"გამქირავებელს უფლება აქვს გამოცვალოს ბინის საკეტი და დამქირავებელი აღარ შეუშვას ბინაში..." - როგორ გადავწყვიტოთ სასამართლოს გარეშე სამოქალაქო დავა? - კვირის პალიტრა

"გამქირავებელს უფლება აქვს გამოცვალოს ბინის საკეტი და დამქირავებელი აღარ შეუშვას ბინაში..." - როგორ გადავწყვიტოთ სასამართლოს გარეშე სამოქალაქო დავა?

როგორ გადავწყვიტოთ სასამართლოს გარეშე სამოქალაქო დავა?

ბევრი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განხილვა დროულად არ ხდება და დავის გადაწყვეტას შეიძლება თვეები ან სულაც, წლებიც დასჭირდეს. ალბათ ბევრმა თქვენგანმა ისიც არ იცის, რომ კერძო დავის გადასაწყვეტად ყოველთვის სასამართლოში წასვლა აუცილებელი არ არის და ამისთვის ალტერნატიული გზა არსებობს, ეს კერძო არბიტრაჟისთვის მიმართვაა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

გელა ნიკოლაიშვილი:

"ტყუილია, რომ კონტრაქტი ფარატინა ფურცელია და მას არანაირი ძალა არა აქვს. წერილობით კონტრაქტს კი არა, ზეპირ შეთანხმებასაც კი აქვს ძალა, თუ მას მოწმეები დაამტკიცებენ. თუმცა მოქალაქეებს ვურჩევ, უფრო დაზღვეული რომ იყვნენ, სასურველია კონტრაქტი ნოტარიულად გააფორმონ და დეტალურად გაწერონ პირობები, თუ რაზე თანხმდებიან მხარეები..."

"ბინის მფლობელმა თავი რომ დაიზღვიოს, ამისთვის უნდა აიღოს პირველი და ბოლო თვის ქირის გადასახადი ერთად. თუ დამქირავებელმა გადახდის ვადას გადააცილა, მაშინვე მოსთხოვოს ბინის დაცლა. შეიძლება ხელშეკრულებაში ისიც ჩაიწეროს, რომ თუ მდგმური არ იხდის ბინის ქირას დროულად, მას უფლება აქვს იძულების წესით გამოიყვანოს ის ბინიდან. მართალია, პოლიციის ძალით ვერ გამოიყვანს, რადგან წლებია, ამ ფორმით ბინიდან გამოსახლება არ ხდება, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებაში თუნდაც ასეთ ფრაზას: "ასეთ შემთხვევაში გამქირავებელს უფლება აქვს გამოცვალოს ბინის საკეტი და დამქირავებელი აღარ შეუშვას ბინაში..."

"როდესაც წინასწარ დაფიქსირდება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ბინა და წასვლის წინ რა მდგომარეობაში იქნება, მდგმური ვალდებულია ზარალი აანაზღაუროს. შეთანხმებაში უნდა ჩაიწეროს, რომ ბინის მეპატრონეს უფლება აქვს თავისი საკუთრება პერიოდულად შეამოწმოს..."

"ადვოკატებთან ერთად თუ შეადგენენ დოკუმენტს, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ შეცდომებისგან დაცული იქნებით. ჯობია, ადვოკატს ფული გადაუხადო და გამართული დოკუმენტი გქონდეს, არ დაზარალდე. ადვოკატის პასუხისმგებლობაც იქნება, თუკი რამე ნიუანსი გამორჩა ხელშეკრულების დადების დროს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა