საგანგაშო სტატისტიკა - კვირის პალიტრა

საგანგაშო სტატისტიკა

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2 თებერვალს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც მოსახლეობის­ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განწყობებს ასახავს. გამოკითხულების უმრავლესობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა (ინფლაცია), უმუშევრობა, სიღარიბე­ და დაბალი ხელფასები აწუხებს.­ ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, უმრავლესობას (51%) კი ეჭვი ეპარება, რომ მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. კვლევის თანახმად, ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არა აქვს და ყოველი მეხუთე მოქალაქე უცხოეთში სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს, ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს. კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩღღჩ-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა მოეწყო 2022 წლის 3-20 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 519 პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი ±1,6%-ია.

როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება, ეკონომისტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა გვესაუბრება:

- ალბათ, იმით უნდა დავიწყოთ, რომ გამოკითხვის გარეშეც ვხედავთ, ფასები მაღალია. თუმცა ინფლაცია პრობლემაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფ­ლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვისაც. გამოკითხვამ ჩვენთანაც რომ აჩვენა ინფლაციის პრიორიტეტულობა, რა თქმა უნდა, ეს ფასების ზრდის მწვავე პრობლემურობაზე მიუთითებს. პრობლემაა­ დასაქმებაც. თუმცა აქ შედარებით უკეთესად გვაქვს საქმე, რადგან სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა­ და ეს გაგრძელდება, რათა გვყავდეს­ კვალიფიციური კადრები, რომლებიც იმ ადგილებზე შეძლებენ დასაქმებას, სადაც ვაკანსიები იქნება.

რაც შეეხება ინფლაციას, ის წარმოიქმნა ჯერ კიდევ "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს, როდესაც დაიწყო მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა, რამაც მიწოდების შემცირება განაპირობა. ეს კი, რა თქმა უნდა, ფასების ზრდაზე აისახა. მიწოდების გლობალური ჯაჭვების აღდგენა ან ახალი ჯაჭვების შექმნა ასე სწრაფად შეუძლებელია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში და მიწოდების ის გლობალური ჯაჭვებიც, რომლებშიც რუსეთი-უკრაინა-ბელარუსი იყვნენ ჩართული, პრაქტიკულად, გაწყდა. ამიტომ მიწოდების შემცირება კვლავ მთავარი გამოწვევაა. თუ დავესესხებით ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ ნურიელ რუბინს, 2023 წლის ეკონომიკის მთავარი პრობლემა იქნება სტაგფლაციური სავალო კრიზისი. სტაგფლაციაა, როცა ერთდროულად არის მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური აქტიურობა შემცირებულია, რის გამოც იზრდება უმუშევრობა. სავალო კრიზისი კი იმიტომ არის საფრთხე, რომ კოვიდპანდემიისას ქვეყნებს ძალიან დიდი სახელმწიფო ვალი დაუგროვდათ და დღეს ამან გლობალური ხასიათი მიიღო. ასე რომ, ის, რაც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, სავსებით ჯდება გლობალურ ეკონომიკაში დაფიქსირებულ ტრენდში.

- 2023 წლის მთავარ პრობლემად ინფ­ლაცია სახელდება. რამდენად­ მწვავე იქნება ის საქართველოში?

- ჩვენ, ეკონომისტები, როდესაც პროგ­ნოზს ვაკეთებთ, ვითვალისწინებთ წინა პირობებს და ამიტომ გამოიყენება სიტყვათ­წყობა "სხვა თანაბარ პირობებში". სწორედ სხვა თანაბარ პირობებში შეიძლება იყოს ინფლაცია ისევ მაღალი. პირობითობით იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში, ისევე როგორც არ ვიცით, როდის დამთავრდება. ყველას გვინდა გაიმარჯვოს უკრაინამ, მაგრამ, იმავდროულად, საკითხავია, რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება. ასე რომ, როდესაც ასეთი გაურკვევლობაა, ძალიან ძნელია გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება. საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021-2022 წლებში მაღალი იყო, რაც მისასალმებელია, მაგრამ, დიდი ალბათობით, არ შენარჩუნდება. ამას აცნობიერებს ჩვენი მთავრობაც, აცნობიერებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც, მაგრამ, იმავდროულად, დიდი ალბათობით, დაიწყება იმ საერთაშორისო პროექტების­ რეალიზება, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. კონკრეტულად ვგულისხმობ ე.წ. შუა დერეფნის პროექტს. მოგეხსენებათ, ის არ არის ახალი. თავის დროზე, მას ხორცი­ შეესხა დიდი აბრეშუმის განახლებული გზის სახელით, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ინიცირებული იყო ედუარდ შევარდნაძის მიერ. მაშინ გაკეთდა ისეთი გრანდიოზული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენი. აზერბაიჯანის აქტიურობით გაკეთდა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც აზერბაიჯანი საქართველოს გავლით თურქეთთან დააკავშირა. ახლა კი ლაპარაკია, რომ ამ სატრანსპორტო დერეფანს ახალი სიცოცხლე შთაებეროს. უკრაინაში რუსეთის ომამდე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ჩინეთისთვის, ევროპასთან დასაკავშირებლად უმთავრესად გამოიყენებოდა რუსეთის სატრანსპორტო დერეფანი. ახლა, რუსეთის აგრესიისა და მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, საჭიროა ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში არსებული ტვირთების ალტერნატიული დერეფნით გადატანა ევროპაში, სადაც ამ ტვირთებზე მოთხოვნა დიდია. ასეთი დერეფანი კი არის სწორედ ის, რასაც ჩვენ "ახალ დიდ აბრეშუმის გზას" ვუწოდებდით, დღეს კი ახალი სახელი - "შუა დერეფანი" დაერქვა. საინტერესოა არა მარტო ის, რომ დერეფანს ექნება სატრანსპორტო დატვირთვა, არამედ ისიც, რომ დერეფანი ტრანსფორმირდება სატრანსპორტოდან ეკონომიკურ დერეფნად. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის, რუმინეთის, უნგრეთის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის პატრონაჟით ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, დაგეგმილია შავ ზღვაში ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ელექტროგადამცემი კაბელით ევროკავშირის ქვეყნები ელექტროენერგიას მიიღებენ, ხოლო ამ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მწარმოებელი საქართველოც იქნება. ასე რომ, თუ საქართველო აქამდე ენერგორესურსების მხოლოდ გამტარი იყო, ახლა ჩნდება ახალი შესაძლებლობა, იყოს არა მარტო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი, არამედ ეკონომიკური დერეფნის ნაწილიც - თავად იქნება მწარმოებელიც და ექსპორტიორიც. ეს, რა თქმა უნდა, ენერგოდამოუკიდებლობისთვის დიდ პერსპექტივებს იძლევა.

სწორედ ასეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა უნდა დაუპირისპირდეს ინფლაციის მაღალ დონეს. მხოლოდ ამით იქნება შესაძლებელი ინფლაციის პრობლემის აღმოფხვრა თუ არა, შემსუბუქება მაინც.

- ამ პროექტების რეალიზებით ინფლაციის მოთოკვა რა დონემდე იქნება შესაძლებელი?

- გადავხედოთ ბოლო წლების მაჩვენებლებს: 2021 წელს ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 10,5%-ს, ინფლაციამ კი ლამის 14%-ს მიაღწია; 2022 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 11%, ინფლაცია კი თითქმის 10%. ეკონომიკური ზრდა რომ გვქონოდა არა 11%, არამედ 5% ან 3%, მაშინ ინფლაციური­ წნეხი ხომ უფრო მძიმე იქნებოდა მოსახლეობისთვის? ამიტომ, როდესაც მაღალი ინფლაციაა, აუცილებელია ასევე გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის პარამეტრები, რათა სრულად თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალოს ინფლაციით გამოწვეული სირთულეები. რა თქმა უნდა, ინფლაციას მხოლოდ ჩვენ ვერ დავამარცხებთ, ეს გლობალური პრობლემაა და მის დაძლევაზე მუშაობენ აშშ, ევროკავშირი და აზიის ქვეყნები, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. მაგალითად, მეზობელ თურქეთში ჩვენზე­ სავალალო მდგომარეობაა.­ თუმცა, თუ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეს კი არ ნიშნავს, რომ ინფლაცია შემცირდება, არამედ მოსახლეობაზე წნეხი შემსუბუქდება.

- მოსახლეობისთვის 2022 წლის მდგომარეობა რომ შენარჩუნდეს, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებლები როგორი უნდა იყოს?

- ასეთი პროგნოზი არასოდეს გამიკეთებია და არც გავაკეთებ, რადგან თავად სავალუტო ფონდიცა და მსოფლიო ბანკიც, როგორც წესი, პროგნოზებს აკეთებენ ყოველკვარტალური კორექციით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკეთებენ წლიურ პროგნოზს და შემდეგ ყოველ კვარტალში კორექტივები შეაქვთ. ახლა კი, როდესაც მსოფლიოში მწვავე ეკონომიკური პრობლემებია და რაც მთავარია, არის ომი, რომლის დასასრული ჰორიზონტზე არ ჩანს, სარწმუნო პროგნოზის გაკეთება ძნელია. სხვა თანაბარ პირობებში, თუ დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდება, შუა დერეფნის პროექტის რეალიზება ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას, თანაც ისეთი ზრდის, რომელიც დაუახლოვდება იმას, რასაც ეკონომისტები ვუწოდებთ "ზრდას მოსახლეობის ჩართულობით" ანუ ინკლუზიურ ზრდას.

- ჩვენი მოსახლეობისთვის ასევე დიდი პრობლემაა დასაქმება. ამას რა განაპირობებს?

- ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ისეთი უმუშევრობაა, რომელიც დაკავშირებულია სტრუქტურულთან - როცა სამუშაო ადგილები იქმნება, მაგრამ კვალიფიციური კადრები არა გვყავს. ამიტომ, ერთი მხრივ, გვაქვს უმუშევრობა, ხოლო, მეორე მხრივ, გვაქვს სამუშაო ადგილებიც, რომლებიც აუთვისებელია კვალიფიკაციის პრობლემის გამო. ამის მოსაგვარებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ განათლებას, პროფესიულ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. მაგალითად, ქუთაისში, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის ჩინური პროექტი. ეს ცუდია, მაგრამ რომც განხორციელებულიყო, ვის უნდა ემუშავა? საქართველოში გვყავს კვალიფიციური მუშები, რომ ელექტრომობილების წარმოებაში დასაქმებულიყვნენ? ან გვყავს კვალიფიციური ინჟინრები? ჩინურ კომპანიას ხომ ჩინელი მუშახელის ჩამოყვანა მოუწევდა. ამიტომ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, როგორც მუშა-პროფესიების, ასევე საინჟინრო კადრების, ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

- ვისი მოვალეობაა გადამზადება და სახელმწიფოს ამაში რა როლი შეიძლება ჰქონდეს?

- სახელმწიფო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. პროფესიული გადამზადების საქმეში მთავარი აქტორი უნდა იყოს მთავრობა, კონკრეტულად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროფესიული სასწავლებლების პროგრამები ერთხანს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა საქართველოს საწყის ეტაპზე, უყურადღებოდ დარჩა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ეკონომიკის არაერთი დარგი გაჩერდა და პროფესიულ მომზადება-გადამზადებას ისეთი მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა. მაგრამ ახლა ჩნდება ახალი დარგები, ახალი შესაძლებლობები. სხვათა შორის, ძალიან პოპულარული ხდება ელექტროენერგეტიკა და აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს როგორც მუშახელის, ასევე საინჟინრო კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებაზე.

- მოქალაქეს რისი გაკეთება შეუძლია მანამდე, სანამ ეს პროექტები ამოქმედდება?

- ამ შემთხვევაშიც მთავრობამ უნდა შესთავაზოს მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლების, დახელოვნების, შეძენის თუ შეცვლის შესაძლებლობა. თავის მხრივ, მოქალაქეებმაც უნდა მოინდომონ ამ პროცესში ჩართვა. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, სად არის ადამიანი, ქალაქად თუ სოფლად. თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც უკვე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიოში "სასურსათო­ ომია". ამ ვითარებაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, და არა მარტო ისინი, ფიქრობენ, როგორ და რამდენად შეძლებენ სურსათის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკების აცილებას. ასეთ ვითარებაში სასურსათო უსაფრთხოება ქვეყნებისთვის ერთ-ერთი უსერიოზულესი გამოწვევაა.

- რა უნდა გაკეთდეს, რათა ეკონომიკური პრობლემები მოსახლეობას თუ ვერ შეუმსუბუქდა, უფრო მძიმე ტვირთად მაინც არ დააწვეს?

- მთავარია, აქცენტი ტურიზმიდან გადავიდეს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. დღეს, პრაქტიკულად, ეკონომიკის რეალური სექტორიდან მოწინავეა მშენებლობა და ისიც პრიორიტეტულია მხოლოდ საბინაო. სამრეწველო მშენებლობა ქვეყანაში ძალიან მცირეა, რადგან თვითონ მრეწველობა არ არის ჯეროვნად განვითარებული. აი, სად არის ძირითადი სამუშაო, რაც საშუალოვადიან პერიოდში შედეგს მოგვცემს, გრძელვადიანი პერიოდისთვის კი საჭიროა დღესვე დაიწყოს მუშაობა, რათა ქვეყანა გადავიყვანოთ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის მოდელზე. ეს მოდელი მსოფლიოში აპრობირებულია. შედეგის მიღებას სჭირდება ძირეული რეფორმები მეცნიერებაში, სამეცნიერო საქმიანობის პრესტიჟულობის ამაღლება, რაც არა მარტო მაღალი და ადეკვატური ხელფასებით მიიღწევა, არამედ სათანადო სამუშაო პირობებით, რათა ახალგაზრდებს სურდეთ მეცნიერული მუშაობა და თან სწორედ ისეთ დარგებში, როგორიც არის კომპიუტერული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა, ფარმაკოლოგია და ა.შ. ეს დარგები ქვეყანას ყველაზე მაღალი დამატებული ღირებულების გენერირების შესაძლებლობას აძლევენ. რაკი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტი უნდა გახდეს სოფლის მეურნეობა, საშუალოვადიან პერიოდში კი ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება.

რუსა მაჩაიძე