„ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს“ - კვირის პალიტრა

„ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს“

ევროკომისიის შეფასება, ექსპრეზიდენტის გამო განვითარებული სკანდალური პროცესები, ორად გაყოფილი მთავარი ოპოზიცია და საქართველოს ევროპული მომავალი - ეს არის თემები, რომელთა შესახებ პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრა:

- ევროკომისიის ახალი შეფასება დამაიმედებელი და სამართლიანია, რასაც ბოლო ხანს სხვადასხვა ფაქტორის გამო მოკლებული ვიყავით. ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფორმებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს­. მასში გამორჩეულია ის, რომ ადამიანის თავისუფლების ინდექსით ყველა კანდიდატზე წინ ვართ და ეს ოფიციალურ დოკუმენტშიც არის აღნიშნული. მომავალშიც მინდა იმედი მქონდეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება სამართლიანობაზე­ იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, როგორც ადრე, როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას­ მიანიჭეს, საქართველო კი დასაჯეს.­ ეს არის ფაქტი, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაღალი თანამდებობის პირების­ შეფასება სულაც არ სჭირდება­ იმ ლოგიკური ჯაჭვის დანახვას, რომელსაც­ სიმართლესთან­ მივყავართ. ეს არ ეხება მხოლოდ მეორე ფრონტის გახსნას.­ ვფიქრობ, პროექტი, რომელიც ადრე დაიწერა,­ უკრაინისა და საქართველოს განსაკუთრებულ­ ერთობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული.­ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა იმაზე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე თუნდაც საქართველო-სომხეთის ან საქართველო-აზერბაიჯანის, რომლებთანაც მეზობლობის გარდა, ისტორიულადაც მეტი საერთო Oგვაქვს - ჰაოსი და ქართლოსი გავიხსენოთ. თუმცა ის პროექტი ამ კონტექსტში არ იყო განხილული, საქართველო-უკრაინის გამორჩეულად ახლო ურთიერთობაზე იყო აგებული და რუსეთთან დაპირისპირებაში უნდა გამოხატულიყო.

- რას გულისხმობთ?

- ლოგიკურ ჯაჭვს გავყვეთ. რუსეთმა,­ საქართველოს ოკუპაცია გასული 90-იანი წლებიდან დაიწყო, შემდეგ 2008 წელს გააგრძელა, უკრაინას კი მასშტაბურად­ 2022 წელს შეუტია. საქართ­ველოს მოსახლეობის 2012 წლის არჩევანის შემდგომ, როცა იმ პროექტის მონაწილე ხელისუფლება გავისტუმრეთ, ანუ პროექტის მონაწილე ძალა, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობდა, აღარ დახვდათ. თუმცა შემდეგ ეს გუნდი სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში ჩასვეს, სავარაუდოდ, დროებით და იმ იმედით, რომ მათ ისევ დააბრუნებდნენ საქართველოში. რადგან პროექტიც ჩავარდა და ჩვენ რუსეთთან ომში არ ჩავერთეთ, დაგვსაჯეს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრეს. ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურდათ, აშკარა­ იყო, რასაც მოწმობს უკრაინის ხელისუფლების და ევროსტრუქტურების ნაწილის პოზიცია, ახლა არის საუკეთესო დრო, ტერიტორიების დასაბრუნებლადო. თუმცა მხოლოდ ამის გამო არ დავუსჯივართ - 2006-2007 წლებში საქართ­ველოს ნატოში გაწევრების საკითხი ბევრჯერ­ იდგა. გაწევრებასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს გვეუბნებოდნენ - ხან ნატოს სტანდარტებისგან­ ვიყავით შორს, ხან დემოკრატიის ხარისხი იყო არასაკმარისი. ევროსტრუქტურები გადაწყვეტილებას ყოველთვის დემოკრატიის ხარისხის შეფასებით რომ არ იღებდნენ, ამაზე მათი ივნისში მიღებული გადაწყვეტილებაც მეტყველებს, განსაკუთრებით, როდესაც დსთ-ის წევრ მოლდოვას მისცეს­ სტატუსი.­ ამიტომაც მიმაჩნია, რომ ნატოს მუდმივად ღია, მაგრამ მაინც დახურული კარიც არ იყო შემთხვევითი. ზემოხსენებული პროექტის ავტორების განზრახვა, ალბათ, ასეთი იყო, ნატოს გაფართოების ტენდენციების პასუხად - თუ რუსეთი საომარ მოქმედებებს წამოიწყებდა, უკრაინასა და საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ­ სახელმწიფოებს, რუსეთთან უნდა ეომათ. ასე ნატოს წევრი ქვეყნები ომის საფრთხის წინაშე არ დადგებოდნენ. შესაბამისად, დაგვტოვეს ნატოს გარეშე, რუსეთთან ისე უნდა გვეომა, ჩვენთან ვალდებულება არავის ეგრძნო. თუმცა ეს პროექტი ჩავარდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საზოგადოება მეორეხარისხოვანი ქვეყნის კომპლექსიდან გამოვიდა და მთავარ ადგილას სახელმწიფოს ინტერესი დააყენა, რის საფასურსაც ვიხდით ათასგვარი ცილისწამებით. თუმცა საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე კარნახობს, რომ ამ პოლემიკაში არ ჩაერთოს იმ სიმძაფრით, რომელსაც გვკარნახობენ. ანგარიშს ვუწევთ, რომ უკრაინა ომშია ჩართული.

