"არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც მთელ ოპოზიციას არ აქვს მასშტაბური აქციების პოტენციალი" - კვირის პალიტრა

"არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც მთელ ოპოზიციას არ აქვს მასშტაბური აქციების პოტენციალი"

გუშინ, როდესაც სასამართლოში სხდომა მიმდინარეობდა, ვნახეთ, რა რაოდენობის ხალხი იყო მისული, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ აქციებს მასობრივი ხასიათი ვერ ექნება, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ბოიკოტს და მათ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს.

როგორც ძაბირაძე განმარტავს, არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც ოპოზიციას არ აქვს მასშტაბური აქციების პოტენციალი. ამასთან, დასძენს, რომ თუ არ იქნება მასობრივი აქციები, ეს პროტესტანტულ ელექტორატზე უარყოფითად იმოქმედებს და გამოიწვევს გულგატეხილობას არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, არამედ ზოგადად, ოპოზიციური სპექტრის მიმართ.

"ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო ბოიკოტი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა, ასევე გვესმოდა საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებები და შედეგი არცერთმა გამოიღო.

ასევე, გუშინ, როდესაც სასამართლოში სხდომა მიმდინარეობდა, ვნახეთ, რა რაოდენობის ხალხი იყო მისული შენობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ აქციებს მასობრივი ხასიათი ვერ ექნება. ეს ვერანაირ ამინდს ვერ შექმნის. არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც მთელ ოპოზიციას არ აქვს მასშტაბური აქციების პოტენციალი. ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა, შეუძლებელია ახლა აქციებით რაიმეს მიღწევა.

ბოიკოტს თუ გამოუცხადებენ "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნება" მაინც არაფრის დამთმობი არ არის. ახლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეაგროვოს აუცილებელი დოკუმენტაცია და საქმე სტრასბურგში უნდა წავიდეს.

რაც შეეხება პერმანენტულ აქციებს, ეს ხელს არ უშლის სტრასბურგში გასაჩივრებას, მაგრამ ზოგადად, ხელისშემშლელია. კერძოდ, თუ არ იქნება მასობრივი აქციები, ეს პროტესტანტულ ელექტორატზე უარყოფითად იმოქმედებს და გამოიწვევს გულგატეხილობას არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, არამედ ზოგადად, ოპოზიციური სპექტრის მიმართ. მათდამი უნდობლობა ისედაც მაღალია და თუ ამას ხელს შეუწყობენ, გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კი არ ფიქრობენ, არამედ იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნოს ",- აღნიშნავს ძაბირაძე.

როგორც ძაბირაძე განმარტავს, "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მაშინ გაათავისუფლებს, როდესაც დაინახავენ, რომ ლეტალური შედეგი გარდაუვალია. ამასთან, დასძენს, რომ „თუ სტრასბურგმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, სააკაშვილი სრულად მოიხდის იმას, რაც მისჯილი აქვს“.

„მე ეჭვი მეპარებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდნენ. როგორც ჩანს, თეთრი წერტილები არის, რადგან ეჭვი ეპარებათ, როგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება. ცალსახად ვერ ამბობენ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. როგორც ჩანს, მიმდინარე პროცესი ისე არ არის, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მხარდამჭერებს აქვთ წარმოდგენილი. "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მაშინ გაათავისუფლებს, როდესაც ლეტალური შედეგი გარდაუვალი იქნება. "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის ციხეში გარდაცვალება არ სჭირდება. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ძალიან ძლიერი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისგან ზეწოლა, რაც ჯერ არ ჩანს. ეს ზეწოლა მზარდია მაგრამ, თუ სტრასბურგმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, სააკაშვილი სრულად მოიხდის იმას, რაც მისჯილი აქვს“,- აღნიშნავს ძაბირაძე.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

IPN