ბახმუტის თავდაცვამ უკრაინის არმიას საბრძოლო ინიციატივა დააკარგვინა - კვირის პალიტრა

ბახმუტის თავდაცვამ უკრაინის არმიას საბრძოლო ინიციატივა დააკარგვინა

გასული წლის შემოდგომაზე, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ ხარკოვის მიმართულებიდან ლუგანსკის ოლქისკენ ძალზე სწრაფი და შედეგიანი კონტრიერიშები დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი გაათავისუფლა, გაჩნდა განცდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან უთანასწორო ომში უკრაინამ შეიძლება გარდატეხა შეიტანა.

ეს განცდა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ რაც უკრაინული "ჰაიმარსებისა" და "ექსკალიბურების" უზუსტესი დარტყმების გამო რუსი ოკუპანტები იძულებულნი გახდნენ ხერსონიდან უკან დაეხიათ, რის შემდეგაც მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე არც ერთი რუსი დამპყრობელი აღარ დარჩა.

მოსალოდნელიც იყო, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დასავლეთის დროული სამხედრო მხარდაჭერით ყველა ღონეს იხმარდა ხელში ჩაგდებული საბრძოლო ინიციატივა კიდევ უფრო გაემყარებინა და ახალი ტერიტორიები გაეთავისუფლებინა, თუნდაც ზაპოროჟიედან სამხრეთით აზოვის ზღვისკენ ფართომასშტაბიანი კონტრიერიშებითა და მელიტოპოლისა და ბერდიანსკის დაბრუნებით, რაც რუს ოკუპანტებს, ერთი მხრივ, გადაუჭრიდა სახმელეთო დერეფანს რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე და მეორე - თავად უკრაინის არმია მიადგებოდა ყირიმში გადასასვლელებს არმიანსკსა და ჩონგარში...

samx3-1675622573.jpg
ბახმუტის ქუჩების გზაჯვარედინებზე ტანკსაწინააღმდეგო "ზღარბებია" ჩაწყობილი რუსული ტანკების შესაჩერებლად...

მაგრამ ასე არ მოხდა, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აღმოაჩნდა:

პირველი - ხერსონის გათავისუფლების შემდეგ დროში დაემთხვა ამინდის ფაქტორი - საშემოდგომო წვიმის სეზონი, რამაც, ბუნებრივია, გაართულა მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება ატალახებულ გრუნტზე, მხოლოდ ასფალტირებულ გზაზე კონტრიერიშის წამოწყება კი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა - საბრძოლო კოლონის პირველივე ტანკს მოწინააღმდეგე უპრობლემოდ ააფეთქებდა, ხოლო სხვა ჯავშანტექნიკა, თუკი გვერდის ავლას მოინდომებდა და მინდორში გადავიდოდა, ტალახში ჩაეფლობოდა და მტრის ყუმბარმტყორცნელებისთვის საუკეთესო უძრავი სამიზნე გახდებოდა;

მეორე - დასავლეთის მორიგმა სამხედრო დახმარებამ დაიგვიანა, სანამ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები კულუარებში ერთმანეთს ევაჭრებოდნენ, თუ ნატოს წევრი რომელი ქვეყანა გაბედავდა რუსეთის შიშის დაძლევას და პირველი განაცხადებდა უკრაინის არმიისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ, საბრძოლო მუხტი დაეცა;

მესამე - რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურობამ რაკი დაინახა, რომ უკრაინელების საბრძოლო აქტიურობა შენელდა, გააძლიერა შეტევები ფრონტის ხაზის დონეცკის მონაკვეთზე, ჯერ ბახმუტის, შემდეგ სოლედარის მიმართულებით და წარმატებასაც მიაღწია. ამასთან, წამოიწყო შეტევები ან შეტევების იმიტაცია ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქის მანამდე გათავისუფლებული ქალაქების მიმართულებით.

ამან კი უკრაინის არმიის სარდლობა აიძულა, ფართომასშტაბიან კონტრიერიშების მომზადებისა და წამოწყების სანაცვლოდ, მთელი რესურსი ბახმუტისა და სოლედარის დასაცავად გადაესროლა - ანუ რუსეთის გენშტაბმა შეძლო უკრაინის არმიის ჩათრევა თავდაცვით ზღუდეებზე ბახმუტისა და სოლედარის ქუჩის ბრძოლებში.

თეორიულად შეიძლებოდა დაშვება, რომ მიუხედავად მძიმე ოპერატიული სიტუაციისა, ბახმუტისა და განსაკუთრებით სოლედარის მისადგომებთან, უკრაინის არმიას მაინც დაეწყო ზაპოროჟიედან ფართომასშტაბიანი შეტევები მელიტოპოლი-ბერდიანსკის მიმართულებით, რაც რუს ოკუპანტებს, იმის შიშით, რომ არ დაეკარგათ სახმელეთო დერეფანი ყირიმის ნახევარკუნძულთან, აიძულებდა ძალის ნაწილი ბახმუტზე შეტევისგან მოეხსნათ და მელიტოპოლის გასაძლიერებლად გადაესროლათ, რაც შეასუსტებდა ბახმუტი-სოლედარზე შეტევებს და რუს ოკუპანტებს იქით გაუხდებოდათ დასაცავი მანამდე ოკუპირებული მელიტოპოლი.

მაგრამ ასე არ მოხდა - უკრინის არმიამ პრიორიტეტად ბახმუტი-სოლედარის მიმართულების გამაგრება არჩია და იქ გადაისროლა დამატებითი ძალები, რაც, დიდი ალბათობით, უფრო უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის არჩევანი გახლდათ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობისა.

თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური პოზიციის გაგებაც შეიძლება - მისი აგრესორი "კოლეგა", რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აღარ მალავს, რომ მისი ამოცანაა რუსეთის არმიის რაც შეიძლება მალე გასვლა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რათა "გააერთიანოს რუსეთთან ახლახან მიერთებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიები, რომელთა ნაწილი უკრაინას აქვს ოკუპირებული"...

რუსი ოკუპანტები ისედაც აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქის უდიდეს ნაწილს, მაგრამ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად დონეცკისა და მარიუპოლის გარდა, აუცილებლად სჭირდებათ კიდევ რამდენიმე უკრაინული ქალაქის: ბახმუტის, კონსტანტინოვკის, კრამატორსკისა და სლავიანსკის აღება.

ამ შემთხვევაში კრემლი ომის წამოწყებიდან წლისთავზე რუსეთს გამარჯვებულად გამოაცხადებს მრავალმილიონიანი შიდა აუდიტორიის "გასახარებლად"...

ბუნებრივია, ოფიციალურ კიევს არ აწყობს ომის წლისთავზე რუსეთმა "გამარჯვება" იზეიმოს, ამიტომაც ბახმუტი-სოლედარის დაცვა და მორიგი უკრაინული ქალაქების შენარჩუნება უფრო პრიორიტეტული გახდა, ვიდრე უკვე დაპყრობილი მელიტოპოლის გასათავისუფლებლად კონტრიერიშები, მით უმეტეს, არც ამინდი უწყობდა ამას ხელს ატალახებული მინდვრებით და არც ნატოელების შეპირებული ტანკების კოლონები მოჩანდა ჰორიზონტზე.

სოლედარის შენარჩუნება უკრაინის არმიამ მაინც ვერ შეძლო. ობიექტურ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" სოლედარის ქუჩებში ბრძოლისას გამოიყენა რუსეთის რეგულარული არმიისთვის ახალი ტაქტიკა, როდესაც შეტევას მცირე, 10-20-კაციანი ჯგუფები იწყებდნენ, ოღონდ ერთდროულად და სხვადასხვა მიმართულებიდან, ხშირად ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშეც.

ამ ტაქტიკის უარყოფითი ის აქვს, რომ შეტევაზე გადასულები ძალიან დიდ დანაკარგს განიცდიან და ამიტომაც ასეთი ტაქტიკა მიუღებელია იმ ქვეყნების არმიებისთვის, რომლებიც თავიანთი მებრძოლების სიცოცხლეს უფრთხილდებიან. თუმცა პუტინის პირადი მზარეულისთვის, პრიგოჟინისთვის, რომელმაც რუსეთის ციხეებიდან რამდენიმე ათეული ათასი პატიმარი შეაგროვა, სულერთი იყო, შეტევაზე ძალით გაყრილ რამდენ ყოფილ პატიმარს მოსხეპდა უკრაინელი მეტყვიამფრქვევის ტყვიების ჯერი (სოლედარის ქუჩებში ბრძოლების დროს ერთი უკრაინელი მეტყვიამფრქვევე ფსიქიურად შეიშალა მას შემდეგ, რაც თავის პე-კა-ესს შეუჩერებლად ისროდა, ტყვიამფრქვევის გადახურებული ლულაც კი ორჯერ გამოცვალა, მაგრამ "ვაგნერის" მოიერიშე პატიმრები მაინც წინ მოძვრებოდნენ).

საბოლოოდ რუსი ოკუპანტების მრავალრიცხოვნობამ თავისი ქნა და სოლედარი აიღეს, რასაც ხელი, ეტყობა, იმანაც შეუწყო, რომ ბახმუტის თავდაცვაზე ორიენტირებულმა უკრაინის გენშტაბმა მაინც რაღაც დააკლო ბახმუტის ჩრდილოეთით ათიოდე კმ-ში მდებარე სოლედარის დაცვას.

ნახევარწლიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინის არმიას შეიძლება ბახმუტის დატოვებამაც მოუწიოს, რომ ოპერატიულ ალყაში არ აღმოჩნდეს.

გასული წლის 1-ლი აგვისტოდან ერთი დღითაც არ შეწყვეტილა ბახმუტის საარტილერიო დაბომბვა, რის გამოც ერთ დროს 70-ათასკაციან ქალაქში დღეს შენობა-ნაგებობების 70% განადგურებულია.

ბახმუტის ჩრდილოეთით სოლედარის დაცემამ უფრო დაამძიმა ბახმუტის დამცველთა მდგომარეობა, რადგან რუსი ოკუპანტები ბახმუტს ჩრდილოეთიდანაც შემოერტყნენ.

ახლა ოკუპანტები ცდილობენ ჩასოვი-იარისკენ გაჭრას, რომელიც ბახმუტის დასავლეთით მდებარეობს და მისი დაპყრობის შემთხვევაში ბახმუტის დამცველები შეიძლება ოპერატიულ ალყაში, "ტომარაში" აღმოჩნდნენ.

ნახევარწლიანი მამაცური დაცვის შემდეგ უკრაინის არმიის დანაყოფებს შეიძლება მოუხდეთ ბახმუტის ორგანიზებულად დატოვება, სანამ "ტომარას" პირი არ შეჰკვრია - უკრაინის არმიამ სოლედარი-ბახმუტის თავდაცვის ხაზზე მრავალთვიანი თავდაუზოგავი ბრძოლებით მთავარი საბრძოლო ამოცანა შეასრულა - ნახევარი წლით შეაყოვნა რუსეთის საოკუპაციო ძალების გაჭრა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ბოლო დიდ ქალაქებამდე - კრამატორსკამდე და სლავიანსკამდე.

ამასთან, ბახმუტის შენობა-ნაგებობებში თავდაცვით პოზიციაზე მყოფმა უკრაინის დამცველებმა ბევრად დიდი საბრძოლო დანაკარგი მიაყენეს შეტევაზე არაერთხელ გადასულ მოწინააღმდეგეს, რითაც გამოფიტეს მისი შესაძლებლობები.

ბახმუტიდან აღმოსავლეთით ყველაზე ახლოს, ოციოდე კმ-ში, ქალაქი კონსტანტინოვკაა, რომელიც შეიძლება რუსი ოკუპანტების შეტევის სამიზნე გახდეს ბახმუტის დაცემის შემთხვევაში.

კონსტანტინოვკიდან ჩრდილოეთით კი გზა უკვე ჯერ კრამატორსკამდე და შემდგომ სლავიანსკამდე მიდის, რომელთა აუცილებლად აღება და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა კრემლის მანიაკური ახირებაა.

პოლიტიკურად შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის არ სურდეს ბახმუტის დაკარგვა, მაგრამ ამ თითქმის მთლიანად განადგურებულ ქალაქში რუსი ოკუპანტების "ტომარაში" რომ ჩარჩეს რამდენიმე ათასი უკრაინელი სამხედრო, ეს ბევრად დიდი დანაკლისი იქნება იმ ომში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება - სოლედარის დაკარგვა მთლიანად ომის წაგებას სულაც არ ნიშნავს, მაგრამ შენი არმიის მეომრების დამატებით შეკვლა მაშინ, როცა ფრონტის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე წინსვლის შანსი დღეს არ არსებობს, დიდი დანაშაული იქნება.

ბახმუტის დამცველები დღეს ჯერ კიდევ აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, თუმცა, თუკი უახლოეს დღეებში რუსმა ოკუპანტებმა მაინც მოახერხეს ჩასოვი-იარის აღება, მაშინ ბახმუტის დამცველთა ორგანიზებული უკან დახევა და ქალაქის დატოვება გარდაუვალი გახდება ოპერატიულ ალყაში აღმოჩენის დიდი საფრთხის გამო.

ბახმუტის დატოვებას ურჩევენ ოფიციალურ კიევს დასავლელი სამხედრო ჩინოსნებიც, რადგან უკრაინის არმიამ ორ-სამ თვეში კონტრიერიშების დასაწყებად ძალა უნდა მოიკრიბოს.