რა იწვევს თბილისში ჰაერის დაბინძურებას
რამდენიმე დღის წინ თითქმის მთელი თბილისი შეშინებული შეჰყურებდა ქალაქის თავზე სქელ სმოგს, რასაც ბევრი ფილტვების დაავადების გაზრდილ რისკს უკავშირებდა და არცთუ ტყუილად. ზოგიერთმა ორგანიზაციამ მოუწოდა კიდეც რისკ-ჯგუფებს (მათ შორის, მოხუცებს, ბავშვებსა და ფეხმძიმეებს) სახლიდან გარეთ გამოსვლისგან თავი შეეკავებინათ. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სმოგი ყარაყუმის უდაბნოდან შემოსულმა მყარმა ნაწილაკებმა წარმოქმნა, რაც ბუნებრივი მოვლენაა - სხვადასხვა დროს დედამიწის სხვადასხვა ადგილის მტვერი ასეულ კილომეტრებზე გადაადგილდება და სხვადასხვა კუთხეში ილექება. ამ ნაწილაკების შესუნთქვა, რბილად რომ ვთქვათ, სასარგებლო არ არის, მით უფრო, როდესაც მას საწარმოთა მტვერი და გამონაბოლქვი ემატება, ეს სიცოცხლისთვის საკმაო რისკია. მდგომარეობა ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციების არარსებობით რთულდება.
"ჩვენ უდაბნოს მტვრის "შემოტევა" სხვა დროსაც გვქონია"
თსუ-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატოლოგის, ასოცირებული პროფესორის ლამზირა ლაღიძის თქმით, უდაბნოს მტვრის ნაწილაკებს საქართველოში სხვა დროსაც შემოუღწევია და სმოგიც შეუქმნია, თუმცა ეს მოვლენა თითქმის შეუმჩნეველი დარჩენილა, ვინაიდან ატმოსფერულმა მოვლენებმა, ქარმა სმოგი მანამდე გაფანტა, სანამ მოსახლეობა დააფიქსირებდა.
- მტვრის ნაწილაკები ყოველთვის ათასობით კილომეტრებზე მოძრაობს დედამიწაზე, მაგრამ მისი დაყოვნება სხვადასხვა ადგილზე დამოკიდებულია კლიმატზე, რელიეფზე, ქარის მოძრაობაზე და ა.შ. ჩვენ უდაბნოს მტვრის "შემოტევა" სხვა დროსაც გვქონია, სწორედ პანდემიის დასაწყისში იყო იგივე, თუმცა მოსახლეობამ ვერც შემაჩნია, რადგან მტვრის ნაწილაკები ქარმა სწრაფად გაფანტა. რაც შეეხება ახლანდელ სმოგს, მისი გაფანტვა ვერ მოხერხდა, რადგან არც ქარი იყო, არც წვიმა და არც სხვა კლიმატური მოვლენები. Aამიტომაც დარჩა 2-4 დღე ქალაქის თავზე. როდესაც გავიხედე, 2-3 კორპუსის გარდა აღარაფერი ჩანდა. ასეთი სმოგის გაფანტვას ხელს უშლის თბილისის რელიეფური მდგომარეობა - თბილისის დიდი ნაწილი ხომ ქვაბულია და მასთან ერთად, მაღალია ქალაქის დაბინძურების ხარისხი. ამას წინათ თვალი გადავავლე დაბინძურების მონაცემებს და აღმოვაჩინე, რომ 10-ჯერ არის გაზრდილი, რასაც რეგულაციების უქონლობა უფრო ამყარებს. ჩვენ რომ გვგონია, ქვების თუ სამშენებლო მასალების დამმუშავებელი წვრილ-წვრილი საწარმოები არაფერზე მოქმედებენ, ვცდებით. მათი მუშაობა ქალაქს ძალიან აბინძურებს. როგორც აღმოვაჩინე, ასეთი საწარმო მხოლოდ რუსთავში 300-ზე მეტი ყოფილა და, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება თბილისში. გარდა ამისა, დაირღვა თბილისის განიავების ისტორიული არქიტექტურა. თუ ძველი თბილისის ძველ ქუჩებს დავაკვირდებით, ყველა მათგანი ძველი უბნებიდან მტკვარზე "ჩამოდიოდა" და ქალაქს ანიავებდა, ახლა ეს ქუჩები გადაკეტილია ახალაშენებული კორპუსებით, რაც ქალაქს განიავების დამხშობად ევლინება.
დიდ დიღომს ქალაქის ფილტვებს ეძახდნენ და ისიც ჩაიხერგა კორპუსებით. ამ მდგომარეობით თბილისის გაუნიავებელ უბნებში, მაგალითად, წერეთელზე ან ვაკეში ჰაერი უკიდურესად არის დაბინძურებული. უკეთესადაა საქმე ნუცუბიძეზე ან ვარკეთილში, სადაც ჰაერი შედარებით ნიავდება.
"ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი მანქანის ღვედები და მისი მსგავსი საპოხი მასალებიც არის"
ქალაქის დაბინძურების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვის" აღმასრულებელი დირექტორი სერგი სოფაძე. ორგანიზაციის კვლევებით, მთავარი დამბინძურებელი არა გამონაბოლქვი, არამედ სწორედ სამშენებლო ობიექტების მტვერი აღმოჩნდა.
- რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული ჩვენი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ქალაქს გამონაბოლქვზე მეტად სწორედ სამშენებლო მტვერი აბინძურებს. ეს მონაცემები პარლამენტსაც გადავეცით და სხვათა შორის, სახელმწიფომ სწორედ ეს მონაცემები გაითვალისწინა, როდესაც სამშენებლო რეგულაციები დაიწყო. თუმცა ამხელა დაბინძურებაზე რეგულაციების მიღება მარტივი პროცესი არ არის. სახელმწიფო ცდილობს, მაგრამ დრო და სახსრები სჭირდება. გაგიკვირდებათ და, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი მანქანის ღვედები და მისი მსგავსი საპოხი მასალებიც არის, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას, აზბესტს შეიცავს.
- ესეც ახალი ამბავი, რაც არასოდეს უხსენებიათ. პირადად არაერთხელ მიფიქრია ჩვენს ქვეყანაში დანერგილ გამათბობელ სისტემაზეც. როდესაც ზამთარში ყველა ოჯახიდან გამოდის გამათბობლის კვამლი, არა მგონია, ეს ჰაერის დაბინძურებაზე მცირედ მოქმედებდეს.
- დაგეთანხმებით. ეს საინტერესო თემაა დაბინძურების შესწავლისთვის. ევროპის ქვეყანაში ყველა ქალაქში გათბობის ცენტრალური სისტემაა, რომელიც მაქსიმალურად იცავს ქალაქებს დაბინძურებისგან, მაგრამ იმ დონემდე მისასვლელად, სამწუხაროდ, ჩვენ დიდი დრო გვჭირდება.