" ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი"
ევროპარლამენტში 2 კაცი არ ესწრებოდა, დარბაზი აბსოლუტურად ცარიელი იყო, გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ბოლო დროის განმავლობაში ვისმენთ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკთხზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"2 კაცი არ ესწრებოდა, დარბაზი აბსოლუტურად ცარიელი იყო. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში. არც ერთი მათი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზებისაკენ“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის შეფასებით, თუ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს მიიღებს არანაირი პრობლემა არ ექნება.
მისი თქმით, სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია და ამას ხელს უწყობს მისი გარემოცვა - ოჯახისა და პარტიის წევრები.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, პენიტენციური სისტემა, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული, სააკაშვილი არის გამონაკლისი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია. თუ მიიღებს საკვებს არანაირი პრობლემა არ ექნება, ადამიანი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის წევრები, პარტიის წევრები და ა.შ“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის დღიდან უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს ვუყურებთ, "რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ირგვლივ არსებული ადამიანები“.
"ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებებია. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოტანის დღიდან დაწყებული. ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირების, არეულობის, რევოლუციის მოწყობას, მაგრამ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისმა სამსახურმა იმუშავა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, ციხეში ჩაესვათ.
ამ დღეებიდან მოყოლებული, ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ირგვლივ არსებული ადამიანები. არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო - მიშამ უნდა ჭამოს“,- განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს სააკაშვილს ლმობიერად არ ეპყრობიან.
"არადა ადამიანს ყველაფერი აქვს. ის არის რადიკალურად განსხვავებული სხვა პატიმრებთან შედარებით. არის კლინიკაში. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს ერთი მიზანი, როგორმე დაიხსნან ციხიდან. ნახეთ განცხადებები, პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და სამშობლოს. მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"