მიხეილ სააკაშვილის მიერ პირად ნივთში, აკრძალული საგნის, 100 აშშ დოლარიანი კუპიურის შესაძლო შენახვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რას აცხადებს ნიკა აბრამიშვილი? - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის მიერ პირად ნივთში, აკრძალული საგნის, 100 აშშ დოლარიანი კუპიურის შესაძლო შენახვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რას აცხადებს ნიკა აბრამიშვილი?

მსჯავრდებულის უარი სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებაზე და თვითდაზიანების მიყენების გზით სასჯელის მოხდისთვის თავის არიდების მცდელობა ვერ შეფასდება როგორც მისი მკურნალობის შეუძლებლობა,- ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სასამართლოს სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება 2022 წლის 14 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ პირად ნივთში (წიგნი), აკრძალული საგნის, ერთი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურის შესაძლო შენახვის ფაქტზე.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N086081121004 საქმეზე, 2021 წლის 08 ნოემბერს, N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 378-5 (პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N086140322001 საქმეზე, 2022 წლის 14 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირად ნივთში (წიგნი), აკრძალული საგნის, ერთი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურის შესაძლო შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 378'-1 (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემა) და სსკ-ის 378"-1 (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვა).

აშკარაა, რომ მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი სასამართლოს მიერ უნდა იქნეს უარყოფითად შეფასებული, ისევე როგორც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა.

მსჯავრდებულის ავადმყოფობა, არ არის განაჩენის აღსრულების გადავადების იმპერატიული საფუძველი. ეს გარემოება წარმოადგენს შეფასებით სტანდარტს, რომლის გადაწყვეტისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მხოლოდ მსჯავრდებულის ავადმყოფობა, არამედ მსჯავრდებული უნდა იყოს მძიმე ავადმყოფი, რაც წარმოდგენილი შუამდგომლობითა და ექსპერტიზის დასკვნით ცალსახაა რომ არ დასტურდება, გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლოს ყურადღება უნდა გამახვილდეს სასჯელის მოხდის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს კონკრეტული პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მიზანი და შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს, პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული და შესაძლებელი მკურნალობა, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, ეს ყოველივე კი თავის მხრივ ერთობლიობაში გავლენას ახდენს განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხზე.

სსსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. ამავე მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია.

სსსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო მონაწილეობით.

მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება შესაძლებელია თუ მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, რაზეც როგორც პროცესის მიმდინარეობისას, ასევე საჯაროდ აპელირებენ მსჯავრდებულის წარმომადგენლები, სასამართლოს ყურადღებას გავამახვილებთ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაზე მისთვის შეთავაზებული/მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მიმართ, მსჯავრდებული უარს აცხადებს მთელ რიგ სამედიცინო მომსახურებებზე, საკვებს იღებს მცირე ოდენობით, შერჩევითად, არ ემორჩილება სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებს, შუამდგომლობის ავტორი მხარე კი ცდილობს აღნიშნული წარმოადგინოს მსჯავრდებულისთვის გაწეულ არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებად და შეუქმნას მცდარი შთაბეჭდილება სასამართლოსა და საზოგადოებას მსჯავრდებულისთვის შესაბამისი მკურნალობის მიწოდების შეუძლებლობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ალექსანინი რუსეთის წინააღმდეგ საქმე № 46468/06 განმარტა, რომ არ შეიძლება მთავრობას დაეკისროს პასუხისმგებლობა სამთვენახევრიანი წყვეტისთვის მომჩივნის ქიმიოთერაპიაში, რაც დაკავშირებული იყო მის ორ უართან, მიეღო ასეთი მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. შესაბამისმა პირებმა გამოიყენეს ძალზედ სპეციფიკური ზომები მომჩივნისთვის საჭირო მკურნალობის ჩასატარებლად სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში. საქმის გარემოებების გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მთავრობა უყურადღებო იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მკურნალობის იმ ეტაპზე“, - აღნიშნავს აბრამიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"