"რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს"
„დღეს ქართულ პოლიტიკაზე სააკაშვილის გავლენა ისეთი ნამდვილად არ არის, რომ მისმა გათავისუფლებამ ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნას. ამიტომ, წესით, გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას უნდა გაუადვილდეს“
გასულ კვირას გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიშის თანახმად, უმეტესწილად შეფასება პოზიტიურია. ლაპარაკია, რომ საქართველოს ამა თუ იმ სფეროში აქვს მომზადების გარკვეული ან შედარებით კარგი დონე. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს 31 სფეროს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ქულები აქვთ მინიჭებული. მათგან პირველია უკრაინა 69 ქულით, რომელსაც ოდნავ ჩამორჩება საქართველო 67 ქულით, მოლდოვამ კი ევროკომისიის შეფასებით მხოლოდ 55 ქულა დააგროვა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მზადყოფნასთან დაკავშირებით მომზადებულ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს. მისი თქმით, ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ნამდვილად გასახარია, რომ დასკვნა ასეთი პოზიტიურია, მაგრამ ეს მაინც ტექნიკური შეფასებაა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველო ამ გზაზე აქამდეც უსწრებდა ბევრი მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვას. ეს, სხვათა შორის, მაშინაც კი ითქვა, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. მე ამ გადაწყვეტილებას მაშინაც შეცდომად ვაფასებდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ამას ჰქონდა პოლიტიკური მიზეზები, რომელთა აღმოფხვრაც საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო.ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ასეთი შეფასება მოგვცა, მაგრამ ვითარება ისეთია, დღეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ის, თუ როგორ შესრულდება ევროკომისიისვე მოცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ჩვენს პარტნიორებს აქვთ საქართველოსთან დაკავშირებული კონკრეტულად ჩამოყალიბებული გეგმა, რაც 12 პუნქტშია ასახული. ჩვენთან უმთავრესი პრობლემაა სახელმწიფოს ფუნქციონირება რამდენად დემოკრატიულია, რამდენად ძლიერია ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკური შეფასება ნაწილობრივ აჩვენებს, რომ კანონმდებლობის თვალსაზრისით ამა თუ იმ სფეროში გვაქვს წინსვლა, მაგრამ ეს იქნება თუ არა საკმარისი კანდიდატის სტატუსის მოცემაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. კარგია, რომ წინ მივდივართ, თუმცა მნიშვნელოვანია, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მეტად კონცენტრირდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე.
- ამ 12 პუნქტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები უფრო იმის მანიშნებელია, რომ პოლარიზაცია უფრო გაღრმავდება.
- ეს მართლაც ურთულესი საკითხია. ისე ჩანს, უმნიშვნელოვანესი იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი. აქაც სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. დღეს ქართულ პოლიტიკაზე სააკაშვილის გავლენა ისეთი ნამდვილად არ არის, რომ მისმა გათავისუფლებამ ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნას. ამიტომ, წესით, გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას უნდა გაუადვილდეს. თუ საკითხი ასე დგას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეიძლება სააკაშვილის ციხეში ყოფნამ შეუშალოს, მაშინ ყველაფერი უნდა შეფასდეს სახელმწიფო ინტერესების გადმოსახედიდან და შემდგომ მოიძებნოს სამართლებრივი გზა მისი ქვეყნიდან გასვლისთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი უდანაშაულო და უცოდველია, არც იმის მჯერა, რომ მისი მდგომარეობა სასიკვდილოა. არადა, ჯვარი სწერია და, ბოლო 3-4 თვეა მისი ახლობლები თუ მხარდამჭერები ამტკიცებენ, კვდებაო. ვნახეთ მისი ჩართვა სასამართლო პროცესზე. მართლაც არ არის კარგად, სჭირდება მკურნალობა, მაგრამ არც ისე ცუდად ჩანს, რომ ფატალური დასასრული ემუქრებოდეს. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სწორედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ჩვენი პარტნიორების პოზიცია და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს, მაგრამ აქვე ვიტყვი, ეს არ იქნება საკმარისი მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად.ქვეყანაში მთელი გარემოა არაჯანსაღი. ასე მგონია, სასამართლო სისტემის გამართვაც კი ვერ მოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს პოლარიზაციის შემცირებისთვის. მთელი მედიასაშუალებები, განსაკუთრებით სოციალური ქსელები, გაჟღენთილია სიძულვილის ენით. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც, რასაც ჰქვია რიგითი მოქალაქის ურთიერთობა ხელისუფლებასთან. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ - ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ კომპანიამ, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა და რომლის მესვეურიც დააკავეს, დედაქალაქის მერიის გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი მოიგო. ამას რომ კითხულობ, ბუნებრივია, გიჩნდება პროტესტი და ჩნდება ბზარი მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის.
