სატანკო დუელების მოლოდინში
შვიდი წლის წინ, 2016 წლის მაისში, ამერიკული და რუსული ტანკების დუელი საქართველოს ტერიტორიაზე არ შედგა, მაგრამ 2023 წლის ზაფხულისთვის ეს შეიძლება რეალობად იქცეს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების თითქმის წლისთავზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა დიდი ჭოჭმანის შემდეგ მაინც მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება დასავლური წარმოების ძირითადი საბრძოლო ტანკების უკრაინის დამცველებისთვის მიწოდების თაობაზე.
გერმანული "ლეოპარდ-2"-ები, ბრიტანული "ჩელენჯერ-2"-ები და ამერიკული "აბრამსები" ვერ ჩაითვლება ულტრათანამედროვე შეიარაღებად, მაგრამ ნატოს წევრ ქვეყნებს სწორედ ეს ტანკები ჰყავთ დღეს შეიარაღებაში.
ამასთან, დასავლეთის დაანონსებული გადასაცემი ტანკების საერთო რიცხვი ას ერთეულს მცირედით თუ ასცდება, ამ რაოდენობით კი ომის ბედის შემოტრიალება შეუძლებელია. თუმცა მთავარია, ნავსი გატყდა და დასავლეთმა გაბედა უკრაინის არმიისთვის ტანკების გადაცემა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
რუსი ოკუპანტები იხტიბარს არ იტეხენ და იქადიან, რომ გერმანულ "ლეოპარდებს" თუ ამერიკულ "აბრამსებს" უპრობლემოდ ააფეთქებენ, მაგრამ ეს მხოლოდ პროპაგანდაა, რადგან რეალობას მხოლოდ სატანკო დუელები აჩვენებს ბრძოლის ველზე, რომელთა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა მარტო ტანკების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ ეკიპაჟების საბრძოლო მომზადების დონესაც, ტანკების გამოყენების ტაქტიკასაც და სატანკო დანაყოფებისთვის საჭირო ლოჯისტიკურ უზრუნველყოფასაც საბრძოლო მასალითა და საწვავით.
ძალიან დიდ ინტერესს იწვევს პლანეტა დედამიწაზე ყველაზე მეტად დაპირისპირებული ორი ბირთვული სახელმწიფოს - აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის ორი უახლესი ძირითადი საბრძოლო ტანკის - M1A2Abrams-ისა და Т-90М "Прорыв"-ის მოსალოდნელი სატანკო დუელი უკრაინის სტეპებში.
საქმე ის არის, Т-90М "Прорыв"-ი რუსეთის არმიის შეიარაღებაში ბოლო დროს მიღებული თანამედროვე სერიული ტანკია და რუსი ოკუპანტები მას უკვე იყენებენ უკრაინასთან ომში, მაშინ როდესაც ძალზე გაპიარებული და "მსოფლიოში ანალოგის არმქონე" Т-14 "Армата" ათ წელზე მეტია ისევ გამოცდას გადის, რადგან ბევრი ტექნიკური წუნი აღმოაჩნდა. სულ 30-მდე ასეთი ტანკია დამზადებული და ძალზე საეჭვოა, რუსმა გენერლებმა გაბედონ მისი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა იმის შიშითაც, რომ ბრძოლის ველზე გაფუჭებული "არმატა" უკრაინელმა მეომრებმა ალაფად არ წაიღონ.
რაც შეეხება "აბრამსებს", აშშ-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს ამ ტანკის ერთ-ერთ თანამედროვე მოდიფიკაცია M1A2 Abrams-ის 31 ერთეულს, რაც ერთი სატანკო ბატალიონის ტოლფასია, თუმცა საბჭოთა სტანდარტებით (როგორი სტრუქტურაც არის დღეს შემორჩენილი უკრაინის არმიის სატანკო ნაწილებში), ნატოს წევრი ქვეყნების არმიებში ერთ სატანკო ბატალიონში 54 ტანკი ირიცხება.
დუელანტი ტანკების მცირე ისტორია
აშშ-ში "აბრამსის" პირველი მოდიფიკაცია M1 Abrams-ის სერიული წარმოება ჯერ კიდევ 1980 წელს დაიწყო და მას შემდეგ დამზადდა სხვადასხვა მოდიფიკაციის 10 700-მდე ტანკი. სხვათა შორის, 2000 წლიდან დახურულია "აბრამსების" ასაწყობი ხაზი და ახალი მოდიფიკაციის ტანკების შექმნა დაკონსერვებული M1 "აბრამსების" საფუძვლიანი მოდერნიზაციის ხარჯზე მიმდინარეობს.
დღეისათვის აშშ-ის სახმელეთო ჯარების, ეროვნული გვარდიის, რეზერვისა და სასწავლო ნაწილების (აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა შეიარაღებიდან ამოიღო "აბრამსის" ტანკები საექსპედიციო კორპუსების მანევრირების სისწრაფის გაზრდის მიზნით) შეიარაღებაში საერთო ჯამში 2 509 "აბრამსი" უნდა იყოს (მათ შორის 750 M1A1SA, 1605 M1A2 SEP v.2 და 154 M1A2 SEP v.3 მოდიფიკაციების), ხოლო 3 700-ზე მეტი "აბრამსი" (1/M1A1/M1A2) ხანგრძლივი შენახვის სადგომებზეა თავმოყრილი.
აშშ-ის გარდა, "აბრამსის" ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკები შეიარაღებაში აქვთ ავსტრალიას (59 ერთეული), ეგვიპტეს (1130 ერთეული; ეგვიპტეში ამერიკული "აბრამსების" ლიცენზირებული წარმოება მიმდინარეობს), ერაყს (100-მდე), ქუვეითს (218), მაროკოსა (222) და საუდის არაბეთს (450-მდე).
პოლონეთმა ჯერ 250 "აბრამსი" შეუკვეთა აშშ-ს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ კი დამატებით 116 ტანკის მიყიდვა სთხოვა.
"აბრამსების" მიღების რიგში დგას ტაივანიც, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყებას მოელის და 108 "აბრამსის" ყიდვის განაცხადი აქვს გაკეთებული.
რუსული Т-90М "Прорыв"-ის ისტორია ამერიკული "აბრამსივით" მდიდარი არ არის, რადგან მისი სერიული წარმოება მხოლოდ ხუთიოდე წლის წინ დაიწყო და ამ მოდიფიკაციის ტანკები რუსეთის არმიას შეიარაღებაში 2020 წელს გადასცეს.
უკრაინაზე თავდასხმის წინ რუსი ტანკისტების განკარგულებაში არანაკლებ 67 ერთეული ასეთი ტანკი იყო, რომლებსაც 2022 წლის განმავლობაში კიდევ დაემატებოდა მცირე პარტია, თუმცა ამ ტანკებმა საბრძოლო დანაკარგიც განიცადეს თითქმის ერთწლიანი ომის განმავლობაში.
თუმცა უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ Т-90М "Прорыв"-ის ისტორია არა 5 წლის, არამედ ჯერ კიდევ 1973 წლიდან ანუ ნახევარი საუკუნის წინ დაგვეწყო, როდესაც საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიიღეს Т-72 "Урал" ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკი, რომლის ოცდამეათე თუ მეორმოცე მოდიფიკაციაა Т-90М "Прорыв"-ი.
საქმე ის არის, "აბრამსის" არაერთგზის მოდერნიზაციის შემდეგ მის დასახელებას მხოლოდ ახალი ციფრები და ასოები ემატებოდა. საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო - Т-72-ის მორიგ მოდიფიკაციებს ახალ ასოებს ამატებდნენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1991 წლის გაზაფხულზე, შეიარაღებაში Т-72-ის მორიგი მოდიფიკაციის, Т-72БУ-ს მიღებას აპირებდნენ, მაგრამ არ დასცალდათ. სამაგიეროდ, უკვე დამოუკიდებელი რუსეთის ფედერაციაში ამ ტანკის მორიგ მოდიფიკაციას მთლიანად შეუცვალეს სახელი, Т-90 დაარქვეს და რუსული წარმოების პირველი სერიული ტანკი უწოდეს.
