პასუხი იურისტისგან: მემკვიდრეობა - კვირის პალიტრა

პასუხი იურისტისგან: მემკვიდრეობა

გაზეთ "კვირის პალიტრაში" ბოლო დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამოქალაქო საკითხებზე დაწერილ სტატიებს.­ ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები კონკრეტული კითხვებით. ამიტომ გადავწყვიტეთ მათ კითხვებზე იურისტს კომპეტენტური პასუხები გაეცა. გვესაუბრება ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე:

- გვანცა, მოქალაქეს აინტერესებს თუ როგორ ხდება მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფა და ვინ ითვლება მემკვიდრედ.

- ქართული კანონმდებლობით, მემკვიდრეობის ორი სახეა: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თავად არეგულირებს, თუ ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა ოდენობით. ანდერძით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებელს ანდერძის შედგენის გზით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის და რა ოდენობით დარჩება მისი ქონება. შესაბამისად, ქონების გაყოფა ხდება სწორედ ამ საკითხების მხედველობაში მიღებით. კანონით მემკვიდრეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გაწერილია და დასახელებული კანონის თანახმად, სამკვიდრო ქონება შესაძლებელია მიიღონ პირველ რიგში გარდაცვლილის შვილებმა (მათ შორის შვილმა, რომელიც მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ დაიბადა), მეუღლემ, მშობლებმა და მშვილებლებმა. მეორე რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის დები და ძმები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი. ამის შემდეგ მესამე რიგის მემკვიდრეები შესაძლოა იყვნენ ბებია-ბაბუა, ბებიის დედ-მამა და ბაბუის დედ-მამა. ბიძები, დეიდებიდა მამიდები არიან მეოთხე რიგის მემკვიდრეები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები კი - მეხუთე რიგის. განსხვავებით ზემოაღნიშნული შემთხვევისა, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. ის შესაძლოა იყოს ნებისმიერი პირი, მამკვიდრებლის ნების შესაბამისად.

- მკითხველი გვწერს: მყავს ასაკოვანი მამიდა, რომელიც ცხოვრობს მარტო, ანდერძით­ ქონებას არ აფორმებს არავის სახელზე. ბინაში ვართ ჩაწერილი ორი ძმისშვილი. მისი გარდაცვალების მერე ვის ეკუთვნის მისი ბინა? ასევე მას ჰყავს 2 ძმის შვილიშვილები. აინტერესებს, მათაც ეკუთვნით ამ ქონებიდან რაიმე წილი?

- როდესაც სახეზე არ არის ანდერძით მემკვიდრეობა, კანონის თანახმად, მეორე რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის­ დები და ძმები, ხოლო მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. ამ შემთხვევაში სახეზეა ოთხი ძმისწული. იმ შემთხვევაში, თუ მათი მშობლები გარდაცვლილი არიან, ისინი მიიღებენ წილს. თუ მამკვიდრებელს არ ჰყავს პირველი ან მეორე რიგის სხვა ნათესავი, სამკვიდროს გაიყოფენ მეორე რიგის პირები. ოთხივე ძმისწული ერთი და იმავე რიგის მემკვიდრეა, მათ შორის ქონება გაიყოფა თანაბარ წილებად.

- მკითხველი გვწერს: "რა პროცედურები უნდა გავიარო მემკვიდრის ქონების მისაღებად?"

- მემკვიდრეებმა­ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართონ ნოტარიუსს. თუ სახეზე არის რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს­ უფლება აქვს განცხადება წარადგინოს ნებისმიერ ნოტარიუსთან. სამემკვიდრეო საქმეს დაასრულებს ის ნოტა­რიუსი, რომელსაც თავდაპირველი განცხადება წარუდგინეს. სამკვიდრო მოწმობა­ გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ნოტარიუსისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. სანოტარო ორგანო იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.

სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსს შეიძლება წარედგინოს ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

- ასეთი კითხვაა: "ვარ მემკვიდრე, მაგრამ გავიგე, რომ ქონებას უტოვებენ სხვას. თუ პირს დაწერილი აქვს ანდერძი, ამ შემთხვევაში ჩემი წილის მოთხოვნა შემიძლია?"

- მემკვიდრეობა შესაძლებელია პირს ერგოს როგორც კანონით, ისე ანდერძით. მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, მამკვიდრებლის ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი. დასახელებული წილი უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა­. თითოეულის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან. ანდერძის არსებობის შემთხვევაში, როდესაც იგი ნოტარიულადაა დადასტურებული, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე ნოტარიუსი მოიწვევს მემკვიდრეებს და შესაბამისად, გასცემს მათზე სამკვიდრო მოწმობას. თუ ანდერძი დაწერილია შინაურული წესით, უნდა ვიცოდეთ, რომ კანონი იცნობს ე.წ. შინაურული ანდერძის ცნებას. თუმცა, შესაძლებელია ეჭვი გაჩნდეს ანდერძის ნამდვილობის თაობაზე. ამასთან, თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება.