"არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი მალე დამარცხდება...შეუძლია ბევრი იარაღი და, ასევე, ბევრი სამხედრო გაგზავნოს ფრონტის ხაზზე"
უკრაინისთვის ამერიკული Abrams-ებისა და გერმანული Leopard-ების გადაცემას მოსკოვის აღშფოთება მოჰყვა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში ტანკების გაგზავნას კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობად განიხილავს. "არის მუდმივი განცხადებები ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის - ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას. მოსკოვში ეს ყველაფერი აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩართულობა იზრდება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. რა მოჰყვება კრემლის აღშფოთებას, როგორი იქნება უკრაინის ფრონტზე რუსული და ამერიკულ-გერმანული ტანკების დაპირისპირების შედეგი, როდის შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ომის სურათი? - ამ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური ანალიტიკოსი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:
- კრემლში პირველად არ ამბობენ, რომ რუსეთს ახლა ნატო ებრძვის. პუტინი ყოველთვის ცდილობს, შეფუთოს მის მიერ წამოწყებული პროცესი, როგორც უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინი ამბობდა, რომ ქართული არმია ამერიკელების მიერ იყო მომზადებული და რუსეთ-საქართველოს ომი იყო ერთგვარი პროქსი დაპირისპირება, რუსეთსა და დასავლეთს შორის. ბოლო დროს კრემლში დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ, თითქოს, დასავლეთი შეიარაღებაში იყენებს გაღარიბებულ ურანს. შესაბამისად, უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებას განიხილავს ბირთვულ საფრთხედ. ამ ეტაპზე რუსეთი ისევ ცდილობს, დასავლეთში ბირთვული ესკალაციის შიშები გააჩინოს და პოლიტიკოსები და საზოგადოება დააფიქროს იმაზე, ღირს თუ არა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. რუსეთმა უკვე მის ხელთ არსებული ყველა რესურსი ჩართო ამ ომში. რაღა უნდა დაამატოს?! მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, ომი ისეთივე ინტენსივობით აწარმოოს, როგორც ამას შარშან, თებერვალში ახერხებდა. ისიც ვნახეთ, რომ ე.წ. სპეციალურ ოპერაციაზე პასუხისმგებელი მეთაური რამდენჯერმე შეცვალა. ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ პუტინს ფრონტის ხაზზე გარდატეხის შეტანა ძალიან უჭრის.
- არადა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ფრონტის ხაზის დაბალანსება შეძლო, აიღო სოლედარი და ა.შ.
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი მალე დამარცხდება. კი, რუსეთს ნამდვილად ეწურება რესურსები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არის თვითკმარი ქვეყანა, საკმაოდ დიდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს. ხარისხიანი თუ უხარისხო, შეუძლია ბევრი იარაღი და, ასევე, ბევრი სამხედრო გაგზავნოს ფრონტის ხაზზე. ომის დაწყების პირველი დღეებიდან ვამბობდი, ეს ომი მალე ვერ დამთავრდებოდა. ამ ომს არა ერთი გადახრის მომენტი ექნება, როგორიც არის რუსეთის ან უკრაინის მხრიდან მოპოვებული უპირატესობები, გარკვეულ მიმართულებებზე. ჩვენ არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ Leopard-ისა და Abrams-ის ტიპის ტანკების მიღების შემდეგ უკრაინა ფრონტის ხაზს გაარღვევს და აქტიურ შეტევაზე გადავა. სამწუხაროდ, ეს ომი კიდევ ბევრ სიცოცხლეს წაიღებს. დიახ, რუსეთს აქვს ლოჯისტიკური პრობლემა და ახალი შეიარაღება კიდევ ბევრ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ რუსეთს აქვს რესურსი, რომ ომი გაწელოს. კარგი არის ის, რომ რუსეთს არ აქვს გარდამტეხი უპირატესობის მოპოვების საშუალება. ისტორიას ბევრი ასეთი ომი ახსოვს. ირანის და ერაყის დაპირისპირება 1980 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1988 წლამდე. ამ შემთხვევაშიც ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებდა გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებას და ეს ომი დამთავრდა იქ, საიდანაც დაიწყო.
- გარდატეხის შეტანას იმ შემთხვევაშიც ვერ შეძლებს უკრაინა, თუ დასავლეთი შეიარაღებას გამოზოგილად კი არა, ერთდროულად და დიდი რაოდენობით მიაწვდის?
- კი, მაგრამ არის ასეთი პრობლემა - როდესაც დასავლეთი უკრაინას უგზავნის შეიარაღებას, საკუთარ თავდაცვას აკლებს რაღაცას, ამიტომ ჯერ რაც უკვე გაუგზავნა, იმის კომპენსირება უნდა მოახერხოს, სხვა შეიარაღებით. სხვათა შორის, სატანკო შეიარაღების თვალსაზრისით, რუსეთს ბევრად ჩამორჩებოდა რაოდენობრივი მაჩვენებლით, თუმცა ხარისხის მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდა და აქვს. როდესაც დიდ არმიებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთი, მაგალითად, ფოკუსირებულია სამხედრო საზღვაო ძალებზე, ამერიკა - საოკეანო ძალებზე. თუმცა, გარდამტეხ ფაქტორზე თუ ვისაუბრებთ, შეგვიძლია ამერიკა-ერაყის სამხედრო დაპირისპირებას გადავხედოთ. ერაყი, რომელიც თავისი ოთხი ათასი ტანკით დიდ ძალას წარმოადგენდა, ძალიან მალე დამარცხდა უდაბნოში, ამერიკულ "აბრამსებთან". მაინც ხარისხმა გაიმარჯვა. ხარისხობრივი თვალსაზრისით, "აბრამსები" და "ლეოპარდები" ბევრად აღემატება იმას, რასაც აწარმოებს რუსეთი. თუმცა, ყველაფერს დრო სჭირდება, ეს არ იქნება მარტივი, კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება, ამ ომში ცოცხალი ძალის დანაკარგმა უკვე კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კიდევ არ არის დასასრული...
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)