„დედა, ვერ დავიჯერებ, რომ შენც უარს ამბობ ჩემზე“ - კვირის პალიტრა

„დედა, ვერ დავიჯერებ, რომ შენც უარს ამბობ ჩემზე“

როცა ეს ამბავი მიამბეს, რატომღაც ნიკო ლორთქიფანიძის "ტრაგედია უგმიროდ" ამომიტივტივდა გონებაში. ნოველაში მამა მშიერ ბავშვებს მჭადს შეუჭამს და მერე გულსაკლავად ფიქრობს, დედა ხომ ამას არ იზამდაო. ბოლოს სასტიკ განაჩენს გამოუტანს საკუთარ თავს და ისედაც დაობლებულ შვილებს მთლად უპატრონოდ ტოვებს. სულაც არ მინდა მამები დავამცირო და ჩრდილში დავაყენო - არსებობენ გმირი მამები, რომლებიც სასწაულებს სჩადიან და დედის მოვალეობასაც კი ასრულებენ, რომ დაობლებულ შვილებს დანაკლისი არ აგრძნობინონ, თუმცა ზოგჯერ საზოგადოებრივ აზრს მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და შვილზე სხვადასხვა გარემოების გამო უარს ამბობენ.ეს ამბავი დასავლეთ საქართველოს ერთ ტრადიციულ ოჯახში მოხდა. მართლაც ძალიან მტკივნეული და ძნელად გადასალახი იქნებოდა ის, რაც ამ ოჯახს თავს დაატყდა, მაგრამ როცა ბუნება თავისას ამბობს, ზღვარს გადასული მრისხანება და შვილის მოკვეთა არ მიმაჩნია მართებულად. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, წერილის გაცნობის მერე კი თქვენ გამოიტანეთ დასკვნა.

სამი გოგონას მერე ოჯახში ნანატრი­ ბიჭი გაჩნდა. უსაზღვრო სიხარული მამამაც­ და ბაბუამაც თოფის გასროლით ამცნეს სოფელს. მაშინ უფროსი გოგონა 13 წლის იყო, შუათანა - 9-ის, უმცროსი კი 7-ის. ნაბოლარას ყველა თავს ევლებოდა, მამა და ბაბუა გოგონების გასაგონად ხშირად ამბობდნენ, ყველამ იცოდეს, ამ სახლ-კარის­ პატრონი თემოა, ის იქნება ამ ოჯახის უფროსიო. არ სწყინდათ გოგონებს, იცოდნენ,­ ვინც იქნებოდა ამ დიდი სახლ-კარისა და ოჯახის პატრონი. დედა მესამე გოგონას მშობიარობას კინაღამ გადაჰყვა, ამან ჯანმრთელობა შეურყია და მიუხედავად ამისა, ქმარს არ აწყენინა და ბიჭის ხათრით მეოთხეც გაბედა. მამა წამოზრდილ გოგონებს სულ ამას ჩასჩიჩინებდა, ხომ იცით, რომ დედათქვენს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, მიეხმარეთ, არ გადაიღალოსო. თვითონაც მუხლჩაუხრელად შრომობდა, დედამთილ-მამამთილიც ცივ ნიავს­ არ აკარებდნენ ოთხი შვილის დედას. პატარა თემუკა არ იყო ჭირვეული ბავშვი. უფროსი დები სულ მის გართობაში იყვნენ, თოჯინებით სპექტაკლებს უდგამდნენ, ზოგჯერ ძმას კაბაში გამოაწყობდნენ და არწმუნებდნენ, ზღაპრის მთავარი პერსონაჟი პრინცესა ხარო. 10 წლის იყო თემუკა, უფროსი და რომ გათხოვდა. მისი წასვლა ძალიან განიცადა, მაგრამ დებმა ცოტათი გაუნელეს დედასავით მზრუნველი დის გარეშე ყოფნა. მამამ ფეხბურთზე მიიყვანა, მაგრამ ცოტა ხანში ატირებულმა უთხრა მშობლებს, ფეხბურთი არ მომწონსო.

ბებია და ბაბუა რომ გარდაიცვალნენ, 12 წლის თემო შინ ხშირად რჩებოდა მარტო. მშობლები მუშაობდნენ, უფროსი და ქმრის ოჯახში იყო, შუათანა თბილისში სწავლობდა, უმცროსი კი რაიონულ ცენტრში დადიოდა მუსიკალურ სასწავლებელში და იქ რჩებოდა ნათესავთან. თემოს ძალიან უყვარდა მარტო ყოფნა. ოჯახის წევრების გარეშე კი თავისუფალი იყო, ჩაიცვამდა დების დაპატარავებულ კაბებს, გაიკეთებდა მაკიაჟს და სარკის წინ იპრანჭებოდა. სოფელში ზურგს უკან უკვე ბევრი ქირქილებდა და "ქალაჩუნას" ეძახდა. ორი უახლოესი მეგობარი გოგონა ჰყავდა.­ ისინი იმ დროს მიდიოდნენ თემოსთან, როცა სახლში არავინ იყო. უყვებოდნენ თავიანთ გატაცებებზე, ათას წვრილმან-მსხვილმანზე,­ თუმცა ვერც ერთი ვერ ხვდებოდა, რომ თემოს სხეულში ბიჭი კი არა, გოგონა იჯდა, რომელიც ყოველდღიურად ქალად ყალიბდებოდა. რაც დრო გადიოდა, მამა უფრო და უფრო ხშირად აპროტესტებდა ვაჟიშვილის კარჩაკეტილ ცხოვრებას და უცნაურ ახირებას - მაღალი, გრძელთმიანი გოგონების ხატვას, რომლებსაც ხან საცურაო კოსტიუმი ეცვათ, ხან მოკლე ან გრძელი კაბა. მამის პროტესტს კვლავ დედა აბათილებდა, იქნებ სამოდელო ბიზნესშიც წავიდეს, ეჭვი არ მეპარება, წარმატებული იქნება, რადგან ძალიან ნიჭიერიაო.

გამოხდა ხანი და თემო სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე. თბილისში სასწავლებლის ახლოს ბინა უქირავეს მშობლებმა.­ უმცროსი­ დაც უკვე გათხოვილი იყო, შუათანა კი გერმანიაში ცხოვრობდა.

მერე თემომ ახალგაზრდა მხატვარი გაიცნო. დამალული არაფერი რჩება, ჰოდა, სოფელში ვიღაცამ ამბავი ჩაიტანა, თემო "გათხოვდაო". გულგახეთქილმა დედამ მეორე დღესვე ჩააკითხა შვილს. სხვა გზა არ იყო და თემომ იცრუა, ჩემი უფროსი მეგობარია, ნიჭიერი მხატვარი, რომლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ და გამოფენის ერთად გამართვასაც ვაპირებთო. Qქალიც დამშვიდებული დაბრუნდა.

ერთხელაც მამამ გადაწყვიტა, მოულოდნელად თავს დასდგომოდა შვილს და სიმართლეც გაირკვა. გაგიჟებულმა კაცმა ყველაფერი დალეწა, მერე კი ცუდად გახდა და "სასწრაფომ" მწვავე ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანა.

დედამაც და დებმაც მძიმედ გადაიტანეს­ მათთვის მიუღებელი ამბავი­. მამა გადარჩა. მან განაცხადა, ვაჟი აღარ მყავსო, ხოლო ვინც მასთან კონტაქტს შეეცდებოდა, იმასაც ამოშლიდა ახლობლების სიიდან. თემოს დებმაც მამას­ დაუჭირეს მხარი: შეგვარცხვინა, ამიტომ აღარ გვინდა ძმის სახელის ხსენებაო...

ერთი წლის მერე ოჯახმა გაიგო, რომ თემომ ორი ოპერაცია გაიკეთა და უკვე ტრანსგენდერია. მამამ ხელახლა ჩადო მიწაში­ ქალად გადაკეთებული ვაჟიშვილი და ისევ გააფრთხილა ახლობლები, ახლოს არ გაკარებოდნენ "კეთროვანს", ცოლს კი დიდი რისხვა დაატეხა: მის გაუკუღმართებაში დიდი წვლილი შენც მიგიძღვის, იცოდე, როგორც კი მასთან მიხვალ, ჯერ იმას მოვკლავ, მერე შენ და ბოლოს თავსაც მოვიკლავო.

გავიდა კიდევ ექვსი თვე და თბილისიდან­ ერთმა ნაცნობმა წერილი მალულად ჩამოუტანა ქალს. შვილი წერდა: "დედა, შენ და ჩემი დები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები იყავით ჩემთვის. მაპატიე, თუ გული გატკინე. დებმა უარმყვეს, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ შენც უარს აცხადებ ჩემზე. ერთ კვირაში სამუდამოდ დავტოვებ საქართველოს. წასვლის წინ ძალიან მინდა გნახო. მანდ ვერ ჩამოვალ, იქნებ შენ მოახერხო თბილისში ჩამოსვლა".

მთელი ღამე თეთრად გაათენა ქალმა, დილას კი ქმარს ცივად უთხრა, ეკა (უმცროსი ქალიშვილი) უნდა მოვინახულოო. პასუხს არც დაელოდა, ისე წავიდა.

რთული იყო შვილთან გამოთხოვება, მაგრამ კარგად აცნობიერებდა, რომ თემოსთვის ეს საუკეთესო გამოსავალი გახლდათ...

12 წელია თემო საქართველოდან შორს ცხოვრობს. როგორც ამბობს, ის თავის ბუნებრივ "ყალიბს" დაუბრუნდა. ბოლო ხანს გერმანიაში მცხოვრები და ნახულობს. უფროსი და უმცროსი დები დღემდე დუმილს ამჯობინებენ. მამას კვლავინდებურად რისხვა ეუფლება, როგორც კი ვინმე თემოს ახსენებს. მხოლოდ დედაა ერთად­ერთი გამონაკლისი, რომელიც უსაშველო მონატრებითა და სიყვარულით წელიწადში ერთხელ შვილს დიდი ხნით სტუმრობს.