.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს რუსები ნელ-ნელა ასწორებენ დაშვებულ შეცდომებს ლოჯისტიკასა და სხვა საკითხებში. ამას უკრაინამ რა უნდა დაუპირისპიროს?! უკეთესი მომზადება, მეტი ძალა და მეტი შეიარაღება. კარგია, ამერიკამ "აბრამსების" მიწოდება რომ გადაწყვიტა, მაგრამ ეს პროცესი ძალიან იწელება, დრო კი უკრაინის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ომში ჯერ ცეცხლის შეწყვეტა ხდება, მერე დაზავება. დაზავებას პირობებზე შეთანხმება სჭირდება. ვინაიდან ახლა კიევისა და მოსკოვის შეთანხმება შეუძლებელია, ყველაფერი ისევ ომის თეატრმა უნდა გადაწყვიტოს. თუ რუსეთმა დამარცხების რეალური საფრთხე არ დაინახა, მანამდე ანექსირებულ ტერიტორიებს არ დათმობს. ვერც უკრაინა გაჩერდება, სანამ ანექსირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად მიაწვდის დასავლეთი უკრაინას საჭირო რაოდენობის შეიარაღებას.
ხათუნა ბახტურიძე