რატომ ალაპარაკდნენ რუსი სამხედროები გალში ქართული სპეცსამსახურებისგან მომავალ საფრთხეებზე...
რუსული მხარე ან მისი მართული ე.წ. ხელმძღვანელობა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ნაწილების "დამცველობითი ფუნქციის წარმოჩენას" ცდილობს და რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ამას აჯერებენ კიდეც. მათი აზრით, მთავარი საფრთხე ქართული მხრიდან მომდინარეობს, თუმცა, რაც დროს გადის, ამ "დოქტრინას" სულ უფრო ცოტა ადამიანი იზიარებს.
ბოლო ხანებში აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილების მეთაურობა და ოფიცრობა განსაკუთრებით მონდომებული არიან აფხაზეთი "დაიცვან", იმდენად, რომ ხანდახან თავად ცდილობენ ინციდენტების შექმნას, ან პროვოცირებას მაინც, რათა ქართული მხრიდან მომავალი საფრთხის აქტუალურობა წარმოაჩინონ და ასე უკრაინის ომში გაგზავნას აარიდონ თავი.
"რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თითქოს რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მომიჯნავე სოფელში, ლოგიკური ეჭვის საფუძველზე, მიტოვებულ სახლში "იარაღის არსენალი" იპოვეს. რამდენიმე ძველი ავტომატი, ხელყუმბარა, კამუფლაჟი და რუკა, სადაც, სავარაუდოდ, გარკვეული ადგილები იყო მონიშნული. თუმცა საქმეში გალის მილიცია და კრიმინალური სამსახურები არ ჩართეს, რაც იმით ახსნეს, რომ მათი ბაზების მიმდებარე ტერიტორიაა და მათი დაფარვის ზონაშია... გასაგებია, უკრაინის ომის ქარცეცხლში წასვლა არ უნდათ. იციან, რომ გუდაუთიდან, შემდეგ კი მთიანი ყარაბაღიდანაც ბევრი წაიყვანეს და წინა პირობებს ქმნიან. აქ მშვიდად არიან, ხელფასს იღებენ, კომფორტი აქვთ, ულამაზეს ბუნებაში დასეირნობენ, მინუს 25-გრადუსიან ყინვაში, სანგრებში ან საველე ყაზარმებში რა უნდათ?", - წერს ადგილობრივი, ფსევდონიმით "ლეონ ტამიშსკი".
მოსახლეობის თქმით, "ვიღაცები" მხოლოდ გალის რაიონსა და მის მიმდებარედ კი არა, მთელ აფხაზეთში ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, რათა რუსი სამხედროების იქ ყოფნა, როგორც "მშვიდობის გარანტისა", უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.
გასული წლის გაზაფხულზე როგორც ადამიანური რესურსი, ასევე სამხედრო კონტინგენტის გადინება შესამჩნევი იყო. ადგილობრივი, ე.წ. ხელმძღვანელობა ამას როტაციით ხსნიდა, მაგრამ რაოდენობრივი ცვლილება აშკარა იყო, რაც ტექნიკასაც დაეტყო, განსაკუთრებით გალის რაიონში არსებულ ბაზებს, სადაც ჯარისკაცებისა და ოფიცრების კონტინგენტი სხვადასხვა დანიშნულებისაა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ გალის რაიონი "სასაზღვრო ზოლად გამოაცხადეს". ერთ წელიწადში, 2009 წელს, გალის რაიონში პირველი რუსული სამხედრო დანაყოფებიც შეიყვანეს, პარალელურად, მთელ რაიონში სამხედრო ბაზების მშენებლობა ინტენსიური ტემპით დაიწყო. შემდეგ კი ადგილობრივი მოსახლეობა თავად ადევნებდა თვალს, თუ როგორ შენდებოდა რუსული სამხედრო ნაწილებისთვის ინფრასტრუქტურა მდინარე ენგურის გასწვრივ სოფლებში - ფიჩორში, ოტობაიაში, ნაბაკევში, ჭუბურხინჯში, ლეკუხონასა და საბერიოში. როგორც ამბობენ, სამხედრო ბაზები მაღალი დონის ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის საცხოვრებელი სახლებით, სადაც სამხედრო პირების ნაწილი ოჯახებით ცხოვრობს. ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ქალაქ გალში მდებარეობს. გალის რაიონში სულ რვა სამხედრო ბაზაა, ექვსი მდინარე ენგურის სანაპირო ზოლზე, ერთი ქალაქ გალში და ერთიც, სოფელ ოქუმში. პერიოდულად, ნაწილი უკრაინაში, ფრონტზე გადაისროლეს, ამიტომ დანარჩენები ფრთხილობენ. "აშკარაა, ეს ომი მალე არ დასრულდება. რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და შესაძლოა მომზადებული კადრები დასჭირდეს, ახალი მობილიზაციით გამოძახებული წვევამდელები კი აფხაზეთში გაუშვან", - წერენ აფხაზები.
