„ბერიასა და ახმეტელის დაპირისპირების ხილული მიზეზი სტალინის ფოტოსურათი გახდა“ - კვირის პალიტრა

„ბერიასა და ახმეტელის დაპირისპირების ხილული მიზეზი სტალინის ფოტოსურათი გახდა“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, გზის პირას, რეპრესიების მსხვერპლი დიდი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მუზეუმია. ერთსართულიანი შენობის­ კედლებზე სანდროს ფოტოებია გამოფენილი. როგორც გვითხრეს, ნივთების დიდი ნაწილი მემორიალური არ არის, რადგან მისი დახვრეტის შემდეგ თითქმის არაფერი­ დარჩა. მუზეუმში ინახება წერილები, რომლებიც სანდრო ახმეტელთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო ფაქტს გვაცნობს. ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სანდრო ახმეტელის მუზეუმში. ამჟამად მუზეუმის მენეჯერი ლაურა აკოფაშვილია. რეჟისორის ცხოვრების მნიშვნელოვანი ისტორიების გასაცნობად მათ მივმართეთ.

ტრაგიკული ოჯახი

ლაურა აკოფაშვილი: სანდროს მამა, ვასილ ახმეტელაშვილი,­ ანაგის თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის დიაკვანი იყო. შემდეგ კოღოთოს ეკლესიაში გაამწესეს მღვდლად. სანდრო 6 წლის იქნებოდა, ოჯახი თელავში რომ გადავიდა. ანაგაში ყველამ იცის, სად არის ახმეტელაშვილების უბანი. ამჟამად იქ სანდროს ბიძაშვილების შთამომავლები ცხოვრობენ. ვასილ ახმეტელაშვილის ოჯახსაც ამ უბანში ჰქონდა სახლი. ამჟამად მათი ნასახლარის ერთი კედელია შემორჩენილი,­ თუმცა ვასილის ოჯახმა ეს ტერიტორია ანაგის სკოლას სიცოცხლეშივე გადასცა და მათ ნასახლარზე სოფლის საჯარო სკოლაა.

სანდრო ცელქი ბავშვი ყოფილა. ანაგაში ცხოვრების დროს ხელში ნაჯახი ჩაურტყამს და მარცხენა ხელის სალოკი თითის ნახევარი მოუკვეთია. პატარა სანდრო ყოველთვის ცდილობდა მუშტი-კრივში ჩაეთრია თანატოლები. სწორედ ჩხუბის გამო გარიცხეს თელავის გიმნაზიიდან.

ანაგაში ახმეტელაშვილების გვარი ნიჭიერებით ისე გამოირჩეოდა, მინისტერაანებს ეძახდნენ. ბავშვობიდან სანდრო ყველა ქართულ ხალხურ საკრავზე უკრავდა, ერთხანს ნიკო სულხანიშვილის გუნდშიც მღეროდა. ბევრ პროფესიაში სცადა ბედი - ქიმიური ნაერთები და აეროპლანის მოდელიც კი ჰქონია შექმნილი.

ვასილ ახმეტელაშვილის ოჯახში 5 შვილი გაიზარდა და თითქმის ყველა რეპრესიებს შეეწირა. დავით ახმეტელი საქართველოს ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პირველი დირექტორი და ამიერკავკასიის ვეტერინარული სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ. ის 1937 წლის სექტემბერში დახვრიტეს. პროფესორი ილია ახმეტელი 1935 წელს აირჩიეს პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიის კათედრის გამგედ. სანდროს მიზეზით დაკითხვებზე მასაც იბარებდნენ და 1939 წელს ინსულტით გარდაიცვალა. მათმა დამ, ეკატერინე ახმეტელმა, ქარ­თველ ქალთაგან პირველმა მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთში. ის საქართველოში­ ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დამფ­უძ­ნებლის, ცნობილი ქირურგის, გრიგოლ მუხაძის მეუღლე გახლდათ. როცა სანდრო ახმეტელი დახვრიტეს, მისი მეუღლე, თამარ წულუკიძე, 10 წლით გადაასახლეს. უდედმამოდ დარჩენილი მათი ვაჟიშვილი, სანდიკ ახმეტელი, მამიდასთან იზრდებოდა. იმხანად ახმეტელების ოჯახს კიდევ­ ერთი უბედურება დაატყდა თავს - სანდიკი სკოლის მოსწავლე იყო. დიდი წვალების შემდეგ ბავშვს ნება დართეს, გადასახლებულ დედასთან ჩასულიყო მაგრამ ვერ მოასწრო. 16 წლის სანდიკი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, მიმავალ ტრამვაის ბაქანზე შეხტომას ცდილობდა, მაგრამ სახელურს ხელი ვერ მოსჭიდა და ლიანდაგებში ჩავარდა. ბიჭს ტრამვაიმ გადაუარა. ტრაგედიის დღეს თურმე თანაკლასელს გაუმხილა დარდი, ერთი სული მაქვს, დედას როდის ვნახავო.

ჩანაწერი დაკითხვის ოქმიდან

სანდრო ახმეტელმა თელავის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგში გააგრძელა. პირველი სპექტაკლი სტუდენტობის პერიოდში, 1910 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის სცენაზე დადგა. დეკორაციები­ რეჟისორს საკუთარი ხელით დაუმზადებია, სასცენო ფორმები კი სოფლის მკერავ ქალებს შეუკერავთ. თეატრის უნიკალური შენობა, მოძრავი სცენით,­ რომელიც ამჟამადაც არსებობს, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. სუმბათაშვილის პიესა­ "ღალატში"­ ახმეტელის მომავალი მეუღლე­, ტასო როსტომაშვილიც მონაწილეობდა. თანაცხოვრების პერიოდში სანდროს და ტასოს ორი ვაჟიშვილი შეეძინათ - შალვა და ჯუანშერი. ჯუანშერი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა, მაგრამ გადარჩა და ამერიკაში ცხოვრობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები საქართველოში გაატარა და აქვე დაკრძალეს.

ახმეტელის მეორე მეუღლე ცნობილი მსახიობი, არისტოკრატი თამარ წულუკიძე იყო. სანდროს და თამარს ერთმანეთი შეუყვარდათ და რეჟისორის პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზიც ეს გახდა.

ნოდარ პაპუაშვილი: - ანაგაში სანდრო ახმეტელის მუზეუმში დგას საწერი მაგიდა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოიტანეს მინსკიდან. სწორედ ამ მაგიდაზე დაიწერა სანდროს მეორე მეუღლის, 30-იანი წლების რუსთაველის თეატრის პრიმადონას, თამარ წულუკიძის ცნობილი წიგნი "მხოლოდ ერთი სიცოცხლე". როდესაც სანდრო დახვრიტეს და თამარი გადაასახლეს, მათ ქონებას სახელმწიფომ კონფისკაცია გაუკეთა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა თამარმა მინსკში დაიდო ბინა. მან რამდენიმე წიგნი დაწერა, სადაც ზუსტად აქვს აღწერილი, ვინ, რატომ და როგორ უპირისპირდებოდა რეჟისორს. წიგნის მთელი ტირაჟი უცებ გაიყიდა. თამარის უკანასკნელი სურვილი იყო, საქართველოში შვილის გვერდით დაესაფლავებინათ. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოსვლა აღარ ეღირსა და ღრმად მოხუცი, 1991 წლის თებერვალში მინსკში გარდაიცვალა.

თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ, როგორც კი თამარ წულუკიძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, თეატრალურ საზოგადოებას გააგებინა და ერთობლივი ძალებით, გარდაცვლილის ფერფლი ჩამოასვენეს. თამარ წულუკიძე ვაკის სასაფლაოზე შვილის, სანდის გვერდით დაკრძალეს. ასე დამთავრდა სანდრო ახმეტელისა და თამარ წულუკიძის სიყვარულისა და სევდიანი ცხოვრების ისტორია.

- ამბობენ, ახმეტელს ქიზიყელი ცნობილი­ ადამიანებიც დაუპირისპირდნენ - სანდრო შანშიაშვილი, ვასო გოძიაშვილი... მუზეუმში შანშიაშვილის დაკითხვების ოქმიც ინახებაო...

- ისეთი არეულობა იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, გადაჭრით რაიმეს თქმა არ შემიძლია. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთ იუბილეს ვესწრებოდი. ფოიეში გამოფენილი დოკუმენტებიდან ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ფურცელმა, რომელიც სიტყვასიტყვით გადავწერე: ,,მე და ჩემს მეგობარს, სანდრო ახმეტელს, ერთნაირი ჰაერით გვისუნთქია და ერთნაირი­ მცხუნვარე მზის სხივებით დავმწვარვართ თავისუფალი ქიზიყის ცივგომბორის მთის მთაგრეხილებზე. იქაურმა ბუმბერაზმა ბუნებამ, ალაზნის მუხრანმა და ატეხილი კახეთის ზვრებმა ბავშვობაშივე ჩაგვიქსოვა გრძნობით უტეხობა და ბრძოლის წყურვილი უკეთესი მომავლისათვის. მახსოვს, ამ ოცი წლის წინათ, ჯერ კიდევ სტუდენტებმა, სამგორის ტრიალ მინდორზე ერთმანეთს შევფიცეთ, გვებრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის. ეს ფიცი დღესაც ძალაშია შეტანილი კულტურულ ფრონტზე. უნდა დავიპყროთ თეატრისთვის თვალისმომჭრელი სიმაღლეები, როგორც დაიპყრო თავის დროზე პოეზიაში რუსთაველმა!

ს. შანშიაშვილი, 1934 წ."

რაც შეეხება მსახიობ ვასო გოძიაშვილს, ის სანდროს ხელმძღვანელობის დროს გადავიდა მარჯანიშვილის თეატრში. როგ­ორც ცნობილია, პატარა დაპირისპირებაც­ იყო მათ შორის, რის გამოც ვასომ წერილი-აღსარებაც დაწერა. "მე ხშირად ვიგონებ­ ბატონ სანდროს, განსაკუთრებით მსახიობური დაეჭვების მძიმე წუთებში, როდესაც გინდა სიმართლე იცოდე შენი ნამუშევრის შესახებ. მაგრამ სამაგიეროდ, როგორ გვიხაროდა, როცა რამეს მოგვიწონებდა. თვითონაც ძალიან უხაროდა, როდესაც ხედავდა, რომ მსახიობმა რაღაც ნამდვილს მიაღწია... ბატონო სანდრო! დღეს მე გულწრფელად ვაცხადებ - ჩემს ცხოვრებაში არ ჩამიდენია არავითარი ცოდვა. არავის წინაშე ცოდვილი არა ვყოფილვარ, მხოლოდ ჩემს სიცოცხლეში ერთხელ, 1930 წელს, როდესაც იძულებული ვიყავი დამეტოვებინა შენი თეატრი, ჩავიდინე ცოდვა, რომელიც დღესაც მაწვალებს. მაგრამ რა ვუყოთ - უცხოდ არ გავჭრილვარ, მამაშენთან წავედი ისევ. ის მამაშენი, პაპაჩემი - კოტე მარჯანიშვილია".

- ახმეტელს თეატრალური საზოგადოება და ინტელიგენცია ბერიამ აუჯანყა?- ბერიასა და სანდროს დაპირისპირების ხილული მიზეზი სტალ­ინის ფოტოსურათი გახდა. 1930 წელს მოსკოვში, თეატრის საკავშირო­ ოლიმპიადაზე, ახმეტელმა ცნობილი­ პიესა ,,ლამარა" წარადგინა. სპექტაკლს სტალინიც დაესწრო და სანდრომ და იოსებმა ფოიეში ერთად გადაიღეს­ ფოტო. თბილისში ჩამოსულმა ახმეტელმა ეს ფოტო გაადი­დებინა და რუსთაველის თეატრის ფოიეში დააკიდებინა. ბერიამ თურმე რამდენჯერმე უთხრა, ფოტო ჩამოხსენიო­, მაგრამ ახმეტელმა მისი ნათქვამი არაფრად ჩააგდო. მეტიც, ბერიას გაგზავნილი კაცი რამდენჯერმე არ შეუშვა რეპეტიციაზე დასასწრებად. დაპირისპირება­ გააღრმავა ქიაჩელის ქუჩაზე მომხდარმა­ ინციდენტმაც. ახმეტელი მეგობრებ­თან ერთად ვლადიმერ ჯიქიას სახ­ლში იყო. მათი აივ­ანი ბერიას აივ­ანს უყურებდა. როდესაც ბერია აივ­ანზე გამოსულა, ჯიქიას გადმოუპატიჟებია, ახმეტელს კი ხმამაღლა შეუგინებია... ბაქოში გასტროლების დროს თითქოს ხორავა ნასვამი მისულა სპექტაკლზე. ამის გამო, უკვე თბილისში, ახმეტელმა ხორავა გაათავისუფლა და ბერიას მითითებითაც არ აღადგინა. 1935 წლის სექტემბერში თავად ახმეტელი მოხსნეს. ის მოსკოვში წავიდა სტალინის სანახავად, მაგრამ შეხვედრა ვერ მოახერხა. ეგონა, სტალინი გადაარჩენდა, მაგრამ მოსკოვშივე დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს.სანდრო ახმეტელის სპექტაკლებში იგრძნობოდა, რა ბობოქარი სულის ადამიანიც იყო. სპექტაკლ შილერის ,,ყაჩაღებში", ყაჩაღთა ბრბო უპირისპირდებოდა ტირანიას.­ ცხადია, რეჟისორი ტირანებში საბჭოთა ხელისუფლებას გულისხმობდა. სწორედ ეს ფაქტები დაუდეს საფუძვლად საშინელ ბრალდებას მის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ის საზოგადოების ჩართულობით მოიცილეს თავიდან. საზოგადოების ცნობილ სახეებს აწერინებდნენ, რომ ახმეტელი იყო საბჭოეთის მოწინააღმდეგე და ინგლისის ჯაშუში. როგორც ვიცი, არსებობს სია, ვინც მის გაწირვას მოაწერა ხელი.