1992 წლიდან დღემდე გამოშვებულია Т-90-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის 2 125 ერთეულზე მეტი, რომელთაგან რუსეთის არმიის შეიარაღებაში (უკრაინაში ომის დაწყებამდე) 350 ასეთი ტანკი ირიცხებოდა (Т-90М "Прорыв"-ის მოდიფიკაციის ტანკების გარეშე), აზერბაიჯანს 98 Т-90 ჰქონდა ნაყიდი რუსეთისგან, ალჟირს - 600-ზე მეტი, ვიეტნამს - 64, ერაყს - 73, სირიას - 30, თურქმენეთს - 4, უგანდას - 44, სომხეთს კი ერთი ასეთი ტანკი აჩუქეს რუსეთში "სატანკო ბიატლონის" ერთ-ერთ ეტაპზე სომხური სატანკო ეკიპაჟის გამარჯვების შემდეგ.
გარდა ამისა, ინდოეთის არმიის განკარგულებაშია 1 100-ზე მეტი Т-90С მოდიფიკაციის ტანკი, რომელთა ნაწილი ინდოელებმა თავად დაამზადეს რუსეთისგან ნაყიდი ლიცენზიით.
ამერიკული M1A2 "აბრამსი" და რუსული Т-90М "Прорыв"-ი ომებში
ეს ორი თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკი ერთმანეთს რეალურ ბრძოლაში არ დაჰპირისპირებიან, თუმცა ამის თეორიული შანსი შეიქმნა შვიდი წლის წინ და ისიც... საქართველოს ტერიტორიაზე.
2016 წლის 9 მაისის "კვირის პალიტრის" სტატიაში "ამერიკული M1A2 Abrams VS რუსული T-90A Владимир" გამოვაქვეყნეთ ინფოგრაფიკა ამ ორი ტანკის ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებზე, რადგან იმ მომენტში პირველად ისტორიაში ეს ამერიკული და რუსული ტანკები ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ - "აბრამსები" ვაზიანის პოლიგონზე საერთაშორისო სამხედრო სწავლების დროს, რუსული ტანკები კი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შეიარაღებაში.
მაშინ სატანკო დუელებამდე საქმე, საბედნიეროდ, არ მისულა, მაგრამ ეს ორი ტანკი, დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეში მაინც მოსინჯავს ერთმანეთს უკრაინის მიწაზე.
"აბრამსის" საბრძოლო ნათლობა სპარსეთის ყურეში 1991 წელს შედგა, "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს, ქუვეითის სადამ ჰუსეინის საოკუპაციო ჯარებისგან გასათავისუფლებლად.
ამ ოპერაციაში "აბრამსის" სხვადასხვა მოდიფიკაციის 1 800-ზე მეტი ტანკი მონაწილეობდა და მათ ბრძოლაში სრული უპირატესობა აჩვენეს ერაყის არმიის შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა საექსპორტო Т-72-ზე: 33 აფეთქებულ "აბრამსზე" 1 800-ზე მეტი განადგურებული ერაყული ტანკი მოდიოდა, თუმცა, ბუნებრივია, ყველა მათგანი "აბრამსებს" არ აუფეთქებიათ, "აპაჩის" შვეულმფრენები და ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილის მოიერიშე "ტანდერბოლტ-2"-ებიც კარგად წაეხმარნენ.
ამერიკულ "აბრამსებს" შემდეგმა ბრძოლამ ერაყის მეორე ომსა (2003-2011 წწ.) და ავღანეთში (2001-2021 წწ.) მოუწიათ, სადაც მხოლოდ ასიოდე ტანკი თუ დაიკარგა.
სამაგიეროდ, არცთუ ისე მცირე საბრძოლო დანაკარგით გამოირჩევა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ მებრძოლო საუდის არაბეთის არმია, რაც უპირველესად განაპირობა საუდელი ტანკისტების მოქმედების არასწორმა ტაქტიკამ - როდესაც ისინი ჰუსიტების ჩასაფრებებში ხვდებიან, ელვისუსწრაფესად მიატოვებენ ხოლმე რამდენიმემილიონიან "აბრამსს".