რამდენიმე წლის წინ გალელებს ისიც კი უთხრეს, რომ რაიონის ახლებურად დაპროექტება იგეგმებოდა, კერძოდ, გალი სამხედრო ქალაქად უნდა გადაკეთებულიყო, მაგრამ სახსრების უქონლობის გამო პროექტი ჩავარდა. მათივე თქმით, 2022 წლის თებერვალში, უკრაინის დაწყებიდან მალე, არაერთი ბაზიდან სხვადასხვა სამხედრო დანაყოფი გავიდა. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ პირველი დარტყმა გუდაუთაში არსებულმა, რეგიონში ყველაზე მასშტაბურმა ბაზამ მიიღო. დანარჩენები, რაც დრო გადის, საფრთხის შექმნის იმიტაციას ცდილობენ, რათა უკრაინაში წასვლა არ მოუხდეთ.
აფხაზი სამოქალაქო აქტივისტის ლეონ ლაგვილავას თქმით, აფხაზეთში არსებული სამხედრო ბაზებით რუსები ისედაც ყველაფერს აკონტროლებენ, თუმცა, თუ ობიექტურად შეფასდება, ამის ნახევარიც არ არის საჭირო, რადგან ამჟამად ქართული მხრიდან საფრთხე ნამდვილად არ მომდინარეობს, როგორც ამის წარმოჩენას რუსული სამხედრო მეთაურობა ცდილობს.
"მდინარე ენგურის სანაპიროზე განთავსებული სამხედრო ბაზები, საკმარისია იმისთვის, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში ეს ტერიტორია გააკონტროლონ. რუსულ სამხედრო მეთაურობაში, ასევე, ჩვენს ხელმძღვანელობაში, კარგად იციან, საქართველოს შეიარაღებული ძალები ამდენათასიან რუსულ ბაზებს, რომლებიც მძიმე ტექნიკით არიან აღჭურვილი, ცეცხლს არ გაუხსნიან იმ პრაგმატული მიზეზის გამო, რომ ახლა ომი არ სურთ; მეორეც, ხედავენ, როგორ იქცევა რუსეთი აფხაზეთში და, ალბათ, ელოდებიან, რომ ერთ დღესაც თავად მივტრიალდებით მათკენ - ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად, რაც ნიშნავს, რომ თავად გვიკარნახებენ თამაშის წესებს. ამიტომ ახლა სულაც არ სჭირდებათ იარაღის ჩვენკენ მოშვერა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება მოკავშირე რუსეთთან ერთად ცდილობს თავად შექმნას ან წარმოაჩინოს რაღაც საფრთხე...
აფხაზეთი ისედაც პატარა ქვეყანაა და სხვის ომში გასაშვები შვილები არა ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთს არც სჭირდება ჩვენი დახმარება. როგორც ირკვევა, საბჭოთა კავშირის დროინდელ სამხედრო დოქტრინას უბრუნდებიან და არმიის რაოდენობის 1,5 მილიონამდე გაზრდას აპირებენ. ამის ადამიანური რესურსი ჯერ აქვთ. ამას ემატება ისიც, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ისედაც მიდიან მოხალისეები. ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება მაინც ლაპარაკობს, რომ მზად არიან ადამიანური რესურსითაც დაეხმარონ, რაც მიუღებელია. გალის რაიონში განთავსებულ რვა ბაზაში რამდენიმე ათასი სამხედრო პირი მსახურობს და ისინი წაიყვანონ. როგორც ირკვევა, რაღაც ინციდენტების შექმნას ცდილობენ, თითქოს საქართველოდან გადმოვიდა ვიღაც არეულობის მოსაწყობად, პროპაგანდისტები დააკავეს და ა.შ... ამის არავის სჯერა. თუ ასეა, სად არის ჩვენი მილიცია? რუსმა მესაზღვრეებმა ლამის პატარა ავტონომია აიშენეს, გალის რაიონში არსებულ ბაზებში სპორტკომპლექსები და საბავშვო დაწესებულებებიც კი აქვთ, იმავდროულად, საქართველოს საზღვარზე სპექტაკლებს დგამენ, ვითომ თავდასხმის მცდელობის აღკვეთაზე საუბრობენ, რაც არავის სჯერა, მაგრამ მაინც, მადლიერების ნიშნად მათ ომში ჩართვისკენ გვიბიძგებენ. გალის მოსახლეობის 99% ეთნიკურად ქართველია, ქართული ან უმეტეს შემთხვევაში, აფხაზური და რუსული პასპორტის მფლობელია და ისევ საქართველოს ხელისუფლება უქმნის საფრთხეს? ვის სჯერა ამის?! ნუ ვითამაშებთ ამდენი ათასი სიცოცხლით. როგორც ვიცი, 2015 წელს გალის რეგიონში მოსახლეობის აღწერა ჩაატარეს და რაიონის მხოლოდ ე.