როგორ მოვუაროთ სახის კანს
იცოდით, რომ სახის ნორმალურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო მდგომარეობა? - სანამ სახეზე ზრუნვას დავიწყებთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რა არის კანი. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგია კოსმეტოლოგია, მრავალი ქალი მიმართავს ინვაზიურ და არაინვაზიურ მეთოდებს, თუმცა ძალიან ცოტამ იცის თავად კანის შესახებ, ამიტომ სანამ ესთეტიკური მედიცინის ცენტრს ეწვევით, ამ სტატიის საშუალებით გაიგებთ, თუ რას ნიშნავს სახის მოვლა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის არის საჭირო სპეციალისტთან ვიზიტი. "კვირის პალიტრის" კითხვებს კოსმეტოლოგი სოფო თოიძე პასუხობს.
- კოსმეტოლოგია - ამ ჯადოსნური სიტყვის სამშობლოდ ითვლება არანაკლებ იდუმალებით მოცული ქვეყანა - ეგვიპტე, სადაც სახისა და ტანის მოვლის კულტურა ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი, რაზეც მეტყველებს აღმოჩენილი სამარხები, მუმიები, მალამოების ჭურჭლები და ა.შ. პირველად კაცობრიობის ისტორიაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს 21-მეტრიანი პაპირუსის ქაღალდი, სადაც მითითებული იყო ბევრი საინტერესო რეცეპტი, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
- რა უნდა ვიცოდეთ კანის შესახებ?
- კანი რთული და ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. ის იცავს შინაგან ორგანოებს სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმისაგან და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. ყველა ადამიანის სურვილია, კანი ჰქონდეს ლამაზი, მკვრივი და გლუვი. ყველაფერ ამას ხელს უწყობს სწორი ცხოვრების წესი. სპეციალისტისთვის ყველაზე რთული "სუფთა კანის" ეფექტის მიღებაა. კანი ყველაზე დიდი ორგანოა, მისი მასა 3 კილოგრამამდეა, ინარჩუნებს 80% ტენიანობას და მის კვადრატულ სანტიმეტრზე 100 ფორაა. კანი ყველაზე დიდი სასუნთქი ორგანოა, ის დღე-ღამის განმავლობაში 500 მილილიტრ წყალს გამოყოფს. ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში 1000-ჯერ აღიდგენს კანს, კანის ერთფეროვნება სიგლუვე და ხავერდოვნება დამოკიდებულია კოლაგენზე. თვალებზე კანი ყველაზე თხელია - დაახლოებით 0,2 მმ, ხოლო ყველაზე სქელი კანი ფეხისგულზეა - 1,4 მმ, ასევე ხელისგულსა და ზურგზე. სახის კანზე 2000 ნერვული დაბოლოებაა. მთელი კანი გაყოფილია დერმატომებად, რომლებიც დაკავშირებულია ზურგის ტვინთან და პასუხისმგებელია მგრძნობელობაზე.
- "სუფთა კანის" ეფექტი ახსენეთ, რომელიც ძნელად მისაღწევია. ამიტომ მინდა გკითხოთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურის, სახის პილინგის შესახებ?
- 2018 წელს ამერიკაში პილინგის 1.38 მილიონი პროცედურა ჩატარდა. პილინგი კანის ექსფოლაცია ანუ ზედაპირიდან მკვდარი უჯრედის მოცილებაა. ის აუმჯობესებს სახის იერს, კარგად მოქმედებს ნაწიბურებზე, წვრილ ნაოჭებზე, პიგმენტებზე და ა.შ. მკვდარი უჯრედის ქვეშ ახალგაზრდა, ჯანმრთელი უჯრედია. პილინგის პროცედურა აძლიერებს ბაზალური შრის უჯრედების გაყოფას და კანს არბილებს. პროცედურიდან რამდენიმე დღეში კანი ჯანმრთელ შეფერილობას იღებს. მისივე მეშვეობით ვებრძვით კანის დეფექტებს, ზედაპირულ ნაოჭებს, ნაწიბურებს და ა.შ. შეიძლება გვგონია, რომ პილინგი თანამედროვე მიმართულებაა ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში, მაგრამ ეს მეთოდი საუკუნეებს ითვლის. 3-4 ათასი წლის წინ საცხების შემადგენლობაში იყენებდნენ სხვადსხვა ხილის კურკებს, მინერალებსა და ქვიშას. უკვე ძველ ანტიკურ ეპოქაში იყო შემუშავებული პილინგი. პირველი ასეთი პრეპარატები იყო ბუნებრივი მჟავა, რომელიც მცენარეებისგან მზადდებოდა, ასევე გამოიყენებოდა ციტრუსის, ყურძნისა და რძის პროდუქტების ნარჩენები. დროთა განმავლობაში ყველაფერი იხვეწებოდა და დღეს პილინგი ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.
- ხშირად სახის მოვლის საცხებს A , E ან C აწერია, რომელ ვიტამინს რა დანიშნულება აქვს კანისთვის?
- ვიტამინი A არის ყველაზე ძლიერი ვიტამინი, რომელიც ებრძვის კანის დაბერებას, აკონტროლებს ეპიდერმისსა და დერმას, რომელიც ხელს უწყობს კანის სირბილეს. გენს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის წარმოშობას, აუცილებლად სჭირდება ვიტამინი A. სწორედ ის ეხმარება კოლაგენის წარმოქმნაში. ვიტამინი E კანს იცავს დაბერებისგან, საჭიროა ჰიპოფიზის ჰორმონისთვის, გვიცავს დამწვრობისაგან, ნაოჭისაგან, ნაწიბურის წარმოქმნისაგან, აუცილებელია მენოპაუზის დროს, საჭიროა ეპიდერმისისთვის. ამ შემთხვევაში დონორი წყალბადი არის ვიტამინი ჩ, რომელიც შედის რეაქციაში ვიტამინ E-სთან და აღადგენს მას კანის უჯრედში. ვიტამინი ჩ, ასკორბინის მჟავა, მონაწილეობს კოლაგენის შექმნაში და აღადგენს ვიტამინ E-ს. ანეიტრალებს რადიკალებს, არის ანტიოქსიდანტი, ახორცებს ჭრილობას და მოქმედებს პიგმენტებსა და ფერზე.
- ესთეტიკურ მედიცინაში ფართოდ გავრცელებულია ქრომოთერაპიაც, რომელიც ჩვენთან თანდათან იკიდებს ფეხს.
- დღეს არაინვაზიური მეთოდები, კერძოდ, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კორექცია თანდათან პოპულარული ხდება.G ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაში, სეზონური დეპრესიის მოშორებაში, კანის მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს ქრომოთერაპია. ეს არის მედიცინის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია ფერებით მკურნალობაზე. ქრომოთერაპია კოსმეტოლოგიაში დღეს ერთ-ერთი აღიარებული მეთოდია, რომელსაც თითქმის არა აქვს უკუშედეგი. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ფერი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, წონის კლებაზე, ნერვულ სისტემაზე, კანზე და ა.შ. მაგალითად, ძალიან კარგია, თუ წითელს დილიდან გამოვიყენებთ. ის მუშაობაში ხელს უწყობს ტვინს და აწყნარებს ნერვულ სისტემას. წითელი აღადგენს კანის მექანიზმს, ძალიან კარგია მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის ცუდი სისხლის მიმოქცევით. მწვანე აწყნარებს კანს, ლურჯი კარგია აკნეს სამკურნალოდ.
- რას გვეტყვით ინიექციების შესახებ, რასაც უამრავი ქალი მიმართავს?
- ინიექციების წყალობით ჩვენ ლამაზად ვბერდებით, გამოვიყურებით ახალგაზრდულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანის მოვლა აუცილებლად ინიექციით უნდა დავიწყოთ. რომ არა არაინვაზიური კოსმეტოლოგია, არ იქნებოდა ინვაზიური კოსმეტოლოგია. ყოველი სიახლე ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში ძველის გამოძახილია.