„სააკაშვილს ეუბნებიან, არ მოკვდეო, თავისი გარემოცვა კი ეუბნება, მოკვდიო“ - კვირის პალიტრა

„სააკაშვილს ეუბნებიან, არ მოკვდეო, თავისი გარემოცვა კი ეუბნება, მოკვდიო“

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. პენიტენციარული სამსახურის მოთხოვნით 3 თებერვალს კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი დაჰკითხეს, რის შემდეგ პენიტენციარულმა სამსახურმა ყველა დარჩენილი მოწმე მოხსნა. ახლა უკვე მხარეები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ამის შემდეგ სააკაშვილის ბედს მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტს...

ხმაურიანი იყო ნინო ნადირაძის დაკითხვა. ის ირწმუნება, რომ კლინიკაში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი კეთდება, თუმცა სააკაშვილის გარემოცვის მიზანი რადიკალურად განსხვავებულია. "პირველი დღიდან წნეხია, ჩვენს ყველა მოსაზრებას,­ დიაგნოზებს, სამკურნალო ღონისძიებებს­ თუ კვლევებს უნდობლობას უცხადებენ. ეს გამოიხატება­ შეურაცხყოფის კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლით, რის გამოც მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს­ მათი ფინანსური წახალისება, დამშვიდება... პაციენტი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს ექიმების გადაწყვეტილებებს, შერჩევითად იღებს მედიკამენტებს. ყველაზე დიდი პრობლემაა კვება... ცენტრ "ემპათიის" მიზნები რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებისგან... მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან­ ცუდად ყოფნაშია... ისინი ხედავენ, რომ დიაგნოზში კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე ცვლილებებია. ნივრიანი პურის მოტანა, შავ პურზე წასმული დასრესილი ნიორი, სოკოს შილაფლავი რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟი... ეს ადამიანი 24 საათი უყურებს ტელევიზორს, 24 საათის განმავლობაში ეკრანზე მიდის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა... როცა ექიმი გამოდის და ეუბნება, შენ დღეს არა და ხვალ მოკვდებიო, რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია? ყველა ის დიაგნოზი, რაც ჩვენს ფორმა 100-ში წერია, აბსოლუტურად ზუსტია. როცა ადამიანი, რომელმაც, ყველაზე ცოტა, 1500 კალორია უნდა მიიღოს, 500 კალორიაზეა, რა თქმა უნდა, დაემატა კახექსია. ამავე დროს, ჩემი ექიმები კატეგორიულად უარყოფენ მალაბსორბციას, შეწოვის პრობლემებს. რასაც ჭამს პაციენტი, ირგებს. ნეტავ იყოს მალაბსორბცია, მოწამლული, დემენცია, ჩვენი ხელით გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით, იმიტომ, რომ 9 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ამ ეტაპზე მისი კლინიკურ-ლაბორატორიული, სუბიექტური და ობიექტური მონაცემები საშუალებას იძლევა გაგრძელდეს მკურნალობა პალატაში... დაგვთანხმდეს კვებაზე, დანამატებზე და დაინახავთ, როგორ იქნება".

ადვოკატ ვალერი გელბახიანის კითხვას, აძლევთ თუ არა გარანტიას საზოგადოებას, რომ თქვენს კლინიკაში სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნება და არ დაიღუპებაო, ნინო ნადირაძემ ასე უპასუხა:­ "თქვენ მე ღმერთის ფუნქციას მეკითხებით? ასეთ გარანტიას დედამიწის ზურგზე ვერავინ გასცემს. რადგან ჩემთან მუდმივი საუბარი­ იყო იმაზე, რომ პაციენტი­ ნებისმიერი გზით გარეთ უნდა გავიდეს, როდესაც 7 თვე მზადდება საექსპერტო დასკვნა და არ მთავრდება პროცესი, ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი სპეციალურად ჭიანურდება, ელოდებიან, როდის ჩამოვა დაბლა მისი მასის ინდექსი. ამიტომ გათავისუფლება ბატონი მიშას თავდადების გამო მოხდება და არა, თქვენი წვალების შედეგად".

