როგორ ცდილობდა კა-გე-ბე ქართველი დისიდენტების "ფაშიზმის მეხოტბეებად" წარმოჩენას?
1976 წლის შემოდგომისთვის ქართველ დისიდენტების "იმპერიალიზმის აგენტობისა" და "ანტისაბჭოთა საქმიანობის მტკიცებულებები" უკვე საკმაოდ ჰქონდა კა-გე-ბეს და რატომ არ აპატიმრებდა მათ? ზვიად გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" აღნიშნავს: "თუმცა, მაშინ (საუბარია 1976 წლის 26 ივნისს ბელოუსოვიჩთან დაკავშირებულ ინციდენტზე - ბ.ა.) ხელისუფლებამ ჩემი დაკავება მაინც ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელე საქმიანობა".
რატომ არ აღკვეთა სუკ-მა ადრეულ ეტაპზევე დისიდენტური ჟურნალების (1975 წლის მაისიდან - "ოქროს საწმისი" და "საქართველოს მოამბე" 1976 წელს) ბეჭდვა და გავრცელება მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულ-ტქნიკური და აგენტურული გზებით სრული ინფორმაცია ჰქონდა მათი გამოცემისა და გავრცელების შესახებ? იმიტომ, რომ საზოგადოების თვალში სრული დისკრედიტრებისთვის ეს "მტკიცებულებები" არასაკმარისად მიაჩნდათ. საჭირო იყო კიდევ ერთი მძიმე ბრალდების "შეკერვა".
მკითხველს შევახსენებ, რომ კა-გე-ბეს შეფის, იური ანდროპოვის ინსტრუქციები ითვლისწინებდა დისიდენტების მაქსიმალურ კომპრომეტირებას საბჭოთა მოქალაქეების თვალში. პუბლიკაციის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ კა-გე-ბეს "ოპერატიული კომბინაციების" ერთ-ერთი ფორმა გახლდათ "ფაშიზმის თაყვანისმცემლების” ბრალდებით დისიდენტების კომპრომეტირება. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით "ხაფანგების დაგება" 1975 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 1978 წლის მაისს. ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას სასამართლო პროცესით დასრულდა. კა-გე-ბეს მიზნად ჰქონდა ქართველი დისიდენტები არა მარტო "ჯაშუშებად", არამედ "ფაშისტების მეხოტბეებადაც" წარმოეჩინა .
იდგა 1975 წლის მაისი, საბჭოთა ხელისუფლებამ ზარზეიმით აღნიშნა "დიდ სამამულო ომში” გამარჯვების ორმოცი წლისთავი. ხაზგასმით უნდა ითქვას: 9 მაისი წლების მანძილზე საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის მიერ უსაზღვროდ იყო გაფეტიშებული და რიგით მეორე, უმთავრესი სახელმწიფო-სახალხო დღესასწაული იყო, "7 ნოემბრის” დღესასწაულის შემდეგ.

საბჭოთა ტელევიზია და გაზეთები ათწლეულების მანძილზე ნერგავდნენ მოსახლეობის ტვინებში "ანტიფაშისტურ” (შეფარვით კი ანტიგერმანულ) განწყობას. მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილი კინოფილმები და ლიტერატურული ნაწარმოებები უკლებლივ ყველა გერმანელს "საზიზღარ ფაშისტად”, კაცისმკვლელად და საზარელ დამნაშავედ ასახავდა. ამ იდეებზე იზრდებოდნენ საბჭოეთში თაობები, ვისთვისაც სიტყვა "ფაშისტი” ყველაზე საშინელი ბრალდება იყო და მოსახლეობაში "მკვლელის” სინონიმადაც აღიქმებოდა. ამის შედეგად იყო, რომ თამაშის დროს საბჭოთა ბავშვებს ყველას "პარტიზანობა” უნდოდა, "გერმანელ-ფაშისტობა” კი - არავის. საბჭოელებში განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება იყო ჩამოყალიბებული იმ ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების მიმართ, ვინც გერმანელების მხარეს გადავიდნენ და მათ მხარდამხარ იბრძოდნენ. კა-გე-ბეს ამოცანა იყო ქართველი დისიდენტები როგორმე დაეკავშირებინა ამგვარ "ფაშისტებთან”.
