"მთელი სამყარო ცდილობს ჩაეხსნას რუსეთს, ჩვენი ხელისუფლება კი ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბრობს“ - კვირის პალიტრა

"მთელი სამყარო ცდილობს ჩაეხსნას რუსეთს, ჩვენი ხელისუფლება კი ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბრობს“

რამდენიმე დღის წინ პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა, ფრენების შეზღუდვა კი ძალაში დატოვოს. პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის თქმით, რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად მათთვის საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის, ხოლო საქართველოს იმ ანტიდემოკრატიულ ქვეყნებს შორის მოაქცევს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას აგრძელებენ. ამ საკითხზე ანა ბუჩუკური უფრო ვრცლად გვესაუბრება.

- დღეს დასავლეთი საქართველოს გამადიდებელი შუშით აკვირდება. თუ დღეს ჩვენ რაიმე საფრთხე გველოდება, მხოლოდ უკონტროლო მიგრაციისგან. არავინ არის წინააღმდეგი, რომ რუსი ტურისტები შემოვიდნენ საქართველოში, მაგრამ აუცილებელია ამ პროცესის გაკონტროლება. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, რომ რუსეთის მოქალაქეს დაუწესდეს სავიზო რეჟიმი. რუსეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე შეიძლება შეღავათებიც გავრცელდეს. ეს ჩვენ ერთხელ უკვე გავაკეთეთ პანდემიის დროს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი რეჟიმის დაწესება გადაულახავ პრობლემა არ არის. იცით, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? სახელმწიფო გვატყუებს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები­ ტურისტები არიან, მაგრამ მათივე გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეს ხალხი აქ დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას ყიდულობს, ძალიან ბევრი მათგანი ბიზნესს არეგისტრირებს. ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში ჩვენც დავდივართ და ვხედავთ, რაც ხდება, ლამის ყოველი მესამე რუსია ქვეყანაში. ამისი გაკონტროლება რთულია, ამიტომ ვამბობთ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე შემოვიღოთ კონტროლი.

- სხვათა შორის, ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ფრენების აღდგენის საკითხი­ იმ პერიოდშიც განიხილებოდა, როდესაც გიორგი­ გახარია იყო პრემიერი.

- ფრენების აღდგენის საკითხი არაერთხელ განხილულა, მაგრამ ამჯერად დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს ჩაეხსნას რუსეთს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი, პირიქით, ავიამიმოსვლის აღდგენასა და ურთიერთობის მოგვარებაზე საუბრობს. ვამბობთ, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, მაგრამ წევრობა მხოლოდ რეფორმების გატარებას კი არა, ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის გააზრებასაც გულისხმობს. ჩვენც მისი პოლიტიკური მოკავშირე უნდა ვიყოთ. ასეთ ვითარებაში რუსეთთან ფრენების აღდგენა დიდი დანაშაულია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. მეტი რა გვითხრან, როგორ მიგვახვედრონ, რომ მთელი დასავლელი საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს. ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. ცუდია, რომ ჩვენს მოქალაქეებს­ სწორად არ ვუხსნით, რა საფრთხეში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ჩვენ ამერიკა და ევროკავშირი რუსეთთან მარტო დაგვტოვებენ.

- თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ საკითხის ამგვარად დაყენება კი სწორია, მაგრამ თავად თქვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი არ არის გულწრფელი და ამის დასტურად "გავრილოვის ღამე" მოჰყავთ.

- ერთადერთი, ვინც 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა აიღო, გიორგი გახარიაა. გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა და მისი ჩასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა იყო, რომელიც, წინაღამით ღვინის ჭიქას უჭახუნებდა გავრილოვს. ამ უდიდესი სამარცხვინო ამბის შემდეგ კობახიძემ ბაქოდან რომ შემოგვითვალა, არსად წასვლას არ ვაპირებო. სწორედ მან გააგიჟა ხალხი. მერე, როდესაც ვითარება დაიძაბა, გახარიამ თავისი მოვალეობა შეასრულა. "გავრილოვის ღამეზე" მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ კობახიძეს ეკისრება.

- თქვენ მაშინაც გახარიას გუნდში იყავით. როგორ აღიქვით გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში?

- ძალიან გავღიზიანდი, არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩემი კოლეგაც, პოლიციელები წარმოუდგენლად შეურაცხყოფილი იყვნენ. ყველანი ვგულშემატკივრობდით საზოგადოების სამართლიან პროტესტს, მაგრამ როდესაც მიტინგი ძალადობრივი ხდება, სამართალდამცავებმა ზომები მიიღეს. სხვათა შორის, ზოგიერთ ოპოზიციონერს გავახსენებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გასაგებად არის ახსნილი მიტინგის დაშლის ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა, იყო პიროვნული გადაცდომები.

- ცოტა ხნის წინ გახარიას გვარი ფარულ ჩანაწერებში გაისმა, სადაც მას გიული ალასანია რუსეთის პროტეჟედ მოიაზრებს.

- თუ ქალბატონი ალასანია პოლიტი­კური ექსპერტი იყო, არ ვიცოდი. არც ის ვიცოდი, რომ მისი აზრი "ქართული ოცნებისთვის" ასეთი ანგარიშგასაწევი იყო. მმართველ გუნდს ერთი პრობლემა აქვს - ჯერ თავად ვერ ჩამოყალიბებულა, გახარია ვისი აგენტია, ამერიკის თუ რუსეთის. შეთანხმდნენ საბოლოოდ და ჩვენც მერე გავცემთ პასუხს.

ხათუნა ბახტურიძე