დახვრეტის წინ ახმეტელი აწამეს. მას სთხოვდნენ ეღიარებინა უცხოეთთან თანამშრომლობა და ჯაშუშობა. როგორც ამბობენ, წამების გამო მას ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ახმეტელის დაკითხვის ოქმის პატარა ჩანაწერს გაგაცნობთ:

,,კითხვა: თქვენ ბრალი გედებათ, რომ იყავით თბილისის ნაციონალური ჯგუფის ხელმძღვანელი, ეწეოდით აქტიურ, ძირგამომთხრელ მუშაობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ებრძოდით კომუნისტური პარტიისა და მთავრობის დადგენილებას ,,რუსთაველის თეატრის შესახებ".

პასუხი: კატეგორიულად უარვყოფ.

კითხვა: კონკრეტულად განმარტეთ, რა საუბარი გქონდათ თქვენი მოხსნის შემდეგ, მოსკოვში წასვლის წინ, მსახიობებთან.

პასუხი: ჩემი მოხსნის პერიოდში, მოსკოვში წასვლამდე, მსახიობებს ძირითადად ველაპარაკებოდი შემდგომ მუშაობაზე"

"გატეხილი" სარკის ისტორია

რეჟისორის ტრაგიზმით სავსე ცხოვრების ეპიზოდების­ თხრობას კურიოზით­ დავასრულებთ. ამ ამბავს საქართველოს სახალხო არტისტი, გოგუცა კუპრაშვილი იხსენებდა: "თეატრში ახალმიღებული ვიყავი. რეპეტიციაზე დანიშნულ დროს გამოვცხადდი და შესვლისთანავე მომესმა სანდრო ახმეტელის საშინელი ყვირილი. ახლოს როგორ გავბედავდი მისვლას. მთელი დასი თავდაღუნული იდგა, ზოგი ხელებს შლიდა, აღშფოთების გამოსახატავად. უცბად თვალი მოვკარი და რას ვხედავ - წინ, შესასვლელში რომ ვეებერთელა სარკეა, სულ ჩალეწილიყო. სანდრო ახმეტელმა ბრძანება გასცა: ყველა დარაჯი და მორიგე, ვინც წუხელის და ამ დილით იყვნენ, ახლავე აქ მომგვარეთო. ნუთუ ისე დაიხოცნენ, ხმა ვერ გაიგონესო. ამ დროს მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა უთხრა, თუ სიტყვას მომცემ, რომ არ დასჯი, გეტყვი, ვინც ჩაიდინაო. ირაკლიმ ერთი გულიანად გადაიხარხარა და უთხრა: სარკე გატეხილი კი არ არის, ეგ მე დავხატე, დღეს ხომ პირველი აპრილიაო. ჩვარი გადაუსვით და ისევ გამთელდებაო. მართლაც ირაკლის ისე ოსტატურად დაუხატავს, რომ სარკე ყველას გატეხილი ეგონა".

ნელი ვარდიაშვილი