"მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე"
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
"ჩვენი სახლი ყველა ცნობილი ადამიანის თავშეყრის ადგილი იყო. იმ სამეგობროს ურთიერთობა რომ გენახათ სუფრაზე, ეს გახლდათ ნიჭის ზეიმი, ლექსი, სტრიქონი და ნახატი. ისიც კი მახსოვს, ვინ სად იჯდა...", - გვიამბობს პუბლიცისტი თამარ ჩარკვიანი ოჯახსა და მამის დიდ სამეგობრო წრეზე, მათთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებზე.
- როგორია თაკო ჩარკვიანი, როგორც ქალი, დედა, მეუღლე? როგორია თქვენი ცხოვრების წესი?
- რა გითხრათ?.. ალბათ ეს არის ის თავდაუზოგავი ზრუნვა ჩემს ახლობელ ადამიანებზე, რომელთაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდე, რომ დიდხანს მყავდნენ. ამ ყველაფერში წერა მიწყობს ხელს, რადგან ის ემოცია, რომელიც მოგაწვება, სადღაც გინდა, რომ წაიღო და იმ მომენტში ეს პროცესი გეხმარება. 20 წელია ფიზიკური აქტივობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სპორტდარბაზებში სიარულის დრო არ მაქვს, ამიტომ ტრენაჟორი, სარბენი ბილიკი შევიძინე და კვირაში სამჯერ სახლში ვვარჯიშობ. რაც მთავარია, ქალს ეტყობა, კარგი მეუღლე ჰყავს თუ - არა. ჩემ გვერდით კი მართლაც კარგი კაცია. მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე, სამი ვაჟკაცის გვერდით. ესენი არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და ჯონი გიგანი.
- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე - ჯონი გიგანი?
- ჩემი ძმისშვილი ირინოლა წყნეთში მყავდა აყვანილი და ერთი დღით დავრჩი. სწორედ იმ დღეს, კოტეჯის ღია კართან ვიდექი და მანქანამ გაიარა. რომელიღაც კოტეჯს ეძებდნენ და მივასწავლე. იმ ავტომობილში ისხდნენ გივი სიხარულიძე და ერთი ბიჭი, რომელსაც უკითხავს, ეს გოგონა ვინ არისო? დაახლოებით 15-20 წუთში მობრუნდნენ. ბატონი გივისთვის უთხოვია, გამაცანიო... ჩემთან მეგობრები იყვნენ სტუმრად, ინსტრუმენტი გვქონდა, ვუკრავდით და მხიარული საღამო შედგა.მერე გაქრა, რადგან საერთო ნაცნობები თითქმის არ გვყავდა და ისევ ბატონმა გივიმ დარეკა, - სასტუმრო "საქართველოში" პრეზენტაციაა და გეპატიჟებიო. მაშინ ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი და საკუთარი ჟურნალი მქონდა. იქნებ შენს გოგონებს სთხოვო, პრეზენტაციისთვის დიზაინის საკითხებში დაგვეხმარონო. კარგი-მეთქი. მივედით, გავაკეთეთ ყველაფერი და გაირკვა, რომ თურმე სასტუმროს მეპატრონე სწორედ ის ბიჭია. ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი. 26 წელია, ერთად ვართ.
- დაოჯახებამდე იყო სტუდენტობა, კონსერვატორია. როდესაც პროფესიულ არჩევანს აკეთებდით, ფილოლოგობაზე ან მსახიობობაზე არ გიფიქრიათ?
- შესაძლოა ჩემს გადამეტებულ გულწრფელობას მსახიობობაში ხელი შეეშალა. ყოფილა შემოთავაზება ეპიზოდურ როლზე, მაგრამ დისკომფორტი ვიგრძენი. თუმცა, შესაძლოა მსახიობიც ვყოფილიყავი... თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა. მართლაც, არ ვწერდი ცუდად. მამას ეს ძალიან უნდოდა, მეხვეწებოდა, მაგრამ კონსერვატორია ვამჯობინე, რადგან მუსიკალურ "ნიჭიერთა ათწლედში" ვსწავლობდი და ჩავთვალე, რომ კონსერვატორიაში "ფილოლოგების შვილი" არ ვიქნებოდი, ამიტომაც, საფორტეპიანოზე ჩავაბარე. დღეში 8 საათი ვიჯექი და ვმეცადინეობდი. მამა სულ მთხოვდა, მოთხრობები დამებეჭდა, მაგრამ ეს მამუკამ გადამაწყვეტინა და დაახლოებით 20 წლის წინ, "ლიტერატურულ საქართველოში" გამოვაქვეყნე. პირველი ძალიან კარგი რეცენზია შესანიშნავმა კრიტიკოსმა ზაზა გოგიამ დამიწერა... არ ვიცი, რამდენად სწორი იყო, რომ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე, თუმცა, მუსიკალურმა განათლებამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მომცა, სულ სხვა მასშტაბი და ცოდნა. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი სწორი იყო.
- რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი თქვენი ოჯახისთვის?
- ბევრი იყო, ძალიან... ბევრი ტრავმა... უბრალოდ, ბედნიერება ის იყო, რომ ჯონი გიგანის სახით, უკეთილშობილესი ადამიანი მყავს გვერდით და მისი წყალობით, იმ სიმძიმეების გადატანა ნაკლებად რთული იყო. თავდასხმები, "მხედრიონის" პერიოდში შემოვარდნები, აფეთქება, რა აღარ გადავიტანეთ?!. შიში, სტრესი... ჩემმა მეუღლემ სამი ოპერაცია გაიკეთა. საშინელებები ხდებოდა. ეს ყველაფერი - ბიზნესის დაუფლების მიზნით. თუმცა, რაღაცნაირად გადავიტანეთ...ბედნიერი ვარ, რომ მყავს ირმა, ჩემი შვილი. მას და ჯანსუღს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, ეს განსაკუთრებული ტანდემი იყო. ზოგ ადამიანზე რომ ამბობენ, დროს უსწრებსო და მისი ნიჭი ავანგარდშიაო, ეს შემიძლია ვთქვა ჯანსუღზე.
- თქვენ რა თვისებებით ჰგავხართ მამას?
- ალბათ ის ენერგეტიკა, რომელიც ჯანსუღს ჰქონდა, რაღაც დოზით ჩემშიც გადმოვიდა. 48 საათი შემიძლია "მივერეცხო" ვიღაცის სიყვარულს - მეგობრის, ნათესავის, ახლობლის. იდეალური, ცხადია, არ ვარ - მეორე ლოყის მიშვერა არ ვიცი. დიდხანს ვაკვირდები ადამიანს, წარმოუდგენელი მოთმენა შემიძლია, მაგრამ როცა დავრწმუნდები, რომ შეგნებულად, "რაფინირებული" გარეწარია, მწარე პასუხის გაცემა შემიძლია, მაღალი ტონალობის გარეშე, თუმცა - დასამახსოვრებელი. ჩემი სტილი ჩხუბი არ არის, მწარედ კი შეიძლება "გავსრიალდე". ნაკლია თუ თავდაცვის ინსტინქტი, არ ვიცი. ამბობენ, ადამიანებს, რომლებიც წერენ, ეს თვისება აქვთო.
- რა გავლენა მოახდინა თქვენზე იმ გარემოცვამ, რომელშიც აღიზარდეთ, ხელოვნების სფეროს უდიდესი წარმომადგენლების, უნიჭიერესი მწერლების, პოეტების, მხატვრების სიახლოვემ?
- ერთი ფოტო გვაქვს - მე, მამუკა და მამა ქვაშვეთის ტაძართან ვართ, სადაც მე 5 წლის ვარ. ყოველ კვირას, მამას ეკლესიაში ან ოპერაში დავყავდით. ასეთი ტიპი იყო. კვირა დღეა და წამიყვანა ოპერაში, ბალეტზე - "გორდა". როცა დამთავრდა, მომშივდა კიდეც. კინოთეატრ "გაზაფხულთან" სოსისები იყიდებოდა და მწერალ გივი სამსონაძესა და მოქანდაკე ჯუნა მიქატაძესთან ერთად, იქ წამიყვანა. მერე დედაჩემი ეხუმრებოდა, ეს ბავშვი გაწკიპინებული რომ გაგაყოლე ოპერაში, ქაბაბისა და სოსისის სუნით საიდან მომიყვანეო (იცინის)?
მოგეხსენებათ, მამას ფანტასტიკური სამეგობრო ჰყავდა. მისი და ნოდარ დუმბაძის მეგობრობა ხომ ცალკე თემა იყო. ჯანსუღს ყოველთვის დავყავდი თავის მეგობრებთან, მაგალითად - ელენე ახვლედიანთან მუზეუმში. ისინი სადილობდნენ, მე კი ვუსმენდი, რა თემებზე საუბრობდნენ. დიმა ერისთავი, ფანტასტიკური ხელოვანი მხატავდა ხოლმე, 6-7 წლის ვიქნებოდი. იმავე სახელოსნოში, ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი მუშაობდა დროებით და მათთან ყოფნა ძალიან კარგი იყო. ჯუნა მიქატაძე ან მერაბ ბერძენიშვილი რაიმე ახალს რომ შექმნიდნენ, პირველი მამა მიჰყავდათ სანახავად, მას კი - მე. ყველაფერი პირველწყაროდან მაქვს ნანახიც და წაკითხულიც.
ჩვენი სახლი ყველა ცნობილი ადამიანის თავშეყრის ადგილი იყო, მიდიოდა ქეიფები. იმ სამეგობროს ურთიერთობა რომ გენახათ სუფრაზე, ეს იყო ნიჭის ზეიმი. ვფიქრობ, ამ ყველაფერში დედაჩემს დიდი როლი ეჭირა. ქალი ბევრს ნიშნავს, ხელს უნდა გიწყობდეს. მათი შეკრება იყო ლექსი, სტრიქონი და ნახატი. ამან ეს დაწერა, იმან ის დახატა და ნახეო?.. მამას პოემას - "რწმენის კედელი" დიდი რეაქცია მოჰყვა, ნოვაცია იყო და მახსოვს, ჩვენთან სახლში როგორ ირჩეოდა; ისიც კი მახსოვს, ვინ სად იჯდა.ჭაბუას "დათა თუთაშხიას" პირველი მკითხველები დედა და მამა იყვნენ, ფურცელ-ფურცელ მოდიოდა ჩვენთან. 1%-იც არ იყო შანსი, რომ ეს დაიბეჭდებოდა, რადგან მთელი იმპერია "ამოთხრილი" გახლდათ, მაგრამ ჯანსუღმა არათუ სტრიქონი ამოიღო, ციხის სცენა კიდევ უფრო გაამძაფრებინა - ჩემთან უფრო მძაფრად ჰყვები და ზუსტად ისე დაწერეო! მე და მამუკა ამ ყველაფრის უშუალო მონაწილეები, მნახველები ვიყავით და რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.
- ქართულ მუსიკაში ცალკე ღირსეული ადგილი უკავია მამუკა ჩარკვიანს. როგორია თქვენი დაძმობა?
- რა ღირებულებებითაც გაგვზარდეს, ასე ვცხოვრობთ დღემდე. ჯანსუღი ლექსს ამბობდა, მამუკა მღეროდა, მე ინსტრუმენტთან ვიჯექი... ჩვენი სამეგობრო მოდიოდა და ასე ვათენებდით ღამეებს. ჯონიმ გვიყურა ორი კვირა და მერე მკითხა, - ეს ყველაფერი ჩემს პატივსაცემად ხდება თუ გიჟები ხართ ჩარკვიანებიო (იცინის)? - არა, გიჟები ვართ-მეთქი. ჩვენს ოჯახში წიგნი, ლიტერატურა, სიმღერა, ხელოვნება - ეს იყო მთავარი, სხვა არაფერი ხდებოდა. მამას რუსეთშიც საინტერესო სამეგობრო წრე ჰყავდა და მე და მამუკაც თან დავყავდით. ფუთასავით ვიყავი, ვერსად მტოვებდნენ. ერთხელ, ჩამეძინა და თბილ ქურთუკში გახვეულს გამეღვიძა. თურმე, ვლადიმირ ვისოცკის "ბუშლატი" იყო: ციოდა, ესენი ქეიფობდნენ, გრიალებდნენ, მე კი ჩამძინებია და დამაფარეს.
- ნოდარ დუმბაძეზეც გვიამბეთ. მწერალი, რომელიც ყოველთვის დარჩება ყველა თაობის, ყველა ასაკის ერთ-ერთ საყვარელ მწერლად და პოეტად, შესანიშნავი საბავშვო ლექსების ავტორად.
- მამა და ნოდარ დუმბაძე უახლოესი მეგობრები იყვნენ მთელი სიცოცხლე. ჯანსუღზე ფილმს იღებენ და სხვათა შორის, მასში ერთი წერილი შევიტანეთ, რომელიც ნოდარმა მამას მისწერა (იმ დროს რეაბილიტაციის კურსს გადიოდა გულთან დაკავშირებული პრობლემის შემდეგ): მანანას წიგნების მოტანა ვთხოვეო, ერთ-ერთი შენი კრებულია და ახლა შენს "ლამაზ სიკვდილს" ვკითხულობო, ჩემი "სტროფანტინიაო"! - სტროფანტინი მაშინ გულის წამალი იყო...
საოცარი კურსი ჰქონდათ - ჯანსუღი, ძმები ჭილაძეები, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, გივი სამსონაძე, ზურა ჩილაჩავა, ზაურ ბოლქვაძე. ნიკო კეცხოველი იყო უნივერსიტეტის რექტორი. ნოდარი ცოტა უფროსი გახლდათ, 1-2 წლით. ედუარდ შევარდნაძე ნოდარმა და ჯანსუღმა ცოტა მოგვიანებით გაიცნეს, კულტურის დღეებზე, მგონი, ბალტიისპირეთში. მამა ჰყვებოდა, მე და ნოდარმა ბუფეტში რაღაც ვიხუმრეთ და ისიც აგვყვაო. ნოდარი მომიბრუნდა და მითხრა, - ეს რაღაც, ჩვენნაირი ყურუმსაღიაო. ედუარდსაც კარგი იუმორი ჰქონდა. ასე დამეგობრდნენ. მაშინ ედუარდ შევარდნაძეც ახალგაზრდა იყო და ჯერ მაღალი თანამდებობა არ ეკავა. ჯანსუღი მაშინ ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი იყო.
მახსოვს, როდესაც ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა, ჯანსუღმა ეს ამბავი ძალიან განიცადა, ძლივს გადაიტანა, რადგან მისთვის ის უახლოესი ადამიანი იყო, ასეთი კი სულ რამდენიმე ჰყავდა...
როცა მაგარი პოეტისა და მაგარი ვაჟკაცის შვილი ხარ, ეს გარკვეულწილად, ტვირთიცაა, პასუხისმგებლობაც, მაგრამ ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერება იყო და არის.
ჟურნალ "გზის" არქივი, 26.03.2020