ამერიკისთვის "განკუთვნილ" რუსულ საიდუმლო "ბირთვულ" ფრთოსან რაკეტას უკრაინელები ადრესატს "საღსალამათს" გადასცემენ... შესასწავლად
ის, რაც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო, აღსრულდა - აშშ-ის სამხედრო დაზვერვა თავის განკარგულებაში მიიღებს ერთ-ერთ იმ ძირითად ზესაიდუმლო სტრატეგიულ ბირთვულ დამრტყმელ საშუალებას, რომლითაც რუსეთი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს ემუქრება...
საერთოდ, რუსული "ბირთვული ტრიადის" შეიარაღებაში სახმელეთო მობილური და საშახტე, ასევე, ატომური წყალქვეშა ნავების საკონტინენტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების გარდა, ის შორი მოქმედების ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებიცაა, რომელთა გაშვება რუსულ სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს რამდენიმე ათასი კმ-ის სიშორეზე შეუძლია ისე, რომ არ მიუახლოვდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის გარშემო შექმნილ საჰაერო თავდაცვის ზონას.
ამერიკელი მზვერავებისთვის, გინდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან და გინდაც პენტაგონის სამხედრო დაზვერვის სამმართველოდან, ყოველთვის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა ჯერ საბჭოთა, შემდგომ კი - რუსული ბირთვული იარაღისა და მისი გადამტანი საშუალებების - რაკეტების ერთი ეგზემპლარის ხელში ჩაგდება მაინც, რათა ამ რაკეტების დეტალური შესწავლის შემდეგ დაეხვეწათ კრემლის ბირთვულ სარაკეტო საფრთხეებთან ბრძოლის მეთოდები.
გასაგებია, რომ საბჭოთა პერიოდში ამერიკელ მზვერავებს ახლოს არავინ "მიასუნინებდა" საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - რუსეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბჭოთა რესპუბლიკებში განთავსებულ მიწისქვეშა შახტებამდე, სადაც ვაშინგტონზე, ნიუ-იორკსა თუ ლოს-ანჯელესზე დამიზნებული სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტები იყო განთავსებული, რომლებსაც სტარტის შემდეგ ნახევარი საათი თუ დასჭირდებოდათ ზემოჩამოთვლილ და ნებისმიერ სხვა ამერიკულ ქალაქამდე "სტუმრობისთვის" მათზე ისეთი" სასიკვდილო ფოიერვერკის" მოსაწყობად, რომელიც ასობით ჰიროსიმასა და ნაგასაკის გადაწონიდა...
მიუხედავად ამისა, ამერიკულმა დაზვერვამ პირველი ცივი ომის დროს მაინც მოახერხა და შეუძლებელი შეძლო - ხელში ჩაიგდო საბჭოთა საზღვაო ბაზირების ბირთვული ქობინები...
ეს, თავის დროზე ძალზე გასაიდუმლოებული ოპერაცია აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მას შემდეგ დაგეგმა, რაც 1968 წლის მარტში წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულებიდან 3 ათას კმ-ში საბჭოთა დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი К-129 ჩაიძირა, რომლის ბორტზე სამი ბალისტიკური რაკეტა იყო ჩატვირთული, ხოლო თითოეულ ამ რაკეტაზე კი ერთ მეგატონამდე (ანუ ჰიროსიმაში აფეთქებულ 18-კილოტონიან ამერიკულ ატომურ ბომბზე თითქმის 50-ჯერ ძლიერი) სიმძლავრის თერმობირთვული მუხტი ეყენა. გარდა ამისა, საბჭოთა წყალქვეშა ნავი შეიარაღებული იყო ბირთვულქობინიანი ტორპედოებითაც.
იმის გამო, რომ კატასტროფაგანცდილი საბჭოთა წყალქვეშა ნავი თითქმის 5 კმ სიღრმეში "განისვენებდა", მისი ფრაგმენტების ამოსაღებად ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ სპეციალური გემის აგებაც კი დააფინანსა და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ,1974 წელს შეძლო საბჭოთა წყალქვეშა ნავის ცხვირის ნაწილის ამოღება ოკეანის ზედაპირზე...
ამერიკელი გადასახდის გადამხდელების ათეულობით მილიონი დოლარის დახარჯვა ამისთვის ღირდა, რადგან ამერიკელი სპეციალისტების ხელში აღმოჩნდა ორი საბჭოთა ბირთვულქობინიანი ტორპედო და სხვა საიდუმლო აპარატურა, რაც აშშ-მა შემდგომში გამოიყენა საბჭოთა ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით.
და ახლა, ამერიკელი მზვერავების ხელში, ყოველგვარი მრავალმილიონიანი სპეცოპერაციის გარეშე შეიძლება, აღმოჩნდეს რუსული თანამედროვე ფრთოსანი რაკეტა, რომლის ანალოგებიც ამერიკულ ქალაქებზე აქვს დამიზნებული კრემლს...
უკრაინაში, ვინიცის ოლქში, რომელიც არანაკლებ 500 კმ-ითაა დაშორებილი დნეპრზე გამავალი ფრონტის ხაზიდან, აღმოაჩინეს რუსული სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსანი რაკეტა Х-101, რომელიც თითქმის მთლიანი დარჩა მინდორზე "დაშვების" შემდეგ.

ფრთოსანი რაკეტები არაა განკუთვნილი სარტის შემდეგ ისევ მიწაზე რბილად დასაშვებად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსულმა რაკეტამ "უარი" თქვა მშვიდობიან უკრაინულ ქალაქზე პიკირებაზე და, ალბათ, ტექნიკური მიზეზის გამო, "ნარნარით" დაეშვა, შესაბამისად, მისი ფრენისა და დამიზნების უზრუნველყოფის აპარატურა, ისევე, როგორც მინიატურული ტურბორეაქტიული ძრავა უვნებლად გადარჩა, რადგან რაკეტის საბრძოლო ქობინი არ აფეთქებულა.
უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა რამდენიმე ასეული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ და აფეთქებული რაკეტების ფრაგმენტებს აქამდეც ნახულობდნენ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რაკეტა ასეთ, თითქმის დაუზიანებელ მდგომარეობაში ნახეს.

მინდორზე დაშვებული რუსული Х-101-ის ცხვირის ნაკვეთური, სადაც ძირითადი რადიოელექტრონული აპარატურაა განთავსებული, უვნებელი გადარჩა, რაც ამერიკელ სპეციალისტებს ბევრ ძალზე საინტერესო ახალ ინფორმაციას მისცემს...
უკრაინისკენ რუსი სამხედროები Х-101-ებს 400 კგ მასის საბრძოლო ქობინით უშვებენ, რომელშიც ტროტილისა და ჰექსოგენის ნარევია მოთავსებული, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკაზე დამიზნებულ Х-102-ებს, რომელიც Х-101-ის, ფაქტობრივად, იდენტურია, საბრძოლო ნაკვეთურში ჩვეულებრივის ნაცვლად 250 კილოტონა ან ერთი მეგატონა სიმძლავრის თერმობირთვული ქობინი უყენია.
Х-101/ Х-102-ი 1995-2013 წლებშია შექმნილი და ამიტომაც წმინდა რუსულ თანამედროვე ფრთოსან რაკეტად ითვლება, მაგრამ არის იმის დიდი შანსიც, რომ ამერიკელ სპეციალისტებს მისი "შიგნეულობის" გაცნობისას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდეთ, როდესაც არა ერთ მიკროჩიპსა და სხვა ელექტრონულ ხელსაწყოს აღმოაჩენენ კარგად ნაცნობი წარწერით... Made in USA ანუ "დამზადებულია აშშ-ში".
საქმე ის არის, რომ უკრაინის წინააღმდეგ აქამდე გამოყენებული, შედარებით თანამედროვე რუსული რაკეტებისა და დრონების ფრაგმენტებში, თითქმის ყველგან აღმოაჩინეს ამერიკული და ევროპული წამყვანი ფირმების მიკროჩიპები და სხვა ელექტროაპარატურა და, ამ მხრივ, გამონაკლისი ეტყობა, არც "წმინდა" რუსულად მიჩნეული ფრთოსანი Х-101 გახდება...
ისე კი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - ბირთვულქობინიანი Х-102-ებით რუსი გენერლები ამერიკელებს მათსავე გაკეთებული ჩიპების უკან დაბრუნებას უპირებენ, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში...

P.S. მანამდე კიევის ოლქის ერთ-ერთი ტბიდან უკრაინელმა პოლიციელებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, ასევე, რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული Х-555 ტიპის აუფეთქებელი ფრთოსანი რაკეტა, რომლის ბირთვულქობინი ვარიანტით - Х-55-ით საბჭოთა კავშირი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ემუქრებოდა აშშ-ის ქალაქებს, თუმცა ეს მოძველებული ფრთოსანი რაკეტა ამერიკელი მზვერავებისთვის უკვე გავლილი "გაკვეთილია", რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავად უკრაინასაც დარჩა ასობით ასეთი რაკეტა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მას, შესწავლის მიზნით, ჯერ კიდევ 30 წლის წინ "გამოშიგნავდა"...