წ. დაბალი ზონის სოფლებში 18 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, 20 ათასზე მეტი ქალაქ გალსა და სხვა სოფლებში, ანუ მთლიანობაში გალის რეგიონში ამჟამად დაახლოებით 40 ათასამდე ქართველი ცხოვრობს და რატომ ვიყენებთ მათ სპეკულაციებისთვის? ან მერე რატომ გვიკვირს, რომ ოცდაათი წელია მათი დანარჩენ აფხაზეთში ინტეგრაცია ვერ მოხერხდა? როდესაც გვინდა, მტრები არიან, მათგან მოდის საფრთხე, მალავენ მოღალატეებსო, და ათას უბედურებას ვაბრალებთ, მაგრამ არჩევნების დროს პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებენ ჩასვლას, მათი ხმები სჭირდებათ.
გასაგებია, რომ რუსეთი გვეხმარება. თავის დროზე, ალბათ, გვიცავდა კიდეც, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნიდან მომავალ საფრთხეზე საუბარი არასერიოზულია იმ ფონზე, რასაც რუსეთი უკეთებს აფხაზეთს", - წერს ლაგვილავა.
გალელების თქმით, მათ იქ არაფერს ეკითხებიან, ძირითადად, მეორეხარისხოვანი მოქალაქის ფუნქცია აქვთ. "ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა გალშია. თავიდან რუსები იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რაც დრო გავა, იმდენად მძიმე პირობები შეგექმნებათ, იძულებული გახდებით, აქაურობა თავადვე დატოვოთო. ბევრი წავიდა კიდეც, ოღონდ არა რუსული ბაზების გამო, უფრო გაჭირვებას ვერ გაუძლო. ქართულ მხარეს გადასვლის პირობები რომ არ შემსუბუქებულიყო, ბევრი მართლა ვერ გაუძლებდა.
აქ დიდი ხანია არც ომია და არც მშვიდობა, მაგრამ ვინც დავრჩით, შევეგუეთ. ყოველთვის სხვადასხვაგვარი საფრთხე იჩენს თავს. თუ ადრე "საზღვრის არალეგალური გადაკვეთის" გამო რუსი სამხედროების გვეშინოდა, რადგან შემოვლითი გზებით სარგებლობის შემთხვევაში გაწვრთნილ ძაღლებს გამოგვადევნებდნენ, ახლა იმის გვეშინია, თავად არ შექმნან რაღაც პროვოკაციული სცენარი. ძალიან ეშინიათ, უკრაინაში არ გაუშვან. ზოგი არც მალავს... მათ ბაზებს ვერც მიუახლოვდები, გარე პერიმეტრზე რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი დაცვა ჰყავთ, მაგრამ ვხედავდი, როგორ გამოჰყავდათ ბაზებიდან მძიმე ტექნიკა, სამხედრო მანქანები. სავარაუდოდ, უკრაინაში მიჰყავდათ, რადგან როტაცია სხვაგვარად მიმდინარეობს. თავად რუსები ამბობენ, იქ საშინელება ხდება, სამხედროებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ და წასვლა არავის უნდაო. დაძაბულობის იმიტაციაში რუსებს ზოგჯერ აფხაზეთის ხელმძღვანელობაც ეხმარება. ყველას, ალბათ, არ წაიყვანენ, იმხელა ინფრასტრუქტურა აქვთ აშენებული, მაგრამ ვიღაცებს, ალბათ, გამოცდილებს მაინც უკრავენ თავს და ეს არ სურთ. ამიტომ ხან ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, ხან ქართული სპეცსამსახურებისგან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკობენ. ის საწყალი გოგონებიც, ვითომ დავალებას რომ ასრულებდნენ, ამ ამოცანის ნაწილი იყვნენ. შესაძლოა მსგავსი აბსურდული მიზეზებით კიდევ ბევრი აიყვანონ", - ამბობს დიხაზურგელი მამაკაცი.
ასევე ნახეთ: პუტინის "ქართული" საიდუმლო