„მიშას მოკვდინების პროცესში და ამ მარაზმულ კონცერტში მონაწილეობას არ მივიღებთ“ - კვირის პალიტრა

„მიშას მოკვდინების პროცესში და ამ მარაზმულ კონცერტში მონაწილეობას არ მივიღებთ“

ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებს­ - "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების შედეგს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს, ოპოზიციაში დაანონსებულ აქციებსა და რუსეთის ხელისუფალთა ცინიკურ განცხადებებს პარტია "გირჩის" წევრები განსხვავებულად და, შეიძლება ითქვას, ორიგინალურადაც კი აფასებენ. "მიშა არ არის მთავარი თემა ქვეყანაში. მიშაზე ასეთი ტიპის ყურადღებით მიშას ინტერესსაც ყველაზე მეტად აზიანებენ. რომ არა ასეთი ისტერიკა და სხვანაირი დამოკიდებულება ყოფილიყო, ბევრად მარტივი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაც, მაგრამ მედიამ ჩაითრია მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა მედია ერთ დიდ ტყუილში, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთში იხარშება და არა მარტო მიხეილ სააკაშვილის დამცველებშია არასწორი პოზიციები, არამედ მთელ ევროპასაც კი ტყუილში ვაცხოვრებთ, რაც, მგონი, ყველასთვის უკვე თვალნათელია. გამოსავალი ბრძოლის დამთავრებაა. ბრძოლის დამთავრების წინა პირობა რა შეიძლება იყოს? ოფისს გადავუფორმებთ "რუსულ ოცნებასო" კი არა, რომელიც არაფერში წერია, არც სერიოზულია, არც სწორი. სერიოზულიც რომ იყოს, "რუსული ოცნება" თუ გგონია, რუსეთს რატომ ნებდები? მიხეილ სააკაშვილის გამო როგორ შეიძლება რუსეთს დანებდე?", - აი, ასეთია მათი თვალით დანახული რეალობა. უფრო ვრცლად ყოველივე ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გვესაუბრება:

- მე საერთოდ არ გეთანხმებოდით ადრე, როდესაც ამბობდით, "ნაცმოძრაობა" განსაზღვრავს ოპოზიციურ სპექტრში თამაშის წესებსო. ხომ გაირკვა, რომ ოპოზიციურ სპექტრში კი არა, საკუთარ პარტიაშიც ვერაფერს განსაზღვრავენ? პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ფიზიკურად აღარ არსებობს და ეს განაპირობა იმან, რომ თავიდან ბოლომდე გადართული იყვნენ მიშას დღის წესრიგზე, გვაიძულებდნენ ისიც კი გვცოდნოდა, როდის როგორი კუჭის მოქმედება ჰქონდა მათ ლიდერს. ამ პარტიას არა ჰყავს პოლიტიკოსები, არიან ვიღაცები, რომლებიც სულ იტყუებიან, მიდიან სასამართლოში და იქაც ყველა თავისებურად იტყუება, მათ შორის ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც გუნდის წევრებს მიუთითებდა ან სთხოვდა მაინც, ტყუილები და სისულელეები არ ელაპარაკათ. ჩვენ ამ პარტიის გაუქმების კი არა, ადამიანების ცნობიერებიდან მისი გაქრობის მომსწრენი გავხდებით ძალიან მალე.

- სად წავლენ ისინი, ვინც ამ პარტიაში პროცესს ქმნიდნენ, ან მათი ამომრჩეველი?

- ეს ხალხი ვერც პროცესს ქმნიდა და ვერც არაფერს. რთულია განსაზღვრო­, როგორ მოიქცევიან ის ადამიანები, რომლებიც­ ერთ დღეს გააცნობიერებენ, რომ ე.წ. პარტიას, რომელსაც ერთ დროს მხარს უჭერდნენ,­ თავი აღარ ადგას. იმ ხალხისთვის, რომელსაც სურს ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს და ცვლილება ოპოზიციაშიც დაიწყოს, ეს ამბავი ცუდი არ უნდა იყოს.

- ანუ "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობას ოპოზიციურ სპექტრში ახალი პროცესის დაწყება მოჰყვება?

