მზითვის ტრადიცია საქართველოში ძველად და ახლა - კვირის პალიტრა

მზითვის ტრადიცია საქართველოში ძველად და ახლა

ქალის ყველაზე დიდი მზითვი სიწმინდე და ნამუსიაო, ამბობს ანდაზა. ჩვენს სტატიაშიც მზითვის ტრადიციაზე ვისაუბრებთ. ისტორიულად მზითვი ის ქონებაა, რომელსაც ქალს ოჯახი ატანდა ქმრის ოჯახში. მზითვის ტრადიცია საქართველოს ისტორიისა და ეთნოკულტურის ნაწილია.

მზითვის ტრადიცია ნახსენებია იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამებაშიც" - შუშანიკს, სომეხი დიდებულის ასულს, მზითვი არ ჰქონია. ამიტომ ვარაუდობენ, რომ მე-5 საუკუნეში საქართველოში მზითვის ინსტიტუტი ნაკლებად განვითარებული იყო. თუმცა ამ პერიოდში დასტურდება სიძისთვის მიწის ჩუქების ფაქტები.

XI-XII საუკუნეებში მზითვის ტრადიცია უკვე გამყარებულია. ჟამთააღმწერლის ცნობით, მეფე რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთან ყიას ედ-დინს მიათხოვა და მზითვად აწყური მისცა.

იოსებ გრიშაშვილი "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერს, რომ მზითვში გასატანებელი წიგნების ფართო­ ჩამონათვალი არსებობდა. ქალს მამის ოჯახი, "ვეფხისტყაოსნის" გარდა, ასაჩუქრებდა სასულიერო ლიტერატურითა და სხვა წიგნებითაც, მათ შორის "სიტყვის კონით", თეიმურაზ პირველის "ვარდბულბულიანით", "ანბანთქებით", ანტონ პირველის "ქართული ღრამატიკით" და სხვა.

თინა იველაშვილი, ეთნოგრაფი: - ქალი გასათხოვარ ასაკს რომ მიაღწევდა, მშობლები მზითვზე ზრუნვას იწყებდნენ. მზითვში შედიოდა: რამდენიმე­ ხელი ქვეშაგები, სპილენძის ჭურჭელი, ტანსაცმელი და სხვა საოჯახო წვრილმანი ნივთები.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში მექორწინე ოჯახებს შორის მზითვზე წინასწარი მოლაპარაკება არ წარმოებდა. სამოყვრო ურთიერთობაში მთავარი იყო ქალის ღირსება-ნაკლოვანება, გვარიშვილობა. გადმოცემით, ქალისთვის მამის ოჯახს მზითვად მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმელიც რომ გაეტანებინა, ვაჟის მხარე ხმას არ ამოიღებდა, მზითვზე პრეტენზიის გამოცხადება სირცხვილად ითვლებოდა.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილში (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო) მზითვს ქალის გათხოვებისათვის დიდი ყურადღება ექცეოდა. გადმოცემით, მექორწინე ოჯახებს შორის მოლაპარაკება წინასწარ, დაწინდვამდე იწყებოდა. ვაჟის ოჯახი გარკვეული რაოდენობის მზითვს ითხოვდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი ნაკლები გვარის ან ღირსების იყო. ქალს თუ კარგი მზითვი ჰქონდა, მალე თხოვდებოდა, თვალტანადი ქალი უმზითვობის გამო ზოგჯერ გაუთხოვარი რჩებოდა. ყოფილა შემთხვევა, ქალი არ იყო ვაჟის შესაფერისი, მაგრამ კარგი მზითვის გამო მაინც უთხოვიათ.

მზითვზე მოლაპარაკებასთან ერთად ადგენდნენ მზითვის წიგნსაც, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ყოველივე ის ნივთები, რომელთაც ქმრის ოჯახში ატანდა მამის ოჯახი ქალს. ის ორპირად იწერებოდა - ერთი ცალი ქალს ქმრის ოჯახში მიჰყვებოდა, მეორე კი მის მშობლებთან რჩებოდა.

საქართველოს ცალკეულ კუთხეში (აღმოსავლეთ საქართველოს მთა, სამცხე­-ჯავახეთი, სვანეთი) მიღებული იყო მზითვ­ში მიწის ნაკვეთის გატანება. გათხო­ვი­ლი ქალის­ ნაადრევად უშვილოდ გარდა­ცვალების­ შემთხვევაში მის მშობლებს მზი­თვის წიგნის მეშვეობით შეეძლოთ კანონიერად შესდავებოდნენ სიძეს და მზითვი უკან დაებრუნებინათ.

საქორწინო ურთიერთობის მოგვარების საქმეში მზითვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭება გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს."რა დროს დაწესდა საქართველოში­ "მზითევი", მისი განსაზღვრა ზედმიწევნით­ შეუძლებელია", - წერდა ივანე ჯავახიშვილი.

"ჩემი მზითვი "გაზ-011" იყო"

ირმა სოხაძე, მომღერალი: "როდესაც­ მე გავთხოვდი, მაშინ მზითვის თემას გაც­ილებით სერიოზულად უყურებდა ყველა, ვიდრე დღეს. ჩემი მზითვი რომ მახსოვს და მერე ჩემი 2 ქალიშვილის, შედარება არ არის. ჩემს ქალიშვილებს რაც შევთავაზე, იქიდან რაც დასჭირდათ, მხოლოდ ის გამაკეთებინეს, რაც ძალიან მინიმალური იყო. მე დედაჩემმა არც მკითხა, რა მინდოდა, ტრადიციის თანახმად მოქმედებდა. ეს იყო 1975 წლის ზაფხული იყო. მოგეხსენებათ პატარაობიდან ფილარმონიის სოლისტი ვიყავი და ხელფასი მქონდა - ჯერ 10 მანეთი და 50 კაპიკი, მერე ცოტა მომემატა, 12 მანეთამდე. პარალელურად კონცერტებსა და ჩაწერებზე დავდიოდი და მშობლებმა ჰონორარები მომიგროვეს 4-დან 19 წლამდე, 15 წლის განმავლობაში და მანქანა მიყიდეს. ეს იყო "გაზ-011". როდესაც ვიქორწინეთ მე 19-ის ვიყავი, რეზო 24-ის და ჩემი მზითევი მანქანა იყო. იყო კიდევ 12 ხელი თეთრეული ასეთი, 12 ხელი - ისეთი, 12 ხელი კიდევ სხვანაირი. მატყლის ლეიბებზე,­ საბნებზე აღარაფერს ვამბობ; თეთრი საძინებელი "ლუდოვიკო", ჩემი საყვარელი და განუყრელი როიალი. ერთმა ბებიამ ალმასისთვლიანი ბეჭედი მაჩუქა, მეორემ - ოქროს საათი, დედაჩემმა ბეჭედი, დედამთილმა კი - ქორწილში არაჩვეულებრივი ბრილიანტის ბეჭედი. მერე ეს ყველაფერი ჩემს ქალიშვილებს­ ვაჩუქე. მზითევიდან ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჩემი ბიბლიოთეკა და ბიძაჩემის ქორწილში საჩუქრად გადმოცემული "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური, 1937 წლის გამოცემა, თოიძის დასურათებით. ქორწილი 11 ივლისს გვქონდა. ჩემი ბებიისა და ბაბუის სახლში, ჭავჭავაძეზე,. ოთხივე ოთახში სუფრა იყო გაშლილი, პირველ დღეს 150 კაცი იჯდა. მეორე დღეს რეზოს ოჯახმა რესტორანში გადაიხადა 200-კაციანი ქორწილი. მერე კი თვე-ნახევრით საქორწინო მოგზაურობაში წავედით".

"დედა მეუბნებოდა, ბევრად ძვირფასია თანაცხოვრებაში შეძენილი ნივთებიო"

მაკა მახარაძე, მსახიობი: "მზითვი არ მქონია არც მე, არც დედაჩემს და არც ჩემს შვილებს. დედა მეუბნებოდა ხოლმე, ბევრად ძვირფასია თანაცხოვრებაში შეძენილი ნივთებიო. სახსოვრად კი მართლაც ბევრი ნივთი მომცეს. ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში მქონდა - ჩემს მამამთილს ინფარქტი დაემართა, თან მაისი დგებოდა და არ გვინდოდა მაისში დაქორწინება, ვცდილობდით აპრილში მოგვესწრო. საიდან არის შემოსული, რომ მაისში ქორწილი არ ვარგა, არ ვიცი... ქორწილი კი მოვასწარით მაისამდე, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ვართ. ესე იგი, მაისი არაფერ შუაშია..."

"მე დედამ მაჩუქა თავისი მოქსოვილი ფარდაგი"

ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი: "ჩვენ არ ვიცოდით მზითვი, ეგ ამბები დამთავრებული იყო, როდესაც გავთხოვდი, იმ დროისთვის. წინარე ამბები იყო, საქონელს გაატანდნენ ხევსურის ქალებს მზითვში, თუშებს - მოქსოვილ ფარდაგს, რამდენიმეს. მე დედამ მაჩუქა თავისი მოქსოვილი ფარდაგი, ოღონდ სტუდენტი რომ გავხდი, მაშინ, ზედ ირმებია გამოსახული, რომელიც დაოჯახების შემდეგ წამოვიღე და დღესაც სულ ახალივით მიდევს სკივრში.

ჩემი და ამირანის ქორწილი დედის ძმობის ჯვრის მოტანითა და მთელი რიგი რიტუალებით იყო დაცული, თუშეთშიც და ხევსურეთშიც. მთებში დედის ძმობის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალის გათხოვებას მთის ხალხი მას ეკითხებოდა. დედის ძმას მოჰქონდა ხის ჯვარი, რომელიც­ თუშურ რიტუალურ პურში, კოტორში იყო ჩადგმული. ჯვარი შემკული იყო ვაშლებით, თუშური წინდებით... ამას მოჰყვებოდა ლანგრებით ტკბილეული... ქორწილი ამირანის სოფელში, ჯუთაში გადავიხადეთ. ამირანის მეჯვარე გოდერძი ჩოხელი იყო, ჩემი - ჩუბჩიკას ქალიშვილი ნატო და ვახუშტის შვილი გუგა. გვინდოდა ჯვარი ანანურში დაგვეწერა, რადგან პირველად ანანურთან მივხვდი, რომ ამირანს რაღაც გრძნობა ჰქონდა ჩემ მიმართ. გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსი წამიკითხა: "ფერად კაბებში ჩანან ტყეები/თითქოს გაძარცვეს შენი სკივრები"...

ქორწილის დღეს ანანურში მისვლა დაგვიგვიანდა და ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა. 19 წლის შემდეგ მაინც ანანურში დავიწერეთ ჯვარი..."

მოამზადა ეკა სალაღაიამ