ნადირაძის ჩვენებისგან განსხვავებული იყო სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმის წევრების ჩვენებები. ნევროლოგი­ თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მდგომარ­ეობა მძიმეა: "ბოლო შესვლისას ვნახეთ მისი საერთო სისუსტე, შევაფასეთ გონების­ დაკარგვა, გულისრევა, მადისა და კუნთების მასის დაქვეითება, შევაფასეთ მენტალური სფერო... მისი წონა, რაც მაშინ 72,6 კგ იყო. ვერაფრით ავხსენით წონის ძალიან სწრაფი კლება, ამიტომაც დავსვით დიაგნოზი - კახექსია. ამას გარდა, აღსანიშნავი იყო ანემია, სისხლნაკლებობა, რაც ღრმავდებოდა. შეიძლება ეს ანორექსიასთანაც იყოს დაკავშირებული... ცხელება, წონისა და კუნთის მასის კლება ჩავთვალეთ, რომ საკმარისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია კახექსიისთვის. ასევე, ნევროლოგიურად­ იყო წონასწორობის დაკარგვა, ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითება კიდურებზე. ბოლო გასინჯვისას იყო წნევის დაცემა წამოდგომისას. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი ფსიქიატრთან ერთად მე გორის ჰოსპიტალში დავსვი. ამას ნაწილობრივ დაეთანხმნენ ჩვენი კოლეგები პენიტენციარული სისტემიდან. მათ ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზი დასვეს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც დეპრესიით, ასევე შფოთვით, ანორექსიით... თუ კრიტერიუმებით მივუდგებით, კახექსიის მე-4 დონეა. ამ დონეზე სიმსივნეების დროს სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელია. მედიალური დრო 4 თვეა, რაც მაქსიმუმ 8 თვეს ნიშნავს".

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, აფასებთ თუ არა ამ პაციენტს მძიმე ავადმყოფადო, თენგიზ წულაძე ასე პასუხობს: "სადაც სიტყვა "კახექსია" გაისმის, ესე იგი, მძიმეა" და დასძინა, თუკი პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და სხეულის მასის ინდექსი 14-ზე დაბლა, ანუ 54 კილოგრამზე ჩამოვა, ის მეტს ვეღარ გაუძლებს.

პროცესზე დაიკითხა ასევე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლ ხურციძე. "სექტემბრიდან მოყოლებული პაციენტის მდგომარეობა უარესდება... თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება კრიტიკულამდე მივიდეს. რამდენიმე დღის განმავლობაში 73-დან 68 კილოგრამზე ჩამოვიდა. ეს ძალიან მძიმე წონის კლებაა, რომელიც შეიძლება შეჩერდეს, თუ ჭამას დაიწყებს, მაგრამ თავად ვერ ჭამს..."

საზოგადოებამ ასევე მოისმინა თავად სააკაშვილის მიმართვა, რომელიც კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. "მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა,… ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება", - თქვა მან და მძიმე ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია...

"პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლებაზე და გარკვეულწილად ექიმებზეა"

ვახტანგ კალოიანი, ექიმი: - მე ძალიან ვენდობი სახალხო დამცველის შექმნილი კომისიის დასკვნებს. მათი შეფასებით, ვითარება საკმაოდ რთულია, არის წონის კლების­ დინამიკა, რაც ყველა პრობლემასთან ერთად დამატებითი რისკების შემცველია. დაიკითხა ნევროლოგი, ბატონი თენგიზ წულაძე და არანაირი საფუძველი არა მაქვს ეჭვი შევიტანო მის პროფესიულ შეფასებაში.

- რამდენ ხანში შეიძლება დამძიმდეს მისი მდგომარეობა, ამის განსაზღვრა შესაძლებელია?

- ძალიან რთულია ვადებზე საუბარი. როგორც ამბობენ კოლეგები, მდგომარეობა­ მთლად კრიტიკული არ არის, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს ან ეს პროცესი დიდხანს ასე გაგრძელდეს.

- თქვენ, ალბათ, მოუსმინეთ ნინო ნადირაძის შეფასებებსაც. შეიძლება სპეციალურად აკლებინებენ წონას სააკაშვილს?

- ძალიან გამიჭირდება ამის თქმა. ფაქტია, მდგომარეობა გაუარესებულია. იქ, შიგნით, პოლიტიკური ინსინუაციებია, ხან დასხივების მანქანაზე საუბრობენ, ხან ქალბატონი ნადირაძე მჭადსა და ყველზე ლაპარაკობს. ერთი რამ ცალსახაა - სახელმწიფო ვალდებულია პაციენტს ადეკვატურად უმკურნალოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის პენიტენციარულ სისტემაშია. ხელისუფლების ადგილას მე მივიღებდი გადაწყვეტილებას სააკაშვილს ჰქონოდა ხელმისაწვდომობა მისთვის სანდო ექიმებთან­, ან ჰქონოდა საშუალება მისთვის სანდო კლინიკაში ჩაეტარებინა მკურნალობის ციკლი.

- იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას, ფაქტობრივად, თავად სააკაშვილს აკისრებს.

- პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არიან პენიტენციარული სისტემა და ექიმები. რა თქმა უნდა, პაციენტიც უნდა მონაწილეობდეს მკურნალობაში. ფაქტია, კლინიკურად გაუარესებაა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

- როგორც ამბობენ, ოჯახიც არ აწვდის­ სათანადო კალორაჟის საკვებს, რომ პაციენტი­ სპეციალურად არ ჭამს, რადგან დაკლება სურს, რათა ამ გზით თავისუფლება მოიპოვოს.

- არსებობს სამედიცინო დოკუმენტაცია, სახალხო დამცველის შექმნილი კომისიის კომპეტენტური დასკვნა. ვიმეორებ, ნდობა დამასხივებელი მანქანის სანდოობაზე, როგორც სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, ან თუნდაც მჭადსა და ყველზე, უგემური და უფერო საკვების მოტანაზე, ინსინუაციები მგონია. მთავარია კონკრეტული კლინიკური შედეგი. კლინიკური ვითარება საკმაოდ დრამატულია და მას გამოსწორება სჭირდება. პასუხისმგებლობის ტვირთი არის ხელისუფლებაზე და გარკვეულწილად ექიმებზე. ამის იქით ყველაფერი ჭორაობა, პოლიტიკური კონიუნქტურაა.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება რას იზამს?­

- კარგს არაფერს ველი. ვფიქრობ, გააგრძელებს იმავე გზით სიარულს. არადა, რისკები ძალიან მაღალია.

"როდესაც­ ადამიანი თვითგანადგურებაზე მიდის, გჭირდება ფსიქიატრის ჩართვა"

მაია ნიკოლეიშვილი, ექსპერტი: - ნინო ნადირაძეს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა,­ თურმე რამდენს უძლებს. ეს ადამიანი თავის საქმეს აკეთებს, მიუხედავად­ იმისა, რომ ტალახს ესვ­რიან. მან საზოგადოებას შეუვსო სურათი, თუ რატომ­ იკლებს სააკაშვილი წონაში. დღემდე არ არის ხაზგასმული დიაგნოზი, "ემპათიის" მშრალი­ დასკვნით ხდება აპელირება, რომ მას აწამებენ, წამლავენ მძიმე მეტალებით, ვერ მკურნალობენ, იმიტომ, რომ დიაგნოზს ვერ სვამენ. გამ­ოჩნდა, რომ ეს ყველაფერი გაბერილია ბუშტივით. ნინო ნადირაძემ კარგად თქვა, ტყუილი რომ თქვა და არ გაიყიდო ადამიანი, კარგი მახსოვრობა უნდა გქონდესო. მართლაც მათი მხარის ჩვენებები როგორი ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. საზოგადოებაში ამან უნდობლობა გამოიწვია. წონას რომ იკლებს, ამას ყველა ვხედავთ.

- მერე ეს არ არის საშიში?

- იმ წონის ადამიანისთვის როგორიც მიშა იყო, 1200 კალორიის მიღებაც დღეში­ გახდომისკენ წაიყვანდა, თანაც სტრესულად. როცა 400-500 კალორიას იღებს, სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის! ამ ადამიანს თვითგანადგურების პროგრამა აქვს ჩართული. ეს გასაგებია მისი ფსიქოტიპიდან­ გამომდინარე, 2008 წლის აგვისტოს ომიდან სულ მარცხი მარცხზე ჰქონდა... ბოლო კრახი ის იყო, რომ არაჟნებთან ერთად შემოვიდა ქვეყანაში და ციხეში აღმოჩნდა. პლუს ნარცისიზმი - მისი ფსიქოტიპის მქონე ადამიანისთვის, ეს კატასტროფაა­. მაგრამ მიკვირს, ტვინი სად წავიდა, მიშას გარეული ცხოველის სიფრთხილე ყოველთვის ჰქონდა. ახლა არის გასაცოდავ­ებული, მოუწესრიგებელი და მართლაც ცუდი შესახედავი. თუ ასე გააგრძელებს, როგორც ახლა იკვებება, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება. მის მშობელს ვინ აძლევს გარანტიას, რომ მიშა არ მოკვდება. ხშირად გონების დაკარგვა და თავბრუსხვევები კალორაჟის ბრალია. მისი მენიუს გამხელით რამხელა ტყუილი გამომზეურდა­ - ასეთი დაბალი კალორაჟის მიღების გამო შეიძლება დაიღუპოს. როცა ადამიანი გონებას დაკარგავს, ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს პროტოკოლი, მას შეაერთებენ და დაიწყება გადასხმები, მას არაფერს შეეკითხებიან. თუ ადამიანი ამას გამიზნულად­ აკეთებს,­ წყვეტს თავის სიცოცხლეს, სახელმწიფო არ არის დამნაშავე. მას ეუბნებიან, არ მოკვდეო, თავისი გარემოცვა კი ეუბნება, მოკვდიო. მექანიზმი, რომ ვითომდა დაანგარიშებულია კალორია და ფიქრობენ, არ მოკვდებაო, არ არის სწორი. სად რა ორგანო უღალატებს, არავინ იცის. ორგანიზმმა თეორიულად უნდა გაქაჩოს და არ უნდა მოკვდეს ამ გათვლებით, მაგრამ რომ მოკვდეს? მოკვდიო, ეუბნება­ გარემოცვა, რომელიც დაბალკალორიულ უგემურ, ცივ საკვებს აწვდის, არ მოკვდეო, ეუბნება სამედიცინო პერსონალი. ვისზეა პასუხისმგებლობა?

- გამოსავალს სად ხედავთ?

- როდესაც ადამიანს ვერ აგებინებ, აქვს დეპრესია, მიუღებლობა ყველაფრის და საუბრით ვერ აღწევ შედეგს, როდესაც­ გარემოცვის მძევალია, ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად ვერ აღიქვამს და თვითგანადგურებაზე მიდის, აუცილებლად გჭირდება პრეპარატები და ფსიქიატრის ჩართვა. ნინო ნადირაძის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პაციენტს სჭირდება ფსიქიატრის მეთვალყურეობა, ოღონდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იქ იციან ასეთი პაციენტების მოვლა... რაც შეეხება დემენციას, ექსპერტიზის დროს 10 სიტყვიდან მას მხოლოდ ერთი ახსოვდა, სიყვარული. თუ მეხსიერების პრობლემა აქვს, როგორ წერს სტატიებს,­ იბეჭდება უცხოურ მედიაში,­ ექსპერტები ტყუიან, რომ მას დემენცია აქვს, ან სააკაშვილი ატყუებს ექსპერტებს, ან მესამე ვარიანტია, მის ნაცვლად სხვა წერს წერილებს. ამოიღონ კამერები და გამოჩნდება ყველაფერი. სტატიაში გაჟონა მუქარამ, რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა დაგეგმესო. თუ სხვისი დაწერილია, მაშინ უნდა გაირკვეს, ვინ დაწერა ამხელა წერილი? ჩატარდეს ექსპერტიზა იმ წერილებზე, რომლებიც ხაბეიშვილსა და სხვებს მისწერა. და ასევე იმ წერილებზე, რომლებიც უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა, რომელიც მისწერა მარკონს. ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ იყენებს მას იარაღად.