ამერიკელების თავზე მოდრეიფე ჩინურ სადაზვერვო აეროსტატს არ თუ ვერ აგდებენ? - კვირის პალიტრა

ამერიკელების თავზე მოდრეიფე ჩინურ სადაზვერვო აეროსტატს არ თუ ვერ აგდებენ?

რამდენიმე დღეა, აშშ-ის თავზე ახალი "მთვარე" გამოჩნდა ნამდვილი მთვარის გვერდით, რომელიც ისევე ირეკლავს ამომავალი მზის სხივებს, თუმცა ზომით ბევრად პატარაა...

აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში მონტანას შტატის მაცხოვრებლები ვიდეოკამერებით აფიქსირებენ ამ ახალ "მთვარეს" და ამერიკის ხელისუფლებას მოუწია მოსახლეობის დამშვიდებამ - ეს არის სადაზვერვო საჰაერო ბურთი-აეროსტატი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთის მიერაა გაშვებული. ის კომერციული საჰაერო ფრენების მარშრუტებზე ბევრად მაღლა იმყოფება და არ წარმოადგენს რამე საფრთხეს. სამხედრო მეთაურობამ პრეზიდენტ ბაიდენს მოახსენა, რომ ამ აეროსტატის ჩამოგდებამ შეიძლება დაზიანებები გამოიწვიოს მიწაზე და ამიტომაც რეკომენდებული არ არისო...

ანუ გამოდის, რომ აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ეგუება იმას, რომ უცხო ქვეყნის და მით უმეტეს - ჩინური სადაზვერვო საფრენი აპარატი დღეების განმავლობაში "დაფარფატებდეს" ამერიკის საჰაერო სივრცეში და თანაც - მონტანას შტატის თავზე, სადაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული დანიშნულების ბაზაა განთავსებული, საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების 150 მიწისქვეშა შახტით?

ცოტა ძნელად დასაჯერებელია, ისევე, როგორც იმის მტკიცება, რომ ამ, ჩინური სადაზვერვო აეროსტატის ჩამოგდებამ მიწაზე შეიძლება დიდი ნგრევა გამოიწვიოს...

ჩნდება კითხვა - საკუთარ ცაში პოტენციური მოწინააღმდეგის სადაზვერვო საფრენი აპარატის განადგურება ამერიკელ სამხედროებს არ სურთ თუ არ შეუძლიათ?

საქმე ის არის, რომ ამერიკული ოფიციალური წყაროები სპეციალურად არ აკონკრეტებენ იმ სიმაღლეს, რომელზეც დრეიფობს ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთი, არადა ამ სიმაღლეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება...

ავტომატური მოდრეიფე აეროსტატი წარმოადგენს უპილოტო საჰაერო ბურთს, რომლის გამოყენება სტრატეგიული დაზვერვის განსახორციელებლად ყველაზე აქტიურად სწორედ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაიწყო, ზესაიდუმლო სპეციალური ოპერაციის - "მობი დიკის" სახელით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1956 წლიდან...

2-aerostati-1675423711.png
ავტომატური მოდრეიფე აეროსტატი მასზე ჩამოკიდებული სადაზვერვო სპეცაპარატურით

ამერიკელ მზვერავებს ამ ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა მწარე გამოცდილებამ უკარნახა, როდესაც 1944 წლის 3 ნოემბრიდან 1945 წლის 17 აპრილის ჩათვლით იაპონიამ ჩრდილო-ამერიკის კონტინენტის მიმართულებით, საერთო ჯამში, 6 ათასამდე მომცრო აეროსტატი გაუშვა, თითოეულ მათგანს ოთხი 5 კგ-იანი ცეცხლგამჩენი და ორი 12 კგ-იანი მსხვრევადი ბომბი მიჰქონდა და იაპონიის კუნძულებიდან ჩრდილო-ამერიკის კონტინენტამდე წყნარი ოკეანის თავზე 7 ათასი კმ-ზე მეტი მანძილის გადასალახად სამი დღე და ღამე მაინც სჭირდებოდა, ქარის სიჩქარიდან გამომდინარე.

იაპონელების მიერ გაშვებული რამდენიმე ათასი აეროსტატიდან აშშ-ის ტერიტორიას მხოლოდ 355-მა მიაღწია, მაგრამ ტყის ხანძრები გამოიწვია და ერთხელ, 1945 წლის 10 მარტს, ელექტროგადამცემი ხაზიც კი დააზიანა, რომლითაც დენი პლუტონიუმის დამამზადებელ ჰენფორდის ქარხანას მიეწოდებოდა. იმავე წლის აგვისტოში ამერიკელების მიერ იაპონიის ნაგასაკის თავზე აფეთქებულ ატომურ ბომბში სწორედ ეს პლუტონიუმი იქნა გამოყენებული...

იაპონიისგან მიღებული "გაკვეთელების" გათვალისწინებით, ათიოდე წლის შემდეგ საბჭოთა კოსმოსური და ბირთვული ობიექტების საჰაერო დაზვერვისთვის ამერიკელებმა აეროსტატების გაშვება გერმანიისა და თურქეთის ტერიტორიებიდან დაიწყეს.

ქარი, ძირითადად, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ქრის და ამერიკული სადაზვერვო აეროსტატები საბჭოთა საიდუმლო ობიექტების საჰაერო ფოტოგრაფირების შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანეში ეშვებოდნენ. მათ რადიოშუქურების სიგნალებით მოიძიებდნენ ამერიკელი მზვერავები და ფოტოფირების გამჟღავნების შემდეგ საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებდნენ, რომლის მიღება იმ მომენტში მათ სხვა გზით არ შეეძლოთ, რადგან ამერიკული სპეციალური სადაზვერვო თვითმფრინავების - "უ-2"-ებისა და მზვერავი თანამგზავრების ეპოქა ჯერ არ იყო დაწყებული.

ისე, კომიკურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამერიკული სადაზვერვო აეროსტატების დამსახურებაა ის, რომ... საბჭოთა კავშირმა პირველმა მოახერხა მთვარის უკანა, დედამიწიდან უხილავი მხარის ფოტოგრაფირება!

საქმე ისაა, რომ 1959 წელს სტალინგრადთან, დღევანდელ ვოლგოგრადთან, ტექნიკური გაუმართაობის გამო დაეშვა ორი ამერიკული სადაზვერვო აეროსტატი, რომლებიც მანამდე საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერც კი აღმოაჩინა, სანამ თურქეთიდან სტარტაღებულმა ამ აეროსტატებმა საბჭოთა საქართველოს გადაუფრინეს 32 კმ-ის სიმაღლეზე.

დაუპატიჟებლად "ნასტუმრები" ამერიკული აეროსტატების სადაზვერვო ფოტოაპარატების "გამოშიგვნის" შემდეგ საბჭოთა კონტრდაზვერვას ხელში ჩაუვარდა უმაღლესი ხარისხის, ზემგრძნობიარე ფოტოფირები, რომლის მაგვარის წარმოებაზე მაშინდელი საბჭოთა მრეწველობა ვერც კი იოცნებებდა...

ამიტომაც ნაალაფარი ამერიკული ფოტოფირი მოათავსეს იმ აპარატურაში, რომელიც 1959 წლის ოქტომბერში გაშვებულ საბჭოთა ავტომატურ თანამგზავრში - "ლუნა-3"-ში ეყენა.

ამ თანამგზავრმა შემოუფრინა მთვარეს და ამერიკულ ფირზე გადაღებული მთვარის უკანა მხარის ფოტოები პირველად იხილა მთელმა მსოფლიომ...

ამ არცთუ მცირე ისტორიული რაკურსის შემდეგ დავუბრუნდეთ მთავარ თემას, თუ რატომ შეიძლება გაუძნელდეს აშშ-ის საჰაერო თავდაცვას სტრატოსფეროს მაღალ ეშელონებში მოდრეიფე ჩინური მზვერავი აეროსტატის ჩამოგდება.

იმის გამო, რომ საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 1956-77 წლების პერიოდში აღმოაჩინა 4 112 ამერიკული სადაზვერვო აეროსტატი, რომელთაგან მხოლოდ 793-ის ჩამოგდება შეძლო, მიუთითებს იმ დიდ სირთულეებზე, რაც მაღალ სიმაღლეებზე მფრენი აეროსტატის დაზიანება-ჩამოგდებასთანაა დაკავშირებული.

