„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“-ის გამარჯვებულები ცნობილია - კვირის პალიტრა

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“-ის გამარჯვებულები ცნობილია

სამი ახალი ქართველი ავტორი, რომელთა წიგნებიც არ უნდა გამოგრჩეთ!

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ მკითხველი მალე სამ ახალ ავტორს გაიცნობს. ანი ბალიაშვილმა, მათე ბაღაშვილმა და რუსუდან ტყემალაძემ აიხდინეს ოცნება და შეძლეს კრიტიკული მკითხველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური თავიანთ ნიჭიერებაში დაერწმუნებინათ.

ჟიურის რჩეულთა შორის მოხვდნენ ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე, მკითხველმა კი თავაის ფავორიტად მათე ბაღაშვილი აირჩია. სამივე მათგანის ნამუშევარს გამომცემლობა "პალიტრა L" რამდენიმე თვეში გამოსცემს და მათი გაცნობისა და შეფასების საშუალება მკითხველთა ფართო წრეებს მიეცემა.

კონკურსი 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 6 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში­ გარდამტეხი აღმოჩნდა. "გახდი­ ბესტსელერის ავტორის" აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის­ ბესტსელერთა სიაშია. ლიტერატურული კონკურსით დაინტერესება მაღალი იყო 2023 წელსაც. კერძოდ, მასში მონაწილეობდა 82 კონკურსანტი,­ საიდანაც მეორე ტურში 20 მათგანი გადა­­ვიდა, ფინალურ ეტაპზე გასული 20 ავტორიდან კი სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

"ჩემი წიგნი არის უამრავი ადამიანის ხმა, რომლებიც მასში საკუთარ თავს აღმოაჩენენ"

ანი ბალიაშვილი: "ეს გამარჯვება ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენას უკავშირდება. მართლაც, იმდენ ხანს მქონდა გონებაში წიგნის ავტორობის სურვილი, რომ ამწამსაც არ მჯერა მისი რეალობად ქცევა. თუმცა თვითონ კონკურსის მიმდინარეობის დროს, როდესაც წიგნის წერა დავასრულე, მივხვდი, რომ საქმე მხოლოდ ჩემს ოცნებებში არ იყო. ჩემი წიგნი არის არამხოლოდ ჩემი, არამედ უამრავი ადამიანის ხმა, რომლებიც მასში საკუთარ თავს აღმოაჩენენ. მჯერა, რომ ამ გამარჯვების წყალობით ჩემს სათქმელს უამრავი ადამიანი მოისმენს, გაიგებს და ეს სულ მცირედით მაინც უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას. ამ გამარჯვების შემდეგ, მგონია, რომ ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვალა. ვხვდები, რომ წინ ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და უამრავი შესაძლებლობით სავსე გზაა. გზა, რომელიც აუცილებლად მიმიყვანს დანიშნულების ადგილამდე".

"მანკიერებანი, რომელნიც "ბეტონების იქით" გენეტიკურ დონეზე­ აქვს ყველას გამჯდარი, მუდამ წარმოშობს მეამბოხე სულებს"

მათე ბაღაშვილი: "ბეტონების იქით" არის ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სიმბიოზურად თანაცხოვრობს ჩემთან ერთად - ამ ამბებისგან სამყაროსეულ გაკვეთილებს ვსწავლობ, მაგრამ სანაცვლოდაც გავცემ ძალას, ენერგიასა და განცდას. უსამართლობა, ძალადობა, არსაიდან მოსული შიშები, ჩაგვრის დაუცხრომელი სურვილი - მანკიერებანი, რომელნიც "ბეტონების იქით" გენეტიკურ დონეზე­ აქვს ყველას გამჯდარი, მუდამ წარმოშობს მეამბოხე სულებს. სწორედ ამ ადამიანებისგან იწყება საზოგადოების გაჯანსაღება, მათი დაუცხრომელი სურვილი და ვნება ცვლილებებისადმი სცდება პიროვნული პროტესტისა და დემონსტრაციების საზღვრებს და იქცევა საზოგადოებრივ მანიფესტაციებად.

კონკურსში პირველად და უკანასკნელად ვმონაწილეობ. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო ხალხის რჩეული და ეს ორმაგად აძლიერებს განცდას, რომ მუდმივად ქმნადობის პროცესში იყო. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ნაწარმოები წაიკითხა, შეფასება გამიზიარა და ხმა მომცა".

"მწერლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მადლიერი ვარ, რომ ახდა!"

რუსუდან ტყემალაძე: "გამარჯვება ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, ამ კონკურსის წყალობით დაიბეჭდება ჩემი სადებიუტო რომანი. პროფესიული ლიტერატურული სცენა ჩემთვის ახალი სფეროა, მექნება საშუალება საზოგადოებას თავი გავაცნო როგორც მწერალმა და არამხოლოდ როგორც არქიტექტორმა და პედაგოგმა. მწერლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მადლიერი ვარ, რომ ახდა!"სამივე ავტორს ნამუშევრების გამოცემ­ამდე მენტორებთან მუშაობის გრძელი გზა ელოდება, რა პერიოდშიც უკეთ დახელოვნდებიან სხვადასხვა გამომსახველობით ფორმაში, გაიუმჯობესებენ იმ უნარებს, რომლებიც ავტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, და მიიღებენ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას, რომელიც ახალი პერსონაჟებისა და სიუჟეტების შექმნაში დაეხმარებათ. წიგნების გამოცემის შემდეგ ისინი საქა­რთველოს სხვადასხვა რეგიონში შეხვდებიან მკითხველს, პირადად გააცნობენ თავიანთ ნამუშევრებს და მეორე მხრივ, მოისმენენ კითხვებს. "გახდი ბესტსელერის ავტორი" კვლავაც გააგრძელებს ნიჭიერი ავტორების აღმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას.