ევროპული "მამბა" რუსულ "ალიგატორს" უკრაინის ცაში შეებრძოლება
მამბა აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე შხამიან ქვეწარმავალს ჰქვია, ხოლო ალიგატორი კი ჩრდილოთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებული ნიანგის სახეობაა...
სწორედ ეს სახელები შეარჩიეს ფრანგებმა და იტალიელებმა თავიანთი თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემისთვის SAMP/T-MAMBA -სთვის, ხოლო რუსებმა კი თავისი სადაზვერვო-დამრტყმელი შვეულმფრენისთვის Ка-52 «Аллигатор» -ისთვის...
ამ ორი, სხვადასხვა კონტინენტზე ბინადარი არსების "სეხნიებიც" სავარაუდოდ, დიდიხანი ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთი წლის წინ რუსეთი უკრაინას რომ არ დასხმოდა თავს სწორედ "ალიგატორებითაც" და რამდენიმე დღის წინ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობებს არ მიეღოთ ძალზე გაბედული და რაღაცნაირად რევოლუციური გადაწყვეტილება, "მამბის" უკრაინაში გაგზავნის შესახებ...
რევოლუციური კი იმიტომ, რომ დასავლეთევროპული საზენიტო-სარაკეტო სისტემა "მამბა" დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში და თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით არათუ ტოლს არ უდებს ამერიკულ "პეტრიოტსა" თუ რუსულ C-300ПМУ-2 "Фаворит" -ს, რაღაც პარამეტრებით ჯაბნის კიდეც მათ...
უკრაინის ცაში დასავლეთ ევროპულმა "მამბამ" არამარტო რუსული "ალიგატორის" შვეულმფრენები, არამედ დრონები, საბრძოლო თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები და თვით ბალისტიკური რაკეტებიც კი უნდა აღმოაჩინოს და ჩამოაგდოს, რისი პოტენციალიც მის მძლავრ ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორს ARABEL -სა და ორსაფეხურიან საზენიტო რაკეტას Aster-30 -ს ნამდვილად გააჩნიათ - რადიოლოკატორს ას კმ-ზე შორ მანძილზე ერთდროულად 130-მდე საჰაერო სამიზნის აღმოჩენა და მათგან ათის "ჩაჭერა" და მათზე რვა საზენიტო რაკეტის დამიზნება შეუძლია, რომელთა ერთიმეორის მიყოლებით სტარტისთვის, მხოლოდ ათი წამია საჭირო - რაკეტების ასეთი სწრაფი გაშვებით, ვერც ამერიკული "პეტრიოტი"და ვერც რუსული "ფავორიტი" ვერ დაიკვეხნიან...
510 კგ მასის Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტა სტარტის შემდეგ მაქსიმალურ სიჩქარეს-1,4 კმ/წმ-ში ანვითარებს და 25 კმ სიმაღლემდე და 100 კმ-ის რადიუსში ზებგერითი თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეუძლია, ხოლო ბალისტიკურ რაკეტას 35 კმ მაქსიმალურ სიშორეზე გადაიჭერს...
საზენიტო რაკეტა ფრენის ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთში საჰაერო მიზანს საბორტე აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების თავაკის საშუალებით აგნებს და მის სიახლოვეს რაკეტის 20 კგ-იანი საბრძოლო ქობინი დეტონირდება, რომლის დროს წარმოქმნილი მიმართული მოქმედების აფეთქების ტალღა და გამზადებული დამაზიანებელი ელემენტები მოწინააღმდეგის საფრენ აპარატს გადარჩენის შანსს აღარ უტოვებენ...
მიუხედავად ასეთი სანაქებო დახასიათებისა, დასავლეთ ევროპულ "მამბას" იმავე რუსული "ალიგატორისგან" განსხვავებით, ჯერჯერობით ერთი დიდი ნაკლი აქვს -"მამბა" რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ჯერ არავის უნახავს, მაშინ, როდესაც "ალიგატორი" რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველივე წუთებიდან მონაწილეობს ამ ომში (მანამდე სირიის ომიც გამოიარა) და რუსმა ოკუპანტებმა გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე, არანაკლებ 31 ერთეული Ка-52 «Аллигатор» -იც კი დაკარგეს...
ფრანგი და იტალიელი პოლიტიკოსები იფიცებიან, რომ "მამბის" უკრაინისთვის გადაცემას დროში არ გაწელავენ და ის უკრაინის ცის დაცვას უკვე გაზაფხულიდანვე შეუდგებაო...
გასაგებია, რომ "მამბების" დივიზიონებს ნატოელი პარტნიორები ვერ გაიმეტებენ უკრაინელებისთვის, რადგან თავადაც მცირე რაოდენობით აქვთ, მაგრამ "მამბას" ერთ დანადგარზე რვა საზენიტო რაკეტაა დამონტაჟებული და ერთმა ბატარეამაც კი 3-4 დანადგარის შემადგენლობით შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს იმავე უკრაინის დედაქალაქზე - კიევზე მორიგი რუსული საჰაერო თავდასხმისას, ბალისტიკური რაკეტების მოგერიებისას, დაველოდოთ როგორი იქნება "მამბის" საბრძოლო ნათლობა უკრაინის ცაში...
თუკი "მამბამ" თავი გამოიჩინა რუსული შვეულმფრენების, თვითმფრინავებისა და მითუმეტეს ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებით, ეს მისი ევროპელი მწარმოებლებისთვის უდიდესი რეკლამა გახდება, რაც "მამბების" ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის მთელს მსოფლიოში...