„ყველაზე მეტად „ნაციონალები“ ყვიროდნენ ივანიშვილი კულუარებიდან მართავს ქვეყანასო, ახლა თავად იმართებიან კულუარებიდან“
„ვფიქრობ, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის კლება შეუქცევადი გახდება“
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10-პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41%-დან 51%-მდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61% ამბობს, რომ არა, 31% - დიახ, 6% - არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3%-მა დააფიქსირა. იმავე კითხვაზე აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, 56% ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 39% - დიახ, 4% - არ ვიცი, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი თქვა. ნდობადაკარგულ პოლიტიკურ სპექტრსა და პროცესების მოსალოდნელ განვითარებაზე ფსიქოლოგი და პოლიტიკური მიმომხილველი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:
- რით შეიძლება იყოს განპირობებული დიდი ოპოზიციური პარტიის რეიტინგის მკვეთრი დაცემა მაშინ, როდესაც ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა?
- ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგიც, ამბობს, "ნაცმოძრაობის" მაღალი რეიტინგი სააკაშვილის ფაქტორით იყო განპირობებულიო. მეც ასე მიმაჩნდა, მაგრამ ნახეთ, მერე რა მოხდა, ბოლო დროს სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე ხალხის იმის ნახევარი აღარ მიდიოდა, რამდენიც პარტიის აქტივისტები იყვნენ. როგორ გგონიათ, რატომ? მართლა მელია აფრთხობდა ხალხს?! მგონია, რომ არა, უფრო მეტიც, ვფიქრობ, ამ საკითხს პოლიტიკური მიზეზი არა აქვს.
- რას გულისხმობთ?
- ჩემი აზრით, სააკაშვილის მომხრეების რაოდენობა იმიტომ შემცირდა, რომ სააკაშვილმა და მისმა ახლობლებმა გადაჭარბებით ისაუბრეს დემენციაზე. დემენციანი, უდღეური და გასაცოდავებული ლიდერის სიყვარული ცოტა რთულია. მათ ძლიერი, მებრძოლი, ქარიზმატული პიროვნება შეუყვარდათ.
- როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ განვითარდება პროცესები "ნაცმოძრაობაში", საერთოდ, ოპოზიციურ სპექტრში მას შემდეგ, რაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გახდა?
- ვფიქრობ, "ნაცმოძრაობის" რეიტინგის კლება შეუქცევადი გახდება. პარტიას ძალიან ბევრი მიშას მომხრე გამოეცლება. ეს გუნდი აღარ იქნება, პირველი ოპოზიციური ძალა. "ნაცმოძრაობა" ჩადგება სხვა ოპოზიციური პარტიების რიგში, რომელთა რეიტინგი 2%-ს არ აღემატება.
- როგორ წარმოგიდგენიათ, სად წავლენ, როგორ გადანაწილდებიან "ნაცმოძრაობიდან" წამოსული პოლიტიკოსები?
- მაგის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელ პარტიაში გადავა? ყველა წამგებიანია, ყველა ერთმანეთზე უარეს შეცდომებს უშვებს. ამას თავად ოპოზიციონერები ლაპარაკობენ, მაგალითად, ჩერგოლეიშვილი. მე არ მახსენდება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რომელიმე ოპოზიციურ პარტიას წარმატებული ნაბიჯი გადაედგას. ყველა ერთ დაკრულზე ცეკვავს, ყველა ერთნაირად გაიძახის, ივანიშვილი უნდა გადავაგდოთო. მათი სურვილი გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება პარტიის პროგრამა იყოს "ბიძინა უნდა გადავაგდოთ!". ხალხს უნდა გააგებინონ, რა უნდათ, რას აკეთებენ და რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
- პარტია "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ამბობენ, რომ ასეთ საკითხებზე ხალხს ესაუბრებიან.
- ჩანს, არ არიან დამაჯერებელი!
- იქნებ ამომრჩეველს არ აინტერესებს პარტიის პროგრამა და ხედვა?
