"წავიდა უკანასკნელი "ჯამბაზი"... - როგორ ემშვიდობებიან კოლეგები ჯემალ ღაღანიძეს... - კვირის პალიტრა

"წავიდა უკანასკნელი "ჯამბაზი"... - როგორ ემშვიდობებიან კოლეგები ჯემალ ღაღანიძეს...

საქართველოს დამსახურებული არტისტი, უსაყვარლესი პიროვნება, ქართული კინოსა და თეატრის გენიალური მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის... ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში...

ბატონი ჯემალის მეგობრებმა და კოლეგებმა „კვირის პალიტრას“ თავიანთი გულისტკივილი გაუზიარეს და ბატონი ჯემალი ისევე თბილად დაახასიათეს, როგორიც თვითონ იყო ყველას მიმართ...

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- ძალიან სამწუხაროა ჯემალ ღაღანიძის წასვლა... უბრწყინვალესი თაობა მიდის, რომელმაც ქართული კულტურისთვის უზარმაზარი საქმე გააკეთა, როგორც თეატრში, ასევე - კინოში. უდიდესია ჯემალ ღაღანიძის დამსახურება. შესანიშნავი ფილმებია, სადაც მას როგორც ეპიზოდური, ისე - მთავარი როლები აქვს შესრულებული...

თავისი ხასიათით, ძალიან დიდი იუმორით, სარკაზმით, ირონიულობით, პლასტიკურობით შესანიშნავი სახეები შექმნა. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო - „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც მართლაც დაუვიწყარია მისი პერსონაჟი.

ეს ის დრო იყო, როდესაც კულტურას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. ეს ყველაფერი ჩანდა ჩვენს ადამიანურ ურთიერთობაში, სიყვარულში, პატივისცემაში... ნეტავ, დაბრუნდეს ის დრო, როდესაც ბატონი ჯემალისნაირი ადამიანები უწყვეტად ასეთ განცდებს და გრძნობებს ბადებდნენ ადამიანებში. საქართველომ არ უნდა დაკარგოს ის, რაც ურთიერთპატივისცემასთანაა დაკავშირებული.

ამის მაგალითი იყო ჯემალ ღაღანიძე, ამიტომაც ვართ ძალიან დამწუხრებული ყველანი...

თათული დოლიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

- ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანი წავიდა ჩვენგან... შესანიშნავი მსახიობი, არაჩვეულებრივი მეგობარი, პარტნიორი, სიცოცხლით და ენერგიით სავსე ადამიანი. ძალიან დააკლდება ჩვენს თეატრს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არაჩვეულებრივი თაობა მიდის... ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი (მაპატიეთ, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, მეტირება მათ გახსენებაზე) ამ კორიფეებს...

ჯემალ ღაღანიძე მუდამ რუსთაველის თეატრში მუშაობდა, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, შესანიშნავი სახეები შექმნა ჯერ კიდევ სერგო ზაქარიაძესთან ერთად და შემდგომ - თეატრის ყველა მნიშვნელოვან სპექტაკლში.

მან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა.

ბოლომდე ძალიან კარგად აზროვნებდა. როდესაც ვურეკავდი, ამბობდა რომ ავადმყოფობდა, მისუსტებული ხმა ჰქონდა, მაგრამ არასოდეს მისცემია პესიმიზმს. მომავლის იმედით იყო და კარგი განწყობა ჰქონდა.

გოჩა კაპანაძე, მსახიობი, რეჟისორი:

- დიდებული ადამიანი, მსახიობი, შესანიშნავი პიროვნება და ბრწყინვალე არტისტი...

ეს იყო იუმორით სავსე ადამიანი და უდიდესი პროფესიონალი. უზარმაზარი ტექნიკისა და სამსახიობო ოსტატობის მფლობელი. მას შეეძლო როგორც კომედიურ, ისე - ფსიქოლოგიურ დრამაში ან ძალიან დიდ ტრაგედიაში ერთნაირი წარმატებით ეთამაშა... მისი ხელოვნება, სამსახიობო მონაცემები ყოველთვის გვაოცებდა. მე არ მახსენდება ბატონი ჯემალის ჩავარდნილი როლი. რუსთაველის თეატრის გარდა არც ერთ თეატრში არ უმუშავია და ყოველთვის ამ თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

ჯემალ ღაღანიძე ყოველთვის ძალიან დიდ რეჟისორებთან თამაშობდა - დიმიტრი ალექსიძე, მიშა თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, ავთო ვარსიმაშვილი... ახალგაზრდა კოლეგებთან ყოველთვის სიხარულით თანამშრომლობდა და თავის არტისტულ ნიჭიერებას, გამოცდილებას გვაძლევდა.

რუსთაველის თეატრში რაც კი ხდებოდა, ჯემალ ღაღანიძე მუდამ საქმის კურსში იყო ... რამდენიმე დღის წინ მასთან სტუმრად მსახიობები იყვნენ, ბატონმა ჯემალმა ბევრი რამ გაიხსენა და მომავალზეც საუბრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურ ასაკში იყო, ვერაფრით ვიფიქრებდით, ასე მალე მის წასვლას, იმდენად ჯანსაღად აზროვნებდა. როგორიც იყო - მუდამ ლაღი და კეთილი, ისეთი დარჩა ბოლო წუთამდე. ასეთი დაგვემშვიდობა, წავიდა უკანასკნელი „ჯამბაზი“...

ყოველმხრივ გამორჩეული იყო, შესანიშნავი ოჯახის შვილი, მეუღლე, მშობელი, ბაბუა და მეგობარი... უზარმაზარი სამეგობრო წრე ჰყავდა.

- თქვენ დადგით დაუვიწყარი სპექტაკლი - „მოხუცი ჯამბაზები“, სადაც თავი ყველაზე დიდ არტისტებს მოუყარეთ...

- დიახ, ბატონო ჯემალი სულ ამბობდა, რომ „მოხუცმა ჯამბაზებმა“ ძალიან დიდი ხნის სიცოცხლე მისცა, შემოქმედებითიც და ფიზიკურიც... ეს სპექტაკლი ბატონი ჯემალისთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან მის თანატოლებთან მუშაობდა, მსახიობებთან, რომლებთანაც ერთად 60-70 წელი მოდიოდა, ჯერ კიდევ მაშინდელი პიონერთა სასახლიდან დაწყებული. რამდენიმე მათგანის ჯგუფელიც იყო... არასოდეს დამავიწყდება, როგორი მოწიწებით იყო ქალბატონების - ზინაიდა კვერენჩხილაძის, მედეა ჩახავას, ზაზა ლებანიძის მიმართ... საერთოდ, ქალბატონების მიმართ ყოველთვის იყო ძალიან გალანტური, თავაზიანი და - აღფრთოვანებული მათი ნამუშევრით.

- დღეს ამ სპექტაკლის შემადგენლობიდან აღარავინ დარჩა?

- დიახ, სამწუხაროდ წავიდნენ ჩვენი უდიდესი არტისტები...

(სპეციალურად საიტისთვის)

"კვირის პალიტრა" დიდ მწუხარებას გამოთქვამს უსაყვარლესი მსახიობის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ბატონი ჯემალი ძალიან დააკლდება ქართულ ხელოვნებას.

ასევე დაგაინტერესებთ სტატია: "ჩვენი თაობიდან ვინღა დავრჩით?.." - "მოხუცი ჯამბაზები" და ჯემალ ღაღანიძის ამბების კრიალოსანი