სტრატოსფერო 11-დან 50 კმ სიმაღლემდე ვრცელდება. კომერციული საჰაერო ფრენები, ძირითადად, 11-12 კმ სიმაღლემდე ხორციელდება, ხოლო თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების ფრენის მაქსიმალური პრაქტიკული "ჭერი" 18-19 კმ-ით შემოიფარგლება, მაშინ, როდესაც ავტომატური მოდრეიფე აეროსტატები 30-40 კმ სიმაღლეებზეც დაფრინავენ.

რა თქმა უნდა, არსებობს, ასევე, თანამედროვე საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც თვით ბალისტიკური რაკეტის გადაჭერაც კი შეუძლიათ 40 კმ-ის სიმაღლეზე ან სულაც - ხელოვნური თანამგზავრის დაზიანება 200-300 კმ-ის სიმაღლეზე, დედამიწის ახლო ორბიტაზე, მაგრამ აქ არის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი...

სადაზვერვო აეროსტატების გარსი მართალია, დიდი მოცულობისაა და მზის სხივების დაცემისა და არეკვლისას მიწიდანაც კი ჩანს ბინოკლში, მაგრამ ეს გარსი რადიოტალღებისთვის გამჭვირვალეა და ამიტომაც უჭირთ მისი აღმოჩენა რადიოლოკატორებს, ისევე, როგორც მისი მიზანში ამოღება და დაზიანება რადიოლოკაციური დამიზნების თავაკის მქონე "მიწა-ჰაერის" და "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვად რაკეტებს.

შედარებით გაადვილებულია მზის სხივებით გამთბარი აეროსტატის გარსის კონკრეტულ მხარეს "ჰაერი-ჰაერის" კლასის იმ მართვადი რაკეტის გამოყენება, რომელსაც სითბური დამიზნების თავაკი უყენია.

სწორედ ამიტომაც, საბჭოთა სამხედრო მფრინავები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში, სტრატოსფეროში აღმოჩენილი ამერიკული ავტომატური მოდრეიფე სადაზვერვო აეროსტატების გასანადგურებლად საბრძოლო მორიგეობიდან სასწრაფოდ ააფრენდნენ, იყენებდნენ თბილისის საავიაციო ქარხნის მიერ წარმოებულ სითბური დამიზნების "ჰაერი-ჰაერის" კლასის "რ-73" ტიპის მართვად რაკეტებს.

გარდა ამისა, რეკომენდირებული იყო გამანადგურებელ-გზაგადამჭრელის ავტომატური ქვემეხიდან ცეცხლის გახსნაც, ოღონდ სპეციალური ცეცხლგამჩენი-ტრასირებადი ჭურვებით, რომლებსაც ძალზე მგრძნობიარე ამფეთქები ეყენა, რადგან ჩვეულებრივი საავიაციო ჭურვის ამფეთქი ისე ხვრეტდა აეროსტატის გარსის ორივე მხარეს, რომ არ ფეთქდებოდა.

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა პირველი "ცივი ომის" დროს ისე შეაწუხა ამერიკული ავტომატური მოდრეიფე აეროსტატების ხშირმა "სტუმრობამ", რომ მიასიშჩევის საავიაციო საკონსტრუქტორო ბიუროს "აეროსტატების გადამჭერი", მაღალ სიმაღლეზე მფრენი სპეციალური თვითმფრინავის - "მ-17"-ის კონსტრუირებაც კი დაუკვეთა, რომელსაც 21,5 კმ-მდე სიმაღლეზე "ასვლა" შეეძლო.

ამ ბლოგის ავტორს თავის დროზე საშუალება მიეცა, დეტალურად დაეთვალიერებინა ეს უნიკალური თვითმფრინავი...

როგორც ხედავთ, საბჭოთა მფრინავებს ბევრად მეტი გამოცდილება დაუგროვდათ ამერიკულ აეროსტატებთან ბრძოლაში, ვიდრე - თავად ამერიკელებს, რადგან ჩრდილო-ამერიკის თავზე, ცაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღარავინ აგზავნიდა საჰაერო დაზვერვის ასეთ, თითქოს დრომოჭმულ საშუალებებს...

მაგრამ სიტუაცია იცვლება, ჩინურმა, ჩრდილოეთ კორეულმა და თვით ირანულმა სადაზვერვო აეროსტატებმაც შეიძლება, მოუხშირონ ჩრდილო-ამერიკის კონტინენტის თავზე "საჰაერო გასეირნება", რის აღსაკვეთადაც აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას სპეციალური მომზადება დასჭირდება...