"ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით და მერაბიშვილი-კეზერაშვილის ანტურაჟით ძალიან მსუყე ლუკმაა "ქართული ოცნებისთვის"
"ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია, ერთიანობა ვერ შენარჩუნდება" - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების შედეგი პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" შიდაარჩევნებში ლევან ხაბეიშვილი ხმების 52.58%-ით პარტიის თავმჯდომარე გახდა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
ძაბირაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი დაუდგა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნებისთვის" ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება არის მისწრება და თუ ვინმემ მოიგო ამ არჩევნებით, ერთ-ერთი სწორედ "ქართული ოცნებაა".
ვახტანგ ძაბირაძე:
- ვიცოდი, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან გარკვეული ძალები მუშაობდნენ, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ეს განაჩენია "ნაციონალური მოძრაობისთვის". რატომ? მგონია, რომ პარტიას ინტელექტუალური ნაწილი ჩამოშორდება. ვფიქრობ, მიუხედავად დაძაბულობისა, ნიკა მელიას უფრო დიდი შანსი ჰქონდა გამარჯვების, ვიდრე - ლევან ხაბეიშვილს. "ქართული ოცნებისთვის" ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება არის მისწრება. თუ ვინმემ მოიგო ამ არჩევნებით, ერთ-ერთი სწორედ "ქართული ოცნებაა", რადგან ლევან ხაბეიშვილის უკან იგულისხმება ორი პიროვნება - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ეს აისახება, რა თქმა უნდა, პარტიაზეც და საარჩევნო კამპანიაზეც, რომელსაც "ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებზე გამოიყენებს".
- ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის ფაქტორი რომ პარტიის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს, წესით, ამის შესახებ ხაბეიშვილის მომხრეებსაც კი უნდა სცოდნოდათ. როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ გაკეთდა ასეთი არჩევანი?
- სიმართლე რომ გითხრათ, ახლა, "ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით და მერაბიშვილი-კეზერაშვილის ანტურაჟით ძალიან მსუყე ლუკმაა "ქართული ოცნებისთვის". შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ბოლო ათი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის წამყვანი თემა იყო "ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეპრესიული რეჟიმი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი კი პირდაპირ ასოცირდება ამ რეპრესიებთან. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი შედეგი მმართველი გუნდისთვის 2024 წლის საარჩევნო საჩუქარია.
- როგორ გგონიათ "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას?
- არა მგონია. დღეს თუ არა ხვალ მაინც ხაბეიშვილს აუცილებლად გაემიჯნება "ნაციონალების" პოლიტიკური ელიტა. არ მგონია, ის პარტიის ინტელექტუალური ნაწილისთვის მისაღები იყოს. შეიძლებოდა მეფიქრა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში "ნაციონალებს" ფორმალური ერთიანობა შეენარჩუნებინათ და ზოგიერთებს რევანშისთვის მზადება დაეწყოთ, მაგრამ არ მგონია, ასეთი რთული სვლის გაკეთება შეძლოს ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ინტელექტის თვალსაზრისით, ხაბეიშვილსა და მის გუნდზე შეუდარებლად მაღლა დგას.
- როგორ გგონიათ, შეძლებს ხაბეიშვილი დანაპირების შესრულებას და სააკაშვილის გათავისუფლებას?
- ჩემი აზრით, ხაბეიშვილი ახალს ვერაფერს გააკეთებს და ეს ძალიან მალე, 24 თებერვალს გამოჩნდება. სააკაშვილის გათავისუფლება მთლიანად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული. თუ დასჭირდება "ოცნებას", სააკაშვილი დარჩება ციხეში, თუ დასჭირდება - გაუშვებს საზღვარგარეთ და ამის მიზეზი იქნება არა ხაბეიშვილის მუქარა, არამედ - პოლიტიკური მიზანშეწონილობა.
- "ნაციონალური მოძრაობის" ინტელექტუალური ნაწილი გამუდმებით აკეთებდა აქცენტს იმ საკითხზე, რომ ხაბეიშვილი ვერ შეძლებდა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას.
- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ნახეთ, როგორ განვითარდა პროცესი - ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ვიღაცებმა საქართველოში ჩამოიტყუეს. ისეთი ფონი შეიქმნა, რომ თითქოს ეს ჩამომტყუებელი ვანო მერაბიშვილი იყო. ამის მიუხედავად, არჩევნებში მერაბიშვილისა და კეზერაშვილის მიერ ზურგგამაგრებულმა ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რაც იმას მეტყველებს, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილს იმაზე დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ფაქტობრივად, ახლა ამ ორი ფიგურის პოლიტიკური რეანიმაცია მოხდა. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მალე არჩევნები ისევ ჩატარდეს და ხაბეიშვილი იმავე ძალებმა გაისტუმრონ, რომლებმაც მოიყვანეს და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ისეთი პერსონა წარადგინონ, რომელიც მათთვისაც უფრო მისაღები იქნება და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც.
- ასეთად ვინ წარმოგიდგენიათ?
- წარმოდგენა არ მაქვს.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე