არაპოლიტიკური რჩევები რეპტილიებზე შეყვარებული პოლიტოლოგისგან - კვირის პალიტრა

არაპოლიტიკური რჩევები რეპტილიებზე შეყვარებული პოლიტოლოგისგან

კოლუმბიური საიმპერატორო ბოა, მადაგასკარული ბოა, დუმერილის ბოა, სამეფო გველი, ან რძის გველი,­ ავსტრალიური აგამა, გეკონი ტოკი - ყველანი ერთად ბინადრობენ, არც მეტი, არც ნაკლები, პოლიტიკური ექსპერტის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პროფესორ გიორგი გობრონიძის ოჯახში. როგორ მოხვდნენ მის სახლში, როგორი დამოკიდებულება აქვთ ხვლიკებსა და გველებთან მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს, რას აჭმევენ და როგორ უვლიან რეპტილიებს, ამის შესახებ გიორგი­ გობრონიძე­ თავად გვიამბობს.

- ბავშვობიდან მომწონდა რეპტილიები,­ მივიჩნევდი, რომ ცხოველთა სამყაროში ყველასგან გამორჩეული, ყველაზე ლამაზები და საინტერესოები იყვნენ.

- არასდროს შეგშინებიათ მათი?

- საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი,­ მაშინაც კი არ მეშინოდა არათუ რეპტილიების, არანაირი მწერის თუ ცხოველის... სადაც დავინახავდი, ავიყვანდი და ვეფერებოდი. განსაკუთრებით რეპტილიების ორნამენტები მომწონდა. სულ მინდოდა სახლში მყოლოდა და როგორც კი საშუალება მომეცა, ანუ ზრდასრული გავხდი და მარტო დავიწყე ცხოვრება, მაშინვე შემოვისახლე. პირველად კუ მოვიყვანე. ისიც ძალიან საინტერესო და საყვარელია, მაგრამ ძალიან რთული მოსავლელია, თანაც ხმელეთის კუების დიდი ნაწილი "წითელ წიგნშია"­ შეყვანილი. შესაბამისად, მათი შინ მოყვანა და შინაურ ცხოველად ყოლა წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული. წყლის კუები "წითელ წიგნში" არ არიან შეყვანილი, მაგრამ ძალიან­ დიდი აკვარიუმი და ულტრაიისფერი განათება სჭირდებათ. გველებითა და ხვლიკებით ცხოველების მოყვარულთა ძალიან მცირე ნაწილი ინტერესდება, არადა, ისეთი თვისებები აქვთ, რაც სხვა ცხოველებს არ გააჩნიათ.

- მაგალითად?

- მაგალითად, მე მყავს ავსტრალიური­ აგამა და იაპონური გეკონი. ავსტრალიური­ აგამა, თუ სწორად მოუვლი, საკუთარ სახელს სწავლობს და კონტაქტში შემოდის, თანაც ძალიან ჰგავს დრაკონს. შეგიძლია ჩათვალო, რომ სახლში დრაკონი გყავს. ვიზუალურად არაფრით არ განსხვავდება ნამდვილი დრაკონისგან, უბრალოდ, მცირე ზომისაა, არ იცის კბენა და მარტივად მოსავლელია. ძალიან მსიამოვნებს მისი ყურება. რაც შეეხება იაპონურ გეკონს, აგამასგან განსხვავებით, აგრესიულია, იკბინება და თავისი ზომის კვალობაზე, დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის.

- თქვენთვის თუ უკბენიათ?

- არა, მაგრამ ვისგანაც წამოვიყვანე, იმას უკბინა.

- თუ ასეთი სახიფათოა, რატომ გარისკეთ მისი შინ მოყვანა?

- იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა, ერთადერთი ხვლიკია, რომელიც ხმას გამოსცემს. უბრალოდ, მე ის ვერ გავითვალისწინე, რომ ღამის ხვლიკია და ხმასაც ღამე გამოსცემს, თანაც ეს არ არის დაბალი ტემბრის ხმა, სასწაულად ხმამაღლა ყვირის.

gobronidze3-1675601658.jpg

- ახლა გველებზე გვიამბეთ.

- გარდა იმისა, რომ გველს როგორც ქრისტიანულ, ასევე ქრისტიანობამდელ კულტურაში, მითოლოგიაში სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცხოველია. მაგალითად, მე არ ვიცოდი, რომ გველებს უჭირთ გამოსახულების დანახვა, მხოლოდ ინფრაწითელ ფერში ხედავენ, და არა აქვთ სმენის ორგანოები. სხვათა შორის, ბევრი რამ, რასაც გველებზე ჰყვებიან, მითია. როდესაც გაიგებენ, რომ სახლში გველები მყავს, პირველი კითხვა, არ გეშინიაო. ბუნებაში 3500 სახეობის გველია და მათგან მხოლოდ 600-ია შხამიანი, ხოლო 200 სასიკვდილოდ შხამიანი. 2900 გველი მახრჩობელაა. აქედან ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლია სამს, ადამიანის შეჭმა კი მხოლოდ ერთს - მწვანე ანაკონდას. თუმცა სტატისტიკურ მონაცემებში ან თუნდაც ისტორიაში არ იძებნება შემთხვევა, რომ მწვანე ანაკონდა ადამიანს მოულოდნელად დასხმოდეს თავს, ან როგორც ფილმებშია, ნადირობდეს, ან სახლში ყოლის შემთხვევაში პატრონი შეეჭამოს.

- ასეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც ანაკონდა სახლში ჰყავთ?

- კი, უბრალოდ, ძვირია, 120 დოლარი ღირს და მისი საცხოვრისის მოწყობაც რთულია, დიდია და იმიტომ.

- თქვენი გველები რამდენად აგრესიულები არიან?

- საერთოდ არ არიან აგრესიულები. რეპტილიას ერთი ასეთი თვისება აქვს - თუ მსხვერპლი მასზე მცირე ზომის არ არის, თავს არ ესხმის. ძალიან ადვილად მოსავლელები არიან. რაც უფრო იზრდება, მით უფრო იშვიათად ჭამს. ძალიან ნელი მეტაბოლიზმი აქვთ. მაგალითად, პატარა გველი ხუთ დღეში ან კვირაში ერთხელ ჭამს, საშუალო ზომის - 8-10 დღეში ან 2 კვირაში ერთხელ (სახეობაზეა დამოკიდებული), დიდი კი 3 კვირაში ან თვეში ერთხელ. მათი ხშირი კვება არც შეიძლება, იმიტომ, რომ სუქდებიან და მოძრაობა უჭირთ. საინტერესო ის არის, რომ ეგზოტიკურ ცხოველებს სახლის პირობებში ცხოვრება ძალიან უჭირთ, მაგრამ რეპტილიები, პირიქით. მაგალითად, თუ საიმპერატორო ბოა 10-15 წელს ცხოვრობს, სახლის პირობებში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 40 წლამდე გაიზარდოს. ცივსისხლიანებს გადაადგილება ეზარებათ, მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად თუ გაინძრევიან. სახლში მცხოვრებ რეპტილიას საკვების მოსაპოვებლად გადაადგილება არ სჭირდება. ამასთან, გრაფიკით იკვებება, ჯანსაღი საკვებით.

- თქვენს რეპტილიებს რითი კვებავთ?

- გაყინული საკვებით. ცოცხალ საკვებს­ არ ვაძლევ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს სადიზმად მიმაჩნია და ჩემს შვილს არ ვაყუ­რებინებ, რეკომენდებულიც არ არის. შეიძლება ცოცხალი საკვები დაავადებული იყოს პარაზიტებით. იშვიათად, მაგრამ რეპტილიებიც ხდებიან ავად.

gobronidze2-1675601658.jpg

- რომელიმე გაგხდომიათ ავად?

- კი, ერთმა ტოტზე კანი დაიზიანა. ისე, ტკიპები უჩნდებათ ხშირად. ბეწვის ტკიპაზე რთული რეპტილიის ტკიპის მოშორებაა, თანაც გაცილებით საზიანოა ცხოვ­ელის ჯანმრთელობისთვის. წელიწადში ერთხელ ვუტარებ დეჰელმინტაციას. პრობლემა ის არის, ჩვენთან ეს ჰობი იმდენად ცოტას აქვს, რეპტილიებისთვის ბევრს ვერაფერს იყიდი. ჩვენით გვიწევს მოფიქრება,­ როგორ დავიცვათ, როგორ ვუმკურნალოთ. თბილისში სულ ორი ვეტერინარი ვიცი, ვისთანაც ჩემი ცხოველის მიყვანა შემიძლია.

- თქვით, რომ არც ერთი სახეობის მწერი არ გეზიზღებათ. ტარაკანაც იგულისხმეთ?

- კი, რა თქმა უნდა. სახლშიც კი ვამრავლებდი ერთ დროს. თუმცა ისინი სამზარეულოებში რომ დარბიან, ისეთები არ იყვნენ.

- ტარაკნების მომრავლება რამ მოგაფიქრათ?

- ხვლიკები ჭამენ კარგად.

- აბა, ცოცხალ საკვებს არ ვაძლევო.

- ცოცხალ საკვებს გველებს არ ვაჭმევ,­ იმიტომ მღრღნელებითა და ფრინველებით იკვებებიან. მწერებს არაფერი უჭირს, თანაც გაყინული ტარაკნები საიდან მოვიტანო?! არადა, გამოქვაბულის გეკონს ეს სჭირდება, მეორე კი კომბინირებულ საკვებსაც ჭამს. სხვათა შორის, მწვანე იგუანა ცხოველურს არაფერს ჭამს. ძალიან რთული მოსავლელია. გამოუცდელ ადამიანს არ ვურჩევდი მის ყოლას, შეიძლება რამდენიმე წელიწადში სახლში, ორმეტრიანი მწვანე ნინძა მიიღო, რომელსაც არ უყვარხარ. ტერიტორიის მონიშვნა უყვარს და ამ ტერიტორიაზე ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს პრობლემად აღიქვამს. შეიძლება გაგიმართლოს და შეგეგუოს, მაგრამ შეიძლება გადაწყვეტოს, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები პრობლემებს ქმნიან და დაიწყოს ტერიტორიის გათავისუფლება. წარმოიდგინეთ ორმეტრიანი ხვლიკი, რომელსაც არ უყვარხართ და კუდს გირტყამთ.

- როგორც ვიცი, ძალიან დაკავებული ხართ, ხშირად უცხოეთშიც დადიხართ. რეპტილიებს როდისღა უვლით ან რა ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული?

- სხვათა შორის, რეპტილიების მოვლა ყველაზე იაფია. არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. ძაღლისა და კატის საკვებზე ათჯერ იაფი ჯდება მათი კვება. არც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ. მაგალითად, მთავარია, გველებს სუფთა წყალი დაუდგათ და მათი სახლში დატოვებაც არ არის პრობლემა.

- თქვენ რომ გაინტერესებთ და გიყვართ, გასაგებია, მაგრამ როდესაც დაქორწინდით და მეუღლეს ეს ყველაფერი დაახვედრეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- წინასწარ იცოდა. სხვათა შორის, მადაგასკარული გოა სწორედ მან მაჩუქა.

- თქვენი მცირეწლოვანი შვილი როგორ გრძნობს თავს მათ გარემოცვაში?

- ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს. ერთ-ერთი გველი მას ვუყიდე საახალწლო საჩუქრად. კარგია, რომ ცხოველები არ ეზიზღება და აფასებს მათ უნიკალურობას. ძალიან კარგია, როდესაც ბავშვს აქვს ურთიერთობა არა მარტო რეპტილიასთან, არამედ ნებისმიერ ცხოველთან, უბრალოდ, სიფრთხილეა საჭირო. მითია, რომ ცხოველებს ბავშვები უყვართ და არ ერჩიან. ცხოველი ვერ აანალიზებს, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა დაუშავოს. თუ საფრთხეს დაინახავს, ცხოველი თავს დაიცავს, ბავშვმა კი შეიძლება თამაშისას ხელი მაგრად მოუჭიროს. არ არის მიზანშეწონილი ბავშვის მარტო დატოვება ცხოველთან, რეპტილია იქნება ის, თუ ძაღლი და კატა. ბავშვისა და ცხოველის ურთიერთობა ყოველთვის უნდა გაკონტროლდეს ორი მიზეზით - იმიტომ, რომ ბავშვს არაფერი დაუშავდეს და იმიტომ, რომ ცხოველს არ ავნოს ბავშვმა. ნუ გაგეცინებათ, ბავშვს ძალიან მარტივად შეუძლია ცხოველის დაზიანება. მაგალითად, ლეოპარდისებრი გეკონი ბავშვს ვერაფერს ავნებს, სამაგიეროდ, შეიძლება ბავშვმა კუდი მოაწყვიტოს, ამისთვის ხელის ცუდად მოჭერაც კი საკმარისია.

- გველების და ხვლიკების ხელში აყვანის, მოფერების სურვილი თუ გიჩნდებათ?

- კი, რა თქმა უნდა, თუმცა მათი ხელში დიდხანს ყოლა არ შეიძლება, ერთი საათის მერე ისტრესებიან. სხვათა შორის, მეგობრები რომ მსტუმრობენ, თავიდან იჭყანებიან, ამას ხელს როგორ მოვკიდებო, და ბოლოს ხელიდან ვეღარ ვართმევ ხოლმე.

- რატომ?

- როდესაც გველი ხელში აგყავს, პირველ რიგში გემსხვრევა სტერეოტიპი, რომ ის ცივი და სლიკინაა. პირიქით, ძალიან სასიამოვნო სტრუქტურა აქვს. გარდა ამისა, გგონია, რომ აგრესიულია და მერე ხედავ, რომ ძალიან საყვარელია. განსაკუთრებით რძის გველია ძალიან საყვარელი, სულ რაღაც 70 სანტიმეტრია. ერთხელ თითზე მყავს შემოხვეული და აივანზე მზეს ვეფიცხებით. გამოიხედა მეზობელმა მეორე აივ­ნიდან და გადმომძახა, არ გეშინია, რომ გიკბინოსო? არადა, თავად ორი პიტბული ჰყავს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, გველს, მით უფრო, რძის გველს, პატრონისთვის ეკბინოს, პიტბულს კი არაერთხელ დაუგლეჯია პატრონი.

- ეზოში თუ ასეირნებთ რეპტილიებს?

- გარეთ მარტო ავსტრალიური აგამა გამყავს კნუტის საბლით, რომ არ გამექცეს და არ დამეკარგოს.

ხათუნა ბახტურიძე