ჩემი აზრით, სწორედ 1975 წლის გაზაფხულზე გადაწყდა ქართველი დისიდენტების კომპრომეტირება "ფაშისტებთან” მათი ვითომდა კავშირის ჩვენებით. ამ "ოპერატიული კომბინაციის” მთავარი ამოცანები იყო: ქართველი დისიდენტების "ფაშისტებთან” დაკავშირების და "ურთიერთსიმპათიების” ფორმის მოძებნა; კომპრომეტირების ოპერაციისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა; ოპერაციის ისე ჩატარება, რომ მაქსიმალური რაოდენობის ქართველი დისიდენტი და მათი თანამოაზრე გაბმულიყო "ხაფანგში”. თუმცა კა-გე-ბეს ამ ოპერატიულ კომბინაციას ხელისშემშლელი გარემოებებიც საკმაოდ ჰქონდა:
1. დისიდენტური მოძრაობის დისკრედიტაციის კა-გე-ბეს მიერ შედგენილ სცენარში ზ. გამსახურდიას, როგორც ქართული დისიდენტური მოძრაობის ლიდერს, განსაკუთრებული როლი ჰქონდა მიკუთვნებული. თუმცა 1975 წლის ივლისამდე საბჭოთა პოლიტიკური პოლიცია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით იყო შეზღუდული: ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დიდი ქართველი პროზაიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და მისი ავტორიტეტის გამო ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ღია მოქმედებებს ერიდებოდა;
2. საქართველოში უნდა მოეძებნათ არა ზოგადად "ფაშისტი”, არამედ ისეთი წარსულის მქონე "ქართველი ფაშისტი”, რომელიც იარაღით ხელში პირადად ხელმძღვანელობდა გერმანელების შემოჭრას საქართველოში;
3. ეს პიროვნება საბჭოთა სპეცსამსახურებთან ან ლოიალური უნდა ყოფილიყო, ან ქართველ დისიდენტებთან კავშირის გამო მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პირადი მიზეზების გამო (ასაკი, ავადმყოფობა და სხვ.) მისთვის უკვე უმნიშვნელო იქნებოდა;
4. ქართველი დისიდენტების სიმპათიები "ფაშისტების” მიმართ ცნობილი უნდა გამხდარიყო საბჭოთა საზოგადოების ფართო წრისთვის და დიდი აღშფოთება უნდა გამოეწვია. ამ ამოცანას კი საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის სრული მობილიზაცია სჭირდებოდა.
სათანადო საარქივო დოკუმენტების უქონლობის გამო (სუკ-ის არქივები კვლავ "ცხრაკლიტულშია” მოთავსებული და არც რუსეთის ხელისუფლება, რაც სავსებით გასაგებია, და არც საქართველოს ხელისუფლება, ეს კი სრულიად გაუგებარია, არ ცდილობენ თუნდაც 40-50 წლის წინანდელი საბჭოთა უშიშროების არქივების გასაჯაროებას) ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ჩაისახა "ოპერატიული კომბინაციის” მთავარი იდეა და ვინ წამოიძახა "ევრიკა” - მოსკოვსა თუ თბილისში, თუმცა მიზანი ერთი იყო, "დიადი, ნათელი”.
სპეცსამსახურების ოპერატიული კომბინაციების წარმატება ბევრადაა დამოკიდებული მათ წინასწარ დაგეგმვასა და მომავალი მოქმედებების პროგნოზირებაზე. ამ დროს, მრავალფეროვანი აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, წინდაწინ იქმნება სპეცსამსახურისთვის ხელსაყრელი სიტუაცია და მსხვერპლი "ხაფანგში” ებმება. ამავე დროს სპეცსამსახურმა შესაძლოა ოპერატიული კომბინაციების დასაგეგმად წარმატებით გამოიყენოს უკვე არსებული სიტუაცია და მის საფუძველზე მოამზადოს "ხაფანგი”.
ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რთულია გადაწყვეტით ითქვას: ვიქტორ რცხილაძისა და შალვა მაღლაკელიძის შეხვედრები , "ვერმახტის" გენერალ-მაიორის მოგონებების ჩაწერა და შემდგომ განვითარებული მოვლენები (რაც წარმატებით გამოიყენა კა-გე-ბემ ქართველი დისიდენტების კომპრომეტირებისთვის) წინასწარ დაგეგმილი "ოპერატიული კომბინაციის" შემადგენელი ნაწილი იყო თუ, მართლაც შემთხვევითობა, რომელიც შემდეგ გამოიყენა სუკმა?

საქართველოს სსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის არქივების ჯერ კიდევ გაურკვეველი მდგომარეობა (რა გაიტანეს რუსეთში? რა დაიწვა და განადგურდა? რა არის დარჩენილი ?) ამ ეტაპზე არ გვაძლევს საშუალებას ზუსტი პასუხი გავცეთ ზემოთ დასმულ კიდევ ბევრ სხვა კითხვას.
