"ცოტა მოშორებით, ენით აღუწერელი რამ ხდება" - რას ჰყვება ქართველი გოგო თურქეთიდან? - კვირის პალიტრა

"ცოტა მოშორებით, ენით აღუწერელი რამ ხდება" - რას ჰყვება ქართველი გოგო თურქეთიდან?

როგორც ცნობილია, გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისათვის, თურქეთში 1014 დაღუპულია, სირიაში კი - 500-მდე. ათასობით დაშავებული, უამრავი ადამიანი კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი... სირიის ქალაქ ალეპოში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობები დაანგრია. ამ დროისათვის, დიქტატორ ასადის რეჟიმის ცნობით, 500 ადამიანია დაღუპული... უმძიმესი ვითარებაა თურქეთში და როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, გამანადგურებელ მიწისძვრას კიდევ ელოდებიან...

თურქეთში ბევრი ქართველი იმყოფება, ზიტა გაზდელიანი კი უშუალოდ ეპიცენტრის ადგილას აღმოჩნდა...

„ასეთი დონის ნგრევიდან, ეპიცენტრის წერტილიდან რომ ახლა ცოცხალი მყავხარ, უფალს ასგზის მადლობა... სხვის შვილებს რომ ზურგით იფარებდი და საკუთარ სიცოცხლეზე არ ფიქრობდი, შენ ხარ ჩემი გული და სიამაყე. ახლაც რომ შეშინებული გარეთ ხარ და კარგად ვარო, გვეძახი...", - ასე მიმართავს "ფეისბუკის" გვერდზე ზიტას იზა გაზდელიანი...

ზიტა გაზდელიანმა შეძლო ჩვენს რამდენიმე კითხვაზე უპასუხა...

- ახლაც გაზიანტეპში ვარ... ინფორმაციას ვისმენ, რომ ქალაქ ჰატაიში ძალიან მძიმე მდგომარეობაა... მიწისძვრები ერთროულად რამდენიმე ქალაქში ხდება.

აქ ძიძად ვმუშაობ და ჩვენ ყველა მანქანაში ვართ ბავშვებთან ერთად, ამ საღამოსაც მანქანაში ვიქნებით... რადიო ჩართული გვაქვს, ბავშვებიც ისმენენ ახალ ამბებს.

მართლაც საშინელება ხდება... სადაც მივდივართ, ირგვლივ დანგრეული შენობები არ დამინახავს, მაგრამ ცოტა მოშორებით, ენით აღუწერელი რამ ხდება.

ამ საღამოს ძლიერ მიწისძვრას კვლავ ელოდებიან, განსაკუთრებით, ახლო ქალაქებში...

(სპეციალურად საიტისთვის)