როდესაც საქართველოს მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეს გადაჭარბებული არ არის. ამის დასტურია შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი, რომელიც როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, ახალი შესაძლებლობის­ ფანჯარაა საქართველოსთვის, რადგან ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. გლობალური პროექტის მონაწილე ქვეყანა გარე საფრთხეებისგან უფრო დაცული იქნება. ევროკომისიის ახალი დასკვნა და დადებითი შეფასებები შესაძლოა ამ პროექტის გამოძახილიც არის. დასავლეთი, მისი ოფიციალური სტრუქტურები, თანდათან ეგუებიან იმ აზრს, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოს უარი და ზომიერი პოზიცია ქვეყანაში­ სიტუაციის არევას არ ექვემდებარება­ - საზოგადოებას არ უღირს კანდიდატის სტატუსისთვის ომში ჩაბმა. ჩვენ საკმარისად ვნახეთ ომები. ევროპასთან ინტეგრაციისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის ხარჯზე სტატუსის მიღება პროგრესი კი არა, დანაშაულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ზეციურ ევროკავშირს თუ ვიხილავთ. რუსეთი­ და უკრაინა დაახლოებით თანაბარი ძალის არიან, საქარ­თველოს კი რუკაზე მაინც დავხედოთ. ევროპის ნაკლიც ბევრი ვიცი, მაგრამ სიკეთე ჭარბობს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, კანონის უზენაესობაში, ყოფით კულტურაში აისა­ხება და არა რიტუალურ გამარჯვებებსა და აღტყინებულ შეძახილებში. მასთან ურთიერთობაში სწავლობ, რომ წარსული, სულიერი კულტურა შენს აწმყოსა და მომავალში ცხოვრების წესზე უნდა ასახო. შექ­სპირი მხოლოდ გასართობად საკითხავი კი არ არის, ყოველდღიურობაშიც უნდა დაინერგოს, როგორც ეს ევროპაში გააკეთეს.

ერეკლე მეფე ჯერ კიდევ მაშინ ისწრაფოდა ევროპისკენ. არსებულ ისტორიულ გარემოში, რომელშიც ერეკლე მეფობდა, არსებობდნენ ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიები. რუსეთიდან ევროპაში­ პეტრე დიდის გაჭრილი­ ფანჯარა არც სპარსეთიდან ჩანდა და არც ოსმალეთიდან,­ ამიტომ გადადგა რუსეთისკენ ნაბიჯი მეფე ერეკლემ. ეს ის პერიოდია, როდესაც­ ქართლ-კახეთში, დაწყებითი­ სასწავლებლებიც კი არ არსებობდა. ამასთან, ქვეყანა ფიზიკური განადგურების წინაშე იდგა და ამ გამოუვალი მდგომარეო­ბის გამო ევროპაზე გააკეთა გათვლა. ხელშეკრულება, რომელიც მან რუსეთთან დადო, იყო დოკუმენტი, რომლითაც იმპერია ქართლ-კახეთის­ სამეფოს დამოუკიდებლობას აღიარებდა. მეორე და გადამწყვეტი - რუსეთი მაშინ იყო ქვეყანა, საიდანაც ევროპა ჩანდა, პეტერბურგს ვგულისხმობ. ამიტომ ის ფსევდოპატრიოტული პათეტიკა, რომლითაც მავანი ამბობს, ქართველ ახალგაზრდებს პეტერბურგის სასწავლებლებში ერეკებოდნენო და ამას ერეკლეს დასაკნინებლად იყენებს, სიბეცეა. ქართველი საზოგადოება ყოველთვის ისწრაფოდა ევროპისკენ, რადგან კულტურულ ურთიერთობას იქ ეძებდა,­ სადაც სულიერი მოკავშირე ეგულებოდა. როგორც მიქელანჯელოს "პიეტაში", სრულიად ახალგაზრდა, ახალნამშობიარებ მარიამს ჩვილი იესოს ნაცვლად კალთაში ჯვარცმული და გარდამოხსნილი იესო უწევს... ეს წინასწარმეტყველური ხილვაა, ეს არის ევროპა, წამში მოხელთებული მარადისობა...

