ამერიკული "ლენდ-ლიზის" მოლოდინში უკრაინის არმიამ რუსებს იძულებითი "ლენ-ლიზით" 500-ზე მეტი ტანკი ალაფად წაართვა... - კვირის პალიტრა

ამერიკული "ლენდ-ლიზის" მოლოდინში უკრაინის არმიამ რუსებს იძულებითი "ლენ-ლიზით" 500-ზე მეტი ტანკი ალაფად წაართვა...

"ლენდ-ლიზი" - ქართულად "გასესხება-იჯარით გაცემას" ნიშნავს და ეს სახელმწიფო პროგრამა აშშ-ის ხელისუფლებამ პირველად ჯერ კიდევ 1941 წლის მარტში აამოქმედა, ჰიტლერის გერმანიასთან მებრძოლი ბრიტანეთის სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო საჭურვლით დასახმარებლად, შემდეგ კი ამერიკული "ლენდ-ლიზი" სხვა მოკავშირეებზე - საფრანგეთზე, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირზეც გავრცელდა.

"ლენდ-ლიზის" ფარგლებში საერთო დახმარებამ 50 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (რაც 2022 წლის ფასებით, 700 მლრდ დოლარის ექვივალენტია), რომლიდანაც 11,3 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება სტალინის საბჭოთა კავშირს გაეწია და თანაც - კრემლისთვის ყველა რთულ პერიოდში, როდესაც საბჭოთა არმია უკან იხევდა.

დღეს რუსეთის ხელისუფლებასა და, ასევე, მოსახლეობის უმრავლესობას სურს, დაივიწყოს ამერიკის ეს უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება, რის გარეშეც შეიძლება მეორე მსოფლიო ომის ბედი მოსკოვისთვის სულ სხვანაირად წარმართულიყო...

და პირველი "ლენ-ლიზიდან" 81 წლის შემდეგ, 2022 წლის 9 მაისს (ეს თარიღი ეტყობა შემთხვევით არ შეირჩა), აშშ-ის დღევანდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს "ლენ-ლიზისა" და უკრაინაში დემოკრატიის დაცვის" შესახებ, რაც უკრაინისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს, რუს ოკუპანტებთან ომში.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონი ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ამოქმედდა, ამ პროგრამით რამე სახის სამხედრო დახმარება ამერიკელებისგან უკრაინას არ მიუღია...

თუმცა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა მალე ფანტასტიკურ ციფრს - 30 მლრდ დოლარს მიაღწევს, მაგრამ ის ორი სხვა პროგრამის მიხედვით წარმოებს, რომლებიც უკრაინის არმიისთვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საჭურვლის გადაცემას უანგაროდ ითვალისწინებს, რაც ორივე მხარეს ჯერჯერობით სრულად აკმაყოფილებს, თუგინდ იმიტომაც, რომ "ლენდ-ლიზით" გადაცემული დახმარება ომის დამთავრების შემდეგ მიმღებმა ქვეყანამ უკან უნდა დაუბრუნოს აშშ-ს, ხოლო ბრძოლებში განადგურებული სამხედრო ტექნიკის ღირებულება კი - აუნაზღაუროს, რისი თავიც, ამ ომში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, უკრაინას ძალიან დიდხანს არ ექნება...

სამაგიეროდ, გამოჩნდა სხვა სახელმწიფო, რომლის უნებლიე "ლენ-ლიზი" უკრაინის არმიას ამერიკელებზე არანაკლებ აძლიერებს და ეს ქვეყანა... რუსეთია!

სწორედ ის რუსეთი, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ ღიად შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე (თუმცა 2014 წლიდან ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ზურგს ამოფარებული იპყრობდა უკრაინის დონბასს) და გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებთან ერთად, 11-თვიან ინტენსიურ ბრძოლებში იმდენი საბრძოლო ტექნიკა დაკარგა, რაც არც ავღანეთის ცხრაწლიან და არც ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში ერთად აღებული არ დაუკარგავს...

2-tanki-1675330326.png
ეს მოდერნიზებული „ბურატინო“ - მძიმე ცეცხლმტყორცნი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, რუსეთის თავდასხმიდან ერთ კვირაში „დაატყვევეს“ უკრაინელმა მეომრებმა...

თუკი ბრძოლის ველზე აფეთქებული მოწინააღმდეგის ტანკიდან რაღაც დეტალების გამოყენება კიდევ შეიძლება, დაზიანებული ჯავშანტექნიკიდან უფრო მეტ ხეირს ნახავ, ხოლო თუკი ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები მოწინააღმდეგემ თითქმის სრულიად გამართული მიატოვა (საწვავის მარაგის გათავებისა თუ მუხლუხოს მოძრობის გამო), მაშინ ჩათვალეთ, რომ უფასო "ლენდ-ლიზი" გარანტირებულია, მით უმეტეს, თუკი ორივე მებრძოლი მხარე ერთი და იმავე ტიპის ჯავშანტექნიკას იყენებს.

ინერნეტრესურს "ორიქსის" (რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში აფეთქებული, დაზიანებული, მიტოვებული და ალაფად ხელში ჩაგდებული სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე ობიექტურ აღრიცხვას ახორციელებს მხოლოდ ფოტოვიდეომასალაზე დაყრდნობით) 2023 წლის 2 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრილმა რუსეთის არმიამ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე დაკარგა 9 001 ერთეული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო და საბრძოლო ტექნიკა, რომელთაგან 2 759 უკრაინელებმა ალაფის სახით აიღეს.

მათ შორისაა რუსეთის არმიის მიერ ბრძოლის ველზე დაკარგული სხვადასხვა მოდიფიკაციის არანაკლებ 1 671 ტანკი, რომელთაგან ... 545 (!) ტანკი უკრაინის არმიამ ალაფად წაიღო!

ანუ სანამ დასავლეთი უკრაინას ახვეწნინებს თითო-ოროლა კინკილა "ლეოპარდისა" და "აბრამსის" გადაცემა-არ გადაცემას, უკრაინის დამცველებმა ხუთ სატანკო პოლკზე მეტი ოდენობის მეტ-ნაკლებად გამართული რუსული ტანკი მოინადირეს ბრძოლის ველზე...

ტანკების გარდა, უკრაინელების ხელში აღმოჩნდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სხვა ჯავშანტექნიკაც - 257 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა; 592 ქვეითთა საბრძოლო მანქანა; 96 ჯავშანტრანსპორტიორი; 106 სპეციალური საინჟინრო მანქანა; 19 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი; 104 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 93 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი;13 საარტილერიო-საზენიტო დანადგარი; 22 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი; 9 რადიოლოკაციური სადგური...

მართლაც რომ ძალზე შთამბეჭდავი ჩამონათვალია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ რუსული ნაალაფარი სამხედრო ტექნიკის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და ყოფილი მფლობელების წინააღმდეგ მიმართვა, ცოტა ძალისხმევას როდი მოითხოვს, მაგრამ "ტექნიკის კანიბალიზმის" პრინციპის გამოყენებით, ნაალაფარი ორი-სამი დაზიანებული რუსული ტანკიდან უკრაინელ სპეციალისტებს ერთი გამართული ტანკის მწყობრში ჩაყენება, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ...

სამართლიანობა მოითხოვს, რომ მკითხველს უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის საბრძოლო დანაკარგების შესახებაც მოვახსენოთ.

დღეის მონაცემებით, უკრაინის არმიამ ბრძოლებში დაკარგა არანაკლებ 2 887 ერთეული ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დრონი და სამხედრო ხომალდი.

3-tanki-1675330354.png
უკრაინული ჯავშანმანქანა „კოზაკი-2“, რომლის ხელში ჩაგდების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა თეთრი საღებავით მაშინვე „ზორო“ დაახატეს...

453 დაკარგული უკრაინული ტანკიდან რუსმა ოკუპანტებმა ალაფის სახით წაიღეს 144 ტანკი.

გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ფრონტზე ხელში ჩაიგდეს უკრაინის არმიის 75 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა; 101 ქვეითთა საბრძოლო მანქანა; 85 ჯავშანტრანსპორტიორი; 12 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი; 17 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი; 27 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 8 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი; 7 თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი; 11 რადიოლოკატორი.

ეს ციფრები, რა თქმა უნდა, ამომწურავი არ არის, რადგან ბრძოლის ველზე აფეთქებული ბევრი ტანკისთვის თუ ჯავშანმანქანისთვის ჯერ სურათი არ გადაუღიათ, თუმცა ლოგიკური იქნება თუ ჩავთვლით, რომ ყველა ნაალაფარი საბრძოლო ტექნიკის საკმაოდ ბევრი ფოტოვიდეომასალა ვრცელდება ორივე მოწინაღმდეგე მხრიდან, რადგან ისტორიულად დიდ სიამაყედ ითვლება ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგისთვის იარაღის წართმევა - ადრე ეს შეიძლება ხმალი და საბრძოლო ცხენი ყოფილიყო, დღეს კი - ავტომატი და ტანკია...