რუსული Т-90М "Прорыв"-ის საბრძოლო ნათლობად სწორედ უკრაინის ომი იქცა, თუმცა რუსული Т-90-ის წინა მოდიფიკაციები სირიისა და ყარაბაღის ბოლო ომებშიც მონაწილეობდნენ.
2023 წლის 27 იანვრის მონაცემებით, რომელსაც საერთაშორისო ინტერნეტრესურსი "ორიქსი" აქვეყნებს, უკრაინასთან ომის 338-ე დღისთვის რუსეთის არმიის დანაკარგმა (რაც დადასტურებულია ფოტოვიდეო მასალით, რეალური დანაკარგი კი, ბუნებრივია, უფრო დიდი იქნება, რადგან ყველა აფეთქებული ტანკი არ მოხვედრილა ობიექტივში) 1 646 ტანკი შეადგინა, რომელთაგან 10 ერთეული Т-90М "Прорыв"-ია (კიდევ 33 განადგურებული ტანკი კი Т-90-ის წინა მოდიფიკაციებია), რაც არცთუ ისე ცოტაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ომის დაწყების წინ რუსი ტანკისტების განკარგულებაში 67 ან ცოტა უფრო მეტი ასეთი ტანკი იყო და თანაც ისინი ბრძოლის ველზე მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვეა შეიყვანეს.
სხვათა შორის, უკრაინის ფრონტზე დაკარგული რუსეთის თანამედროვე და შესაბამისად, გასაიდუმლოებული ათი Т-90М "Прорыв"-იდან ბრძოლებში მხოლოდ ოთხი განადგურდა, ამდენივე კი რუსმა ტანკისტებმა უბრალოდ... მიატოვეს, ხოლო ორი ტანკი უკრაინელებმა ალაფად წაიღეს.
ნაალაფარი ახალი რუსული Т-90М "Прорыв"-ების საიდუმლოს უკრაინელი სამხედრო მზვერავები, ალბათ, უკვე აცნობებდნენ ამერიკელ კოლეგებს და იმ უკრაინელ ტანკისტებს, რომლებიც აშშ-ში იწყებენ "აბრამსების" მართვაში მომზადებას. იმედია, ინსტრუქტორები ასწავლიან ახალი რუსული ტანკების სუსტ წერტილებს, თუმცა უკრაინელ ტანკისტებს უკვე იმხელა საბრძოლო გამოცდილება აქვთ მიღებული 2014 წლიდან მოყოლებული დონბასისთვის ბრძოლებში, რომ თავად არიან საუკეთესო მასწავლებლები.
ამერიკული და რუსული ტანკების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
გაბარიტები და მასა
ამერიკული "აბრამსისა" და საბჭოთა Т-72-ის გაბარიტების შედარების საშუალება პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ქართველებს მიეცათ, მათ შორის რიგით მოქალაქეებსაც, რომლებმაც "აბრამსი" ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ იხილეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას, როდესაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო "აბრამსზე" იდაყვის ჩამოდება და სამახსოვრო ფოტოს გადაღება.
ამერიკული "აბრამსი" რუსულ "პრორივზე" ბევრად დიდია, სიგრძეში 1,1 მ-ით აღემატება, შესაბამისად, მეტს იწონის - M1A2 Abrams-ის მოდიფიკაცია 62 ტონამდეა, მაშინ, როდესაც Т-90М "Прорыв"-ის მასა მხოლოდ 48 ტონაა. მასაში ასეთი დიდი დისბალანსი კი განაპირობა ეკიპაჟების წევრების რაოდენობამ, ასევე ქვემეხის დატენის პრინციპსა და თავად ტანკის ჯავშანდაცვაში არსებულმა განსხვავებებმა.
ეკიპაჟი
"აბრამსის" ეკიპაჟში ოთხი წევრია: ტანკის მეთაური, მექანიკოს-მძღოლი, მემიზნე და ქვემეხის დამტენი, მაშინ როდესაც რუსულ ტანკში მხოლოდ მეთაური, მემიზნე და მძღოლი სხედან, ხოლო დამტენი შეცვალა ქვემეხის ავტომატური დატენის მექანიზმმა. შესაბამისად, აღარ არის საჭირო ტანკის კოშკურაში ფეხზე იდგეს დამტენი, რამაც რუსული ტანკის სიმაღლე შეამცირა.
ქვემეხის ავტომატური დატენის მექანიზმი პირველად გასული საუკუნის 1960-იან წლებში საბჭოთა Т-64 ტიპის ტანკში დააყენეს და ამერიკელ კონსტრუქტორებს ათწლეულები ჰქონდათ იმისთვის, რომ ეს, ერთი შეხედვით, რევოლუციური გადაწყვეტილება მათაც გადაეღოთ და დამტენის ფუნქციები ავტომატური მოწყობილობისთვის "გადაელოცათ", მაგრამ ეს არ გააკეთეს რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველი - თუ ქვემეხის დატენის ავტომატური მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა, რუსული ტანკი, ფაქტობრივად, უიარაღოდ რჩება, "აბრამსის" დამტენი კი, მაქსიმუმ, დაიღალოს.
მეორე - რუსულ ტანკში 125 მმ-იანი ჭურვები სპეციალურ კარუსელშია განთავსებული, ტანკის კოშკურის ძირში, და მეთაური და მემიზნე, ფაქტობრივად, მათზე სხედან, რაც ეკიპაჟს გადარჩენის შანსს არ უტოვებს, თუკი ტანკის ჯავშანში კუმულაციურმა ჭავლმა შეაღწია და ჭურვების, უფრო სწორად, ჰილზის დეტონაცია მოახდინა (ეს ჰილზა ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ მისი კორპუსის დიდი ნაწილი გასროლისას ლულაშივე უნდა დაიწვას). ჰაერში ატყორცნილი ათტონიანი ტანკის კოშკურის ძალიან ბევრი ვიდეო "დააგროვა" უკრაინის ომმა, აგვისტოს ომიდანაც გვახსოვს ქართული ტანკების ასეთი ფოტოები, თუმცა ჰაერში მფრენი ტანკის კოშკურა პირველად სამტრედიელებმა იხილეს 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც სამარცხვინო სამოქალაქო ომის დროს ქალაქში შესულ სამთავრობო ჯარებს რუსი სამხედროების მიერ ეკიპაჟებთან ერთად გადაცემულ ერთ Т-72-ს კოშკურის ღია ლუკში ხელყუმბარა ჩაუგდეს.
"აბრამსში" კი უნიტარული (ანუ როდესაც ჭურვიც და ჰილზაც გაერთიანებულია, როგორც ავტომატის ვაზნაში) 120 მმ-იანი ჭურვები ტანკის კოშკურის უკანა ნაწილში, სპეციალურ შეჯავშნულ ნიშაში ინახება და იქიდან სათითაოდ იღებს დამტენი.
ამ ნიშაში მოწინააღმდეგის რაკეტის მოხვედრისა და ტანკის ჭურვების მარაგის დეტონაციის შემთხვევაშიც, ეკიპაჟის წევრებს საფრთხე ნაკლებად ემუქრება, რადგან ჭურვების დეტონაციისას წარმოქმნილი აფეთქების ტალღა ამ ნიშას ზედა პანელებს აყრის, იქით მიდის, და არა კოშკურაში მყოფი ეკიპაჟის წევრებისკენ.
შეიარაღება და ცეცხლის მართვის სისტემები
რუსული "პრორივი" ამერიკულ "აბრამსზე" 5 მმ-ით უფრო მსხვილკალიბრიანი ნახევრად ავტომატური გლუვლულიანი ქვემეხითაა შეიარაღებული, მაგრამ "აბრამსიდან" გასროლილი 120 მმ-იანი ჭურვები რუსულ 125 მმ-იანზე უფრო მეტი ჯავშანგამტანობით გამოირჩევა უკეთესი დენთის გამოყენების წყალობით.