უსამართლობის განცდა მაშინ ჩნდება, როდესაც ვიღაცას კანონის დარღვევით შეუძლია წარმატების მიღწევა, რიგით მოქალაქეს კი ლამის სუნთქვის უფლებასაც ართმევენ. ამის დაძლევა ძალიან გრძელი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ საწყის ეტაპზე ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ქვეყნის მტერსა და აგენტს არ ეძახდნენ. ამის მიღწევა უფრო ადვილია, მაგრამ ამასაც ვერ ვაკეთებთ.
- რას ფიქრობთ "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ პროცესებზე? პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, მის უკან კი მერაბიშვილ-კეზერაშვილის გუნდი მოიაზრება. რას ფიქრობთ, ამის შემდეგ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს "ნაციონალურ მოძრაობაში" და როგორ შეიძლება აისახოს ეს ოპოზიციურ ფლანგზე?
- ჩემი აზრით, პარტია გაიყოფა. ეს არ იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის" პირველი, პოლიტიკური ინტელექტის უდიდესი ნაწილი ამ პარტიას 2016 წელს გამოეყო, როდესაც "ევროპული საქართველო" შეიქმნა. ასეთივე მასშტაბური გასვლა შეიძლება ახლა არ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს "ნაციონალურ მოძრაობას" ელექტორალურად გაყოფს. თუ მელიას ჯგუფი მართლაც წავიდა, პარტიას ისევ პოლიტიკური ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს.
ხაბეიშვილს კი ორი უმძიმესი ტვირთი აქვს აკიდებული: ერთი კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენა, რომლის სიმძიმესაც პოლიტიკურად უნდა გაუძლოს, და მეორე პარტიის ინტელექტუალური დონე, რომელიც ცისკარიშვილ-კირკიტაძის ამარა რჩება. გაიხსენეთ, ერთიც და მეორეც იმით გამოირჩეოდნენ, რომ პარლამენტში ჩხუბობდნენ. რაც შეეხება მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, მათგან ერთი რეპრესიებთან ასოცირდება, მეორე - კორუფციასთან. მათთან პოლიტიკურ თანამშრომლობას ბევრი ოპოზიციური პარტია არ ინდომებს. ამ საკითხზე "ლელომ" უკვე გააკეთა განცხადება... ასეთ ვითარებაში პარტიის გაძლიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ მელია დარჩება, რაც ძალიან წარმოუდგენელი მგონია, მაშინ გარკვეული დროის მერე, ალბათ, ისევ ვადამდელი არჩევნები გახდება პარტიაში საჭირო.
- გასულ კვირას ლევან ხაბეიშვილმა მეტად უცნაური განცხადებები აკეთა, ჯერ ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ პარტიის შენობა და ყველა დონეზე მანდატების დატოვება შესთავაზა, რამაც პარტიაში აშკარად უკმაყოფილება გამოიწვია, მერე კი განაცხადა, რომ შეიქმნება სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები, რაც ერთგვარ წინააღმდეგობის მოძრაობად უნდა ჩამოყალიბდესო. არსებობს ვარაუდი, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა ხელისუფლებას აწყობს, რადგან ასე უკეთესად მოახერხებს შეინარჩუნოს პოლიტიკურ ასპარეზზე ის ორპოლუსიანობა, რომელიც მას აქამდე ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ზოგი უფრო შორსაც მიდის და ეჭვობს, რომ კეზერაშვილ-მერაბიშვილი ხელისუფლებასთანაც კი შეიძლება იყვნენ გარიგებული.
- დავიწყოთ იმით, რომ როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს, მის გამოსახსნელად შტაბებს მაშინაც ქმნიდნენ, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა, ასე იქნება ახლაც. ამ საქმეს შტაბების შექმნა ვერ უშველის. ეს უფრო პიარსვლა მგონია, რათა ხაბეიშვილმა ამომრჩეველს დაანახოს, რომ რაღაცას აკეთებს. რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას, ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დარწმუნებითაც გამიჭირდება თქმა, რომ კეზერაშვილსA და მერაბიშვილს ურთიერთობა აქვთ "ქართულ ოცნებასთან". თუმცა ერთი რამ ცხადია - ხელისუფლებას ასეთი "ნაციონალური მოძრაობა" ხელს აძლევს და, რა თქმა უნდა, შეეცდება არჩევნებამდე შეინარჩუნოს. რატომაც არა, მას სჭირდება რადიკალური, მყვირალა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის აჩრდილებით დამძიმებული ოპონენტი. ის, რომ ისინი ჯერ ტელეეკრანებზე არ ჩანან და საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, არაფერს ნიშნავს, მათი რეანიმაცია უკვე მოხდა. თუ რამე არ აძლევს ხელს "ქართულ ოცნებას", ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნება.