- სხვა გზას ვერ ვხედავ. შეიძლება მე ვცდები, ეს კონცერტი კიდევ გაგრძელდეს და მიშამ ისევ გააგრძელოს მოკვდინება მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ანუ არჩევნებამდე. თუმცა, მგონი, გაუჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ მე სხვა რამ მაქვს სალაპარაკო, იმაზე ვილაპარაკებ და ვნახოთ, ვისი მოიგებს.

- რაზე უნდა ილაპარაკოთ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული თემები გადაფაროთ?

- ადამიანებზე. თუ მედია და პარტიული ტელევიზიები არ შეიცვლიან სარედაქციო პოლიტიკას, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება და შევიცვლით ჩვენი­ ქცევის წესებს ამის შესაბამისად. მარტო გავალთ ხალხთან სალაპარაკოდ, სოცქსელების საშუალებით იქნება ეს თუ პირდაპირი შეხვედრებით. ის კი ზუსტად ვიცი, მიშას მოკვდინების პროცესში და ამ მარაზმულ კონცერტში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

- არჩევნებისთვის ემზადებით?

- რატომაც არა! ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებდით, უამრავი პარტიული საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, რომლებიც შეიძლება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ... არ არის გამორიცხული ჟურნალისტებს საერთოდ დაგემშვიდობოთ და სხვა რაღაც გავაკეთოთ.

- სანამ დაგვემშვიდობებით, გვითხარით, ხომ არ აპირებთ თანამშრომლობას იმ პარტიებთან, რომლებსაც თქვენსავით არ მოსწონს პოლიტიკური წესრიგი და შეცვლას ცდილობს?

- ასეთ ხალხს ჩვენ უკვე შევთავაზეთ მრავალპარტიული ტელევიზიის გაკეთება, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი­ ვერავის შევატყვეთ. ამიტომ გამიჭირდება იმაზე საუბარი, რომ ვინმესთან ერთად რამეს ვგეგმავ. სხვათა შორის, თქვენი მსგავსი არამეინსტრიმული ტელევიზიების იმედი მაქვს.

- როგორ გგონიათ, ზურა ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და ხოშტარიას ინიციატივა­ დანარჩენ ოპოზიციასაც რომ გაეზიარებინა, ვერ შექმნიდით სააკაშვილისგან დისტანცირებულ ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგს?

- ეგენი ჯერ თავად ვერ ჩამოყალიბებულან, როდის რას აპირებენ, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს. სიმართლე გითხრათ, მაგათ პატივს არ ვცემ, განსაკუთრებით ზურა ჯაფარიძეს, რომელიც ძალიან არასერიოზული ადამიანია. მე ამ ხალხთან არაფერი მესაქმება.

- თქვენ იცით, რა რთული გამოწვევის წინაშე დგას ახლა ჩვენი ქვეყანა, თუნდაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ მთელი საზოგადოება ეროვნული მნიშვნელობის საკითხების ირგვლივ კონცენტრირდეს და ეს გაუთავებელი პოლარიზაცია დასრულდეს?

- არაფერი, ვერაფერი... იმიტომ, რომ ეს საზოგადოება არ ფუნქციონირებს, სპექტაკლის მაყურებლის როლშია. სანამ ხალხი არ მიხვდება, რომ სინამდვილეში საკუთარ ტრაგედიას უყურებს, არაფერს აქვს აზრი. პოლიტიკური პროცესი მკვდარია, "ქართული ოცნება" მხოლოდ ხელისუფლებაში კი არ არის ერთპიროვნულად, მთელი ქვეყანა ჰყავს კლანჭებში მოქცეული. სააკაშვილის რეჟიმზე უარესია. შეიძლება ისე არ გაწუხებს თავისი მმართველობის მეთოდებით, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება გაწუხებდა, მაგრამ ცეკაზე უარეს რაღაცებს აკეთებს. ახლა რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს სამეზობლოში, ომი იქნება თუ სხვა უარესი, ჩვენ მაინც ვერ გამოვფხიზლდებით.

ხათუნა ბახტურიძე