ორივე ტანკის არსენალში არის ფუგასურ-მსხვრევადი, კუმულაციურქობინიანი და ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები, თუმცა რუსულ ტანკს ქვემეხის ლულიდან ასევე მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვებაც შეუძლია, რაც ამერიკულიდან შეუძლებელია.
სამაგიეროდ, "აბრამსის" ეკიპაჟის კოზირია გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ქვეკალიბრის ჭურვები, რომლებიც ლულიდან გასაოცარი სიჩქარით, 1,7 კმ/წმ-ით გამოიტყორცნებიან და ორი კმ-ის სიშორეზე 700 მმ-ზე მეტი სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევა შეუძლიათ.
რუსეთი ამერიკელებს ბრალს სდებს, რომ ერაყში ასეთი ჭურვების მასობრივად გამოყენების გამო მოსახლეობას რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხე შეუქმნეს და აფრთხილებს - თუკი "აბრამსები" უკრაინაშიც დაუშენენ გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს რუსულ ტანკებს, კრემლი ამას "ჭუჭყიანი" ბირთვული ბომბების გამოყენებად შეაფასებს და...
თუმცა რუსმა პოლიტიკოსებმა ან არ იციან, ან მალავენ, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები, "სვინეც-1"-ის სახელწოდებით, მათი სანაქებო Т-90М "Прорыв"-ის საბრძოლო მარაგშიც არის.
ქვემეხის გარდა, "აბრამსი" შეიარაღებულია ორი 7,62მმ და ერთი 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით, რუსულ "პრორივს" კი ქვემეხთან შეწყვილებული აქვს ერთი, 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი, ხოლო მეორე ასეთივე ტყვიამფრქვევი კოშკურის თავზეა დაყენებული და დისტანციურად იმართება.
მაგრამ მთავარი განსხვავება ამერიკულ და რუსულ ტანკებს შორის მაინც მათი ცეცხლის მართვის სისტემებშია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით სატანკო დუელების დროს, როდესაც იმარჯვებს ის, ვინც პირველი აღმოაჩენს მოწინააღმდეგეს, და რაც შეიძლება შორი დისტანციიდან ზუსტად მოარტყამს ჭურვს.
ამ მხრივ კი "აბრამსის" თანამედროვე მოდიფიკაცია ბევრად აღემატება რუსულისას, მიუხედავად იმისა, რომ "პრორივში" გამოყენებულია ბევრი დასავლური წარმოების ჩიპი და ელექტრონული პლატა, რომლებსაც საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსული დაზვერვა შემოვლითი გზებით მაინც შოულობს იმავე დასავლეთში.
"აბრამსის" ეკიპაჟის განკარგულებაში კი ყველაზე თანამედროვე რადიოელექტრონული და თბოვიზორული აპარატურაა, რომელიც დღისით და ღამითაც მიზნების აღმოჩენისა და ზუსტად დაზიანების კარგ საშუალებას იძლევა. ასე რომ, ამ ორი ტანკის დუელის შემთხვევაში, განსაკუთრებით ღამით და შორ დისტანციაზე, უპირობო უპირატესობა ამერიკული ტანკის ეკიპაჟს ექნება.
ჯავშანი
რუსული Т-90М "Прорыв"-ი აღჭურვილია დინამიკური დაცვის ფილებით, რაც აძლიერებს ტანკის კორპუსის კომბინირებულ ჯავშანს, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერებულა წინა, ფრონტალურ მხარეს, თუმცა ძალზე თხელია ტანკის ბორტებზე, ძირში და კოშკურის სახურავზე, ეს კი ზემოდან "ჯაველინის" მოხვედრის შემთხვევაში თითქმის გარდაუვალ აფეთქებას უდრის.
სიმართლე ითქვას, მგონი, ჯერ არავის გამოუყენებია "ჯაველინი" "აბრამსების" წინააღმდეგ და არ არის გამორიცხული, "აბრამსისთვისაც" "ჯაველინის" ზემოდან "სტუმრობა" დამღუპველი აღმოჩნდეს.