ამიტომ არსებული დოკუმენტური მასალებისა და იმ მოვლენების უშუალო მონაწილეების მოგონებების ობიექტური ანალიზის საფუძველზე, ერთად შევეცადოთ ჭეშმარიტების დადგენას.
ქართული დისიდენტური მოძრაობის სათავეებში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები, მათ შორის ვიქტორ რცხილაზე იდგნენ. თუ პირველი ორის შესახებ მკითხველისთვის ბევრია ცნობილია, ვიქტორ რცხილაძის დისიდენტური მოღვაწეობა შედარებით ნაკლებადაა წარმოჩენილი ფართო საზოგადოებისათვის.
ცნობილი ქართველი დისიდენტის, თეოლოგის, ფილოსოფოსის, მწერლისა და მთარგმნელის ვ. რცხილაძის შესახებ ინტერნეტ-რესურსები საკმაოდ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. ის 1941 წელს დაიბადა ქ. თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველად იმავე წელს დააპატიმრეს მოსკოვში. სასჯელს "ბუტირკის" ციხეში იხდიდა. 1966-1970წწ. იყო ისტორიის მასწავლებელი სკოლაში. 1970-1975 წწ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს განყოფილების გამგე. აქტიური დისიდენტური მოძრაობა ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად დაიწყო: 1974 წელს მათ ადამიანის უფლებების დამცველი პირველი საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, მოგვიანებით კი, 1976 წელს "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი" ჩამოაყალიბეს.
დისიდენტური მოღვაწეობისთვის ვიქტორ რცხილაძე მეორედ 1978 წელს დააპატიმრეს და ყაზახეთში, ჩინეთის საზღვრის მახლობლად მდებარე დახურულ "სასაზღვრო ზონაში", გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მუშაობა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად. ამავე დროს მოღვაწეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჟურნალში "საღვთისმეტყველო კრებული", რომელშიც 1982 წლიდან აქვეყნებდა თარგმანებსა და ორიგინალურ თხზულებებს რელიგიის ფსიქოლოგიისა და საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ. 1992 წლიდან ვ. რცხილაძე სახელმწიფო საბჭოს წევრია. იმავე წლიდან 2006 წლის თებერვლამდე საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაციის, თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. არის მრავალი წიგნისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

2012 წელს დაიბეჭდა ვიქტორ რცხილაძის მიერ მომზადებული შალვა მაღლაკელიძის მოგონებების წიგნის, რომლის წინასიტყვაობაში ვ. რცხილაძე აღნიშნავს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.) :
” . . . იგი (იგულისხმება შ. მაღლაკელიძე- ბ.ა.) აღმოჩნდა ჩემს მეზობლად . . . ქუჩაზე მცხოვრები. ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, ეს იყო 1975 წლის აგვისტო, დავინახე გენერალი მუშთაიდის ბაღის გასწვრივ მიმავალი. გულმა ვეღარ გამიძლო, გადავუდექი მას წინ და გავეცანი. საუბარი ცოცხლად წარიმართა, ქუჩიდან ბაღში გადავინაცვლეთ. არ დამავიწყდება ის ჯადოსნური დღე. როგორც ვთქვი, დილა იყო და ისე შემოგვაღამდა, რომ საუბარში გართულებმა (ბ-მა შალვამ პირველი მსოფლიო ომის ამბებიდან დაიწყო მოყოლა), ძლივს შევამჩნიეთ ამხელა დროის გასვლა . . . . ჩემთვის, ახალგაზრდა ისტორიკოსისთვის, მისი მონათხრობი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, ჩამეწერა. ბატონი შალვა დამთანხმდა. ამისთვის ვიშოვე იმ დროისთვისაც ძველმოდური მაგნიტოფონი დიდი ბობინებით. ვიწერდი ჩემს ბინაში, 1975 წლის ზაფხულში, საღამოს 5-6 საათიდან დილამდე, თითქმის ორი კვირის განმავლობაში”.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ "ვერმახტის გენერლის” მოგონებების ჩაწერა ჯერ თავად შ. მაღლაკელიძის ბინაში დაიწყეს და შემდეგ გადაინაცვლეს ვ. რცხილაძის ბინაში. მკითხველი ქვემოთ დაინახავს, თუ რა სერიოზული მნიშვნელობა აქვს ამ და სხვა, ერთი შეხედვით მცირე დეტალსაც.
(მეშვიდე ნაწილის დასასრული)