ბაჩანა ბრეგვაძის თარგმნილი "დონ კიხოტი" ბევრად მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე კუბილიუსის განცხადებები. ერთი ან რამდენიმე პირის პოზიცია არ არის ევროპა, ის ნათელი მხარეა, რომელიც ავირჩიეთ.

ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს, მათ, ვინც ირწმუნებოდა, რომ რუსეთისკენ გვაქვს გეზი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფრის, მათ შორის პოლიტიკურად არსებობის მორალური საფუძველიც გამოცლილი აქვთ - "ნაცმოძრაობას" ვგულისხმობ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დროს ცდილობდა ამ ნარატივის დამკვიდრებას. თუმცა მათთან ზნეობრივი კრიტერიუმებით საუბარი, მხოლოდ წყლის ნაყვაა. სააკაშვილის პარტია ბოლო ხანს ისედაც არაფერს წარმოადგენდა და ახლა კეზერაშვილი-ხაბეიშვილი-მერაბიშვილი-მელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაქსაქსულები უფრო უსუსურები არიან. რაც დრო გადის, მათი განცხადებები უფრო და უფრო უმწეოა.

- ოპოზიციის დასუსტებას არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია სიკეთე...

- გეთანხმებით. ამიტომაც იქნებ პოლიტიკურად სავალალო ვითარებამ გააჩინოს სივრცე ახალი ოპოზიციური ძალისთვის. როდესაც ამბობენ, რომ პოლიტიკაში ყოფნას ფინანსები სჭირდება, თუ ოპონირების ანგარიშგასაწევი ძალა გამოჩნდა, რომელიც ქართველი ხალხის პრობლემებს უპასუხებს, ფინანსებიც გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, "ენჯეოშნიკებს" აქვთ საკმარისი თანხა, რომელთაც კარის მეზობელი, ნათესავიც კი არ ენდობა და ისეთ ადამიანს თუ ადამიანთა გუნდს, რომლის სამართლიანობას, პატიოსნებასა და სულისკვეთებასაც ხალხი ენდობა, ფინანსების მოძიება არ გაუჭირდება. ამიტომ მგონია, რომ ქართული პოლიტიკის წიაღში აღმოცენდება პოლიტიკური ძალა, რომელსაც მივესალმები...

- სხვა თემაზეც გკითხავთ - ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სპეციალური სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ... უკრაინის პრეზიდენტმა და სახელისუფლებო გუნდმა მისი კიევში წაყვანის სურვილი გამოთქვეს.

- უკრაინის ხელისუფლებას მწყობრი პოზიცია ვერ ექნება იმ ვითარების გამო, რომელშიც ახლა არიან. ქვეყანაში ომია, რაც მთლიანად ცვლის რეალობას. მახსოვს­ საქართველოზე მათი პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის სხვა პირველი პირების მადლიერებით აღსავსე განცხადებები, ასევე, კიევის მერის, კლიჩკოს სამადლობელი­ მიმართვაც. რაც შეეხება­ სააკაშვილს, მას თქვენ იხსენიებთ ექსპრეზიდენტად, მე კი უკრაინის მოქალაქეს­ ვუწოდებ, რომელმაც საქართველოს საზღვარი­ უკანონოდ გადმოკვეთა. მან დიდი ხანია ექსპრეზიდენტად მოხსენიების უფლება დაკარგა, რადგან იმ სამ საუნჯეს, რომლებიც წინაპართაგან გვერგო, საჯაროდ გაემიჯნა. მამულს გაემიჯნა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი გადააგდო; ენას, როდესაც სასამართლოში განაცხადა, რომ ქართულად არ ილაპარაკებდა და უკრაინელი თარჯიმანი მოითხოვა, სარწმუნოებას კი მაშინ, როდესაც თავისი "მოღვაწეობის" გარიჟრაჟზე­ ეკლესიას ბულდოზერი მიაყენა.

ასე რომ, ვისთვისაც ექსპრეზიდენტია, დაე, დარჩეს, ჩემთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, "ვივამედში", ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის. ქართველ საზოგადოებას პატიმრობაგამოვლილი ლიდერების­ მეტი რა უნახავს. ჩვენც გვყავდა საბჭოთა გულაგებგამოვლილი, საპყრობილეებში ნატანჯი, მაგრამ კლდესავით მდგარი მერაბ კოსტავა, რომელსაც ღირსება წუთითაც არ დაუკარგავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო... ვფიქრობ, სახელმწიფოს პრობლემა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მისი თითიდან გამოწოვილი წამება კი არა, უკანონო პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნაა. თუმცა, როგორც ყველა ცოცხალ ადამიანს, მასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე იმაში გამოიხატა, რომ უკრაინის ხელისუფლების ხშირად უსამართლო, ცილისმწამებლურ განცხადებებს იმავე სიმძაფრით არ პასუხობს, იმიტომ, რომ ქვეყანაში ომშია. განვაგრძობთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას, რადგან ეს ქვეყანა თავს იცავს, ოღონდ მხარდაჭერასაც კულტურა სჭირდება, პათეტიკასა და მლიქვნელობაში არ უნდა გადაიზარდოს, რომელიც საერთაშორისო ტრენდთან კეკლუცობისგან შორს არ არის.

ჩემი შეფასება და ზელენსკის ხმა თანაბარი მნიშვნელობის ვერ იქნება, რადგან დღეს მისი ხმა მთელ მსოფლიოს ესმის, ჩემს პოზიციას კი მხოლოდ ქართველი­ საზოგადოების ნაწილი გაიგებს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი - კარგი იქნება, ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნას პიედესტალი, საიდანაც ბრიფინგს გამართავს, სამყაროს თავის სიმართლეს გააგონებს და იმ უსამართლობას,­ ცილისწამებას გააქარწყლებს, რომელიც ხშირად ისმის უკრაინიდან და ევროპარლამენტიდანაც. როდესაც ზელენსკი სააკაშვილზე ლაპარაკობს, თუ აცნობიერებს,­ რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ცნობს? თუ ასეა, მისი პირადი საქმეა.

- ამ სიტუაციაში მისი უცხოეთში გადაყვანით რა დაშავდება, იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაციას დაამშვიდებს?

- ის დაშავდება, რომ ჩვენ პატივს­ არ ვცემთ სახელმწიფოებრიობას, კანონმდებლობას. კანონი უნდა დავარღვიოთ იმიტომ, რომ კონიუნქტურას იყოს მორგებული? თუ ჭეშმარიტად ვისწრაფვით ევროპისკენ, ეს არ არის ევროპა. არა მგონია, სიტუაცია ისე დაძაბული იყოს,­ რომ მისი უცხოეთში გაშვების აუცილებლობა იდგეს. დეპოლარიზაციისკენ კი მოგვიწოდებენ, მაგრამ ესეც გადაჭარბებული მგონია - იქ, სადაც პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაა, დეპოლარიზაციაც არის, თუმცა გააჩნია, რა სიმძაფრით. ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოში იგრძნობა. საზოგადოებაში განხეთქილებას თან ახლავს მრავალათასიანი აქციები, რაც ჩვენში არ იმართება. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, როგორც თავად უწოდებდა მთავარი ოპოზიცია, "ნაცმოძრაობა" მარტივ მამრავლებად იშლება, რამდენიმე კაცი თუ ჰყავთ გვერდით, და ასეთი სიტუაციაში რომელ დეპოლარიზაციაზეა ლაპარაკი?! ვისაც "ქართული ოცნება" ეგოიმებოდა, მინდა ბატონი ხაბეიშვილის მხარდამჭერობა და თანამებრძოლობა მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს.