რუსული საეკლესიო გალობა იქცა იმ ტრაგედიათა სარკედ, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს და ეკლესიის ისტორიაში არსებობდა - კვირის პალიტრა

რუსული საეკლესიო გალობა იქცა იმ ტრაგედიათა სარკედ, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს და ეკლესიის ისტორიაში არსებობდა

საკმაოდ დრამატული ბედი ჰქონია რუსულ საეკლესიო მრავალხმიანობას. ქართული გალობა საუკუნეებს ითვლის და ადრე დავწერე კიდევ ამაზე. ამჯერად მეცნიერების ევდოკიმოვასა და კორენკოვის ჩანაწერებს მივაგენი და ვეცადე თვალი რუსული გალობის ისტორიული ამბებისთვისაც გადამევლო. აღნიშნული მეცნიერები წერენ, რომ საუკუნეების წინ რუსული გალობა მრავალხმიანი იყო და თავისი სილამაზით გამოირჩეოდა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. რუსული მრავალხმიანობა დიდი ხნის წინ წარმოშობილა ( მაგრამ, როგორც ვიცი, ის არ არის ქართულ გალობაზე ძველი). წარმოშობილა ყოველგვარი გარე მაგალითის გარეშე, რადგან იმ პერიოდისთვის არც ბერძნებისთვის, არც სირიელებისთვის და არც რომელიმე ძველი სლავური რეგიონისთვის ასეთი მრავალხმიანობა დამახასიათებელი არ ყოფილა.

რუსული მრავალხმიანი გალობა გამორჩეული გახლდათ თვითმყოფადობით. მას ხშირად ძველ რუსულ ხატებს ადარებდნენ. მრავალფენიანი ძველი რუსული ფრესკები და ხატები, რომლებშიც შეიძლება, ერთდროულად იყოს გამოსახული სივრცობრივი, დროისა და „სიუჟეტური“ პლასტი - შედარებულია მრავალხმიანობაში არსებულ თვითმყოფად ფენებთან. ზოგ ადგილას თურმე ოთხხმიანობაც გამოიკვეთებოდა, რაზეც თავის მხრივ მეცნიერები ჩრდილო-დასავლურ გავლენაზე მიუთითებენ. მრავალხმიანობას ხატწერაში თავისი ერთგვარი ვიზუალური ანალოგიც ჰქონდა: საშუალო ხმა მასში წითელი მელნით (სინგურით) იწერებოდა, ხოლო კიდური ხმა -შავით. ამას მეცნიერები ადარებდნენ - ხმათა შეხამების თავისებურ კომბინაციას.

ნოვგოროდისა და ფსკოვის მთავარეპისკოპოსთა კურთხევანში, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება, ჯერ იხსენიება საეკლესიო გალობა და ცოტა მოგვიანებით ორხმიანი გალობა. მე-17 საუკუნიდან მოხსენიებული საეკლესიო საგალობლები, რომლებიც გაგებასა და შესრულებას ექვემდებარებიან, უნიკალურ სამგალობლო ხელოვნებაზე მიგვითითებენ.

რა არის უმეტესად დამახასიათებელი რუსული საეკლესიო მრავალხმიანობისთვის? ის, აწყობილია მელოდიური გალობის საფუძველზე. საჭიროებების შემთხვევაში შესაძლოა, ცალკეულად ჟღერდეს, როგორც სრულყოფილი მელოდია. „ამასთანავე, რუსულ საეკლესიო მრავალხმიანობაში არ არსებობს ის მკვეთრად გამოხატული პულსაცია, რომელიც საერო მუსიკას ახასიათებს. ის თითქოს არც არანაირად არ იკვეთება, არამედ თითოეული მუსიკალური ფრაზის თავიდან ბოლომდე თავისუფლად მოედინება. ის იმდენადვე განსულიერებული და არაამსოფლიურია, როგორც მასში განთავსებული თითოეული ბგერა, ამიტომ რუსული საეკლესიო მრავალხმიანობა ზოგჯერ რაღაცით მიაგავს ძველ რუსულ სასიმღერო ფოლკლორს“ - წერს კორენკოვი.

რუსული საეკლესიო მრავალხმიანობის სპეციფიკას სრულიად გადმოიცემა მისი „კრიუკებით“ ( რუსული საეკლესიო დამწერლობის ნიშნებით). ეს „კრიუკები,“ როგორც ერთგვარი „ხვეულები“ ნაწილობრივ მრავალხმიანობის ხაზობრივ ნოტაციაზე გადმოცემისას შენარჩუნებულია. რუსულ საეკლესიო მრავალხმიანობას უწოდებენ „სტროკულ“ ( სიტყვიდან „ბწკარედი“) და ეს სახელწოდება მთლიანად შეესაბამება მრავალხმიანობის ბუნებასა და არსს.

მე-17 საუკუნის მრავალი ისტორიული დოკუმენტი გადმოგვცემს რუსული ეკლესიის სამგალობლო ცხოვრების ცოცხალ და მდიდარ ტრადიციებს, რომელიც შემდგომ თანდათან დაიკარგა და სხვა სტილში აითქვიფა. როგორც მკვლევრები ამბობენ - თანამედროვე რუსული გალობა შენარჩუნდა ახალი ‘პარტესული“ გალობის საფარველით.

რუსული საეკლესიო მრავალხმიანობა იმიტომ კი არ გაქრა თანამედროვე ეკლესიიდან, რომ საკუთარი თავი ამოწურა, არამდე ის ლათინურ აკაპელას სტილთან შერწყმით წარმოშობილმა „პარტესულმა“ გალობამ შეავიწროვა - წერენ რუსი მეცნიერები. და, საერთოდ, მათი თქმით ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში „პარტესული“ გალობის გამოჩენამ დათრგუნა საეკლესიო გალობა და შეავიწროვა ეკლესია. „ პარტესული“ მრავალხმიანობა გაჩნდა, როგორც ეკლესიაზე მიწევნულ უბედურებათა სიმპტომი, ამა სოფლის მიერ ეკლესიის შევიწროება, მისი მსგავსება კი მრავალხმიანობის დასავლურ ფორმებთან სწორედ ამითაა განპირობებული.

„პრობლემები სხვაც იყო. რუსული მრავალხმიანობის დაკარგვა ერთგვარად დაკავშირებულია ეკლესიაში წარმოშობილი უწესრიგობით. რატომაა, რომ განხეთქილების დროს ეკლესიაში საერო, ანუ პარტესული გალობა აჟღერდება ხოლმე?! შეუძლებელია ანგელოზთმობაძაობა იქ, სადაც ერთობა და მშვიდობა არ არის. და, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ მე-18 საუკუნის ბოლოდან რუსეთში, ეკლესიებში პარტესული გალობის ხმები აჟღერდა“ -წერს საეკლესიო გალობის სპეციალისტი ვ. მარტინოვი.

როგორც ჩანს, რუსული საეკლესიო გალობა იქცა იმ ტრაგედიათა სარკედ, რუსეთის სახელმწიფოს და ეკლესიის ისტორიაში რომ აღსრულდა.