მომგებიანი კერძო სატანკო ბიზნესი - ჩამოწერილი ტანკების იაფად შესყიდვა მომავალ ომებში მათ ათმაგად გასაყიდად... - კვირის პალიტრა

მომგებიანი კერძო სატანკო ბიზნესი - ჩამოწერილი ტანკების იაფად შესყიდვა მომავალ ომებში მათ ათმაგად გასაყიდად...

ყველას თავისი ბიზნესი აქვს - ზოგი ხინკალს ახვევს და ყიდის, ზოგიც - ნავთობს მოიპოვებს და იმით ვაჭრობს, მაგრამ, თურმე, შესაძლებელი ყოფილა ჩამოწერილი ტანკების შესყიდვა, მათი შემდგომი სარფიანად გასაღების მიზნითაც...

ბელგიის ქალაქ ტურნეს გარეუბანში ერთი დიდი, ნაცრისფერი ანგარი დგას, რომელიც გადატენილია... ტანკებით, იმ ტანკებით, რომლებიც კერძო პირს - ფრედი ვერსლიუისსა და მის კომპანია OIP Land Systems-ს ეკუთვნის.

500-მდე სხვადასხვა ტიპის ტანკი და ჯავშანმანქანა - აი, ასეთია ბელგიელი კომერსანტის პირადი ჯავშანტექნიკის რაოდენობა. ამ რაოდენობით სატანკო პარკით ნატოს წევრი ბევრი ქვეყნის არმიაც კი ვერ დაიკვეხნის, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილის შეირაღებულ ძალებზე.

ბელგიის ამ მოქალაქეს კანონთან არავითარი პრობლემები არ გააჩნია, რადგან ყველა ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი ოფიციალურად აქვს შეძენილი მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკურად ბეცი ლიდერები ვერ ხედავდნენ პუტინის რუსეთის მილიტარიზაციისგან მომდინარე მომავალ საფრთხეებს და თავისი ქვეყნები, ფაქტობრივად, განაიარაღეს, როდესაც არმიების შეიარაღებიდან ტანკები ჩამოწერეს...

2014 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ბრიუსელს უკვე მოეხსენებოდა რუსული ტანკების ჯერ საქართველოში შეჭრისა და შემდეგ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და დონბასში რუსი სამხედროების აგრესიის შესახებ, ბელგიის მთავრობამ თავის არმიას ტანკები გაუყიდა და ყოფილმა სამხედრომ და მომავალმა ბიზნესმენმა ფრედი ვერსლიუისმა მისთვის დიდი ფინანსური რისკი გასწია და 50 ერთეული Leopard 1A5(BE)-ის ტიპის ტანკი შეიძინა, თითოეული - 37 ათასს ევროდ...

ეს მისი მხრიდან შეიძლება, დიდ კომერციულ ავანტიურადაც შეფასებულიყო, რადგან ამ ჩამოწერილი ტანკების გაყიდვა თუნდაც აფრიკის ქვეყნებში, რთულად მოსაგვარებელი გახლდათ, ისევე, როგორც ამავე კერძო ფირმის მიერ სხვადასხვა დროს ასეთივე აუქციონებზე შეძენილი 112 ავსტრიული ტანკის - SK-105-ის, 38 თვითმავალი საზენიტო დანადგარის - Gepard-ის, 100 იტალიური ჯავშანტრანსპორტიორის - VCC2-ის და 70 ამერიკული მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტიორის - M113-ის...

გაუყიდავი ჯავშანტექნიკით გადავსებული ანგარი ფრედი ვერსლიუისის ფირმას გაკოტრების პირას აყენებდა, მაგრამ ბოლო მომენტში „გაუმართლა“ - პუტინის რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და დასავლეთმა უკრაინის არმიის დახმარება დაიწყო...

ომის პირველ თვეებში, სანამ უკრაინელებს ჯერ საკმარისად ჰქონდათ საკუთარი, საბჭოთადროინდელი ტანკები, ბელგიელ ხელმოცარულ კომერსანტს დიდი პერსპექტივები არ ესახებოდა, მით უმეტეს, რომ უკრაინელებს ასევე საბჭოთა სტანდარტის ტანკებს დამატებით აწვდიდა პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი...

მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი მთელი წელი გაიჭიმა და ჯერ კიდევ არ უჩანს დამთავრების პირი, უკრაინელ ტანკისტებს კი ელევათ „საბრძოლო ცხენები“ - ინტენსიურ ბრძოლებში ორივე დაპირისპირებული მხარე ყოველდღიურად ათიოდე ტანკს მაინც კარგავს...

ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა მრავალთვიანი ყოყმანის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მაინც მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის არმიისთვის ტანკების დახმარების შესახებ და მას „ლეოპარდ-2“-ებს, „ჩელენჯერ-2“-ებსა და „აბრამსებს“, მართალია, მცირე რაოდენობით და მოგვიანებით, მაგრამ - მაინც გაუგზავნიან...

ბელგიელი ტანკებით მოვაჭრისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაინც გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომელმაც მესამე ქვეყნებს „ლეოპარდ-2“-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნება დართო, რასაც მალე მოჰყვა უფრო ძველი „ლეოპარდ-1“-ის ტიპის ტანკების ექსპორტის ნებართვაც და ფრედი ვერსლიუისს ჯავშანტექნიკით გადავსებული ანგარის ნაწილობრივ დაცარიელებისა და წლების წინ ჩადებული ინვესტიციის დიდი მოგებით ამოღების შანსიც გაუჩნდა...

2-tankia-1675683195.png

საბრძოლო ჯავშანტექნიკის ის კონკრეტული ტიპები, რომლებიც თავის დროზე ნატოს წევრი რიგი ქვეყნების მთავრობებმა ნაჩქარევად ჩამოწერეს და დღეს ბელგიური კერძო კომპანია OIP Land Systems-ი მათ უკან გამოსყიდვას სთავაზობს, უკრაინაში გასაგზავნად, ოღონდ - ბევრად დიდ ფასად...

პირველები ბელგიელი ტანკებით მოვაჭრის ანგარს ბრიტანელები ეწვივნენ და ბელგიის არმიიდან ჩამოწერილი 46 ერთეული მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტიორი М113А1-В შეიძინეს უკრაინის არმიისთვის გადასაცემად, რომლებიც უკვე იბრძვიან და ზოგიერთი მათგანი აფეთქებულიც კია უკრაინის სტეპებში...

უცნობია, თუ რა ფასად დაუთმო ბელგიელმა ბრიტანელებს ეს ჯავშანტრანსპორტიორები (თუმცა წაგებაში ნამდვილად არ დარჩებოდა), მაგრამ ცნობილი ხდება, რომ ის 37 ათასს ევროდ ნაყიდი ძველი „ლეოპარდების“ დათმობას ათჯერ მეტი თანხის სანაცვლოდ თუ დათანხმდება...

საქმე ის არის, რომ უკრაინაზე რუსული სამხედრო აგრესიით დაფიქრებულმა თუ შეშინებულმა ბელგიის დღევანდელმა ხელისუფლებამ მათი წინამორბედების დიდი შეცდომის გამოსწორება სცადა და ჩამოწერილი Leopard 1A5(BE)-ის უკან გამოსყიდვა მოინდომა თანამემამულე ტანკებით მოვაჭრის ანგარიდან, მაგრამ...

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლიუდივინ დედონდერმა პრესასთან თავისი აღშფოთება ვერ დამალა - კომპანია OIP Land Systems-ს უზარმაზარი მოგების ნახვა სურს, მაგრამ მე არ ვაპირებ ნახევარი მილიონი ევრო გადავუხადო იმ ტანკებში, რომლებიც ახლოსაც კი არაა საბრძოლო მდგომარეობასთან, - დააკონკრეტა გაცხარებულმა ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა.

ფრედი ვერსლიუისი არ აპირებს თავისი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ძველ „ლეპარდებზე“ ფასი მნიშვნელოვნად დაუგდოს, რადგან მან ცხრა წლის წინ ძალიან დიდი ფინანსური რისკი გასწია მათი შეძენისას და ასეთი დაგვიანებით გამოჩენილი შანსი, დიდი ფინანსური მოგება ნახოს, არ უნდა, ხელიდან გაუშვას...

ის დანანებით ამბობს, რომ მის ანგარში ძველ „ლეპარდებზე“ ბევრად უკეთეს ტექნიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ავსტრიული SK-105 Kürassier-ის ტიპის მსუბუქი ტანკები, რომლებიც შეიძლება, ასევე, გამოადგეთ ფრონტის ხაზზე უკრაინელ ტანკისტებს, მაგრამ ავსტრიის მთავრობა კრძალავს მათ ექსპორტს მესამე ქვეყანაში...