ვინ არის გოგონა სოფელ შილდიდან, რომელმაც კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამერიკაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა? - კვირის პალიტრა

ვინ არის გოგონა სოფელ შილდიდან, რომელმაც კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამერიკაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა?

ნანიკო კაკონაშვილი სოფელ შილდიდან, რომელმაც კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამერიკაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ნანიკო კაკონაშვილი კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამერიკაში, პრესტიჟულ უნივერსიტეტში, Dartmouth College-ში, სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი სხვადასხვა აქტივობა გაიარა, ჩაერთო უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში და წლებთან ერთად, საკუთარი უნარები და შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესა. ის უფრო ზუსტად გვიყვება, რა მიმართულებით სწავლობს ახლა, რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში და რას გეგმავს სამომავლოდ:

- STEM საგნებს ვსწავლობ და მომავალშიც ვაპირებ, სწავლა და კარიერა სტემს დავუკავშირო. ერთი თვის წინ გავიგე, რომ აივი ლიგის წევრ Dartmouth College-მა სრულად დამაფინანსა, შესაბამისად, ბაკალავრიატის დიპლომს ამერიკაში, ნიუ ჰემფშირის შტატში ავიღებ. გზა, რომელმაც Dartmouth College-მდე მიმიყვანა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში იწყება. ჩემი ოჯახის დახმარებით მეოთხე კლასიდან კომაროვის საშაბათო სკოლაში შევედი, სადაც ალექსანდრე თანდილაშვილი მასწავლიდა. ვმონაწილეობდი კინგსის, ევერესტის, სმარტის, კენგურუსა და ვეკუას ოლიმპიადებში. თავიდან თითქმის უშედეგოდ, მაგრამ ჩემი მშობლების შეუპოვრობისა და მათემატიკის დიდი სიყვარულის დამსახურებით მეოთხე კლასში რეგიონის მასშტაბით, მეექვსე კლასში კი საქართველოს მასშტაბით რამდენჯერმე გავედი პირველ ათეულში, მეექვსე კლასშივე მოვიპოვე პირველობა ვეკუას ოლიმპიადაზე საქართველოს მასშტაბით. საშაბათო სკოლის საბოლოო გამოცდაში ტოპ 50 ბავშვში მოვხვდი, რის შედეგადაც კომაროვის სკოლაში ავტომატურად ჩავირიცხე.

- ჩართული ხართ ბევრ სხვადასხვა პროექტში - მოგვიყევით თქვენი წარმატებების შესახებ.

- კომაროვში სწავლის მესამე წელს, მე-9 კლასში, კლასგარეშე აქტივობების მიმართულებით დავიწყე აქტიურობა. გავდიოდი ოლიმპიადებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთში, ლიეტუვაში საერთაშორისო პირველობა მოვიპოვე; გავხდი EducationUSA-ს ლიდერთა აკადემიის წევრი და ვცდილობდი, ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა გამოცდილების მისაღებად და საყვარელი საქმიანობის საპოვნელად. ამ წლებში ვიყავი მოხალისე მასწავლებელი( Helping Hand ), ვმოხალისეობდი შშმ პირებთან (MAC Georgia), მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ამერიკული კუთხის პროექტში, ჩავერთე BTU უნივერსიტეტის პროექტში school of digital culture, თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში და ფრანკლინის კლუბში. ამ პროექტებმა მომცა უნარები, რომლებიც დამეხმარა გავმხდარიყავი კომაროვის სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი, დავაარსე მუსიკის კლუბი, "მაგელანების" ასოციაცია და ვხელმძღვანელობდი საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს. სკოლის გარეთ კი მოვიპოვე ბენჟამენ ფრანკლინის პრემია, ვისწავლე ამერიკაში ერთი თვით და ჩემს გუნდთან ერთად ტექნოვეიშენ საქართველოს პროექტში გავიმარჯვე. (გააგრძელეთ კითხვა)