ვინ იყო საბჭოთა დისიდენტების მეგობარი იგორ ბელოუსოვიჩი: ამერიკელი დიპლომატი, თუ მზვერავი? - კვირის პალიტრა

ვინ იყო საბჭოთა დისიდენტების მეგობარი იგორ ბელოუსოვიჩი: ამერიკელი დიპლომატი, თუ მზვერავი?

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველი მდივანი იგორ ბელოუსოვიჩი (1922-2019), რომელიც მოსკოვში 1976 წლის 26 ივნისს ზვიად გამსახურდიას შეხვდა და პოლიტიკური ლიტერატურა გადასცა, ძალზე საინტერესო პიროვნება გახლდათ. ის შანხაიში რუსი ემიგრანტის, სამხედრო მფრინავის ნ. ბელუსოვიჩის (1891 - 1956) ოჯახში დაიბადა. რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ბელუსოვიჩების ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი აშშ-ში, სან ფრანცისკოში გადავიდა. ი. ბელოუსოვიჩი 1941 წელს ჩაირიცხა კალიფორნიის უნივერსიტეტში, საიდანაც 1943 წელს გაიწვიეს ჯარში. 1947-1948 წლებში დაასრულა სწავლა უნივერსიტეტში, რუსეთისა და სსრკ-ს ისტორიის მიმართულებით. 1956 წლიდან ი. ბელოუსოვიჩი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკურ განყოფილებაში მუშაობდა.

1976-1977 წლებში ის იყო მოსკოვში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველი მდივანი. ამ პერიოდში ბელოუსოვიჩს საბჭოთა დისიდენტებთან აქტიური კონტაქტები და საკმაოდ ხშირი შეხვედრები ჰქონდა. ამიტომაც ი. ბელოუსოვიჩი საბჭოთა რეჟიმისთვის მიუღებელი პიროვნება გახდა და კა-გე-ბემ მის მოსაცილებლად "ოპერატიული კომბინაცია" დაგეგმა. სწორედ საბჭოთა დისიდენტებთან ხშირი კონტაქტები (უპირველესად ზ. გამსახურდიასთან 1976 წლის 26 ივნისში შეხვედრა და ე.წ "ანტისაბჭოური ლიტერატურის" გადაცემა) გამოიყენა საბჭოთა პოლიტიკურმა პოლიციამ ამ გეგმის შესასრულებლად.

1977 წელს ჯაშუშობაში კომპრომეტირებული ი. ბელოუსოვიჩი იძულებული გახდა საბჭოთა კავშირი დაეტოვებინა. ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1991 წლის დასაწყისამდე მუშაობდა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა.

თუმცა ამით არ მთავრდება ი. ბელუსოვიჩისა და საბჭოთა კავშირ-რუსეთის ურთიერთობის ისტორია: ის, როგორც ომის ვეტერანი და მდინარე ელბაზე ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცების შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, სამჯერ იყო ჩასული მოსკოვში ე.წ. "გამარჯვების აღლუმზე" დასასწრებად, უკანასკნელად 2015 წელს. ამ შეხვედრებზე არავინ იხსენებდა წარსულს: არც რუსეთის ხელისუფლება და არც თავად ბელოუსოვიჩი. რუსული მედია აღფრთოვანებული წერდა ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელიც "ელბაზე შეხვედრის" მონაწილე იყო, ხოლო ის ფაქტი, რომ დიპლომატი ბელოუსოვიჩი 1977 წელს ჯაშუშობაში ბრალდების გამო საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, ვითომ არც მომხდარა. პირიქით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რუს ემიგრანტსა და ყოფილ დიპლომატს საბჭოთა იარაღი - შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიც (ППШ) - აჩუქეს. თავად ბელოუსოვიჩი ამ იარაღს ძალზე კრიტიკულად აფასებდა: ძალიან მძიმეა, ამერიკულ ჯარში მსგავსი არაფერი ყოფილა, ჩვენთვის ასეთ იარაღი რომ მოეცათ, გავაპროტესტებდითო.

იყო თუ არა იგორ ბელოუსოვიჩი აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომელი?

ამ ეტაპზე ძალზე ძნელია დანამდვილებით რაიმეს მტკიცება და ამიტომაც ეს კითხვა ღიად დავტოვოთ.

b2-1675149647.jpg
ვინ იყო იგორ ბელოუსოვიჩი: მზვერავი თუ დიპლომატი?

საინტერესოა როგორ აფასებდა თავად ზ. გამსახურდია ი. ბელოუსოვიჩთან დაკავშირებულ ინციდენტს. ის "ავტობიოგრაფიაში" წერს, რომ ბელოუსოვიჩთან მომხდარი ინციდენტის დროს მისთვის ჩამორთმეული ლიტერატურა შემდგომში მის წინააღმდეგ აღძრული საქმეში მტკიცებულებად იყო გამოყენებულიო. ზ. გამსახურდია აღნიშნავს:

"ჩვენს მოძრაობაში შემოგზავნილი კა-გე-ბეს ზოგიერთი პროვოკატორი, შემდგომში ცდილობდა ცილისწამებას, ვითომ მე ბელუსოვიჩი "ჩავუშვი", დავასახელე დაკითხვისას და ლიტერატურის ჩემთვის გადაცემის ფაქტი ვახსენე. ფაქტობრივად მისი ვინაობა მოსკოვის კა-გე-ბემ დაადგინა ჩემი დაკავებისთანავე. გადაიღეს ჩვენი შეხვედრის ვიდეო და ჩემი დაკავების შემდეგ ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ვერსია, რომ მე ვიყავი აშშ-ს "ჯაშუში" და ბელუსოვიჩი იყო ჩემი "შეფი" ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან. მაშინ ბელუსოვიჩმა განუცხადა ხელისუფლებას, რომ ჩემთვის ლიტერატურის გარდა არაფერი გადმოუცია. დაკითხვისას მეც დავადასტურე, რომ ლიტერატურის გარდა მისგან არაფერი მიმიღია და არაფერი გადამიცია. ამით ბელოუსოვიჩს თავიდან ავაცილე უსიამოვნება და "ჯაშუშობის" ბრალდება . ამის მიუხედავად, გ. ჭანტურიამ და მისმა ჯგუფმა გამოაქვეყნეს ცილისწამება ჩემს წინააღმდეგ, თითქოს მე "ჩავუშვი" ბელუსოვიჩი . .. ".

თუმცა სრული ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 1978 წლის 19 მაისს საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიით გადაიცა ზ. გამსახურდიას მიერ დანაშაულის აღიარებისა და ე.წ. "მონანიების" კადრები. მაშინ ზ. გამსახურდიამ განაცხადა, რომ 1974 წელს მოსკოველი მეგობრების მეშვეობით დაამყარა კონტაქტები ბურჟუაზიული სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებთან, მათ შორის ი. ბელოუსოვიჩთან, რომლისგანაც იღებდა უცხოეთში გამოცემულ ანტისაბჭოურ ლიტერატურას.

b3-1675149736.jpg
იური ორლოვი და აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, ვაშინგტონი, 1986.

მოსკოველი და ქართველი დისიდენტები და შემდგომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ზვიად გამსახურდიას 1978 წლის "სატელევიზიო აღიარება-მონანიებას” და სასამართლო პროცესზე მისთვის შედარებით მსუბუქი სასჯელის "დამსახურებას” არ პატიობდნენ. მართლაც: ანატოლი შჩარანსკისა (13 წელი მიუსაჯეს) და "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის" ხელმძღვანელის, იური ორლოვის (მიუსაჯეს 7 წელი) სასჯელთან შედარებით ზ. გამსახურდიას 3 წელი, რომელიც შემდეგ ყიზლარში სოფელ კოჩუბეიში ორ წლიანი გადასახლებით შეუცვალეს, ძალზე რბილად ჩანდა. მით უფრო, როცა მერაბ კოსტავას საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილეს და მას სასჯელის ზომად 3 წელი "ლაგერი" ("ბანაკები") და 2 წელი გადასახლება დაუტოვეს.

ზ. გამსახურდიას ე.წ. "მონანიებას" და შედარებით რბილ სასჯელს , იმ პერიოდშიც და ამჟამადაც, არაერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდა და აქვს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით შემდეგ ვისაუბრებ, დღეს კი ერთს ვიტყვი: ეს ყველაფერი სწორედ კა-გე-ბეს "ოპერატიული კომბინაციის" ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ, რომლის შორსმიმავალი მიზანი დისიდენტური მოძრაობის დაქსაქსვა და ურთიერთდაპირისპირების შეტანა იყო.

პ.ს. ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი ოცნება საბჭოთა იმპერიის აღდგენაა: ძველ საზღვრებში თუ არა, იდეურად მაინც. საბჭოთა რეპრესიული სისტემის მიზანი დისიდენტური მოძრაობისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების განადგურება იყო. ამ "დიად ბრძოლას" დღეს რუსეთის დიქტატორი აგრძელებს. ამის დადასტურებაა 2022 წლის 25 იანვარს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

(მეექვსე ნაწილის დასასრული)