"აბრამსის" წინა მოდიფიკაციები არ იყო აღჭურვილი დინამიკური დაცვის ელემენტებით, მაგრამ ბოლო მოდელებში დაიწყეს მისი დაყენებაც, რამაც გააძლიერა ტანკის დაცვა იმის გათვალისწინებით, რომ "აბრამსის" ზოგიერთ მოდელში ტანკის კორპუსზე დაყენებულია... გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ჯავშანფილებიც - ანუ "აბრამსის" ეკიპაჟი არა მარტო სხვას ესვრის გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს, არამედ ამ მცირე, მაგრამ მაინც რადიოაქტიურ ურანში თავადაც "ზის".
სხვათა შორის, იმის მიზეზი, რომ ამერიკელების დანაპირებ M1A2 Abrams-ის 31 ტანკს უკრაინელები ზაფხულამდე მაინც ვერ მიიღებენ, ისიც არის, რომ ამერიკელებმა გაღარიბებული ურანის შემცველი ჯავშანფილები ჩვეულებრივით უნდა შეცვალონ, რადგან ვინ იცის, ეს საიდუმლო ტექნოლოგია რუს სამხედროებს ჩაუვარდეთ ხელთ უკრაინის ფრონტზე.
ძრავა და სიჩქარე
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი, რაც ამ ორ ტანკს ძირეულად განასხვავებს, მათი ძრავებია.
რუსულ Т-90М "Прорыв"-ზე დაყენებულია მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი Т-34-ის დიზელის ძრავის თანამედროვე მოდიფიკაცია, რომლის სიმძლავრე 1 130 ცხ.ძ-მდეა გაზრდილი, მაშინ როდესაც M1A2 Abrams-ს აქვს 1 500 ცხ.ძ-ის სიმძლავრის აირტურბინიანი ძრავა, რითაც საბჭოურ Т-80 ტიპის ტანკს წააგავს.
რუსული ტანკის მაქსიმალური სიჩქარე ასფალტირებულ გზაზე 70 კმ/სთ-ს აღწევს, მინდორში სვლისას კი 50 კმ/სთ-მდე მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ "აბრამსი" რუსულ ტანკზე ბევრად მძიმეა, ძლიერი ძრავა მასაც აძლევს შესაძლებლობას, რომ ასფალტირებულ გზაზე სპიდომეტრზე 70 კმ/სთ აჩვენოს.
"აბრამსების" უკრაინაში გამოყენების შესაძლო ლოჯისტიკური პრობლემები
უკრაინელ ტანკისტებს აირტურბინიანი საბჭოური Т-80-ების საბრძოლო გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ და მათთვის სიურპრიზად არ უნდა იქცეს "აბრამსების" ასეთივე აირტურბინიანი ძრავების მომსახურება და ისიც, რომ მათ დიდი რაოდენობით საავიაციო ნავთი სჭირდებათ.
ლოჯისტიკურ პრობლემად შეიძლება იქცეს 62-ტონიანი "აბრამსების" უნაგირა გამწევებით გადატანა უკრაინის გზებზე, რადგან უკრაინის არმიის განკარგულებაში დარჩენილია ის საბჭოთა უნაგირა გამწევები, რომლებიც 50-ტონამდე მასის საბჭოთა ტანკების გადასაზიდად იყო განკუთვნილი. ამიტომაც დასავლურ მძიმე ტანკებთან ერთად უკრაინელ სამხედროებს მათი გადამტანი "ოშკოშის" მძლავრი უნაგირა გამწევებიც დასჭირდებათ.
"აბრამსის", ისევე როგორც "ლეოპარდებისა" და "ჩელენჯერების" მძიმე წონამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას უკრაინის მცირე მდინარეებზე გადებულ მეორეხარისხოვან ხიდებსაც, რომლებიც მხოლოდ 50-60 ტონა ტვირთამწეობაზეა გათვლილი, და ამ შემთხვევაში გამოსავალი მცურავი პონტონების გამოყენება იქნება.