"ბიძინა ივანიშვილმა ახლა არ იცის, რა ქნას, მას აღარ აქვს კარგი გადაწყვეტილების მიღების საშუალება" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა ახლა არ იცის, რა ქნას, მას აღარ აქვს კარგი გადაწყვეტილების მიღების საშუალება"

„საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?“ - ასეთი რიტორიკული შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დასვა. „ისინი ნეიტრალურები არიან თუ - რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ - უკრაინის მოქალაქეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან...“ - თქვა ზელენსკიმ. ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ ქვეყნის შიდასაკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება. „სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამას რა შედეგები აქვს საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღე საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - იგი მოკლან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის ან რა ინფორმაციას ფლობდა, როდესაც განცხადებას აკეთებდა?“ - ასეთი იყო უკრაინელი პრეზიდენტის განცხადების პირველი შეფასება საქართველოს ხელისუფალთა მიერ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც თავად განაცხადა, რომ შემოთავაზებულ მკურნალობას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, თუ რაღაც პირობას შეუსრულებენ.

რას ნიშნავს უკრაინელი პრეზიდენტის მიერ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ტოლობის დასმა, რა შეიძლება მოჰყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებას? - ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებამ ძალიან მძიმე სურათი დამანახა. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ამ გლობალურ დაპირისპირებაში ფრონტის წინა ხაზზეა. ამ ქვეყნის პრეზიდენტის ყველა სიტყვას ოქროს ფასი აქვს. შესაბამისად, მის ამ განცხადებებს ჩვენთვის შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში წარმოუდგენელი რამ ხდება, ჩვენმა ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ თავი იმართლოს, როგორღაც ახსნას საკუთარი საქციელი, კონტრშეტევაზე გადადის. ნახეთ, დიდ სურათში რა ხდება - ზელენსკის ასეთი კრიტიკული განცხადების ფონზე ვრცელდება კარასინი-აბაშიძის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარია რუსეთ-საქართველოს შორის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, ინტეგრაციულ პროცესებზე, ფრენების აღდგენაზე და ამ ყველაფრის ავთენტურობას ადასტურებს აბაშიძე. შეხედეთ ამ ყველაფერს დასავლელი პოლიტიკოსების თვალით. ომის ფლაგმანი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას აფასებს პრორუსულად და სადისტურად და ამ დროს, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, მართლაც საეჭვო პროცესები ვითარდება. საყოფაცხოვრებო ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ეს ყველაფერი ასე გამოიყურება - ღარიბი კაცი მიდის მდიდარ მეზობელთან და ეუბნება, შენ ხარ ნაძირალა, მაგრამ მე შენს ოჯახში შემოსვლა და ცხოვრება მინდა. რას ჰქვია, თქვენთან სიგარეტს არ ეწევიან, მე სიგარეტსაც მოვწევ, მაგიდაზე ფეხებსაც შემოვაწყობ და ძალიან კარგადაც ვიმეგობრებ ჩვენს საერთო მეზობელთან, რომელიც ყოველდღე კარებს გინგრევს და დედას გაგინებს. აი, ზუსტად ასე ელაპარაკება საქართველო დღეს დასავლეთს.

- ცუდი შედეგი ვისთვის მოჰყვება ამ ყველაფერს - ჩვენი ქვეყნისთვის თუ დღევანდელი მმართველი გუნდისთვის?

- მიგიხვდით, რასაც მეკითხებით, შეფარულად. მე შეთქმულების თეორიებს ვერ განვავითარებ, თუმცა რაღაც საფუძველი ნამდვილად აქვს ვერსიას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახორციელებს პროვოცირებას, რომ დასავლეთს სხვა გზა არ დაუტოვოს და საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობაზე ხელი ააღებინოს. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ყველა სხვა ვერსიას აბსურდამდე მივყავართ, სხვა ლოგიკა უბრალოდ არ არსებობს. „ქართული ოცნების“ მმართველობამ უკვე ძალიან დააზიანა ქვეყანა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ პროცესი შეუქცევადია, არ ჩერდება.

- თქვენი ვერსიით, ამ პროცესში თავად მმართველი გუნდის კონკრეტული წარმომადგენლები არ ზიანდებიან?

- რა თქმა უნდა, ზიანდებიან, პირადი პრობლემები აქვთ უკვე, თუნდაც ანგარიშებზე წვდომის თვალსაზრისით, მაგრამ სხვა გამოსავალი, არჩევანი უკვე აღარ აქვთ. მეჩვენება, რომ აფექტის მდგომარეობაში არიან. იმდენად შეტოპეს ჭაობში, რომ ვეღარ გამოდიან იქიდან.

- ზელენსკი დღეს უჩვეულოდ აქტიურია, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. როგორ გგონიათ, მის ასეთ აქტიურობას განვრცობა მოჰყვება?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად. წარმოუდგენელი კომენტარი კეთდება ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან - ომშია და სააკაშვილისთვის როგორ იცლისო. მართლა გაგიჟდნენ, მგონი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქე, სადაც უნდა იყოს ის და რა დანაშაულიც უნდა ჰქონდეს ჩადენილი. ანუ ზელენსკი საკუთარ მოვალეობას ასრულებს, როდესაც სააკაშვილზე საუბრობს. აქედან კომენტარები, - შენ ვინ გეკითხება, ჩვენს საშინაო საკითხებში რას ერევიო, არაადეკვატურია.

- იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ზელენსკის უპასუხა, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა, მათ შორის - ყოფილი საქართველოს და ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს და ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი. ბრეგაძე იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა.

- ასეც რომ იყოს, ვინაიდან სააკაშვილი პენიტენციალურ სისტემაშია მოთავსებული, მასზე პასუხს აგებს სახელმწიფო. სუიციდალურიც, რომ იყოს, ამაზეც ხელისუფლება აგებს პასუხს. ამ ხალხს საკუთარი პასუხისმგებლობა არ აქვთ გათავისებული. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის? გახსოვთ, სააკაშვილზე რომ თქვეს, ჩვენ როგორ ვაგებთ მის სიცოცხლეზე პასუხს, თითოეული ჩვენგანის ბედი ღმერთის ხელშიაო. წარმოუდგენელ სიბრიყვეს სჩადიან, ღმერთისკენ იშვერენ ხელს, ღმერთს ჰკიდებენ საკუთარ პასუხისმგებლობას.

- როგორ გგონიათ, როგორი იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება, სააკაშვილთან დაკავშირებით?

- ეს მე კი არა, თავადაც არ იციან. ბიძინა ივანიშვილმა ახლა არ იცის, რა ქნას, მას აღარ აქვს კარგი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ცუდსა და უარესს შორის დგას - გაუშვას - ვაია, არ გაუშვას - უი. შესაბამისად, არის ასე, საერთოდ არ იღებს გადაწყვეტილებას.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეიალურად საიტისთვის)