- ბოლო დროს რუსეთი საქართველოს მიმართულებით ერთობ გააქტიურებულია. სანამ ლავროვის ნახსენებ პირდაპირი ფრენების თემას შევეხებით, მინდა ვისაუბროთ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე, რომლის ავთენტურობაც აბაშიძემ დაადასტურა. ამ ჩანაწერში ისე ჩანს, რომ დაგეგმილია ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე... შეიძლება ამგვარ კულუარულ მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან?
- თუ ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოზიციას გავიხსენებთ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კულუარულად ლაპარაკობენ. მე როგორც დამრჩა შთაბეჭდილება, ლაპარაკია მამისონის უღელტეხილსა და რაჭაზე გამავალ გზაზე. ამასთან, გავიხსენოთ, ამ ცოტა ხნის წინ გახმაურებული სკანდალური ინფორმაცია, რომ ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენს, ვინმე ხიდაშელს, ლამის მთელი რაჭის ტყეების ყიდვა სურდა. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დასრულდა, მაგრამ მეეჭვება, ეს დამთხვევა იყოს. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი დეტალურად უნდა განმარტოს, ვის რას ელაპარაკებიან ან რა გადაწყვეტილებებს იღებენ.
ვის სჭირდება ამგვარი მაგისტრალი? ვიღაცას იქნებ მომგებიანად მოეჩვენოს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს საქართველოს მხოლოდ კატასტროფულ შედეგებს მოუტანს. ჩვენ ამით კიდევ ერთ საფრთხეს გავუჩენთ ქვეყანას.
- ვის შეიძლება გაევრცელებინა ეს ჩანაწერი? იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაემთხვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე, ბუნებრივია, იბადება კითხვა, ამ ყველაფრით რუსეთი ხომ არ ცდილობს წაახალისოს აზრი, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება და ასე უფრო გაართულოს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, იზოლაციაშია, იმდენად მძიმე დღეში, რომ ლავროვის აფრიკის ქვეყნებში ვიზიტებს პომპეზურად აშუქებენ. შესაძლოა საქართველოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის აფიშირებით სურთ საკუთარ მოსახლეობას აჩვენონ, რომ მათ ვიღაც უსმენს და ანგარიშს უწევს. ნახეთ, რა კონტექსტში გააკეთა ლავროვმა განცხადება - მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს არ იღებსო. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს საქართველოს არაფერს მოუტანს და აჩენს კითხვას, აღდგენის შემთხვევაში ამ გზით რუსეთი მართლაც ხომ არ შეეცდება სანქცირებული ტვირთების გადატანას.
საქართველომ ამას უნდა აარიდოს თავი, მით უფრო, რუსული თვითმფრინავების ფრენა ევროპაში, ფაქტობრივად, აკრძალულია. სწორედ ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ყველას შეახსენა სანქციების საკითხი. თუ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, ბუნებრივია, ეს ჩვენმა მეგობრებმა შესაძლოა ძალიან მკაცრად შეაფასონ.
მოკლედ, მთელი ეს აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ, საკუთარი მოსახლეობა დააჯერონ, აი, საქართველო რუსეთთან თანამშრომლობსო, და მეორე მხრივ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებში გააღვივონ ეჭვი, რომ საქართველო ჩართულია სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებებში. ამაზე ხელისუფლების დროული და არგუმენტირებული პასუხებია საჭირო.
- გასულ კვირაშივე რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ის, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და "სამხრეთი ოსეთი", მაგრამ მისი სურვილი დარჩება "ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროშიო"... ამასთანავე, ფაქტობრივად, დაიმუქრა, საზღვრებზე გამწვავებას ელოდეთო.
- როგორც ჩანს, რუსები შეაშფოთა საქართველოსთან ურთიერთობის რაიმე ტიპის რეგულირების პერსპექტივამ და სასწრაფოდ გაავლეს წითელი ხაზები, რომ თურმე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემა არ გადაიხედება. ზატულინმა მერე რაც თქვა, ამით გააძლიერა საქართველოს ხელისუფლების ნარატივი, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, რუსები ომს დაგვიწყებენ. მოკლედ, რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას არ ღალატობს. სხვას არც არაფერს მოველი მათგან. მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ რუსეთთან კარგად მოიქცევი თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს, ის იქცევა ისე, როგორც თვითონ აწყობს.
ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები რუსეთთან დაკავშირებით დამღუპველია. მეც ვიზიარებ, რომ ეს პოლიტიკა არასწორია, მაგრამ ქვეყნისთვის კატასტროფულად არ მივიჩნევ. საქმე ისაა, რომ ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. თუ უკრაინამ ეს ომი გამარჯვებით დაასრულა, მაშინ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება და საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში თუ ვინმე სხვა. საქართველოს მოსახლეობის განწყობა ცნობილია, NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. ამ რეალობას ვერავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ საკითხავი ისაა, ეს როდის მოხდება და ამ გზაზე რას დავკარგავთ ან რას მივიღებთ.