სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი - ლევან ხაბეიშვილის ქონება, პოლიტიკური გზა და პირადი ცხოვრება
30 იანვრიდან "ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავჯდომარე ჰყავს. არჩევნების შედეგად ოთხი კანდიდატიდან ლევან ხაბეიშვილმა სამი კონკურენტი, მათ შორის, ნიკა მელია დაამარცხა და ამომრჩეველთა ხმების 52,58%-ი მიიღო.
ვინ არის ხაბეიშვილი, საიდან მოვიდა პოლიტიკაში, რა ქონებას ფლობს და ვინ არიან მისი ოჯახის წევრები - ენმ-ს ახალი თავჯდომარეზე მოგიყვებით:
ბიოგრაფიული დეტალებიპროფესიით ეკონომისტი ხაბეიშვილი 1987 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა. უმაღლესი განათლება ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებულ უნივერსიტეტ "მცირე აკადემიაში" მიიღო. 2006 წლიდან სოციალური კვლევის ინსტიტუტ "ბი-სი-ჯი"-ში მუშაობდა.
"2008-2010 წელს უკვე დედაქალაქის მერიაში, კერძოდ, ისან-სამგორში ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად ვმუშაობდი, 2010-2012 წლებში კი ისან-სამგორის რაიონში სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად," - ამბობს ხაბეიშვილი.
2012 წლიდან 2013 წლის მაისამდე ის მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ფინანსურ სამსახურში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. ამბობს, რომ 2013 წლის მაისიდან 2014 წლის აგვისტომდე, სანამ მერიიდან "უკანონოდ გაათავისუფლებდნენ, რაც სასამართლოს სამმა ინსტანციამაც დაადგინა," დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი 2012 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში, 153-ე ადგილს იკავებდა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ.
მოულოდნელად, ხაბეიშვილი ჩნდება პარტიაში "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის." ის ასევე იყო გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული პარტია "ახალი საქართველოს" წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. მისივე თქმით, "ახალ საქართველოში" "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელ ლიდერებთან დაპირისპირების გამო გადავიდა.
2021 წელს "ტვ-პირველის" ეთერში ხაბეიშვილმა ვაშაძის შესახებ თქვა:
“მიმაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდაა, თუმცა ვფიქრობ, პოლიტიკაში იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული, როგორც პოლიტიკოსი, არ გამოდგა, დრომ აჩვენა. მისი ჭკუის და ნიჭიერების გამოყენება ალბათ შესაძლებელია ქვეყნის საკეთილდღეოდ, თუმცა როგორც პოლიტიკოსი ვერ შედგა. ახლაც ოპოზიციური ფლანგის ლანძღვით უნდა რომ დაიმკვიდროს ადგილი და ეს მიანიშნებს მხოლოდ სისუსტეზე. ძლიერი ადამიანები პირიქით იქცევიან“ იხილეთ სრულად