„ვფიქრობ, სამშობიაროდან მომიპარეს, დედა არ გამაშვილებდა...“ - კვირის პალიტრა

„ვფიქრობ, სამშობიაროდან მომიპარეს, დედა არ გამაშვილებდა...“

"შვიდი წლის ვიყავი, ავარიაში რომ მოვყევით. სატვირთო მანქანა დაგვეჯახა, გამზრდელმა დედამ გადამარჩინა, თვითონ კი დაიღუპა. მეც მძიმედ დავშავდი, მაგრამ სასწაულებრივად გადავრჩი... შემდეგ მამა მარტო მზრდიდა. ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ოჯახის გაძღოლამ. 2009 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. გმირი გამზრდელი მშობლები მყავდა!" - ამბობს სულხან ბარდაველიძე, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.

- 80-90-იან წლებში ხშირი იყო სამშობიაროდან ჩვილების მოპარვა და გაყიდვა. ბიოლოგიური მშობლების შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომ კვალზე ვერ გავდივარ.

სავარაუდოდ, დარეჯან ნიკოლოზის ასულ შენგელიას გავუჩენივარ 1987 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის პირველ სამშობიაროში. მეუბნებოდნენ, გაზრდის საშუალება­ არ ჰქონდა და ბავშვთა სახლში ჩაგაბარაო, რაც ტყუილი მგონია. ვფიქრობ, როცა დავიბადე, მომიპარეს, მაგრამ ვერ გამაშვილეს და ქუთაისის ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. ეს ყოველივე ნათესავმა მიამბო, მაგრამ სიმართლე ბოლომდე არ გამიმხილა... მითხრა, სანამ გიშვილებდნენ, დათო შენგელიას სახელით და გვარით იყავი რეგისტრირებულიო.

- როდის გაიგეთ, ნაშვილები რომ იყავით?­

- მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც სახლში საბუთები ვნახე და ეს ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო, თუმცა, წლების განმავლობაში არაფერს ვამბობდი, არ მინდოდა, მშობლებს გული სტკენოდათ. გავიდა დრო და ბიოლოგიური მშობლების ძებნა იუსტიციის სახლიდან დავიწყე, თუმცა ამაოდ. მერე სამი სავარაუდო პირი გამოჩნდა, ორზე დნმ გაკეთდა, მაგრამ ნათესაური კავშDირი არ დადგინდა. მაგრამ თუ ვინმე ჩემიანი ძებნას დამიწყებს, მყისვე ამომივა აპლიკაციაში სახელითა და გვარით.

- გამზრდელ მშობლებს არასოდეს უთქვამთ, ნაშვილები რომ იყავით?

- გამზრდელ მამას ერთხელ საუბრისას შევაპარე, მაგრამ არაფერი მითხრა, ალბათ, ეშინოდა, არ მიმატოვოსო. მე და მამას ძალიან გვიჭირდა. მისი პენსიითა და სოფლის მეურნეობით გაგვქონდა თავი. ბევრჯერ საჭმელიც არ გვქონია, თითქოს ყველაფერს გავუძელით, მაგრამ მამა მაინც სიკვდილმა გამომტაცა ხელიდან.

bichi2-1675618132.jpg

- სად იზრდებოდით?

- ერთი წელი ქუთაისის ბავშვთა სახლში. შემდეგ წამომიყვანეს გამზრდელმა­ მშობლებმა და თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში ვიზრდებოდი. ამჟამადაც აქ ვცხოვრობ და ღვინის კომპანიაში ვმუშაობ მეეზოვედ. სამსახური, სახლი - ასეთია ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.

- ნათესავები გყავთ?

- დიახ, გამზრდელი მშობლებისგან, თან მყვებიან, ბიოლოგიური ოჯახის ძებნაშიც მეხმარებიან.

- ასე ძალიან რატომ გსურთ ბიოლოგიური ოჯახის პოვნა?

- მსურს გავიგო, რა გვარის ვარ, ვინ არის ჩემი სანათესავო. გადმოცემით ვიცი, მყოლია უფროსი დები. რადგან დები მყავდა და ნანატრი ბიჭი ვიყავი, ბიჭს არავინ გააშვილებდა. მაშინ გამოდის, სამშობიაროდან მომიპარეს! 1987 წელს ისეთი გაჭირვება არ იყო, ბიოლოგიურ დედას გავემეტებინე და გავეშვილებინე. მითხრეს, ჩემი ბიოლოგიური დედა, დარეჯან შენგელია, ქუთაისში, ბუხაიძის ან ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდაო. ის ქუჩები მოვიარე, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბიოლოგიური მამის შესახებ არაფერი გამიგია... ჩემი გამზრდელი მშობლების ამაგს არასოდეს დავივიწყებ, არც სახლს მივატოვებ. არ მშია, არ მწყურია, ვმუშაობ, სახლსაც ბანკის ვალით ნელ-ნელა ვარემონტებ. ყველას ვთხოვ, ვინც ჩემმა ისტორიამ დააინტერესა, თუ სწორ კვალზე დამაყენებთ, მადლიერი დაგრჩებით.

თიბისი ბანკი:

GE66TB7612645061100008

მიმღები პირი: სულხანი ბარდაველიძე

მანანა გაბრიჭიძე