"ხაბეიშვილს და სააკაშვილს როგორ შევადარებ?! სააკაშვილი ერთადერთია და ამიტომაც კლავს ბიძინა!"
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რასაც პოლიტიკოსებსა და საზოგადოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა... ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე "კვირის პალიტრა" სასაუბროდ ცნობილ მხატვარს - გია ბუღაძეს დაუკავშირდა:
- დიახ, გავიგე, რომ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა და რაც უნდათ, ის გააკეთონ, კაცო! ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, რომ იმოძრავებენ, თუ - არა, მაშინ არაფერი გამოვა! ხაბეიშვილს მიშა სააკაშვილს როგორ შევადარებ, მიშასთან ვისი შედარება შეიძლება?! ის ერთადერთი პოლიტიკოსია საქართველოში! როგორი იყო, როგორია, მასთან ვერავინ მივა!
აქეთ არის მიშა - ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოში და იქით, მეორე მხარეს - მაფიოზი, ტირანი... ტირანი, მოგეხსენებათ, რომ ბიძინაა! ამ დროს მიშას თვლიან კრიმინალად, ციხეში ჰყავთ და კლავენ! ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს მე ვერავის შევადარებ!
- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას სანქციებით ავიწროებენ...
- თუ ის რუსეთში მიგვაქანებს, ათმაგი სანქციები უნდა დაუწესდეს! დარწმუნებული ვარ, რომ იმსახურებს! რა თქმა უნდა, რუსეთისკენ მიგვაქანებს, ვერ ხედავთ, ბავშვები როგორ გარყვნეს?
- რას გულისხმობთ?
- 50 ლარად საკუთარ სახელს, გვარს და ქართველობას ყიდიან, რუსებისგან გადმორიცხული ფულის გამო! მარტო ამის გამო არიან ხელისუფლებიდან გასაყრელი! აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რასაც ბავშვები ქოლცენტრებში სჩადიან...
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელისუფლებაში არსებული ძალა "კრიშავს" (განგებ ვამბობ ამ სიტყვას)... ჩვეულებრივ ავტორიტარულ, პროვინციულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით!
კიდევ აგვიშენებენ ორასმეტრიან შენობებს ქალაქის ცენტრში, სადაც სულ რუსები იქნებიან. ისედაც ყველაფერი სულ რუსებით არის გამოტენილი და სულ მალე, საქართველოში ქართველებზე მეტი რუსები იქნებიან. მერე ვისაუბროთ, არის თუ არა აუცილებელი ამ კაცის დასანქცირება, რუსეთის გუბერნიად რომ გვაქცია!
მალე გვარებსაც გამოგვიცვლიან და ამიტომაც გარბის ხალხი საქართველოდან! აქ ახალგაზრდები მომავალს ვერ ხედავენ! 200-300 ოჯახი იქნება შეძლებული და დანარჩენი მათი მსახური... რუსეთის მოქალაქეები იმდენი იქნებიან, არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას და ხმას ვისაც მისცემენ, კი მოგეხსენებათ! მალე არჩევნებიც აღარ დაგვჭირდება, როგორც ეს სხვადასხვა გუბერნიაში ხდება.
"ქოცების" ხელში ჩვენი მომავალი ძალიან მძიმეა, თუ ადამიანები არ გამოფხიზლდებიან! გამოფხიზლების ნიშნებს კი ვერ ვხედავ!
- ვიცით, რომ გაღელვებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა...
- ეს ადამიანი კვდება, კაცო! ამის გათამაშება შეუძლებელია! ამდენი ადამიანი თუ იტყუება, ყველა მატყუარა და გაიძვერაა, მაშინ აღარ ვიცი... ხომ იცით, ყველა ქურდს სხვაც ქურდი ჰგონია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თვითონ არის მატყუარა და გაიძვერა, მიხვდებით ვინც!
შეხედეთ ადამიანს და თუ ეს ყველაფერი სპექტაკლია, მაშინ ყოჩაღ მათ! გრანდიოზული თეატრი ყოფილა და რეჟისორის ვინაობაც გვითხრან! არ თქვან ახლა, მასონებიო...
- ასე უთქვამთ?
- რა თქმა უნდა, ეგ რომ სუბარის საძმაკაცოს კითხოთ, ხელს დაადებენ, სადღაც ამერიკაშიო და ისე, შვილებს ხომ კარგად უშვებენ ამერიკაში სასწავლებლად? ირკუტსკში გაგზავნონ! რა უნდათ ოქსფორდსა და ჰარვარდში?!
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ჯანმრთელობის ისეთი დაზიანებები აქვს, არ ვიცი, მის ნაწილობრივ აღდგენასაც თუ შეძლებს, ეჭვი მეპარება... მე ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც მასთან კონტაქტი აქვთ. ჩემი თვალითაც დავინახე, როგორც არის... თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოწამლეს! ნავალნის და მისი ფოტოები ერთმანეთს ერთი ერთში ჰგავს. მე კომპეტენტური არ ვარ, ვარაუდის დონეზე ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მიხელ სააკაშვილს კლავს ეს კაცი - ბიძინა! დავალება აქვთ ასეთი, ან ჩვეულებრივ მცენარედ, კრისტალად, მინერალად უნდათ აქციონ, რომ აღარაფერში გამოდგებოდეს!
- საუბრის დასასრულს, რითაც დავიწყეთ საუბარი - ხაბეიშვილის არჩევაზე კიდევ რას იტყვით?
- მე პარტიული არ ვარ და ამ საკითხებში არ ვერევი, ვინც უნდათ, აირჩიონ! ვისურვებ იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს, იმოქმედოს და პასიური არ იყოს!
ასჯერ გავიმეორებ, რომ არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი! უბრალოდ, არ მინდა ქართველებს სახელი გვქონდეს, რომ პრეზიდენტებს ვკლავთ! შევარდნაძეც რომ მოგვეკლა, გული ძალიან დამწყდებოდა. კიდევ კარგი, ვერ ააფეთქეს და ვერ მოიშორეს... ეს უსახური არსებაც - სალომე ზურაბიშვილიც რომ მოკლან, ჩავთვლი, რომ ეს ჩვენი ველურობის ნიშანია!
მე აპარტიული ვარ, მაგრამ აპოლიტიკური არა, რადგან ჩემი ქვეყნის ბედი მაწუხებს! ვინც ჩემს ქვეყანას საქმეს გაუკეთებს, მას გაუმარჯოს!
ამის წინათ, ტელევიზიით ვიღაც "ქოცი" გამოვიდა, პატარა თაგუნია კაცი ინგა გრიგოლიას ეთერში და იძახდა, გია ბუღაძე ყოფილი კომუნისტიაო... კომკავშირშიც კი არ ვყოფილვარ, სულ ვხატავდი და ვკითხულობდი! ტროლების დონის ხალხია და ეს მატყუარა ხალხი პოლიტიკიდან საერთოდ უნდა გავიდეს!
(სპეციალურად საიტისთვის)