- როგორ უნდა დაინტერესდეს, როდესაც ეს პარტიები დღეში ცხრაჯერ იცვლიან პოზიციას?! რამდენჯერ დადგნენ გინდ "ლელოს" წარმომადგენლები და გინდ სხვა ოპოზიციონერები "ნაციონალების" გვერდით? ხალხი უსმენს მათ და ფიქრობს, ესენი კი ასე ლაპარაკობენ, მაგრამ გულში მაინც "ნაციონალები" არიანო.
- ფიქრობთ, რომ პოლიტიკური საფრთხობელა შეიძლება ისევ "ნაცმოძრაობა" იყოს?
- მე მგონია, "ნაციონალური მოძრაობა" ორმაგად დიდი საფრთხობელა იქნება. მათ, ვინც "ნაციონალებს" ვერ იტანენ, სააკაშვილზე მეტად ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი აფრთხობს. მართალია, ისინი კულუარებში სხედან, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის! მნიშვნელობა არა აქვს, მერაბიშვილი და კეზერაშვილი სცენაზე გამოვლენ თუ კულუარებში დარჩებიან. ყველაზე მეტად "ნაციონალები" ყვიროდნენ ივანიშვილი კულუარებიდან მართავს ქვეყანასო, ახლა თავად იმართებიან კულუარებიდან. ოპოზიციაშივე რომ კულუარული მმართველობა აქვთ, რას იზამენ ხელისუფლებაში თუ მოვლენ. უკვე ხომ დადასტურდა, რომ ამათ ქვეყანაზე კი არ შესტკივათ გული და მართლა ქვეყნის მმართველობის ფორმებს კი არ იწუნებენ, უბრალოდ, ივანიშვილის ადგილზე თავად უნდათ ყოფნა.
- ისეთი განცდა რჩება, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. ის, რაც ამ პარტიაში მოხდა, ყველაზე მეტად "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
- ვიცი, საუბარი საითაც მიგყავთ, მაგრამ არ გეთანხმებით. თუ ასე განვსჯით, რეგიონში მომხდარმა უბედურებამ, ანუ რუსეთ-უკრაინის ომმა, ყველაზე მეტად საქართველო ახეირა. ომის დამწყებ რუსეთზე სანქციების დაკისრებამ განაპირობა ის, რომ აღმოსავლეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან წამოსული ტვირთები კავკასიაზე წამოვიდა. აქედან ევროპაში გადავა. გამოდის, ჩვენ ეს ომი გვაწყობდა, მაგრამ შეიძლება იმის თქმა, რომ ომი ჩვენ წამოვიწყეთ?!
"ქართულ ოცნებას" ნამდვილად აწყობდა ის საფრთხობელები, რომლებიც ისევ გამოჩნდნენ "ნაციონალებში", მაგრამ მართლა რომ მიეღო ამ პროცესში მონაწილეობა, პირველ რიგში მელია ატეხდა ერთ ამბავს. რა გამოდის, "ნაციონალებს" ამომრჩეველი არა ჰყავთ და "ქართული ოცნება" ორი ხელით მოქმედებს? ცოტა მეტი გონიერება უნდა გამოეჩინა "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს და ან ისევ მელიასთვის მიეცა ხმა, ან დანარჩენი ორიდან ერთ-ერთი კანდიდატისთვის.
- დანარჩენი ოპოზიცია რატომ არის ასე ცუდ დღეში, რა შეცდომები დაუშვა ასეთი, რომ დღეს პულსი აღარ ესინჯება?
- როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, ხალხი მათ აღარ ენდობა. ხალხი ხედავს, რომ პოლიტიკოსები მათთან მხოლოდ წინსაარჩევნოდ მიდის. მართალიც არის, ოპოზიცია სრულიად ყრუ და ბრმაა, ვერ ხედავს ხალხის პრობლემებს, არც მათი ხმა ესმის. ხალხიც ანალოგიურად პასუხობს არჩევნებზე. რასაც თესავენ, იმას იმკიან. ხელისუფლების უპირატეს მდგომარეობაში ყოფნა ძალიან ცუდია ქვეყნის განვითარებისთვის, დემოკრატიული პროცესებისთვის, მაგრამ რას ვიზამთ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ უკეთესი პერსპექტივაც არ ჩანს.
ხათუნა ბახტურიძე