სტალინის დახმარებით "გადარჩენილი" ჩრდილოეთ კორეა ახლა იქით ეხმარება პუტინს ჭურვებითა და რაკეტებით - კვირის პალიტრა

სტალინის დახმარებით "გადარჩენილი" ჩრდილოეთ კორეა ახლა იქით ეხმარება პუტინს ჭურვებითა და რაკეტებით

სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ ოფიციალურ სეულს შესთავაზა, სამხედრო დახმარება აღმოეჩინა რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფი უკრაინისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა გმობს რუსულ აგრესიას, სამხრეთ კორეული ტანკები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები უკრაინის არმიის შეიარაღებაში ჯერ არ გამოჩნდება...

სამაგიეროდ, "მეორე კორეა"- ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ყოველგვარი აფიშირების გარეშე აწვდის საბრძოლო საჭურველს იმ რუსეთს, რომელსაც უკრაინის ფრონტზე "ჭურვების შიმშილის" ნიშნები გამოუჩნდა.

1-korea-1675156552.png
ჩრდილოეთ კორეის 1,3 მლნ-იანი არმია უკრაინის ფრონტზე საბრძოლველადაც უყოყმანოდ წავა, თუკი მათი სათაყვანებელი ლიდერი - კიმ ჩენ ინი ამას უბრძანებს...

სეულში თავად სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფხენიანმა უკვე მიჰყიდა საარტილერიო ჭურვები და რაკეტები რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს", რაც გასაკვირი არც არის, რადგან "ვაგნერის" დამფუძნებელ პრიგოჟინს ძალზე დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის, შოიგუ-გერასიმოვის წყვილთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეიძლება სპეციალურადაც არ აძლევს სახარჯო საბრძოლო მასალას "ვაგნერის" მებრძოლებს, რის გამოც დიდი ფინანსების მქონე პრიგოჟინმა საერთო ენა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან - კიმ ჩენ ინთან გამონახა...

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ კოსმოსური დაზვერვის საშუალებით არა ერთი იმის დამადასტურებელი თანამგზავრული ფოტო მოიპოვა, რომლებზეც ასახულია ბოლო კვირებში ჩრდილოთ კორეიდან რუსეთის ტერიტორიაზე შემავალი სარკინიგზო ეშელონები, დახურული სარკინიგზო ვაგონებით, არადა ბოლო წლების განმავლობაში სარკინიგზო მოძრაობა რუსეთსა და ჩრდილო-კორეას შორის თითქმის შეჩერებული იყო...

შეჩერებული იყო იმიტომაც, რომ ჩრდილოეთ კორეას ძალიან მწირი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, რომ რუსული საქონლის იმპორტირება დიდი მოცულობით განახორციელოს, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფხენიანს სახელმწიფო ხაზინის ვალუტით შევსების კარგი ვარიანტი გამოუჩნდა...

თავის დროზე, კორეის ომის დროს, რომელიც 1950-53 წლებში მიმდინარეობდა, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ, სტალინის მეთაურობით, უდიდესი წვლილი შეიტანა კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის ჩამოყალიბებაში და მისი არმიის სერიოზულად შეიარაღებაში, ასევე, სამხედრო მრეწველობის ობიექტების ამოქმედებაშიც.

2-korea-1675156590.png
ჩრდილოეთ კორეის არმიის საარტილერიო საშუალებების ჭურვების კალიბრი საბჭოთა სტანდარტისაა, რაც რუს ოკუპანტებს გაუადვილებს მათ საბრძოლო გამოყენებას უკრაინის ფრონტზე...

მას შემდეგ, 70 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეას ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტია შეიარაღების წარმოება, უფრო მეტიც, კომუნისტური კორეა მსოფლიოს მეცხრე ქვეყანა გახდა, რომელსაც ბირთვული იარაღი გაუჩნდა და ამასთან უკვე აქვს საკონტინენტთაშორისო მოქმედების ბალისტიკური რაკეტებიც, რომლებიც ჩრდილოთ კორეიდან 8 ათას კმ-ზე უფრო მეტად დაშორებულ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსაც სწვდებიან...

ამერიკელებამდე მისაწვდომი სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები პუტინსაც თავზე საყრელად აქვს დაგროვებული (რასაც საფუძველი სწორედ იმავე სტალინმა ჩაუყარა), მაგრამ მათ უკრაინის ფრონტზე ბახმუტის დასაპყრობად ვერ გამოიყენებს, ამისთვის უფრო მეტი ჩვეულებრივი ჭურვი და რაკეტა სჭირდება.

რუს ოკუპანტებს მართლაც გაუჩნდათ "ჭურვების შიმშილის" პრობლემა, როდესაც საარტილერიო საბრძოლო მასალის მრავალრიცხოვანი საწყობები, რაც საბჭოთა მემკვიდრეობით დარჩათ, თითქმის გამოაცარიელეს, ხოლო ახლების დამზადებას მათი ქარხნები ვერ აუდიან.

უკრაინის ფრონტზე რუს არტილერისტებს ჭურვების უზარმაზარი ხარჯი აქვთ, რადგან დღე-ღამეში 20-30 ათას ჭურვსაც კი ისვრიან, თუმცა უკრაინელების დამცველებისთვის სასიხარულოდ, ძალიან ხშირად - უზუსტოდ, რის გამოც უკრაინის სტეპები მთვარის ლანდშაფტს დაემსგავსა...

3-korea-1675156646.png
კიმ ჩენ ინმა პუტინს შეიძლება, გადამწყვეტი დახმარებაც კი აღმოუჩინოს უკრაინასთან ომში, თუკი ამ ომის ესკალაცია მოხდება და დასავლეთის ქვეყნებიც ღიად ჩაერთვებიან უკრაინის მიწაზე მიმდინარე ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში...

ჩრდილოთ კორეას ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი აქვს მილიონობით სხვადასხვა ტიპის საარტილერიო ჭურვი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უმართავი რაკეტა, რომელთა კალიბრები, გასაგები მიზეზის გამო, საბჭოთა სტანდარტისაა და უპრობლემოდ მიდის უკრაინის ფრონტზე, რუსეთის არმიის მიერ გამოყენებულ საარტილერიო დანადგარებზე - ნაღმსატორცნებზე, ქვემეხებზე, ჰაუბიცებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე.

25 მლნ-იან ჩრდილოეთ კორეას 1,3 მლნ-იანი არმია ჰყავს, რაც პროცენტული თვალსაზრისით, ამ მრავალჯერ სანქცირებულ ქვეყანას მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებულ სახელმწიფოდ აქცევს, რისთვისაც მთლიან შიდაპროდუქტს 27 %-მდე ხარჯავს, მაშინ როდესაც ცივილურ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ხშირად 2%-მდეც კი ვერ ადის.

ამიტომაც გასაგებია, ჩრდილოეთ კორეელთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც თავდაცვაზე ასეთი ასტრონომიული თანხები იხარჯება და დღეს კიმ ჩენ ინს უჩნდება საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ათწლეულობით დაგროვილი ასიათასობით ჭურვი რუსეთს მიჰყიდოს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად და ამით ვალუტის მარაგი შეავსოს ქვეყნის ხაზინაში...

ფხენიანი ისედაც გარიყული ჰყავს მსოფლიოს და კიმ ჩენ ინს დამატებითი ეკონომიკური სანქციებით ამერიკელები დიდად ვეღარ შეაშინებენ. ის სურვილის შემთხვევაში გააგრძელებს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის და, შეიძლება, თავად საბრძოლო ტექნიკის მიყიდვასაც, მაგრამ ცოტა გაკვირვებას იწვევს სამხრეთ კორეის ხელისუფლების პოზიცია, რომელიც უარს აცხადებს უკრაინის არმიის შეირაღებით დახმარებაზე...

სამხრეთკორეული თანამედროვე ტანკები K2 Black Panther-ები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები K9 Thunder-ები ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებიან მსოფლიოში და ტყუილად როდი ყიდულობს პოლონეთი 180 კორეულ ტანკს - "შავ პანტერას" და 212 თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "ქუხილს", თუმცა მათ გადაცემას უკრაინისთვის, სეულის თანხმობის გარეშე, მაინც ვერ შეძლებს...