"ოცნებას" ახალი საპირწონე სჭირდება ხალხის შესაშინებლად და გამოჩნდა კიდეც, თანაც ერთის ნაცვლად - ორი"
"ოცნებას" ახალი საპირწონე სჭირდება ხალხის შესაშინებლად და გამოჩნდა კიდეც, თანაც ერთის ნაცვლად - ორი"
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე - ლევან ხაბეიშვილი საქმიანობას ხმამაღალი განცხადებებით შეუდგა. ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" პარლამენტის და საკრებულოს დატოვებას სთავაზობს და ირწმუნება, რომ მზად არის, გუნდთან ერთად ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. ასევე, ხაბეიშვილი აცხადებდა იმასაც, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიდა. რას მოუტანს "ნაციონალურ მოძრაობას" ლევან ხაბეიშვილის ახალი სტრატეგია, შეძლებს თუ არა ის დანაპირების შესრულებას - პარტიაში ერთიანობის შენარჩუნებასა და სააკაშვილის გათავისუფლებას? - ამის შესახებ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:
- შეიძლება ითქვას, რომ პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჰარაკირი ჩაიტარა - ის 50 000 კაცი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს მოსახლეობის 2%-ს შეადგენს, ასეთი 2%-იანი პარტიები კი ქვეყანაში ბევრია. ე.ი. გამჟღავნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სხვა 2%-იან პარტიებს ვეღარაფრით სჯობს. რაც შეეხება ერთიანობის შენარჩუნებას, ძალიან გაუჭირდება, თუმცა ეს ხაბეიშვილისთვის აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დაეცემა პარტიის რეიტინგი. - ფიზიკურად რომ დამჭირდეს "ვივამედში" შევარდნა, სააკაშვილს მაინც გამოვიხსნიო, - ასეთი რამ გვითხრა ხაბეიშვილმა, ე.ი. ძალისმიერი მეთოდებით მოქმედება დააანონსა. ამას ისიც მეტყველებს, რომ ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ არჩევნებს არ ახსენებს.
- შეიძლება სერიოზულად განვიხილოთ ხაბეიშვილის მიერ სააკაშვილის გამოხსნის ან ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლის საკითხი?
- საქმეც ისაა, რომ - არა. 2%-იანმა პარტიამ ხელისუფლება როგორ უნდა შეცვალოს? ხაბეიშვილი, რაც უფრო ხშირად გააკეთებს მსგავს რადიკალურ განცხადებებს, მით უფრო დაიკლებს პარტიის რეიტინგი. 20%-იანი პარტია ზუსტად რადიკალური განცხადებების გამო დავიდა 2 პროცენტამდე. თუ მოსახლეობა პანიკაში არ არის და არ აქვს განცდა, რომ მის გარშემო კატასტროფა ხდება, რადიკალიზმი არ არის პოპულარული. დღეს მოსახლეობას არ აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში კატასტროფა ხდება და, შესაბამისად, არც რადიკალური განცხადებებია პოპულარული.
- ხაბეიშვილის განცხადება - სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტის, საკრებულოსა და პარტიის ოფისის დატოვება, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პოპულისტურად შეაფასა და სპეკულაციებისგან თავშეკავება ურჩია. როგორ გგონიათ, რა განვითარება მოჰყვება ამ პროცესს?
- ე.ი. ხაბეიშვილი ამ განცხადების გამო გააკრიტიკა ხატია დეკანოიძემ, რომელიც თავად არის რადიკალური პოლიტიკის მიმდევარი, იცით, რატომ? იმიტომ რომ ხაბეიშვილის განცხადება რადიკალურიც კი არ არის, აქ უფრო საბავშვო ბაღის დონესთან გვაქვს საქმე. "ნაციონალების" ლიდერმა თავისი განცხადებით ასეთი რამ თქვა - "ქართულ ოცნებას" პარტიის შენობა უნდა და - ვაძლევთ, ჩვენი პოლიტიკიდან წასვლა უნდა და - წავალთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ "ოცნებას" არც "ნაციონალების" პარტიის ოფისი სჭირდება და არც მათი ოპოზიციიდან წასვლა აწყობს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ბრძოლის ველზე "გმირულად დაეცა", "ოცნებას" ახალი საპირწონე სჭირდება ხალხის შესაშინებლად თუ დასაშანტაჟებლად. გამოჩნდა კიდეც, თანაც ერთის ნაცვლად ორი - მერაბიშვილი და კეზერაშვილი. ხალხმა იცის, რომ თუ ხელისუფლებაში კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება, სააკაშვილის დროინდელი "ნაციონალური მოძრაობა" სანატრელი გახდება. "ოცნებას" ახლა ორი საფრთხობელა ჰყავს ხალხის დასაშანტაჟებლად, ამას გაუშვებს ხელიდან?
- დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" ძლიერი მხარე დასავლელ პარტნიორებთან მეგობრობა იყო. როგორ გგონიათ, ხაბეიშვილი იქნება დასავლეთის ანგარიშგასაწევი ფაქტორი?
- საინტერესო საკითხი წამოჭერით. "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხაბეიშვილის "წყალობით", შეიძლება "ქართველ ოცნებასთან" ბრძოლის ერთი-ერთი ქმედითი იარაღი დაკარგოს. დასავლელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ნამდვილად იყო სერიოზული ძალა. ხაბეიშვილის ტიპაჟი კი ამ ურთიერთობებს ვერ შეინარჩუნებს. იმან, ვინც პარტიის სათავეში ხაბეიშვილი დააყენა, მშვენივრად იცის, რომ ხაბეიშვილი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის არ გამოდგება. გამოდის, რომ კეზერაშვილ-მერაბიშვილს დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების დიდი სურვილი არ აქვთ.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)